გიორგი გობრონიძე: „ქართული პოლიტიკური კლასი, მთავრობიან-ოპოზიციანად, არის შეუმდგარი“

ირინა მაკარიძე

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მშვიდობიანი გზით აღადგენს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. რამდენად მოდის ეს რუსეთის პოლიტიკასთან თანხვედრაში? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, რუსეთის მკვლევარი, გიორგი გობრონიძე:

_ ყველა წინა ხელისუფლება იმავეს ამბობდა. ომი გვინდაო, არავინ იტყვის და არც იმას, რომ ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღვადგენთო. აქედან გამომდინარე, ესეც არის სტანდარტული წინასაარჩევნო პოპულიზმი. ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც შესაძლოა, რუსეთმა უარი თქვას საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე. შევარდნაძეც ამბობდა, რომ მშვიდობით აღადგენდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სააკაშვილიც…

_ მაგრამ ამ შეცვლილი ვითარებიდან გამომდინარე (რაც, ცხადია, უკავშირდება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგებს), რა იცვლება საქართველოსთვის?

_ რუსეთის ფედერაციაში ვითარება ახლა მარტივი ნამდვილად არ არის, მოსკოვს გართულებული აქვს ვითარება როგორც საერთაშორისო არენაზე, ისე ქვეყნის შიგნით, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინაში ინტერვენციის შედეგად მან ვერ შეძლო იმ შედეგის დადება, რასაც ისახავდა მიზნად. ომი უკვე მესამე წელია, მიმდინარეობს და ჯერ კიდევ, შეიძლება ითქვას, რომ ომის ბედი არის გაურკვეველი. ცალსახად იმის თქმა, რომ უკრაინას აქვს რამე სერიოზული უპირატესობა, მიუხედავად იმისა, რომ კურსკში საკმაოდ საინტერესო შედეგი აჩვენა, მაინც ნაადრევია. ასევე გადაჭარბებულია საუბარი იმაზე, რომ უკრაინას შეუძლია რაიმე გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვოს ან ინიციატივა აიღოს ომში. ეს ემსგავსება იმას, რასაც სასურველის რეალობად მიღება ჰქვია. ჯერჯერობით ომის ბედი ისევ არის 50/50 და მიუხედავად სოლიდური დანაკარგისა და მსხვერპლისა, ჯერ რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ მუშაობს. რაც მეტად იწელება ეს ომი, უკრაინა მეტად ხდება დამოკიდებული დასავლეთის დახმარებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთშიც ამ მიმართულებით აზრი არის გაყოფილი, რასაც მნიშვნელოვანწილად ხელი შეუწყო თვითონ უკრაინის შიგნით არსებულმა მდგომარეობამ. როგორი სუბიექტურიც არ უნდა იყოს ჩვენი განწყობა უკრაინის მიმართ, ვერ გავექცევით იმ მოცემულობას, რომ უკრაინა იყო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო. ძალიან დიდი თანხა დაიხარჯა ამ ომში… როგორც მკვლევარს, მიჩნდება კითხვა _ უკრაინა, ქვეყანა, რომელიც იღებს თითქმის 170 მილიარდიან დახმარებას ომის განმავლობაში, რატომ ვერ ახერხებს იმაზე უკეთესი შედეგის დადებას, ვიდრე მან დადო? მეორე მხრივ, რუსეთსაც ანალოგიური პრობლემა აქვს, _ თუ ვინმე შეედრება და ასწრებს კორუფციისა თუ ჩაკეტილობის ხარისხით უკრაინას, ეს არის სწორედ რუსეთის ფედერაცია. როგორც ირკვევა, თვითონ უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობამდე არ მიდიოდა სრულყოფილი ინფორმაცია ფრონტის ხაზიდან, რასაც მოყვა კიდევ რუსეთის მინისტრთა კაბინეტში გადადგილებები. ჩვენ ვხედავთ ახალი თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელოუსოვის გაძლიერებას, რომელიც მოიაზრება პუტინის ერთ-ერთ მემკვიდრედ. რასაც ვაკვირდებით, სერიოზული გადათამაშება მიდის როგორც რუსეთის, ისე უკრაინის შიგნით. რა თქმა უნდა, ამ ფონზე ლოგიკურია, რომ რუსეთი ვერ დარჩება და ვერ შეინარჩუნებს იგივე პოზიციებს თავისი ტრადიციული გავლენის არეალებში. ჩვენ ვხედავთ, რომ ცენტრალურ აზიაში ის ასუსტებს პოზიციებს, სამხრეთ კავკასიაში მისი პოზიციების არის ასევე არაერთგვაროვანი. თუმცა ჩვენ არ უნდა შეგვექმნას ილუზია, რომ რუსეთი შეიძლება საბოლოოდ გავიდეს რეგიონიდან.

