გიორგი გუგავა: „გახარიას გუნდისგან ადოპოზიცია არ გამოვა“
ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა „ქართული ოცნება“ დატოვეს. მათ პარლამენტში ოპოზიციისთვის განკუთვნილი სავარძლები დაიკავეს. გახარიასა და მისი გუნდის ამ ნაბიჯის ნაკლებად სჯერათ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციონერებს. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა, ფიქრობს, რომ ეს ივანიშვილის მორიგი ტრიუკია, რომლითაც ოლიგარქს სურს, რომ უმრავლესობაც მისი იყოს და _ ოპოზიციაც.
შეძლებს თუ არა ოპოზიცია ხალხის ნიჰილიზმიდან გამოყვანას? მივა თუ არა ვადამდელ არჩევნებამდე საქმე? აპირებენ თუ არა ახლად გაოპოზიციონერებულებთან თანამშრომლობას? _ ამის შესახებ გიორგი გუგავა „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ რაც პოლიტიკაში ხართ, სულ ოპოზიციაში მოგიწიათ ყოფნა და კარგად იცით ყველა ხელისუფალის ნათელი თუ ბნელი მხარე. თქვენც იზიარებთ კოლეგების ნაწილის მოსაზრებას, რომ ასეთი საშინელი ხელისუფლება საქართველოს ჯერ არ ჰყოლია?
_ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ძალა ქვეყნის სათავეში არ ყოფილა. „ქართული ოცნების“ წინამორბედმა ხელისუფლებებმა საქართველოს ისტორიაში დადებითი როლიც ითამაშეს და _ უარყოფითიც. ამათზე მხოლოდ უარყოფითი შეგვიძლია ვთქვათ. ყველაზე ცუდი იცით, რა არის? _ „ქართულმა ოცნებამ“ ნიჰილიზმი გააჩინა ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოებრიობისა და მომავლის მიმართ. დღეს ჩვენი საზოგადოება ასე ფიქრობს, რომ საქართველოს აღარაფერი ეშველება.
ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდე 100 ქარხნის აშენებას დაგვპირდა. ამის ნაცვლად ტროლების ქარხანა შექმნა, რომელიც ქვეყანაში სიძულვილს აღვივებს და ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზებას. იგივე ტროლები აჩენენ განცდას, რომ ამ ქვეყნისგან არაფერი გამოვა. ამიტომ გარბის ხალხი საქართველოდან თავქუდმოგლეჯილი. ეს უნდობლობა სახელმწიფოსა და მომავლის მიმართ ყველაფერში გამოიხატება.
სახელმწიფოებრიობა, პირველ რიგში, არის ფსიქოლოგიური ერთობა. ეს განცდა თუ დაიკარგა, ხალხმა თუ დაინახა, რომ სამართალი აღარ არის, რომ მისი უნარების შესაბამისად დაიმკვიდრებს ადგილს, თუ დაინახა, რომ ვერ მიიღებს განათლებას, არ ექნება სამსახური, არ ექნება ღირსეული ჯანდაცვა, მომავლის იდეას დაკარგავს და სახელმწიფოებრიობის განცდაც გაუქრება. ეს იდეა თუ მოკვდა, სახელმწიფო ვერ შედგება. ამ სიტუაციაში ჩვენ შეიძლება, სამშობლოც კი დავკარგოთ. ჩემი აზრით, საქართველოს მოქალაქეებს ახლა გამოღვიძებისა და ფეხზე დადგომის უკანასკნელი შანსი გვეძლევა. განვითარების პერსპექტივის დასაბრუნებლად მთელი ქვეყანა ფეხზე უნდა დავდგეთ.
_ ქვეყანაში მართლა ნიჰილიზმია გამეფებული. ხალხს არაფერზე აქვს რეაქცია. ასეთ დროს ერის ფეხზე დადგომა რთულად წარმოსადგენია.
