გიორგი ბოტკოველი: „ოცნების“ წევრები მწერენ, _ მიდით, ოპოზიცია, მიაწექითო“
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბოტკოველი, ერთ-ერთ მშვიდობიან „ნაცად“ მიიჩნევა. ამის მიუხედავად, „ქართულ ოცნებაში“ მისი მისამართით სერიოზული აგრესიაა. მას დღემდე ვერ პატიობენ იმას, რომ მათმა საპრეზიდენტო კანდიდატმა თელავში არჩევნების ორივე ტური წააგო. ამაში დიდი წვლილი შეიტანა ბოტკოველმა. მის მიმართ განსაკუთრებული აგრესია პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს აქვს. მან არჩევნების წინ დაიგინა, რომ თუ ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი ან გიორგი ბოტკოველი არჩევნებს მოიგებდნენ, ის პოლიტიკიდან წავიდოდა.
ბოტკოველს უჭირს იმაზე ლაპარაკი, თუ რატომ ვერ იტანს მას ასე ძალიან ირაკლი კობახიძე. თავად მას არც კობახიძის და არც სხვა მეოცნებეების მიმართ აგრესია არ გააჩნია. ამბობს, რომ „ოცნების“ ბევრი მხარდამჭერი ახლა ოპოზიციას თანაუგრძნობს. უკონფლიქტო ბოტკოველი საკმაოდ პრინციპულია პარლამენტში ოპოზიციის შესვლასთან დაკავშირებით. ამბობს, რომ ოპოზიცია რომც შევიდეს პარლამენტში, თავად იქ არ შევა.
რატომ არის დაუშვებელი პარლამენტში ოპოზიციის შესვლა? რას ჩალიჩობდა მისი კონკურენტი ირაკლი ქადაგიშვილი? რა ესემესებს სწერენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მას? _ ამ თემების შესახებ გიორგი ბოტკოველი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ბატონო გიორგი, ირაკლი კობახიძემ არჩევნების პირველი ტურის წინ დაიგინა, რომ თუ ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი ან გიორგი ბოტკოველი არჩევნებს მოიგებენ, მე პოლიტიკიდან წავალო. რას გერჩით პერსონალურად თქვენ პარლამენტის ყოფილი სპიკერი? ოდესმე გადაიკვეთა თქვენი გზები?
_ რა ვიცი, რას მერჩის კობახიძე. ეს მან უნდა თქვას, მან დააყენა პირობად, თუ ბოტკოველი არჩევნებს მოიგებს, პოლიტიკიდან წავალო. ამ პირობის დაყენებაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ და ვერც სამარცხვინოს. სირცხვილი ისაა, როცა გრძნობ, რომ წასასვლელი ხარ და არ მიდიხარ.
მართალია, თელავში მეორე ტური დაინიშნა და ირაკლი ქადაგიშვილს მოაგებინეს, მაგრამ ყველა კვლევით მე მოვიგე არჩევნები პირველსავე ტურში. პირველსავე ტურში მოიგეს არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიამ. კობახიძის დათქმა ასეთი იყო, რომ რომელიმე ჩვენგანი თუ მოიგებდა არჩევნებს, იგი წავიდოდა. არჩევნები სამივემ მოვიგეთ, ეს ყველაზე კარგად იცის კობახიძემ, მაგრამ პირობას არ ასრულებს და პოლიტიკიდან არ მიდის. ეს მისთვის არის ცუდი, თორემ არც მე, არც ხაბეიშვილს და არც მელიას ამით არაფერი დაგვაკლდება.
_ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი მიუღებელი ფიგურაა, მაგრამ ნასპიკერალმა სამ თქვენგანზე მოიტანა იერიში. ამას რაღაც მიზეზი აუცილებლად ექნება.
_ წეღანაც გითხარით, რომ არ ვიცი, რა მიზეზი აქვს, რატომ ვერ გვიტანს ასე. ამაზე თავად უნდა ისაუბროს.
_ ამბობენ, რომ მეოცნებეები იმას ვერ გპატიობენ, საპრეზიდენტო არჩევნებში ორივე ტური რომ წააგებინეთ თელავში მათ კანდიდატს.
_ შეიძლება, ესეც იყოს მიზეზი. ხელისუფლების წარმომადგენელია და არ მოსწონს, ოპოზიციონერს მხარდაჭერა რომ აქვს. 21 ნოემბერს ჩატარებულ მეორე ტურს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. არც მე მიმიღია არჩევნებში მონაწილეობა. იმ დღეს თელავშიც კი არ დავრჩი, თბილისში ჩამოვედი და აქედან ვადევნებდი თვალს იქ მიმდინარე არჩევნებს.
