გიგლა ბარამიძე: „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბება დააანონსა“
„ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნოდ დადგმულ სპექტაკლს დავითგარეჯის თემაზე საპირისპირო შედეგი მოჰყვა. საზოგადოებამ არ დაიჯერა ხელისუფლების ზღაპარი. ხალხის უარყოფითი განწყობის მიუხედავად, მმართველი პარტია ისევ აპელირებს საკითხზე და შთაგვაგონებს, თითქოს დავითგარეჯა დაგვიბრუნა. ამ თემაზე ერთ-ერთმა პირველმა გიგლა ბარამიძემ დაიწყო საუბარი. „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი „ქრონიკა+“-სთან ამბობს, რომ წლების მანძილზე გარეჯის თემაზე გაკეთებული ყველა განცხადება „ქართულმა ოცნებამ“ უყურადღებოდ დატოვა. არადა, ბარამიძეც და სხვებიც აცხადებდნენ, რომ მალე გარეჯაში ქართველ მომლოცველებს აღარ შეუშვებდნენ.
რატომ გახდა გარეჯის თემა აქტუალური? აინტერესებს თუ არა საზღვრების დადგენა საქართველოს ხელისუფლებას? სად უნდა ვეძებოთ სათანადო დოკუმენტები? რა დააანონსა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე? _ ამის შესახებ გიგლა ბარამიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ გიგლა, თქვენ ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც დავითგარეჯაში შექმნილ პრობლემებზე დაიწყო საუბარი. ჯერ კიდევ 4 წლის წინათ მიანიშნებდით მოსალოდნელ გართულებებზე, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ არც მაშინ და არც გასულ წელს, როცა ეს თემა უკიდურესად გამწვავდა, გარეჯა არ გახსენებიათ. ახლა რამ გადარიათ?
_ სანამ უშუალოდ დავითგარეჯის თემაზე დავიწყებდე საუბარს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას მინდა გამოვეხმაურო. ისინი უკანონოდ არიან დაკავებულები. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ვიღაცას რაღაც გადააბრალოს.
ოთხი წელია, რაც პრესით თუ ტელევიზიით გავიძახი, რომ სადემილიტაციო-სადემარკაციო კომისია არ მუშაობს. ეს კომისია საგარეო უწყებას ექვემდებარება. ვამბობდი იმასაც, რომ მთელ რიგ მიმართულებებზეა პრობლემები. სამწუხაროდ, გარეჯა ერთადერთი სატკივარი არაა. კიდევ ბევრ მონაკვეთზე გვაქვს საზღვარი დაუდგენელი. საქართველოს ხელისუფლება არ იყენებს იმ რუკებს, რომელიც უნდა დაიმოწმოს.
ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ: სადემილიტაციო-სადემარკაციო კომისიის მუშაობა გამჭვირვალე უნდა იყოს. ყველა უნდა ჩაგვაყენონ საქმის კურსში. საზღვრების დადგენა საკუთარი ბაღჩა-ბაღების შემოღობვა არ არის. ეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარია და ყველამ უნდა იცოდეს, თუ სად გადის თითოეული სანტიმეტრი. საზღვრების დადგენაში მთელი საქართველოს პოტენციალი უნდა ჩაერთოს. სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა გამჭვირვალედ მუშაობაზე და ეს საკითხი ჩქმალეს და მალეს.
გასაძლიერებელია სადემილიტაციო-სადემარკაციო კომისიის შემადგენლობა. რატომ უნდა იყოს ეს კომისია მხოლოდ ჩინოვნიკებით დაკომპლექტებული? ორი მეცნიერი ზრდილობის გამო შეიყვანეს კომისიაში. ეს მაშინ, როცა ამ საქმის უამრავი სპეციალისტი გვყავს. ამ საკითხებთან არც მე ვარ შორს. ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ შევუთვალე, რომ მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდება შემეძლო, მაგრამ თავი შორს დაიჭირეს. გატრუნულები არიან და ხმას არ იღებენ.
_ რადგან ამ საკითხებში კარგად ერკვევით, იმ რუკაზე რას იტყვით, ვინმე დავით ხიდაშელმა მოსკოვიდან რომ ჩამოიტანა?
_ მასალა არ არის ცუდი, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი დოკუმენტების მოძებნა შეეძლო ქართულ მხარეს. ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის დამფუძნებელ ეკატერინე მეორესთან ერთად იყო ქართველი უფლისწული. იმ არქივებში საინტერესო მასალებია დაცული, რომლებიც საქართველოს საზღვრებს ეხება. ჩვენთვის საინტერესო მასალები ინახება ვლადიმირის მონასტერში. მოსაძებნია მასალები სამარყანდისა და ბუხარის არქივებში. ვიცი, რომ იქ ჩვენთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტები ინახება. საინტერესო მასალები შეგვიძლია მოვიძიოთ პარიზისა და ლონდონის არქივებსა თუ კერძო კოლექციებში.
ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ არ იყენებს ჩვენი ხელისუფლება მსოფლიოს კარტოგრაფთა ასოციაციის სპეციალისტებს?! ეს ასოციაცია პარიზში 1961 წელს ჩამოყალიბდა. როგორც გაეროა მძლავრი, აღნიშული ორგანიზაციაც ასეთივე ძლიერია. ამ ასოციაციაში 84 ქვეყანაა გაწევრიანებული. გაინძრეს „ქართული ოცნება“ და იქიდანაც ჩამოიყვანოს სპეციალისტები.
ამ აბსოლუტურად უვიც ხელისუფლებას შევახსენებ, რომ 1919-1920 წლებში აზერბაიჯან-სომხეთის ომი მიდიოდა იმავე საკითხებზე, რაზედაც ახლა განახლდა კონფლიქტი მთიან ყარაბაღში. ერთი საუკუნის წინათ ლამის ამოხოცეს სომხებმა და აზერბაიჯანელებმა ერთმანეთი. როცა მათი გაშველება ვერავინ შეძლო, ბაქომაც და ერევანმაც თბილისში გამოაგზავნეს დელეგაციები. ისინი დამფუძნებელ კრებასთან მივიდნენ და სთხოვდნენ, იქნებ, გაგვაშველოთო.
ამ დროს დამფუძნებელი კრება რა საკითხს განიხილავდა? _ ქართული კარტოგრაფიის საკითხებს! მუშაობდნენ სახელმწიფო საზღვრების დადგენა-დაკონკრეტებაზე. დამფუძნებელმა კრებამ დროებით შეწყვიტა საზღვრების დადგენაზე მუშაობა და კონფლიქტის მოგვარებაში ჩაერთო. არქივებში ძალიან ბევრი მასალაა დაცული. ამას მოძიება უნდა. საზღვრებთან დაკავშირებით ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება პავლე ინგოროყვას პირად არქივში. ბევრ საინტერესო რამეს ვნახავთ ექვთიმე თაყაიშვილის არქივში. არ მოიძიეს ეს საბუთები და ამიტომაც ვართ ასეთ დღეში!
_ მაგათ ექვთიმე თაყაიშვილად ბიძინა ჰყავთ გამოცხადებული და იმას, კიდევ, ასეთი დოკუმენტები არ გააჩნია. ამიტომ ჰგონიათ, რომ მსგავსი არაფერი არსებობს.
_ ასე რომ ჰგონიათ, მაგიტომაც ვართ ასეთ დღეში. 4 წელია ვეუბნები, რომ აქ და აქ შეიძლება საბუთების მოძიება. იქ, სადაც მეცნიერებს აპატიმრებენ, წიგნებსაც დაწვავენ და მერე ადამიანების დაწვაზეც გადავლენ.
_ თქვენგან „ოცნება“ რჩევა-დარიგებას არ მოისმენს. მათთვის თქვენი პარტია მიუღებელია.
_ ნამდვილად მიუღებელია მათთვის ჩვენი პარტია, მაგრამ დროებით გვერდზე გადაედოთ პოლიტიკა და როგორც მეცნიერისთვის, ისე ეკითხათ. არაფერი მოიძიეს და ილიჩოვასა და მელაშვილზე გადატეხეს ჯოხი. თითქოს ამ ორი ადამიანის გადასაწყვეტი ყოფილა, თუ სად გაივლიდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრები.
_ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ადამიანებს არაფერზე მოუწერიათ ხელი.
_ ამათ რა უფლება ჰქონდათ, რამეზე მოეწერათ ხელი? ასეთ საკითხებს პარლამენტი წყვეტს და პრეზიდენტი აწერს ხელს.
_ პრეზიდენტი ვახსენეთ და გარეჯის მიმართულებით მას შემდეგ დაიძაბა სიტუაცია, რაც იქ სალომე ზურაბიშვილი ავიდა და პროვოკაციული განცხადებები გააკეთა. მას რატომ არავინ სთხოვს პასუხს?
_ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ზურაბიშვილი უშნოდ დაკუნტრუშობდა გარეჯაში. რასაც კი გაეკარა, ყველაფერი გააფუჭა. საინტერესოა, ამ ამბავს რატომ არ იხსენებენ? ან ზეზეულად მკვდარ საგარეო საქმეთა მინისტრს რატომ არავინ უსვამს კითხვებს? დემილიტაცია და დემარკაცია მაგას ეხება.