_ სხვა გამოსავალი არ არის. სხვანაირად ეს ქვეყანა დაიღუპება. რაც მეტი დრო გავა, ივანიშვილი კიდევ მეტ ნიჰილიზმს გააჩენს, ხალხს კიდევ უფრო მწვავედ დააპირისპირებს ერთმანეთთან. ამისთვის შექმნა ტროლებისა და ბოტების საშინელი ქარხანა. ისინი ზიზღისა და ბოროტების კულტივაციას ეწევიან. ეს ჩვეულებრივი კანალიზაციაა. სხვას ვერაფერს ვუწოდებ იმ სიბინძურეს, რასაც ისინი ანთხევენ. ამ ნიჰილიზმზე დგას დღეს ოლიგარქის ხელისუფლება. ეს უნდა დავძლიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დავკარგავთ სამშობლოს. რასაც ახლა რუსი ოლიგარქი აკეთებს, ამას ქვეყნის ოკუპაცია ბევრად სჯობს.
_ ოკუპაცია რანაირად სჯობს?
_ სჯობს, სჯობს! ოკუპაცია და გარე აგრესია ერს აერთიანებს, ხალხი პოულობს ძალას, ფეხზე დგება და ოკუპაციისგან თავისუფლდება. ივანიშვილმა კი მოახერხა და თავისი სიბინძურეებით ჩვენი ქვეყნის მძევლად აყვანა მოახერხა. ჩვენს საზოგადოებას უკვე სჯერა, რომ ქართველი არის წარუმატებელი და საქართველო, როგორც წარმატებული ქვეყანა, ვერ შედგება. ამის პროპაგანდა უდიდესი ბოროტებაა. ნიჰილიზმი როგორმე უნდა დავძლიოთ.
_ ეს, პირველ ერიგში, ოპოზიციამ უნდა გააკეთოს. შეძლებთ ხალხის ნიჰილიზმიდან გამოყვანას?
_ ოპოზიციაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხალხი ნიჰილიზმიდან გამოვიყვანოთ. შედეგის მიღწევა თუ გვინდა, კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ დღეს „ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის არ არის კონფლიქტი. რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ეს არის ბრძოლა ჩვენი მომავლისთვის. ახლა საზოგადოება, სამშობლო, ქვეყანა, სახელმწიფო არის საფრთხის ქვეშ. ამას ყველანი თუ გავიაზრებთ, მივხვდებით, რომ ქუჩაში გამოსვლა აუცილებელია, რადგან ეს სამშობლო ყველას ეკუთვნის. ჩვენს ადგილებზე უნდა გამოვიჩინოთ პრინციპულობა და ბრძოლისუნარიანობა. როცა მივხვდებით, თუ რა სერიოზულ განსაცდელშია სახელმწიფო, ძალიან მალე და იოლად დავამარცხებთ თიხის ფეხებზე მდგარ გოლიათს.
_ თიხის ფეხებზე მდგარი ეძახეთ და მასთან ბრძოლა ჯერ ძალიან გიჭირთ. ყველაფერი ისე მიდის, როგორც ხელისუფლებას უნდა.
_ გვიჭირს, მაგრამ მარტო ოპოზიციას _ არა. ამ გოლიათთან ბრძოლა ყველას გვიჭირს. ამ ბოროტების დამარცხება არის როგორც პოლიტიკოსების, ასევე სხვა პროფესიის წარმომადგენლების საქმე. ეს ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ და ქუჩაში გამოვიდეთ. პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები არჩევნებზე, საარჩევნო ყუთთან გამოვხატოთ.
_ არჩევნებიო, თქვით და ზოგიერთი ოპოზიციონერის მსგავსად თქვენც შეეგუეთ იმას, რომ შემდეგი არჩევნები 2024 წელს ჩატარდება?
_ არაფერს შევგუებივართ არც მე და არც ჩემი პარტია. 2024 წლამდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დატოვება როგორც შეიძლება?! 2024 წლამდე ესენი თუ დარჩნენ, სახელმწიფო ჩამოიშლება. ჩვენ ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ. არჩევნები ჩატარდება 2024 წლამდე ბევრად ადრე. გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები, მორჩა და გათავდა! ამ სიტუაციას სხვა ვერაფერი განმუხტავს. არსებული მძიმე კრიმინოგენური ვითარებიდან და ეკონომიკური სიდუხჭირიდან მხოლოდ ვადამდელი არჩევნები თუ გამოგვიყვანს. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხალხი დამშეულია. ამის ატანა უკვე შეუძლებელია.