_ დიახ, ჩვენ ვნახეთ პუტინის ვიზიტი ბაქოში.

_ ვიზიტამდე უფრო საინტერესო რამე ვნახეთ: უკრაინაში ინტერვენციამდე ორი დღით ადრე სამოკავშირეო ხელშეკრულება გააფორმა ბაქომ და მოსკოვმა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თუკი აქამდე სომხეთი წარმოადგენდა რუსეთის ძირითად საყრდენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ამ როლს თანდათან იბარებს აზერბაიჯანი. ამ მიმართულებით რეგიონულ თანამშრომლობაში საკმაოდ საინტერესოდ არის ჩართული თურქეთი. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ფსონს დებს აზერბაიჯანზე, მაგრამ პარალელურად იზრდება რეგიონში თურქული გავლენებიც, გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორობა არსად წასულა და ის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც ჰქონდა ამ ორ სახელმწიფოს, უცვლელი რჩება. ეს ძალიან რთულ მდგომარეობას ქმნის სომხური სახელმწიფოსთვის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რასაც ვხედავთ _ კი, რუსეთი ცვლის რეგიონში მიდგომებს. ამ ფონზე საქართველოს მოქმედებები არის ცალსახად საინტერესო. ჩემთვის აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგები არის, საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს და მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით ევროპელი პარტნიორების კრიტიკა იყო არასწორი, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფორმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენა მოცემული საკითხის დასასაბუთებლად, ასევე პროფესიული კრიტიკის ფარგლებს სრულიად აცდენილი იყო. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის ფორმა, რომელიც თავის დროზე გამოიყენა პრემიერმა ღარიბაშვილმა, რომ „ომი უკრაინაშია, ჩვენ აქ ვართ და არ გვაინტერესებს, იქ რა ხდება“. მაგრამ აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ საქართველო არ იყო იმ პოზიციაში, რუსეთის ფედერაციისთვის რაიმე სერიოზული სანქცია დაეწესებინა და მისთვის ეკონომიკური პრობლემები შეექმნა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სიღარიბის მაგენერირებელი პირველადი მოხმარების პროდუქტის იმპორტი ხორციელდება მეტწილად რუსეთის ფედერაციიდან, ეს არის ხორბლის ფქვილი და პურ-პროდუქტების აუცილებელი ნედლეული, ხორბალი თუ სხვა ტიპის მარცვლეული, ეს არის ასევე მცენარეული ზეთი და შაქარი. შესაბამისად, ამის იმპორტის ნაწილში ჩვენ რუსეთზე ვართ დამოკიდებული და ეს სამწუხარო ეკონომიკური მოცემულობაა, რომელსაც ვერ გავექცევით. ამას რომ თავი დავანებოთ, ევროკავშირი არის განსხვავებული ეკონომიკური სივრცე ჩვენგან, შესაბამისად, ეს ეკონომიკური სივრცე როდესაც მოქმედებს ერთად, მას აქვს გადაზღვევის მექანიზმები. ჩემთვის გაუგებარი იყო, რა დაზღვევის მექანიზმებს სთავაზობდა საქართველოს ეკონომიკას ევროკავშირი ამ ნაწილში. ეს არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც უნდა გაგვეთვალისწინებინა, როდესაც საუბარი შეეხება რუსეთის ფედერაციის მიმართ საქართველოს მხრიდან სანქციების დაწესებას. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მოსკოვში აღიქვეს პოზიტიურ სიგნალად და იქმნება იმის განცდა და ილუზია, თითქოს საქართველო ბრუნდება რუსულ ორბიტაზე, ამას ემატება საქართველოში იმ ავადსახსენებელი კანონის შემოტანაც, რომელსაც რუსეთი თითქოსდა უჭერდა მხარს, მაგრამ აქ ჩვენ ორი რამ უნდა გავიაზროთ. ბოლო პერიოდში  საქართველომ გადადგა ძალიან სერიოზული დიპლომატიური ნაბიჯები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართულებით, შეიძლება ითქვას, რომ საგარეო პოლიტიკური ვექტორი უფრო მეტად დაუახლოვა ჩინეთს. ამას განიხილევენ როგორც ჩინურ-რუსულ ბანაკს, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩინურ-რუსულ ბანაკში რუსეთი არის მხოლოდ როგორც დაქვემდებარებული. ის არ არის სიმეტრიული პარტნიორი, არ არის ტოლფასი პარტნიორი ჩინეთისა, შესაბამისად, თუ დავაკვირდებით, რაც გააკეთა ქართულმა დიპლომატიამ, ეს იყო ერთგვარი ანომალია შავი ზღვის რეგიონისთვის, როდესაც შემოიყვანა რეგიონში აბსოლუტურად არატრადიციული მოთამაშე. ტრადიციული მოთამაშეები არიან რუსეთი, თურქეთი, რეგიონის ქვეყნები _ სომხეთი, აზერბაიჯანი, შეიძლება ირანიც მივამატოთ ამ ჩამონათვალს. დასავლეთის მხრიდან _ ევროკავშირი და აშშ. ასე იყო დალაგებული სიტუაცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, უეცრად ამ ტრადიციულად, ისტორიულად ჩამოყალიბებულ კონგლომერატში გაჩნდა ახალი მოთამაშე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ეს იყო პრობლემა როგორც დასავლეთისთვის, ასევე რუსეთის ფედერაციისთვისაც. დარწმუნებული ვარ, რომ ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ემსახურება, ერთი მხრივ, ხელისუფლების კონსოლიდაციას და  მეორე მხრივ, დასავლური გავლენების შემცირებას ქვეყანაში, ნაკარნახევია სწორედ ჩინურ-ქართული პარტნიორობით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთი არ არის დაინტერესებული, მისი გავლენის რეგიონში, საპარტნიორო არეალში, ძლიერად იყოს წარმოდგენილი დასავლეთი, რომელიც არის მისი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური კონკურენტი. რაც შეეხება რუსულ მხარდაჭერას, რუსული ინტერესი აქ იყო ერთი და ძალიან მარტივი, ეს იყო საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება და შემთხვევითი არ იყო, როდესაც პროტესტი აღწევდა პიკს, რუსეთში უეცრად გამოჩნდებოდა დუგინი, რომელიც არის საქართველოში ყველაზე არაპოპულარული და რუსეთში ყველაზე არასერიოზულ მეცნიერად მიჩნეული ადამიანი და ღიად უჭერდა მხარს საქართველოს ხელისუფლებას, იმავეს აკეთებდნენ რუსეთის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები. მე რომ რეალურად ვყოფილიყავი რუსეთის ხელისუფალი, რომელიც არის დაინტერესებული საქართველოში ამ კანონპროექტის გასვლით, უბრალოდ, დავჯდებოდი ჩუმად. ამ შემთხვევაში რუსეთი არ დამჯდარა ჩუმად, რუსეთმა რაც გააკეთა იყო ის, რომ გარკვეულწილად თავისი განცხადებებით ხელი შეუწყო საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურის აწევას. გარკვეულწილად ცდილობდა იმას, რომ საზოგადოება გაეხლიჩა, გაეზარდა პოლარიზაციის ხარისხი, ამას ის ვერ შეძლებადა, რომ არა ხელისუფლებისა და თუნდაც პოლიტიკური კლასის არათანმიმდევრული მოქმედებები ქვეყნის შიგნით და მიეყვანა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ან არეულობის იმ ფორმამდე, რომელიც ამ ქვეყანას გახდიდა არასაინტერესო და არამიმზიდველ პარტნიორად. ეს უნდა გვესმოდეს. აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ რუსეთის ინტერესებში არ არის საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება. რაც შეეხება საქართველოს, მის ინტერესში უნდა იყოს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზება, თეორიულად რომ ვთქვათ, პარტნიორობაც, თუ რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუ გაიყვანს საქართველოდან ჯარებს, აგებს პასუხს იმ დანაშაულისვთის, რაც მან ჩაიდინა…