_ ეხება, მაგრამ აზრზე არაა. აზერბაიჯანმა გარეჯის მიმართულებით გზის გაყვანა რომ დაიწყო და ტრაქტორებით გადაუარა ჩეენს ტერიტორიას, ზალკალიანმა ამის შესახებ მედიიდან გაიგო. არადა, სამი დღე მიდიოდა გზის მშენებლობა.
_ მაგას არ ვჩივი, რომ არაფერი იციან. ეს ის ზალკალიანი არაა, ერთ-ერთ პარტიას რომ წარმოადგენდა? ამ პარტიის ლიდერი მინისტრობიდან რომ გადადგა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. ვითომ სოლიდარობა გამოუცხადა პარტიას, პოსტი დატოვა და მალევე უკან დაბრუნდა, ამჯერად უკვე საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში.
_ ეს გადახტომა დაუფასეს და ლამის ექვსი წელია, რაც საგარეო საქმეთა მინისტრია.
_ მათთვის მისაღები ფიგურაა და რატომ შცვლიან. გარეჯის მიმართულებით სულ იყო რაღაც პრობლემები, მაგრამ მომლოცველებისთვის იქაურობა არავის დაუკეტია. „ქართული ოცნების“ მოსვლის შედეგ მომლოცველები გარეჯაში ასვლას ვეღარ ახერხებდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ „ციანიდს საქმით“ ქართულ ეკლესიას უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ახლა საზღვრის გადაწევას ილიჩოვასა და მელაშვილს აბრალებენ. არ გამიკვირდება, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაც ამ ორ ადამიანს დაბრალდეს.
_ თემა შევცვალოთ და კორონაპანდემიაზეც ვისაუბროთ. მთელი გაზაფხული მეოცნებეები თავს იმით იწონებდნენ, რომ კოვიდ 19-ს გაუმკლავდნენ. მაშინ თუ მოერივნენ, ახლა რამ შეუშალათ ხელი?
_ არც მაშინ გამკლავებიან კორონას. უბრალოდ, ადგნენ და ჩაგვკეტეს, სახლიდანაც კი არ გვიშვებდნენ. მარტო „ოცნების“ ჩინოსნები დაქროდნენ ჯიპებით. მაშინაც ძალიან ბევრი ინფიცირებული იყო, უბრალოდ, ტესტირება არ ტარდებოდა. რამდენჯერაც მოვითხოვეთ ტესტირების ჩატარება, იმნაძე-გამყრელიძე-ცერცვაძის სამეული გვპასუხობდა, რომ საჭირო არააო. ახლა აღმოჩნდა, რომ საჭირო ყოფილა. ის ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებს, რომლის მუშაობის სტილიც ჯიგრული პონტია. სად არის წარმატებული კრიზისმენეჯერი ან ვინ დაარქვა კრიზისმენეჯერი? _ ლარი გაიქცა; ფასები კატასტროფულად გაიზარდა; ფარმაცევტულ სფეროში ოლიგარქები გვყავს.
_ ერთი ასეთი ოლიგარქი „ქოცებს“ „ნაცებთან“ გაექცათ.
_ იმ ოლიგარქმა, ბოდიში და, პოლიტიკურად კარგად მიაწუწა „ქართულ ოცნებას“. კრიმინალი ყვავის და რაში გამოიხატება გახარიას კრიზისმენეჯერობა? ან რისი იმედი გვქონდა, ლამაზისეული ჯანდაცვის მინისტრი რომ გვყავს, რომელმაც თავადაც კი არ იცის, რას ბჟუტურობს?! ასეთი კრიზისმენეჯერები რომ გვყავს, მაგიტომაც არის ასე მძიმედ საქმე.
_ ბევრი თქვენი კოლეგა ფიქრობს, რომ ხელისუფლება კორონა სტატისტიკას საარჩევნოდ იყენებს. თქვენც ასე არ ფიქრობთ?
_ ესენი ყველაფერს იკადრებენ. არ გამოვრიცხავ, რომ შეგნებულად ზრდიან სტატისტიკას. აღარ უნდათ, რომ ხალხი ოპოზიციას შეხვდეს. წინასწარ იჭერენ თადარიგს, რომ არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები არ იყოს.
_ თქვენი აზრით, დასჭირდება ოპოზიციას არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციების მოწყობა?