_ „ქართულ ოცნებაში“ სულაც არ ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები უკიდურესს გაჭირვებაში არიან და შიმშილობენ.
_ რაში მაინტერესებს, „ქართულ ოცნებაში“ რას ფიქრობენ?! მსოფლიო ბანკის გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ჩვენი 800.000 მოქალაქე უკიდურესს სიდუხჭირეში იმყოფება. ისინი ელემენტარულად ვერ იკვებებიან. რა ნამუსით ამბობენ, რომ ხალხს არ უჭირს? თავის დროზე, გიორგი კვირიკაშვილი ამ საბაბით არ გააგდეს? მაგათ შეიძლება დაავიწყდათ. სამაგიეროდ, ჩვენ ვიმახსოვრებთ ყველაფერს.
_ ეს ოფიციალური მიზეზი იყო. როგორც ამბობენ, სულ სხვა რამის გამო გაუშვეს გიორგი კვირიკაშვილი.
_ კვირიკაშვილი იმიტომ გააგდეს, რომ ასე მოუნდა ივანიშვილს, მაგრამ მაშინ საჯაროდ აღიარეს, რომ ქვეყანაში ხალხს უჭირდა.
_ ამის აღიარებაში მაშინ მათ „იუნისეფის“ კვლევა დაეხმარა.
_ უამრავი ორგანიზაცია ატარებს კვლევებს და დებს დასკვნებს, რომ საქართველოში ხალხი შიმშილობს, მაგრამ ეს არ ადარდებთ. საქართველოში გვყავს 10.000 ისეთი ბავშვი, რომელსაც სკოლაში საერთოდ არ უვლია. რომელ საზოგადოებაზე, სახელმწიფოსა და ხელისუფლებაზე მელაპარაკებით?! ეს არის კატასტროფა!
60.000-ს მიაღწია სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობამ. ისინი სასწავლებლებიდან იმიტომ გაოყარეს, რომ სწავლის საფასურის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ამით მომავალ თაობას პერსპექტივას ვუკლავთ. გერმანიაში კარტოფილის მოთხრაზე თუ სატაცურის მოკრეფაზე ვაკანსია გამოცხადდა და 100.000 კაცმა შეავსო განაცხადი. ამის მერე ეს ქვეყანაა? ამისთვის გვინდოდა დამოუკიდებლობა? ამისთვის ვიბრძოდით? მართალია, მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ როგორც ყველა ჩემი თანატოლი, მეც რაღაცნაირად გახლდით ჩართული ამ პროცესებში.
ჩვენ და ჩვენს წინაპრებს იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ეს ქვეყანა ჩამოშლილიყო და ჩვენს ახალგაზრდებს მომავლის რწმენა არ ჰქონოდათ. ამის ყურება და ატანა უკვე შეუძლებელია. ხალხი ცალ-ცალი კალოშით მოვიდა პარლამენტში და ახლა სრა-სასახლეები უდგათ. თავად უზარმაზარი ხელფასები არ აკმაყოფილებთ და აქეთ დაგვცინიან კიდეც. უტიფარი ელისო ბოლქვაძე გამოდის და ამბობს, გაჭირვება პარიზშიც არის და ხალხი იქაც იქექება ნაგავშიო. ამ ქალბატონს ის დაავიწყდა, რომ საფრანგეთში ასეთ ადამიანებს თვეში 800 ევრო ეძლევათ დახმარების სახით.
_ საეჭვოა, არ იცოდეს ელისო ბოლქვაძემ, რომ იქ ნაგავში კლოშარები იქექებიან, რომლებიც თავისი ნებით ირჩევენ ასეთ ცხოვრებას და მათი ფენომენი დღემდე ამოუხსნელია.
_ რამდენად გულქვა უნდა იყო ადამიანი, ასეთი შედარება რომ გააკეთო. მას გაჭირვებული ადამიანების მიმართ არანაირი თანაგრძნობა არ გააჩნია.
_ ხელოვანი ადამიანები უფრო გულჩვილები არიან ხოლმე და ბოლქვაძე კი გაჭირვებულების მიმართ, რატომღაც, უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩვა.
