გიორგი ბოტკოველი: „დასავლეთი ივანიშვილს მოლაპარაკებების ჩაშლას არ აპატიებს“

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბოტკოველი, მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეცვალა საგარეო კურსი და ჩრდილოეთისკენ გადაიხარა. მისი თქმით, მოლაპარაკებების ჩაშლა ამის ნათელი მაგალითი იყო. ბოტკოველი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება პირადად ივანიშვილმა მიიღო. მას კი პუტინისგან აქვს დავალება მიღებული. ოპოზიციონერი დარწმუნებულია რომ დასავლეთი „ქართულ ოცნებას“ ამას აღარ აპატიებს. მას სჯერა, რომ რუსეთის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი საქართველოს მოსახლეობასაც გამოაფხიზლებს.

რა მოტივაცია გაუჩინა მოსახლეობას მოლაპარაკებების ჩაშლამ? რატომ არ არის ახლა ნიჰილიზმის დრო? რა დაინახა დასავლეთმა და რა ნაბიჯებს გადადგამს ის სამომავლოდ? გაბედავს თუ არა ვინმე ოპოზიციიდან პარლამენტში შესვლას? _ ამის შესახებ გიორგი ბოტკოველი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება.

_ გიორგი, ნიკა მელიას დაპატიმრებიდან ერთი თვე გავიდა. ქართულ ოპოზიციასთან ერთად მთელი ცივილიზებული სამყარო მის განთავისუფლებას ითხოვს. ამ დროს გამოდის ირაკლი კობახიძე და ამბობს, მელიამ ქართულ სახელმწიფოს შეურაცხყოფა მიაყენა და ამიტომ ზის ციხეშიო.
_ ნიკა მელიას ქართული სახელმწიფოსთვის შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია. ნიკა მელიამ უარი განაცხადა გავრილოვის ხარკის გადახდაზე და ამით ფარდა აჰხადა ყველაფერს. მან საქართველოსა და, მასთან ერთად, მთელ მსოფლიოს დაანახა „ქართული ოცნების“ რეალური სახე. 18 მარტამდე ვიღაცებს ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებოდათ, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველო რუსეთის ორბიტისკენ მიჰყავდა. 18 მარტს ჩაშლილი მოლაპარაკებებით ეს ეჭვები საბოლოოდ გაიფანტა.
აქ იმაზე კი არაა საუბარი, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ ჩაშალა მოლაპარაკებები, რომელიც ევროპელი პარტნიორობის მედიაციით იმართებოდა. „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს უარი უთხრა.
მოლაპარაკებების ბოლო დღეს, ანუ 18 მარტს, საქართველოს ხელისუფლება მთელი დღე ცდილობდა, რომ პროცესი გაეჯანჯლებინა. მათი მხრიდან შეხვედრას არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ. მათ არანაირი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდათ. გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა. მას მოლაპარაკებების ჩაშლა კარგა ხანია, გადაწყვეტილი ჰქონდა. 18 მარტს ეს „ქართულმა ოცნებამ“, უბრალოდ, გააფორმა. მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ საქართველო რუსულ ორბიტაზე უნდა დაბრუნდეს. „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთს ღიად შეაქცია ზურგი.
_ თქვენი აზრით, დაბრუნდება საქართველო რუსულ ორბიტაზე?
_ ივანიშვილს ამის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ საქართველო რუსულ ორბიტას არასდროს დაუბრუნდება.
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?
_ ამ ქვეყნის მოსახლეობა არ დაუშვებს, რომ საქართველომ უარი თქვას დასავლურ კურსზე და რუსეთში დაბრუნდეს. რუსეთში დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარს ვამბობთ მომავალსა და განვითარებაზე. დასავლეთმა უკვე იცის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საგარეო კურსი შეცვალა. ახლა ევროპას შესაძლებლობა ეძლევა, რომ პირდაპირი შეფასებები გააკეთოს. მათ ღიად უთხრა საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ივანიშვილს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოების აზრი არ აინტერესებს. ივანიშვილს მხოლოდ რუსეთის აზრი აინტერესებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ეს ქვეყანა რუსულ ორბიტაზე მოხვდეს.
