გიორგი დევდარიანი: „ფეხბურთი უფულოდ არ არსებობს“
გიორგი დევდარიანს არაერთი გუნდი გაუწვრთნია, თავკაცობდა „თბილისს“, „დინამო თბილისს“, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებს…
მიმდინარე სეზონის წინ ის, როგორც სპეციალისტი, თურქეთში წავიდა და იქაურ „ტრაბზონსფორში“ მთავარი მწვრთნელის, შოთა არველაძის თანაშემწედ დაინიშნა, ამ ცოტა ხნის წინათ კი „ტრაბზონსფორი“ ქართველმა მწვრთნელებმა დატოვეს. რამდენიმე დღეა, რაც დევდარიანი თურქეთიდან საქართველოში დაბრუნდა და ინტერვიუც ჩამოვართვით.
_ რა გამოცდილებით დაბრუნდით საქართველოში? რა ნახეთ ახალი და საინტერესო თურქეთში?
_ თურქეთის მიმდინარე ჩემპიონატის არასრული პირველი წრე _ ამ პერიოდის განმავლობაში ფეხბურთის მიმართ ის დამოკიდებულება ვნახე, რაც უცხოა საქართველოსთვის და რაც ახალი და საინტერესო იყო ჩემთვის. სახელმწიფოს, ტელევიზიების, გულშემატკივრების დამოკიდებულება ფეხბურთისადმი _ თურქეთში ეს სულ სხვა დონეზეა. სულ სხვა არის ის ატმოსფერო, თუ როგორ ცხოვრობს ქალაქი ფეხბურთით თამაშიდან თამაშამდე, თუ როგორი მგრძნობიარეა გულშემატკივარი გამარჯვებისა და წაგების შემდეგ _ ფეხბურთს თურქეთში გამადიდებელი შუშით უყურებენ და ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე. მედია იქ ფეხბურთს მაღალპროფესიულ დონეზე აშუქებს, შეცდომებზე მიუთითებენ მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც. ამ ყველაფრის გარდა ვნახე ის დეტალები, რომელთა ერთობლიობა ქმნის ფეხბურთს.
_ თქვენი და შოთა არველაძის „ტრაბზონსფორიდან“ წამოსვლის მიზეზი რა იყო?
_ მიზეზი რამდენიმეა, მაგალითად, ხუთი თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი თვის ხელფასი ჩამირიცხეს, თუმცა არველაძის დახმარებით ისეთი კონტრაქტი მქონდა გაფორმებული, რომ დავალიანება აუცილებლად ამინაზღაურდება. ხელფასების დაგვიანებამ ფეხბურთელებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 6 დეკემბერს „ტრაბზონსფორის“ პრეზიდენტის არჩევნებია და ამ არჩევნების მოახლოებაც ძაბავდა სიტუაციას. მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების მართვა ისედაც რთულია და როცა ხელფასები გვიანდება, ფეხბურთელების მართვა კიდევ უფრო ძნელდება…
_ მიუხედავად ამ სირთულეებისა, ალბათ, პოზიტივებსაც დაინახავდით…
_ რა თქმა უნდა, განსაკუთრებით სეზონის დასაწყისში „ტრაბზონსფორმა“ რამდენიმე კარგი შეხვედრა ითამაშა. თურქეთში რომ წავედი, ნამდვილად არ ვნანობ, პირიქით, ძალიან საინტერესო იყო იქ მუშაობა, როცა შენი გუნდი „ბეშიქთაშს“ და „გალათასარაის“ ეთამაშება, ეს დიდი გამოცდილებაა.
_ სად აპირებთ მუშაობას, საით მიგიწევთ გული?
_ ჯერ ვისვენებ, დროა საჭირო, ასე უცბად ვერ გამოჩნდება ახალი საქმე.
_ გიორგი დევდარიანის ხელში არაერთმა ნიჭიერმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა გამოიარა, მათ შორის ვაკო ყაზაიშვილმა, რომელიც დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. როგორ ფიქრობთ, რა ეტაპზეა ახლა ყაზაიშვილი, რისთვის არის ის მომწიფებული?
_ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების გარდა ყაზაიშვილთან ოთხი წელი „საბურთალოშიც“ მომიწია მუშაობა. მას დიდი პოტენციალი აქვს. ახლახან ყაზაიშვილს შვილი შეეძინა და თქვენი გაზეთის საშუალებითაც მსურს, ეს მივულოცო. ვაკო საქართველოდან ჰოლანდიაში რომ მიდიოდა, ვუთხარი, რომ სამომავლოდ ეს უნდა იყოს ნაბიჯი უკეთესი გუნდისთვის-მეთქი, საფეხური იმ კიბისთვის, რომელიც ზევით მიდის. ამ ეტაპზე ყაზაიშვილი უკვე გაზრდილია ჰოლანდიის ჩემპიონატისთვის და არნემის „ვიტესიდან“ უკეთეს კლუბში უნდა გადავიდეს.