_ ასეთი ადამიანები არც ხელოვნებაში უქნია ღმერთს და არც _ პოლიტიკაში. როგორ შეიძლება, ასეთი არაადეკვატური და გულქვა ადამიანების ხელში იყოს ჩვენი ბედი?! იმასაც კი არ ამბობენ, ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს გაჭირვება დაიძლიოსო. ამას არც გაიფიქრებენ. იცით, როგორი განცდა აქვთ გაჭირვებულების მიმართ? _ ჩაძაღლებულან! ასე ეპყრობიან ადამიანებს და ჩვენ, თურმე, ამათ უნდა ველოლიავოთ. ველოლიავოთ კი არა, დროა, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.
_ ელისო ბოლქვაძე ასე რომ ლაპარაკობს, ეს არის საზოგადოების ბრალი. მან ასეთი ტიპის განცხადება ადრეც გააკეთა. მის პირველივე განცხადებაზე ხალხს სათანადო რეაქცია რომ ჰქონოდა, ის ამდენს ვერ გაბედავდა. საზოგადოებამ მოითმინა და ბოლქვაძისგან მორიგი სილა მიიღო.
_ პირველ რიგში, ხალხის ბრალია. ასეთ განცხადებებს ასე არ უნდა ვუტარებდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ივანიშვილის განცხადებაც სათანადო რეაგირების გარეშე დავტოვეთ. ამ დროს რუსმა ოლიგარქმა ბევრად უარესი რამ გვითხრა, ვიდრე _ ელისო ბოლქვაძემ.
_ მისი ბევრი არაადეკვატური განცხადება გავატარეთ. თქვენ კონკრეტულად რომელს გულისხმობთ?
_ კაცმა პირდაპირ გვითხრა, ამ ქვეყანას განვითარების პერსპექტივა არ აქვს და საზღვარგარეთ წადით სამუშაოდო. ეს რომ რომელიმე ევროპული ქვეყნის ლიდერს ეთქვა, ხალხი მეორე დღეს შტურმით აიღებდა მის სასახლეს. ჩვენ ეს გადავყლაპეთ და მერე ნუღარ გვიკვირს, ვიღაც ელისო ბოლქვაძეები ასეთ რამეებს რომ ამბობენ. არ შეიძლება, თავმოყვარეობა რაღაც სამუშაო ადგილებზე და კარტოფილზე გავცვალოთ. საჯარო მოხელეები ხომ საერთოდ მონებად აქციეს. ერთ თითს დაუქნევენ და სადაც დასჭირდებათ, იქ წაიყვანენ მიტინგზე. ამუშავებენ კოორდინატორებად და გამყალბებლებად.
ბოლო 30 წელია, ამ ქვეყანაში ნეოლიბერალური იდეოლოგია მძვინვარებს. გლეხსა და აზნაურებს შორის საქართველოში დიდი ქონებრივი განსხვავება არასდროს ყოფილა. ასე თუ ისე არსებობდა სოციალური თანასწორობა. ახლა რაღაც საშინელება ხდება. ჩვენმა მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ ეს სიკეთეები ეკუთვნის არა ოლიგარქებსა და ფინანსურ ჯგუფებს, არამედ _ მათ. სოციალური სიმდიდრე უნდა მოხმარდეს ადამიანებს. სანამ ამას არ მივაღწევთ, მუდმივად გაჭირვებაში ვიქნებით.
_ ამის გაკეთება თუ გინდათ, მაშინ ხელისუფლება უნდა შეცვალოთ. ხელისუფლების შესაცვლელად არჩევნებია საჭირო. ვადამდელი არჩევნები იქნება?
_ როგორ არ იქნება? ვადამდელი არჩევნების გარეშე წარმოუდგენელია. თავშიც გითხარით, რომ 2024 წლამდე ამათი დატოვება არ შეიძლება _ სახელმწიფოს მთლიანად ჩამოშლიან.
_ ერთი პერიოდი დასავლეთი ძალიან დიდი დოზით გვაქცევდა ყურადღებას. ახლა ეს ყურადღება თითქოს მინელდა. თქვენც ამჩნევთ ამას?