_ გიორგი, „ქართული ოცნება“ ასე თავხედურად რომ მოიქცა და მოლაპარაკებები ჩაშალა, ეს ოპოზიციის ბრალი ხომ არ არის? ოპოზიციამ რამდენჯერმე დააანონსეთ საპროტესტო აქცია, მაგრამ ან გააუქმეთ, ან გადადეთ.
_ აქციების გადადება ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილება იყო. ოპოზიციამ ყველა შანსი გამოიყენა, რათა რაიმე სახის მოლაპარაკება მაინც შემდგარიყო. ვფიქრობდით, რომ მცირე შეთანხმებას მივაღწევდით. ეს შეთანხმება რომელიმე პარტიის ინტერესი კი არ იყო, არამედ ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. ოპოზიციამ აქციების გადადებით დასავლეთს დაანახა, რომ მზად ვიყავით, ნაწილობრივ დათმობებზე წავსულიყავით, რათა ქვეყანაში მოხსნილიყო პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური კრიზისი, მოგეხსენებათ, თავის მხრივ, ამძაფრებს ეკონომიკურ კრიზისს. საქართველოში კი ისედაც უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია. მხოლოდ ამ მიზნით გადადო და გააუქმა ოპოზიციამ საპროტესტო აქციები.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველო არსებული კრიზისიდან გამოსულყო. „ქართული ოცნება“ იმ გზით წავიდა, რისი ეჭვიც დიდი ხანია გვქონდა. მათ ამერიკასა და ევროპას ღიად აქციეს ზურგი და ქვეყანა კრიზისში დატოვეს. მათთვის მთავარია, ივანიშვილმა ის გეგმა შეასრულოს, რაც მას პუტინმა მისცა.
_ ეს ხელისუფლება რუსეთის დავალებებს რომ ასრულებს, ჯერ კიდევ მაშინ იყო ნათელი, ნიკა მელიას გავრილოვის ხარკი რომ დააკისრეს. იმ ყბადაღებულ გირაოს ვგულისხმობ, რომელიც მან არ გადაიხადა და ამის გამო ზის ციხეში.
_ ნიკა მელიას დაკავება იმ ფორმით და იმ წინაპირობებით, რაც ამ პროცესს წინ უძღოდა, პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს იყო მოსკოვის დაკვეთა. ჩვენ მოვისმინეთ გავრილოვის პირდაპირი მოწოდებები, რომ ნიკა უნდა დაეჭირათ. მის დაკავებას რუსული მედია დიდი სიხარულით გამოეხმაურა. აქამდე ვიღაცებს ხომ ეგონათ, რომ აქ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიდიოდა ჭიდაობა. სერიოზულად არც ჩვენს განცხადებებს აღიქვამდნენ, როცა ვამბობდით, რომ ივანიშვილი საქართველოს ჩრდილოეთისკენ მიაქანებდა. ნიკას დაკავების შემდეგ ამაში ეჭვი აღარავის უნდა შეეპაროს. 18 მარტს ჩაშლილმა მოლაპარაკებებმა კი ყველაფერს ფარდა ახადა.
_ ეჭვები ნარიშკინის განცხადებებსაც უნდა გაეფანტა, მაგრამ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან დააკავშირა რუსი ძალოვანი. მან ნარიშკინს მოუწოდა, _ სთხოვე ოპოზიციას, შემოვიდნენ პარლამენტშიო. ვიღაცები იფიქრებენ, რომ თქვენ, ოპოზიცია, რუსეთისგან იმართებით.