ამ მეორე ტურმა ნათლად დაანახა ყველას, თუ რამდენი ადამიანი მიჭერდა მე მხარს და ვის ჰქონდა პირველი ტური მოგებული. მეორე ტურში თავიდან ბოლომდე იმდენი ადამიანი მივიდა, რამდენი ხმაც მე პირველ ტურში ავიღე. თუ უფრო დავკონკრეტდები, მე უფრო მეტი ხმა მაქვს აღებული. მგონია, რომ ეს რაღაცაზე მეტყველებს.
ამან ისიც გამოაჩინა, თუ რა დონის მასშტაბის გაყალბებასთან გვქონდა საქმე. სწორად მოიქცა ოპოზიცია, მეორე ტურებს ბოიკოტი რომ გამოუცხადა და პარლამენტში შესვლაზეც უარს ამბობს. წარმოიდგინეთ, რა მოხდა, იმხელა მობილიზაცია გამოაცხადეს, მაგრამ იმაზე ნაკლები ხალხი მიიყვანეს ჩვენს ოლქში არჩევნებზე, ვიდრე მე პირველ ტურში ავიღე. კაცმა არ იცის, მივიდა თუ არა ამდენი ამომრჩეველი საერთოდ. ამათ არც ამომრჩევლის რაოდენობის გაზრდა გაუჭირდებოდათ.
_ მართლა საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული, მაგრამ სადაც მეორე ტური ტარდებოდა, ხალხი ვერ მიიყვანეს. რატომ არ მივიდა ხალხი არჩევნებზე? „ქართულ ოცნებას“ ხომ ჰყავს თავისი ამომრჩეველი? იმათაც შერცხვათ არჩევნებზე მისვლის?
_ ზუსტ მიზეზებზე საუბარი გამიჭირდება. პირველ ტურში ძალიან ბევრი ადამიანი მიიყვანეს არჩევნებზე იძულებით. ამ ადამიანების ნაწილი მეორე ტურის წინ ნამუსმა შეაწუხა და ისინი არჩევნებზე აღარ წავიდნენ. არავის ეგონოს, იმ ხალხს შეურაცხყოფას ვაყენებ იმის გამო, რომ ჩემ სასარგებლოდ არ გააკეთეს არჩევანი. არც იმის გამო ვსაყვედურობ ვინმეს, რომ ხელისუფლების იძულებას წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და არჩევნებზე წავიდნენ. მე ყველა ადამიანის არჩევანს პატივს ვცემ. განსაკუთრებული პატივისცემა მინდა იმ ხალხის მიმართ გამოვხატო, რომელიც მეორე ტურის წინ ძალადობას აღარ შეუშინდა და პროტესტის ნიშნად აღარ წავიდა საარჩევნო უბნებზე.
ასეთი რამე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდა. სხვა ოლქებშიც უარი თქვეს არჩევნებზე ძალით წაყვანილმა ადამიანებმა მეორე ტურში მონაწილეობაზე. მათ გააცნობიერეს, თუ რა ზომამდე მიიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა. ისინი კარგად აფასებენ მოსალოდნელ საფრთხეებს და ამიტომ სახლში დარჩენა ამჯობინეს. სახლში დარჩნენ მიუხედავად იმისა, რომ მათზე ზეწოლა იყო.
მეორე ტურმა ყველას დაუმტკიცა, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი უფლება არ აქვს, იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში. მეორე ტურმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენი, ოპოზიციის ბრძოლა აუცილებლად წარმატებით დასრულდება.
_ მეორე ტურისთვის ბოიკოტის გამოცხადება ბევრად უფრო იოლია, ვიდრე ამ ხელისუფლების იძულება, წავიდეს დათმობაზე და ხელახალი არჩევნები დანიშნოს, რომელიც შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი იქნება.
_ ცხადია, ეს იოლი არ იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. მეორე ტურმა დამარწმუნა, რომ ხალხი ჩვენ გვიჭერს მხარს. როცა ხალხის მხარდაჭერა გაქვს, იქ გამარჯვების მოპოვებაც შესაძლებელია. ხალხის ასეთი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. ვფიქრობ, რომ ხალხს ჩვენც მივეცით მოტივაცია.
_ რა მოტივაცია?
_ პარლამენტში შესვლაზე უარი ვთქვით. მოსახლეობამ დაინახა, რომ ჩვენთვის მთავარია არა სკამები, არამედ ქვეყნის მომავალი. ვფიქრობ, ხალხი ბოლომდე ჩვენ გვერდით იდგება.