_ 63%-ს თუ დაიწერენ, გამოვა ხალხი. ხალხი რომ არ გამოვიდეს, კოვიდინფექციას ამოეფარებიან და ჩაგვკეტავენ.
_ რამდენი თვე ჩაგვკეტავენ? ასე უსასრულოდ ხომ არ გაგრძელდება?
_ ასე უსასრულოდ არ გაგრძელდება, მაგრამ რამდენიმე თვეს ხომ მოიგებენ.
_ როგორ გგონიათ, გაბედავს ივანიშვილი 63%-ის დაწერას?
_ ისეთ მადაზე არიან, რომ უნდათ ამ ციფრის დაწერა. დღეს „ქართული ოცნება“ „კავკასიელი ტყვე ქალის“ პერსონაჟის როლშია, რომელიც ამბობს, _ ორი გზა მაქვს: ან ზაქსში მივდივარ, ან იმ გოგოს პროკურატურაში მივყავარ. „ოცნებაც“ მაგ დღეშია, _ ან წავლენ ქორწილში, ანუ არ აღიგავებიან პირისაგან მიწისა და გადავლენ ოპოზიციაში, ან მიდიან პროკურატურაში და პოლიტიკიდან მოუწევთ წასვლა.
_ სოციოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით აჟიოტაჟი არ ცხრება. თითქმის ყველა პარტია უკმაყოფილოა. კმაყოფილი არც „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობა“ უნდა იყოს.
_ ეს კვლევები პოლიტიკურ კონიუნქტურას არის აყოლილი და ყველას ინტერესი უკვე თავხედურად და ღიად ჩანს. არანაირად არ შეიძლება, კაცი ამ კვლევებს ენდოს. ჩვენთვის ერთადერთი და ჭეშმარიტი ბარომეტრი საზოგადოების აზრია. ხალხის განწყობა ზეპირად ვიცით _ ნინოწმინდიდან დაწყებული, ლაგოდეხით დამთავრებული. ამიტომ ამათი კვლევები პოლიტიკური ანალიზისთვის გამოუსადეგარია. მე თუ მკითხავთ, არჩევნებამდე ყველა ასეთი კვლევის გამოქვეყნება უნდა აიკრძალოს. არჩევნების წინ პარტიებისთვის პროცენტების დაწერა საზოგადოებაზე გავლენის მოხდენაა და მეტი არაფერი.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ეროვნული საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი დამოუკიდებელი სააგენტო არ გააჩნია. ყველა სხვა ქვეყენას აქვს. ჩვენთან კი მსგავსს კვლევებს უცხოური ინსტიტუტები ატარებენ და, ფაქტობრივად, მათი დღის წესრიგით ვცხვრობთ. ეს სირცხვილია. გადამთიელი არ უნდა მიდგენდეს საქართველოში ხალხის განწყობას. მათი ტექნოლოგიები უკვე ზეპირად ვიცი. ჩემთვის უფრო სანდო იქნებოდა, თუ მსგავსს კვლევებს ქართველები ჩაატარებდნენ. დაილია საქართველოში სოციოლოგები? ძალიან კარგი სოციოლოგები გვყავს და ისინი შესანიშნავად შეისწავლიან საზოგადოებრივ აზრს. ამისთვის მხოლოდ დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა არის საჭირო. ეს სააგენტო ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს, იმ ბიუჯეტმა, რომელსაც ჩვენ ვავსებთ. დამოუკიდებელი ქვეყანა თუ ვართ, საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ეროვნული სააგენტო უნდა შევქმნათ.
_ ბოლო დროს სიტყვა ეროვნული და პატრიოტიზმი ძალიან გაუფასურდა.
_ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერს ფასი დაუკარგა.
_ თქვენ პოლიტიკური დევნილობიდან 2013 წელს დაბრუნდით სამშობლოში. მაშინ თუ წარმოიდგენდით, რომ „ქართული ოცნება“ ასეთ დღეში ჩააგდებდა ქვეყანას?