_ კობახიძის ამ მოწოდებამ ვიღაცებში შეიძლება, მცირე ეჭვები გააჩინა, მაგრამ ასეთი ძალიან ცოტა იქნება. საქართველოში უკვე ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი. ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ ოპოზიციამ რამე სახის მოლაპარაკებები ჩაშალა. მოლაპარაკებები ჩაშალა ხელისუფლებამ და ეს საკუთარი თვალით დაინახა ევროპამ. ეს დაინახა საქართველოს მოსახლეობამაც. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ხელისუფლება დიალოგს ჩაშლიდა და არანაირ დათმობაზე არ წამოვიდოდა.
_ თუ იცოდით, რომ დიალოგი ჩაიშლებოდა, რატომ დასხედით მათთან ერთ მაგიდასთან? შულერთან თამაშს რომ აზრი არ აქვს და მას მაგიდა უნდა აუყირავო, ეს ხომ ცნობილი ამბავია.
_ ვიცოდით, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებდა მოლაპარაკებების ჩასაშლელად, მაგრამ მაინც დავსხედით მათთან ერთად. ჩვენთვის მთავარი იყო, ქვეყანა როგორმე გამოგვეყვანა არსებული კრიზისიდან. შეგვეძლო, ხისტი პოზიცია დაგვეკავებინა და პოლიტიკური ქულები დაგვეწერა, მაგრამ ეს ქვეყანას არ წაადგებოდა.
_ საბოლოო ჯამში, მაინც ვერაფერი არგეთ ქვეყანას და არ სჯობდა, თავიდანვე ჩაშლილიყო ეს მოლაპარაკებები?
_ არ სჯობდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თუნდაც მცირე შეთანხმება მაინც შემდგარიყო. ევროპამ და ამერიკამ იცის, რომ ოპოზიცია მზად იყო, კრიზისის დაძლევის გზებზე ემუშავა. ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა საქართველოს ხელისუფლებამ არ ისურვა. კრიზისის დასრულება, სამწუხაროდ, მხოლოდ მათზე იყო დამოკიდებული.
_ ამის შემდეგ რა იქნება? ველოდებით, როდის ჩაერევა საქმეში ამერიკა?
_ ამერიკის პოზიცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში როგორ განვითარდება მოვლენები, ეს, პირველ რიგში, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებზეა დამოკიდებული.
_ დამოკიდებულია, მაგრამ ხალხი დუმს.
_ დარწმუნებული ვარ, ხალხი თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის.
_ როდის იტყვის ხალხი თავის სათქმელს?
_ ძალიან მალე. სათქმელს ის ადამიანებიც იტყვიან, რომლებსაც აქამდე ოდნავ კიდევ ეპარებოდათ ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებდა. ახლა მათაც იციან, თუ ვისთან აქვთ რეალურად საქმე. იციან, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესებს ატარებს ამ ქვეყანაში.
_ ხალხმა შეიძლება დაინახა „ოცნების“ ნამდვილი სახე, მაგრამ ოპოზიციითაც იმედგაცრუებულია. რამდენჯერმე გადაიდო აქციები. ვრცელდება ინფორმაციები ხელისუფლებასთან რაღაც კულუარული მოლაპარაკებების შესახებ. ოპოზიცია არ გვეუბნება არც იმას, რა შეთავაზებები ჰქონდა ხელისუფლებას.
_ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის მთავარი მიზანი და საზრუნავი არის ამ ქვეყნის განვითარება და მისი უკეთესი მომავალი. ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ის თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის და ძალიან მალე. შეიძლება, იმაზე მალეც ითქვას სათქმელი, ვიდრე ჩვენ გვგონია.
_ სათქმელი ხალხმა არჩევნებზე უნდა თქვას, არჩევნები კი მალე არ იქნება. „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავებმა გვითხრეს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.