_ მანამდე, ალბათ, ოპოზიციამ ბოლომდე უნდა შეასრულოს პირობა. მართალია, ამ ეტაპზე უარს ამბობთ პარლამენტში შესვლაზე, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო, რომ ვიღაცები საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ.
_ ვერ წარმომიდგენია, რომ ოპოზიციიდან ვინმე პარლამენტში შევიდეს. სხვებზე საუბარი დიდად არ მინდა. ჩემი სახელით ვილაპარაკებ: მე პარლამენტში შესვლას არ ვაპირებ და ამ პროტესტით ვფიქრობ, რომ, პირველ რიგში, ჩემი ამომრჩევლის დაკვეთას ვასრულებ. ვისარგებლებ შემთხვევით და მხარდაჭერისთვის მათ თქვენი გაზეთითაც გადავუხდი მადლობას.
დამიჯერეთ, რაც არ უნდა შეთანხმება შედგეს, გიორგი ბოტკოველი საკანონმდებლო ორგანოში არ შევა. ვერანაირი შეთანხმება ვერ გამაკეთებინებს იმის საწინააღმდეგოს, რა პირობაც ჩემს ამომრჩეველს, 35.600 ადამიანს მივეცი. დარწმუნებული ვარ, მათი სურვილია, რომ მე არ ვცნო გაყალბებული არჩევნები.
_ თუმცა ამ ადამიანებს ისიც სურდათ, რომ გიორგი ბოტკოველი პარლამენტში ეხილათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხმას არ მოგცემდნენ.
_ სწორედ იმისთვის მივიდნენ არჩევნებზე, რომ მე ავერჩიე პარლამენტის წევრად. მე სიით გავხდი პარლამენტის წევრი, მაგრამ არ შევალ, რადგან 31 ოქტომბერს მოხდა საზიზღრობა. ამ არჩევნების ლეგიტიმაციის ცნობა ნიშნავს, რომ ჩვენც გაყალბების თანამონაწილეები ვართ. ჩემი ამომრჩევლის 1%-საც კი არ ენდომება ის, რომ მათმა არჩეულმა კანდიდატმა გაყალბებული არჩევნები ლეგიტიმურად ცნოს.
_ ზემოთ თქვით, რომ არანაირი შეთანხმების შემთხვევაში არ შევალ პარლამენტშიო. არც იმ შემთხვევაში შეხვალთ, თუ დათქმა იქნება, რომ გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნები ჩატარდება?
_ ნებისმიერი დათქმის შესრულება შესაძლებელია არსებული პარლამენტის პირობებში. ამის სამართლებრივი ნორმებიც არსებობს. არ ვიცი, რაზე შეთანხმდებიან, მე ის ვიცი, რომ იმ პირობის ერთგული დავრჩები, რასაც ჩემს ამომრჩეველს დავპირდი _ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმურობას არ ვაღიარებ.
აქ ერთი სამარცხვინო ფაქტის შესახებაც მინდა გიამბოთ: ჩემმა კონკურენტმა ირაკლი ქადაგიშვილმა უკადრებელი რამე იკადრა. მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ოფიციალურად გავაკეთე განცხადება, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ მივიღებდი. ამის შესახებ ქადაგიშვილს კომენტარის გაკეთება სთხოვეს და იცით, რა თქვა ამ ადამიანმა? _ მე გიორგი ბოტკოველის ამომრჩეველი არ მაინტერესებს, ჩემი ამომრჩეველი მყავს, ისინი მოვლენ მეორე ტურში და გააკეთებენ არჩევანსო.
_ რა „შეგნებული“ კანდიდატი ყოფილა.
_ ძალიან. ეს სამარცხვინო განცხადება გააკეთა იმ ადამიანმა, რომელიც ოთხი წლის მანძილზე კახეთის მხარის გუბერნატორი იყო. როგორ შეიძლება, მისთვის რომელიმე ადამიანი იყოს სულერთი?! სამარცხვინოა ეს ყველაფერი.
ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ამომრჩეველია ადამიანი. ნებისმიერის არჩევანს დიდ პატივს ვცემ. 35.600-მა ადამიანმა მომცა ხმა, მაგრამ ჩემი ოლქის ყველა ამომრჩეველს ვპირდები, რომ მათი ერთგული ვიქნები და ამ გაყალბების გზით „არჩეულ“ პარლამენტში არ შევალ.
_ პრინციპულობა კარგია, მაგრამ ამით თქვენს მხარდამჭერებს ვერაფერს გაუკეთებთ.