_ დიახ, თუ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ჯერ ეს არის მისაღწევი და ამაზეა საუბარი, რამდენად არის ახლა ეს შესაძლებელი?

_ ქართულ-რუსულ ურთიერთობას ვადარებ დიპლომატიაში არსებულ ერთგვარ დისოციალურ აშლილობას, პიროვნული გაორება როცა ხდება. ერთი მხრივ, ეს ქვეყანა არის ოკუპანტი და მეორე მხრივ, მასთან გვაქვს ეკონომიკური ინტერაქცია იმ ფორმის, როგორიც არ აქვს ბევრ სტრატეგიულ პარტნიორს. იქნება ეს ენერგორესურსებით ვაჭრობის, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობით, თუ სხვა მიმართულებებით, ძალიან ბევრი შეხების წერტილია ეკონომიკაში, სადაც საქართველო და რუსეთი იკვეთებიან, როგორც სავაჭრო პარტნიორები. რუსეთი არის ექსპორტის მხრივ თურქეთის შემდეგ მეორე სავაჭრო პარტნიორი, მეტიც, ადგილწარმოების პროდუქციის დიდი ნაწილი გადის რუსეთში, ეს კარგია თუ ცუდი, მეორე საკითხია, მაგრამ ეს არის მოცემულობა…

_ მაგრამ, ამასთანავე, მოცემულობა არის ის, ირაკლი კობახიძეს თუ დავესესხები, რომ ოკუპირებული აქვს ორი რეგიონი, მთავრობა ამბობს, რომ მშვიდობით აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორ არის ეს შესაძლებელი?