_ „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავები ბევრ რამეს ამბობენ. გამიჭირდება იმის თქმა, თუ როდის ჩატარდება შემდეგი საპარლამენტო არჩევნები. ერთ რამეში კი ღრმად ვარ დარწმუნებული _ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დასასრული დადგება ძალიან მალე.
_ ოპოზიციის წარმომადგენლებისგანაც ხშირად მომისმენია, რომ ეს ხელისუფლება მალე დასრულდება. თქვენც იგივეს ამბობთ. რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს? ჩვენ როგორც ვუყურებთ, ეს ხელისუფლება უფრო იმყარებს პოზიციებს.
_ ამის თქმის საბაბს, ისევ და ისევ, ხელისუფლების ქმედებები მაძლევს. ამ 9 წლის მანძილზე „ქართული ოცნება“ ცდილობდა, ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს ის დასავლური კურსის ერთგული იყო. მთელი ამ ცხრა წლის მანძილზე მათ თავიანთი ნამდვილი საგარეო კურსის ჩვენება არასდროს დასჭირვებიათ. ახლახან დადგა მომენტი და „ქართულმა ოცნებამ“ ღიად აქცია ზურგი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. მათ დასავლეთის იმ ქვეყნებს აქციეს ზურგი, რომლებსაც საქართველოსთვის მხოლოდ კარგი უნდათ და ეს არაერთხელ დაგვიმტკიცეს. ერთხელ უკვე ვთქვი, მაგრამ მკითხველი გამეორებას მაპატიებს _ 18 მარტის ჩაშლილი მოლაპარაკებები იყო ის მომენტი, რომელმაც ყველაფერს ფარდა აჰხადა.
_ ფარდა ყველაფერს 2019 წლის 20 ივნისის სისხლიან ღამესაც აეხადა, როცა ხალხი გავრილოვის გინების გამო დაასისხლიანეს. „ქართული ოცნების“ ნდობა რომ არ შეიძლება, ესეც 2019 წელმა გამოაჩინა, როცა ივანიშვილმა საჯაროდ დადო პირობა, 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა და შემდეგ ეს ცვლილებები „ოცნებას“ ჩააგდებინა.
_ ამ ამბებმაც გამოაჩინა „ქართული ოცნების“ სახე, მაგრამ თავიდან ბოლომდე ის ევროპამ გასულ კვირას შეიცნო. ჩვენ ვნახეთ ბრიუსელში ჩასული პრემიერი, რომელიც ერთი ხელით დასავლეთს ელაპარაკებოდა, მაგრამ ორივე ხელი, ფაქტობრივად, რუსეთისკენ ჰქონდა გაშვერილი. ამაზე ჩვენი დასავლელი პარტნიორები ასე იოლად არ დახუჭავენ თვალებს. ამერიკელები და ევროპელები ამაზე პირადად ბიძინა ივანიშვილს მოსთხოვენ პასუხს.
_ ივანიშვილს რატომ მოსთხოვენ პასუხს, ის ხომ წავიდა პოლიტიკიდან? ოფიციალურად ასეა.
_ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის დაჯერება სასაცილოა. ის არსად წასულა. თქვენ რა გგონიათ, დასავლეთმა დაიჯერა, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ მიიღეს? მათ თითოეული სიტყვა ივანიშვილთან ჰქონდათ გავლილი და შეთანხმებული. ამას პატარა ბავშვიც კი ხვდება, ეს არც გამოცდილ ევროპელ დიპლომატს გამოეპარებოდა.
დასავლეთისთვის ზურგის შექცევის გადაწყვეტილება ივანიშვილს ამ დღეებში არ მიუღია. ეს მას ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჰქონდა დაგეგმილი, რაც 18 მარტს გაახმოვანა საბოლოოდ. ახლა ყველაფერი ჩვენზე და ჩვენს მოსახლეობაზეა დამოკიდებული. იმ ხელისუფლების მმართველობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოკუპანტის ორბიტისკენ მიაქანებს, დროზე უნდა დასრულდეს. ამ ხელისუფლების დასრულებამდე დიდი დრო აღარ არის დარჩენილი. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
_ თქვენ ელოდებით, რომ ეს ხელისუფლება მალე დასრულდება. ხელისუფლება კი იმას ელის, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა. ამაზე ყველაზე მეტს ირაკლი კობახიძე საუბრობს. ის ოპოზიციას თებერვალშიც ელოდა პარლამენტში, მაგრამ მაშინ გუმანმა უმტყუნა.