_ რატომ ვერ გავუკეთებ? სწორედ ჩემი ამომრჩევლის დაკვეთაა, რომ არ ვაღიარო ეს გაყალბებული არჩევნები. აქ იმაზე არაა საუბარი, კონკრეტული პირი გახდება თუ არა დეპუტატი. არც იმაზე ვლაპარაკობთ, რამდენ კაცს გაიყვანს ოპოზიცია. ახლა საქმე ქვეყნის გადარჩენას ეხება.
თქვენ რა გგონიათ, „ქართული ოცნების“ წევრები ვერ ხვდებიან, რა ხდება? „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც ესმით, რომ 41 ნომრის შემოხაზვით ქვეყანას განვითარების შანსი წაართვეს და საკუთარ შვილებს მომავალი მოუსპეს.
_ ხვდებიან ვითომ?
_ როგორ არ ხვდებიან. ამაში დარწმუნებული რომ არ ვიყო, არ ვიტყოდი. რაკი „ქოცებიც“ ასე ფიქრობენ, მე დავრჩები ჩემი სიტყვის ერთგული და გაყალბებულ პარლამენტში არ შევალ. ამ არჩევნების ლეგიტიმაცია არ უნდა მოხდეს. ეს თუ გავაკეთეთ, ქვეყანა აღარ გვექნება.
_ მისასალმებელია, ოპოზიცია ასეთ პრინციპულობას რომ იჩენს, მაგრამ იქნებ, პარლამენტში შესვლა და იქიდან ბრძოლა სჯობდეს? ამაზე არ გიფიქრიათ ოპოზიციურ პარტიებს?
_ ჩვენ ბევრ რამეზე ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ მოვახდენთ. პარლამენტში ჩვენი შესვლა გამორიცხულია. არ არსებობს იმის საპირწონე რაღაც, რომ ჩვენ პარლამენტში შევიდეთ. ღმერთმა ქნას, რომ იყოს რაღაც ამის საპირწონე.
_ პარლამენტში არშესვლით რას დააკლებთ „ქართულ ოცნებას“? ოპოზიციას გგონიათ, რომ „ქოცებს“ ერთპარტიულ პარლამენტში ჯდომა შერცხვებათ? უფრო კომფორტულად იქნებიან, ნერვებს არავინ მოუშლით.
_ რისი შერცხვება „ქართული ოცნების“ წევრებს და რისი _ არა, ეს არ მაინტერესებს. მე პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ნამდვილად შემრცხვება იმ ადამიანების, ვინც მხარი დამიჭირა. იმათიც შემრცხვება, ვინც 31 ოქტომბერს ხმა არ მომცა, მაგრამ ახლა მგულშემატკივრობენ.
_ ისევ ერთპარტიულ პარლამენტს დავუბრუნდები, _ რა მოხდება, ოპოზიცია რომ არ შევა?
_ მართალი გითხრათ, არ მაინტერესებს, რა მოხდება.
_ რატომ არ გაინტერესებთ?
_ იმიტომ, რომ ამ თემას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. თანაც, ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავი მგონია.
_ რა არის ჩვეულებრივი ამბავი, ბარიერგადალახული ოპოზიცია პარლამენტში რომ არ შედის?
_ რა არის ამაში არაჩვეულებრივი? არ შევდივართ და მორჩა. ეს არის ჩვენი პოზიცია და ეს გმირობად სულაც არ მიმაჩნია.
_ გმირობა შეიძლება არაა, მაგრამ არც უმნიშვნელო ამბავია.
_ ჩემთვის მთავარია, რომ ჩვენ ქვეყნის მომავლისთვის ვიბრძვით და ამ ბრძოლაში ხალხი ჩვენს გვერდით დგას.
_ მე მაინც პარლამენტში მარტო დარჩენილი „ოცნება“ მადარდებს. ამ ბოიკოტით შეაგნებინებთ რამეს მათ?
_ „ქართულ ოცნებას“ შეიძლება, ვერაფერი შევაგნებინოთ, მაგრამ არსებულ რეალობას შევცვლით.
_ ფიქრობთ, რომ „ოცნებას“ შერცხვება და დათმობაზე წავა?
_ აქ შერცხვენაზე არაა საუბარი. მაგათ სირცხვილის გრძნობა რომ ჰქონოდათ, ასე არ გააყალბებდნენ არჩევნებს. მე იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ამ საშინელ რეალობას შევცვლით.
_ ყველას ეგ გვინდა, რომ რაღაც შეიცვალოს, მაგრამ ეს იოლი არ იქნება.