_ ყაზაიშვილის გარდა ასაკობრივ ნაკრებში და „საბურთალოში“ გიორგი ჭანტურიასთანაც მუშაობდით. ახლახან საქართველოს ეროვნული ნაკრების ამხანაგურ შეხვედრაში ალბანეთთან მან გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა, ერთხელაც დაგვაჯერა, რომ ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა მისი კარიერა ჯერ ისე ვერ მიდის, როგორც ველოდით. როგორ გესახებათ ჭანტურიას მომავალი?
_ ვისთანაც მიმუშავია, ჭანტურია ისეთია, ვისაც ყველაზე უკეთ ეხერხება გოლის გატანა, მოწინააღმდეგის კარის წინ მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია. ძალიან კარგი მონაცემები აქვს. ის ახლა 22 წლისაა და ეს ის ასაკია, ფეხბურთელს ჯერ რომ არ აქვს დასრულებული წინსვლა. მისი შესაძლებლობები უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის. ჭანტურია ახლა გერმანული „დუისბურგის“ ფეხბურთელია და ამ გუნდში კარგად მომზადების პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.
_ სად ხედავთ ჭანტურიას პოზიციას: ცენტრფორვარდად, ფლანგზე, თუ ცენტრფორვარდის უკან?
_ ხუთი წლის წინ, როცა ჭანტურია საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა, მაშინ ბევრს დარბოდა და ფლანგზე ვათამაშებდით. ფლანგელმა დაცვით ფაზაშიც უნდა იმოქმედოს, ამას კი ბევრი სირბილი სჭირდება. დღესაც უფრო ფლანგზე ვხედავ ჭანტურიას ადგილს, თუმცა საამისოდ სათანადო ფიზიკური მომზადებაა საჭირო. თუ შემტევი უკან ჩამოსვლას ვერ ახერხებს, სჯობია, მისი ადგილი მეტოქის კართან იყოს. თანამედროვე ფეხბურთში ის გუნდი არის წინ, რომლის ფეხბურთელებს სხვაზე მეტი სპრინტი აქვთ თამაშის დროს. ამ ფაქტორის გათვალისწინებას ვუსურვებდი ყველა ქართველ ფეხბურთელს.
_ როცა წლეულს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს თავკაცობდით, სხვა ნიჭიერების გარდა გუნდში ოთარ კიტეიშვილიც გყავდათ, რომელიც ახლა „დინამო თბილისში“ ძირითადის ფეხბურთელია. კიტეიშვილის პერსპექტივებს როგორ უყურებთ?
_ საფეხბურთო მოწიფულობის თვალსაზრისით მას, ჯერ კიდევ, გარდატეხის ასაკი აქვს. ეჭვი არ მეპარება მის დიდ პოტენციალში. 19-წლამდელთა ნაკრებში მას ყველანაირი დავალების შესრულება შეეძლო და, ამავე დროს, მატჩის ბედის გადაწყვეტაც. იგივეს ვიტყოდი მისი თაობის სხვა ფეხბურთელებზე: გიორგი ხარაიშვილზე, ჯიმი ტაბიძეზე, გიორგი თევზაძეზე… გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი ჩემპიონატის დონე უკან მიდის. თუ რამდენიმე გუნდს არ ჩავთვლით, საქართველოს ჩემპიონატი 19-წლამდელთა ტურნირს ემსგავსება…
_ უმაღლესი ლიგის გუნდმა მოედანზე, მინიმუმ, ორი 21-წლამდე მოთამაშე უნდა გამოიყვანოს _ ეს რამდენად სამართლიანია? ხომ არ არის დათვური სამსახური ახალგაზრდებისთვის და უფლებების შეზღუდვა 21 წლის ზემოთ ფეხბურთელებისთვის?
_ ამ წესს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ვფიქრობ, ჩვენს პირობებში ეს წესი გამართლებულია. ამ დღეებში ეროვნული ჩემპიონატის ერთ შეხვედრას ვუყურე, კარში მხოლოდ ერთი დარტყმა ვნახე და რა მნიშვნელობა აქვს, კარში ერთხელ 19 წლის ფეხბურთლი დაარტყამს თუ 25 წლის?
_ გასაგებია, მაგრამ ეროვნული ჩემპიონატი პრიმასტერების ტურნირი ხომ ვერ იქნება?..
_ მართალია, ეროვნული ჩემპიონატი პრიმასტერების ჩემპიონატად არ უნდა ვაქციოთ, მაგრამ რა ვქნათ, როცა ფული დეფიციტია მთელ ქვეყანაში? როცა სოციალურ პროექტებს ფული არ ჰყოფნის? ფეხბურთი კი ფულის გარეშე არ არსებობს…
დავით თავართქილაძე