_ ახლაც უმტყუნებს ირაკლი კობახიძეს გუმანი. არა მგონია, დღეს ოპოზიციაში ვინმეს აღმოაჩნდეს იმის გამბედაობა, რომ პარლამენტში შევიდეს. საუბარია იმ პარლამენტში შესვლაზე, რომელიც არაფრით გამოხატავს საქართველოს მცხოვრებლების ნება-სურვილს.
_ ოპოზიცია თუ გამოხატავს ხალხის ნებას?
_ რა თქმა უნდა, გამოხატავს. ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ ერთი რამ განგვასხვავებს: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ იმ ამომრჩევლის დაკვეთა შევასრულოთ, რომელმაც არჩევნებზე მხარი დაგვიჭირა. ასევე ვცდილობთ, იმ ადამიანების ნებაც გამოვხატოთ, რომლებიც აიძულეს, ხელისუფლების სასარგებლოდ გაეკეთებინათ არჩევანი. „ქართული ოცნება“, ჩვენგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ნებას გამოხატავს. მათ ის ამომრჩეველიც კი არ აინტერესებთ, ვინც გულწრფელად მისცა ხმა.
_ ამბობთ, ჩვენი ამომრჩევლის ნებას გამოვხატავთო. თქვენს ამომრჩეველს უნდოდა, რომ ხაბეიშვილი, ბოტკოველი და სხვები პარლამენტში ეხილა. თქვენ იქ არ შედიხართ და რანაირად გამოხატავთ მათ ნებას?
_ ვისაც უნდოდა, რომ ხაბეიშვილი, ბოტკოველი და მათ მიერ მხარდაჭერილი სხვა პირები პარლამენტში ეხილა, აუცილებლად იხილავენ მათ იქ. ოღონდ ეს იმ პარლამენტში მოხდება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი იქნება.
_ ხომ არ აჯობებდა, პარლამენტში შესულიყავით? და როგორც ელისაშვილი იტყოდა, 60 მგელს 90 მუთაქა აგეწიოკებინათ?
_ ამ პარლამენტში შესვლა წყლის ნაყვა და „ქართული ოცნების“ დანაშაულის გათეთრება იქნებოდა. ვგულისხმობ 31 ოქტომბერს ჩადენილ დანაშაულს.
_ სამაგიეროდ, ნიკა მელია იქნებოდა თავისუდფალი და არც თქვენს ოფისს დაარბევდა სპეცრაზმი.
_ არ მინდა, ტრაფარეტულად გამომივიდეს, რადგან ამ ფრაზას ხშირად იმეორებენ, თუმცა რაც რეალობაა, იმის თქმა ყოველთვის შეიძლება: გისოსებს მიღმა გამოკეტილი ნიკა მელია ბევრად უფრო თავიუსფალია, ვიდრე თანამდებობებზე მჯდარი ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე.
_ მელია რომ თავისუფალი და „ოცნებისთვის“ საშიშია, ეს მისი ბანერის დაცხრილვამაც გამოაჩინა.