_ იოლი არაფერია, ჩვენ ერთად ვართ ამ ბრძოლაში და ამიტომ მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
_ ზემოთ თქვით, რომ „ოცნების“ მხარდამჭერების არჩევანსაც პატივს სცემთ. ორმოცდაერთიანელებს დიდად არ ემჩნევათ სიხარული და ამას რით ხსნით? რაღაც გამარჯვებულებივით არ გამოიყურებიან.
_ პირად პასუხისმგებლობას გრძნობენ შექმნილ ვითარებაზე. რაღაც რომ არ მაფერხებდეს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მოწერილ ესემესებს გადმოგიგზავნიდით.
_ „ოცნების“ მხარდამჭერები თქვენ გწერენ ესემესებს?
_ მწერენ.
_ ვინაობის დასახელებას არ გთხოვთ, უბრალოდ, ის გვითხარით, რას გწერთ ეს ხალხი?
_ პირდაპირ მწერენ, მიაწექითო.
_ და თქვენ აწვებით?
_ ვაწვები და მომავალშიც მივაწვები.
_ არჩევნების მერე თითქმის ყველა რესპონდენტს ვეკითხები ამას და თქვენც გკითხავთ, _ რატომ გაბედა „ქართულმა ოცნებამ“ ასეთი მასშტაბის გაყალბება?
_ არჩევნების გაყალბება გაბედეს კი არა, ამ ქვეყანას გადააბიჯეს საერთოდ. და განა მხოლოდ ქვეყანას გადააბიჯეს, გადააბიჯეს თავისი შვილებისა და თავისი ქვეყნის მომავალს. „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, თუ რა გააკეთა ამ გაყალბებით. ვიღაცას რცხვენია ამის გამო, ვიღაცას _ არა. მე ვისურვებდი, რომ ვისაც იმ მომენტში არ რცხვენოდა, ახლა მაინც შერცხვეს.
_ მაშინ თუ არ რცხვენოდათ, ახლა რატომ შერცხვებათ?
_ აუცილებლად შერცხვებათ და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
_ ეტყობა, თქვენ ადამიანებს უფრო ვარდისფერი სათვალით უყურებთ, რაღაცა ძნელი წარმოსადგენია, რომ „ოცნებაში“ გაყალბების შერცხვეთ.
_ მე ადამიანების მიმართ ლმობიერი ვარ და ყველა მათგანი მიყვარს. ვცდილობ, მათში კარგი დავინახო, ამიტომ მგონია, რომ აუცილებლად შერცხვებათ.
_ შერცხვენისა რა გითხრათ, მაგრამ „ოცნების“ წევრების ტონი აშკარად შეცვლილია.
_ მაგათი შეცვლილი ტონის ნამდვილად არ მჯერა. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ დემოკრატიული იერი შეინარჩუნონ, თან ცდილობენ, რაღაცაზე დაგვიყოლიონ და 100-დან 1 დათმონ. გარწმუნებთ, რომ 100-დან 99-ის დათმობა მოუწევთ.
_ 100-დან 50 რომ დაათმობინოთ, ესეც კარგი იქნებოდა, მაგრამ თქვენ ამბობთ, 99-იო და გადაჭარბებული მოლოდინი ხომ არაა?
_ არ მაქვს გადაჭარბებული მოლოდინი. მთავარია, ერთობა იყოს და ხელისუფლება აუცილებლად წამოვა დათმობაზე.
_ მერედა, იქნება ეგ ერთობა?
_ იქნება. მე ამის მჯერა.
_ არჩევნების წინ ოპოზიცია ძალიან მწარედ დაუპირისპირდით ერთმანეთს. გეგონათ, რომ არჩევნების შემდეგ ასეთი ერთიანები გახდებოდით?
_ თავიდანვე მეგონა, რომ ოპოზიცია გაერთიანდებოდა. ჩვენ სხვა გზა, უბრალოდ, არ გვაქვს და არც იმის უფლება გაგვაჩნია, რომ ბრძოლა შუა გზაზე მივატოვოთ. ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვცა ხმა. პირადად მე 35.600-მა კაცმა მომცა ხმა და მათ როგორ ვუღალატო? მეორე ტურმა ყველა კითხვას გასცა პასუხი. „ოცნებამ“ მეორე ტურში იმდენი ადამიანი მიიყვანა, რამდენმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირა მხარი. ამით ყველაფერი ნათქვამია. ამ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები, შეინარჩუნა ძალაუფლება და ამით ქვეყნის მომავალს ღუპავს. არც ოპოზიცია და არც ხალხი ამას არ დაუშვებს. ვიმეორებ: პარლამენტში ოპოზიცია არ შევა და „ქართულ ოცნებას“ დათმობაზე წამოსვლა მოუწევს.
შორენა მარსაგიშვილი