_ პირიქით ვამჩნევ. ვფიქრობ, დასავლეთის ყურადღება გაათმაგებულია. ამ ისტორიულმა ბოიკოტმა და ოპოზიციურმა ერთიანობამ დიდი შედეგი მოიტანა. „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წყალობით დასავლეთს მივიწყებული ვყავდით. ახლა გამოვჩნდით პოლიტიკურ რუკაზე, შევიძინეთ ფერი, გაჩნდა დიდი ინტერესი. საბოლოო ჯამში, მაინც ყველაფერი ჩვენზე, ამ ქვეყნის მოსახლეობაზეა დამოკიდებული. ქართველი ხალხის ნებას თუ დაინახავენ, მათგან მართლა წარმოუდგენელი მხარდაჭერა გვექნება.
_ წარმოუდგენელ მხარდაჭერაში რას გულისხმობთ?
_ პერსონალურ სანქციებამდე მივა საქმე. ივანიშვილის ქონებას დააყადაღებენ. აქამდე რომ მივიდეს საქმე, ჩვენმა მოსახლეობამ უნდა აჩვენოს ნება, რომ ამ ხელისუფლების შეცვლა სურს. ჩვენ თუ წამოვკოტრიალდებით და ნიჰილიზმს მივეცემით, არავინ არაფერს გააკეთებს. ჩვენს ძალისხმევას რომ დაინახავენ, უდიდესი მხარდაჭერა გვექნება და მოვლენებიც ისე განვითარდება, როგორც ჩვენ გვინდა.
_ ვითომ ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ? რაღაც ისე ჩანს, რომ „ოცნებამ“ დასავლეთთან დალაგება დაიწყო. კობახიძის დესანტი ჯერ ამერიკაში გადასხეს და მერე _ ევროპაში.
_ კობახიძის დალაგებული არ გაიშვა. ვერავინ დამაჯერებს, რომ ნებისმიერ „ქოცს“, პირველ რიგში კი ირაკლი კობახიძეს, ვინმესთან, მით უმეტეს, დასავლეთთან რამის დალაგება შეუძლია.
_ რატომ გგონიათ, რომ არ შეუძლია?
_ შეუძლებელია, ამ ტიპის ადამიანმა რამე დაალაგოს. აჩვენეთ ირაკლი კობახიძე მსოფლიოს და ყველაფერი აირევა. კობახიძე ვერაფერს დაალაგებს. დასავლეთი ისევ ჩვენ გვიჭერს მხარს. გაიზრდება თუ არა ეს ისედაც დიდი მხარდაჭერა, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.
_ ოპოზიცია დიდ იმედს ამყარებთ 15 მაისის აქციაზე. შეძლებთ ხალხის ქუჩაში გამოყვანას?
_ ხალხს ჩვენი დაძახილი არ უნდა სჭირდებოდეს. ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ. ოპოზიცია თავისი ბოიკოტით, ერთობითა და ბრძოლით ყველას აჩვენებს პრინციპულობას. სამწუხაროდ, ხალხი თავისი ინიციატივით გარეთ არ გამოდის. ქვეყანა ნიჰილიზმშია ჩაფლული. ძალიან დიდი მუშაობის ჩატარება დაგვჭირდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა აუცილებლად გამოვა ქუჩაში უსამართლობის გასაპროტესტებლად. ასეთ ყოფას ადამიანები დიდი ხანი ვერ მოითმენენ. ახლა საზოგადოებას ის უნდა შევაგნებინოთ, რომ ეს მათი საქმეცაა და არა _ ოპოზიციის. ქართველმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ახლა ჩვენი სამშობლოს გადარჩენის საკითხი დგას დღის წესრიგში.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ ქვეყანას ჰქვია საქართველო და არა საივანიშვილო. დღეისთვის კარგად მხოლოდ ივანიშვილის გარემოცვა გრძნობს თავს. დანარჩენს, ელემენტარულად, მომავლის იმედიც კი არ გააჩნია. ჩვენს წინაპრებს საუკუნეების მანძილზე იმიტომ არ უბრძოლიათ, რომ ჩვენს სამშობლოს მოღალატეები და ოკუპანტის მსახურები დაეპატრონონ. საქართველოს გვაკარგვინებენ. ეს არ უნდა დავუშვათ. მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობა ამას არც დაუშვებს. ისედაც საკმარისზე მეტი ვუთმინეთ ოლიგარქს.
_ პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ოპოზიციური დანაყოფი გამოჩნდა გიორგი გახარიას გუნდის სახით. მათ „ქართული ოცნება“ დატოვეს და პარლამენტში ცალკე ფრაქციას შექმნიან. განაცხადეს, რომ რადიკალებთან არ ვითანამშრომლებთო. ამაზე რას უპასუხებთ?
_ როგორც ყვავის კვერცხიდან არ გამოიჩეკება მართვე, ისე გახარიას გუნდისგან არ გამოვა ოპოზიცია. მათ არც აღვიქვამ ოპოზიციად. ოპოზიციონერობის მათ არაფერი ეტყობათ.
_ ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე რატომ გაასავსავეს ხელები? შესთავაზა ვინმემ, ვითანამშრომლოთო?
_ არ ითანამშრომლობენ და ნუ ითანამშრომლებენ. ნეტა, ვინ დააგლიჯა კალთები, ვითანამშრომლოთო? კარგი ნაპატიები სახეებით სხედან და უტიფრად აცხადებენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და სახელმწიფო ჩამოშლილია. იმასაც მოსთქვამენ, როგორ არის გაბერილი ბიუროკრატიით სახელმწიფო დაწესებულებები.
_ ეს რატომაა უტიფრობა? ხომ მართლაც კრიზისია და სახელმწიფო ხომ მართლაც ჩამოშლილია?
_ ასეა, მაგრამ ამაზე საუბრის უფლება მათ არ აქვთ. ვინ შეიყვანა ქვეყანა კრიზისში? მათი გახარია ამ ქვეყნის პირველი პირი არ გახლდათ? მისი პირდაპირი მოვალეობა არ იყო, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოეყვანა? ორი ყოფილი გუბერნატორია გუნდში და სხვისკენ იშვერენ ხელს.
_ ორი არა, სამი ექსგუბერნატორი ჰყავს გახარიას საპარლამენტო გუნდში.
_ მით უარესი. სხვა პლანეტიდან ჩამოფრენილ ანგელოზებად რომ მოაქვთ თავი, ამათი შექმნილია ეს ბიუროკრატიული აპარატები. ყველა უსაქმური მაგათ ჰყავთ შეყრილი სამსახურებში. ამათ ატარებინებენ ოპოზიციის წინააღმდეგ აქციებს და ა. შ. გახარიას ხალხი, პირდაპირ თუ ირიბად, ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს. ძალიანაც რომ მოუნდეთ, ვერ იოპოზიციონერებენ.
_ რატომ ვერ იოპოზიციონერებენ?
_ იმიტომ, რომ თავიდან ფეხებამდე თავად იყვნენ ჩართული ამ დანაშაულებრივი სისტემის შექმნაში. კორუფციული სქემები, არჩევნების გაყალბება და ყველა უბედურება რაც ხდება, ამის მონაწილეები არიან. თავხედურად გვეუბნებიან, 20 ივნისზე გახარია იღებს პასუხისმგებლობასო. წარმოიდგინეთ, რა უტიფრები არიან, არც კი რცხვენიათ, მათმა ლიდერმა ხალხს დათვის ტყვიები რომ დაუშინა. არანაირი ახალი ოპოზიციური ძალა არ გამოჩენილა _ ეს არის ბიძინა ივანიშვილის გეგმა, რომელსაც სურს, უმრავლესობაც აკონტროლოს და _ ოპოზიციაც.
_ თუ ივანიშვილი დგას მათ უკან, ხომ არ ჩააჩოჩებს დანარჩენ ოპოზიციას?
_ რა უნდა ჩააჩოჩონ? სად უნდა ჩააჩოჩონ? როგორ უნდა ჩააჩოჩონ? ასეთი ხელოვნური ოპოზიციები რომ არ ამართლებს, გამოჩნდა. თავის დროზე, სააკაშვილმაც შექმნა ხელოვნური ოპოზიცია, მაგრამ რა მოიგო? _ ჩაფლავდა თავის ხელოვნურ ოპოზიციასთან ერთად. ახლაც იგივე მოხდება.
შორენა მარსაგიშვილი