_ ესეც მაგალითია იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ პატიმარი ნიკა მელიაც აშინებს. ჩვენს ოფისს 17 მარტს ესროლეს. იმ დროს მე პარტიის ოფისში ვიყავი. ჟურნალისტებმა კომენტარი მთხოვეს და ვთქვი, რომ ამას ირაკლი კობახიძე ჩვენ დაგვაბრალებდა. გავიდა რამდენიმე საათი, გამოვიდა კობახიძე და ხელი ჩვენკენ გამოიშვირა, _ მაგათი გაკეთებული იქნებაო. შსს-მ მალევე დააკავა ის პირი, რომელმაც ნიკა მელიას ბანერს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ის ადამიანი კახეთის რეგიონის მცხოვრები აღმოჩნდა. არ გამოვრიცხე, რომ ამის შემდეგ ეთქვათ, ამ ადამიანს ნიკა მელიას ბანერის დაცხრილვა მე დავავალე.
_ თქვენ „ქართულ ოცნებას“ სერიოზულად უშლით ნერვებს და ხელს. თქვენთვის დღემდე ვერ უპატიებიათ, რომ თელავში საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტური წააგებინეთ. საპარლამენტო არჩევნებზეც სერიოზული პრობლემები შეუქმენით ხელისუფლებას.
_ მე რატომ წავაგებინე არჩევნები? _ ეს გადაწყვეტილება თელაველებმა მიიღეს. ხელისუფლებას ვიცი, რომ არ მოვწონვარ, ისევევ როგორც სხვა ოპოზიციონერები. მართლა მიკვირს, კობახიძემ მე როგორ არ დამაბრალა ნიკას ბანერის დაცხრილვის ორგანიზება? ყველაფერი წინ არის, შეიძლება, ახლა დამაბრალოს. დამაბრალებს და დამაბრალოს. მის განცხადებებს სერიოზულად არავინ აღიქვამს. თან აქ სხვა პრობლემებია. მოლაპარაკებები ჩაიშალა და საქართველოს ხელისუფლება ღიად დაადგა რუსეთისკენ მიმავალ გზას, მაგრამ ამის მიუხედავად ყველაფერი მაინც ძალიან მაგრად იქნება. ახლა მთავარია, მოსახლეობაში ნიჰილიზმი არ გაჩნდეს.
_ ასეთ ვითარებაში ძნელია, ადამიანებს ნიჰილიზმი არ გაუჩნდეთ.
_ მესმის, მაგრამ რამენაირად ამას თავი უნდა დააღწიონ. ყველაფრისთვის ფარდის ახდამ ჩვენს მოსახლეობას გაცილებით მეტი მოტივაცია უნდა შესძინოს. მივმართავ ჩვენს მოსახლეობას და ვთხოვ, არავითარი ნიჰილიზმი! გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის რომ ეს ქვეყანა განვითარდეს! ჩვენ უნდა დავადგეთ იმ გზას, რომელიც საქართველოს ნათელი მომავლისკენ წაიყვანს. დასავლური კურსიდან გადახვევა არ უნდა დავუშვათ!
_ ამას გულწრფელად ამბობთ, თუ გინდათ, რომ თქვენი ამომრჩეველი გაამხნევოთ, რომელიც მოლაპარაკებების ჩაშლით გაბრაზებული და იმედგაცრუებულია? ბევრმა ხელიც კი ჩაიქნია.
_ ამას გულწრფელად ვამბობ. ვერ დაგეთანხმებით, რომ ხალხმა ხელი ჩაიქნია. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებში უფრო მეტი მოტივაცია გაჩნდა, ვიდრე აქამდე ჰქონდათ. ყველამ გააცნობიერა, რომ საქართველოს შველა სჭირდება. დასავლეთის დახმარება და მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ქვეყანას, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვუშველოთ.
_ მართლა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ვიქნებით დამოუკიდებელი ქვეყანა, თუ კრასნოდარის მხარედ ვიქცევით?
_ რა თქმა უნდა, ჩვენზეა დამოკიდებული. მჯერა ქართველი ხალხის. მრავალი ომი გადაგვიტანია და ფეხზე დავმდგარვართ. ახლაც ასე იქნება. ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ. საქართველო რუსეთის გუბერნია არ გახდება!

შორენა მარსაგიშვილი