_ ეს შედეგი არ დადგება უახლოეს პერიოდში და ეს ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ. ცალსახაა, რომ რუსეთი არ გადის სამხრეთ კავკასიიდან. მეორე _ რუსეთი საქართველოს არ მიიჩნევს მეზობელ ქვეყნდა, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნების აბსოლუტურ უმეტესობას. საქართველო კი არა, უკრაინა გამოაცხადა რუსეთმა თავის ნაწილად. დიახ, რუსეთისთვის, როგორც პუტინმა თქვა, საბჭოთა კავშირის დაშლა იყო უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა. რუსეთი საქართველოს მიიჩნევს, როგორც ტერიტორიულ დანაკარგს. რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რუსული პოლიტიკური აზრი არ არის შეგუებული იმას, რომ ჩვენ აღგვიქვას, როგორც მეზობელი ქვეყანა. რუსეთი ჩვენ აღგვიქვამს, როგორც ტერიტორიულ დანაკარგს, ისევე როგორც ჩვენ მივიჩნევთ ტერიტორიულ დანაკარგად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. კი, ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობამ გვაღიარა და გვაქვს ილუზია, რომ ვაშენებთ სახელმწიფოს, მაგრამ რუსეთის აზროვნებით, ჩვენ დამოუკიდებლობა გაგვიგრძელდა. ეს არის მთავარი პრობლემა. ანუ რუსეთისთვის პრობლემა არის დამოუკიდებლად არსებული საქართველო. მისთვის ნებისმიერი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად არსებობს, არის პრობლემა, იმიტომ რომ ეს ქვეყნები ან უნდა იყვნენ რუსული ჰეგემონური ღერძის გარშემო კონსოლიდირებული, როგორც სატელიტები ან მათი სუვერენიტეტი უნდა იყოს აბსოლუტურად ფორმალიზებული. ეს იქნება რუსეთის ეროვნული პროექტის რეალიზაცია. შესაბამისად, თუ რუსეთს გააჩნია ეს ეროვნული პროექტი და ჩვენ გვინდა გადავრჩეთ, როგორც სუვერენული სახელმწიფო, ამ შემთხვევაში ჩვენი და რუსეთის პარტნიორობა არ გამოდის. საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი თავის დროზე დაისვა სწორედ იმის გამო, რომ პრაქტიკულად რუსეთმა ყველაფერი წაგვართვა საკუთარი სულის გარდა. 1999 წელს გაკეთდა ეს განცხადება პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ, ეს მას შემდეგ, რაც 2 ტერაქტი მოუწყვეს რუსული სპეცსამსახურების ორგანიზებით და 1997 წელს ევგენი პრიმაკოვმა შესთავაზა სუვერენიტეტის ფაქტობრივი ნიველირება. ეს იყო რეალობა, რის შემდეგაც გადაწყვიტა საქართველომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორიობის დამყარება. მას შემდეგ რუსეთის ეს დამოკიდებულება შეიცვალა? კი, ის ჩვენს ჟესტებს მიიღებს პოზიტიურად და შეიძლება მან არ შექმნას პირდაპირი სამხედრო საფრთხე, მაგრამ რუსეთი ყოველთვის ეცდება ჩაერიოს საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ჩაერიოს ძალიან ბევრი მიმართულებით და გზით, რუსეთს აქვს ამის საკმაო რესურსი. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი თაქვიდან ბოლომდე აცნობიერებდეს რუსულ საფრთხეებსა და რისკებს. მაგრამ ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ამ რისკებს ვერ აცნობიერებს, არ ხედავს. არ არსებობს ნაციონალური უსაფრთხოების მიმართულებით სრულყოფილი და სრულფასოვანი ხედვა, არ არის არანაირი დიპლომატიური ლავირების მცდელობა და არ არის არანაირი პროექტი, როგორ წარმოუდგენიათ რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეების შემცირება. ამაზე მარტო ერთი პასუხი აქვს _ ნატოში შევალთ, ევროკავშირში შევალთ, სადაც ვერ შევდივართ.

რუსული საფრთხე ჩვენ უნდა განვიხილოთ იმ პირობებში, როცა არ ვართ არც ევროკავშირში და არ ნატო-ში, რას ვაკეთებთ ასეთ პირობებში. 

_ თუ ჩვენ დავრჩებით დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, როგორ უნდა წარვმართოთ რუსეთთან ურთიერთობა, რომ შევძლოთ საფრთხეების თავიდან არიდება?

_ ეს არის მთავარი შეცდომა, რასაც უშვებს ქართული პოლიტიკური კლასი და კარგად გამოჩნდა ეს ტენდენცია თქვენს კითხვაშიც, რომ „ჩვენ თუ დავრჩით დასავლელი პარტნიორების გარეშე“… ის, რომ ჩვენ არ გვიღებენ ნატო-ში და ჩვენთვის შეიძლება არ იყოს საინტერესო ევროკავშირი, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვქონდეს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაცია და ურთიერთობა. ეს არც ხელისუფლებაში ესმით და არც ოპოზიციაში, რაც არის პრობლემა. ეს ხომ არ არის თვითმიზანი, რომ საქართველო იყოს რომელიმე ორგანიზაციის წევრი? ვერ შევდივართ იქ მაგრამ, რას ნიშნავს ეს, ჩვენ იზოლაციაში უნდა მოვექცეთ დასავლეთისგან? არა! ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა, უვიზო მიმოსვლა და ა. შ. ეს არ არის საკმარისი, მაგრამ რა გაკეთდა, რომ თუნდაც უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში გაზრდილიყო თანამშრომლობა? გადაიარაღება შევძელით? ახალი, დასავლური შეიარაღება შემოვიტანეთ? ვიფიქრეთ, რომ ორმხრივი ურთიერთობები დაგვემყარებინა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თურქეთთან, ან თუნდაც აშშ-სთან? ამას რომ თავი დავანებოთ, საქართველოს მმართველი ძალის წარმომადგენლებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს და ისეთ ტონალობაში, რომ მეგონა, ქართული ავიამზიდები ცოტა ხანში კალიფორნიის ნაპირებს მიადგებოდნენ. ასეთი ტიპის როყიო და ხისტი განცხადებები დასავლეთის წინააღმდეგ არ გაუკეთებია ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, ირანის ლიდერსა და ჩინეთის ლიდერს, თავი რომ დავანებოთ რუსეთს. ვიღაცამ ხომ უნდა აუხსნას ამ ხალხს, რომ ასე დიპლომატია არ კეთდება?! მესმის, რომ საქართველოს პოლიტიკური ვექტორი  ჩინეთისკენ გადაიხარა და ახლა კიდევ ახალი მოთამაშე შემოვიყვანეთ რეგიონში, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველა ხიდი უნდა დავწვათ ყველა მიმართულებით? როდესაც ადამიანი პოლიტიკაში ინიშნება, სულ მცირე, ბისმარკის მემუარები მაინც გადაიკითხოს, დიპლომატიის ისტორია წაიკითხოს, რაღაც განათლება ხომ უნდა ჰქონდეს? მარტო განათლება, რომელიმე  უნივერსიტეტში გავლილი იურისტის ტრენინგი და იურისტის ხარისხი ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი კარგი პოლიტიკოსი იქნება? ჩვენ პრობლემა გვაქვს იმაში, რომ პოლიტიკოსები არ  გვყავს. ჩვენ გვყავს ფუნქციონერი ნომენკლატურა და გვყავს აქტივისტები. არ გვყავს პოლიტიკოსი, რომელსაც ექნება ხედვა. აქედან გამომდინარე ქართული პოლიტიკური კლასი, მთავრობიან-ოპოზიციანად, არის შეუმდგარი. საერთოდ არ ხედავენ ისინი ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს და არ პასუხობენ მას.  ხელისუფლებაში მშვიდობის თემაზე საუბრის პარალელურად თამაშობენ ხალხის ფობიებზე, „მშვიდობის“ თემის პარალელურად საუბარია სახელმწიფო რელიგიის გამოცხადებაზე, ლგბტქ+ პროპაგანდისგან დაცვაზე… რა გამოდის, სანამ მთავრობას თავში „დაარტყამდა“ და ამ კანონის მიღებას გადაწყვეტდა ქართველი ერი ჩაძირული ვიყავით სოდომისტული გარყვნილების მორევში და ახლა მესია მოგვევლინა, რომ ამოგვიყვანოს იქიდან? აბსურდია ხომ ეს? ეს არის პოპულიზმი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანები, რომლებიც ვერ სთავაზობენ ხალხს რაიმე კონკრეტულს, რაღაცა ამ შიშებით, ფობიებით, ემოციური მარკერებით ათამაშონ და არჩევნებზე მოახდინონ მასის მობილიზება, რომელიც ხმას მისცემს მათ. მთავარი პრობლემა გამორჩათ, მოსახლეობის 67 პროცენტი არის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, მათი აზრითაც ამათგან არაფერი გამოვა. 

_ თუ ეს ძალა დარჩა ხელისუფლებაში, ნიშნავს, რომ სანქციები უკვე ამოქმედდება, შეჩერდება დახმარებები, პროექტები, რა ბედი ელის საქართველოს ასეთ შემთხვევაში?

_ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დარჩება ეს ძალა ხელისუფლებაში. თუ ეს ძალა ხელისუფლებაში დარჩება არჩევნებში დემოკრატიული გამარჯვების გზით, აქ ვერაფერს იზამს დასავლეთი, რადგან ეს იქნება ქართული საზოგადოების დაკვეთა.