_ ნამდვილად არ ველოდი, რომ ასე მოხდებოდა. ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებაში ძალიან მაღალი ნდობით სარგებლობდა. ნდობა ჰქონდა მის გუნდსაც. ძალიან მალე მივხვდით, რა გუნდიც იყო „ქართული ოცნება“ და უკვე 2013 წლის შემოდგომაზე დავიწყეთ მათი კრიტიკა. „ქართულმა ოცნებამ“ თვითმკვლელის ინსტინქტი ჩაირთო. ასეთი ავტორიტეტი გქონდეს და ასე გამოიჭრა ყელი, წარმოუდგენელია. ასი გამოკითხულიდან ასივე „ქართულ ოცნებას“ აგინებს, მისი ასე და ასეო. კიდევ ვიტყვი, რომ არ ველოდი, განა იმიტომ არ ველოდი, რომ დაუშვებლად მიმაჩნდა, ამხელა აღტყინებით რომ მოგიყვანს ხალხი და მხოლოდ სამართლიანობის აღდგენას გთხოვს, ასე არ უნდა მოიქცე. ივანიშვილს ყველა ბერკეტი ხელთ ჰქონდა, რომ სამართლიანობა აღედგინა. ამის ნაცვლად აზილა, მიზილა, მოზილა და გვაქვს ის, რაც სურათიც დღეს არის. საქართველო მსოფლიოს ქვეყნების სათვალავში უკვე აღარ შედის.
ამის თქმა არ მინდა, მაგრამ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტიდან გამომდინარე მიწევს ამ თემაზე საუბარი. ჩვენს ქეყანას, ფაქტობრივად, აღარ აქვს სამხედრო პოტენციალი. ის ვერც კი შეედრება სომხეთსა და აზერბაიჯანს. მათ ფონზე საერთოდ გვაქვს რაიმე პოტენციალი?
ისევ საზღვრებს დავუბრუნდები და ამ უვიც ხელისუფლებას ვეტყვი, რომ საქართველოს საზღვრის შემოფარგვლის უნიკალური და განუმეორებელი ტრადიციები აქვს. დავით აღმაშენებლის დარმა მეფე ფარნავაზმა შექმნა სახელმწიფოებრიობა. მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი ქართულ სახელმწიფოს _ გააერთიანა ეგრისი და ქართლი. ამ კაცმა კარტოგრაფიული სიზუსტით მოხაზა საქართველოს საზღვრები _ კახეთიდან დაწყებული, სამაჩაბლოთი და სამხრეთ საქართველოთი დამთავრებული. ფარნავაზმა ასევე კარტოგრაფიული სიზუსტით დაყო საქართველო მხარეებად. ახლა რომ აიღო საქართველოს მხარეები და საზღვრები, ერთი-ერთში ემთხვევა ფარნავაზის ვერსიას. ეს დიდებული მეფე ჩვ.წ.აღ.-მდე მოღვაწეობდა. საზღვრების შემოფარგვლის ტრადიცია ქრისტემდე გვაქვს და ამ უგუნურებმა გარეჯა დაგვაკარგვინეს.
_ „ქართულ ოცნებას“ თუ დავუჯერებთ, დავითგარეჯა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგვაკარგვინა.
_ წინა ხელისუფლებამაც არ დააკლო, მაგრამ დავიღალეთ „ნაციონალებზე“ საუბრით. უკვე მეცხრე წელია, რაც ქვეყნის ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნებაა“.
_ ისე, „ნაციონალებზე“ როგორ ლაპარაკობენ, როცა პარტიასა და მაღალ თანამდებობებზე სულ ყოფილი „ნაცები“ ჰყავთ.
_ მაგიტომაც არის საუბარი ძნელი ძველსა და ახალზე. ავიღოთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია. იქ 80% წინა ხელისუფლების წარმომადგენელია. ვერ გაარჩევ, სად იწყება „ნაცმოძრაობა“ და სად მთავრდება „ქართული ოცნება“ ან _ პირიქით. დავიღალეთ ამაზე საუბრით. ეტყობა, ერთნი არიან. განსხვავება ისაა, რომ წინა ხელისუფლების დროს გარეჯაში მოსალოცად შევდიოდით, ახლა ამასაც ვეღარ ვახერხებთ.
_ მოახლოებულ არჩევნებსა და ოპოზიციაზეც ვისაუბროთ. ოპოზიცია რომ ვერ გაერთიანდა გავიგეთ, მაგრამ ასე ერთმანეთის ლანძღვა ვის გაუგია? თქვენი პარტია კი არავის ლანძღავს, მაგრამ არც რომელიმე პარტიასთან არის ახლოს.
_ მგონია, რომ ნორმალური პოზიცია გვიკავია. არ შეიძლება, პარტია თეთრეულივით იცვლიდეს პრინციპებს. „ერთიანმა საქართველო _ დემოკრატიულმა მოძრაობამ“ თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე საერთო მიზნის მისაღწევად მივდივართ. ამ მიზნის მიღწევა კი ქართველმა ხალხმა მოგვთხოვა. საზოგადოებას სურდა ოპოზიციის გაერთიანება, რათა საარჩევნო სისტემა შეცვლილიყო, რომ მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური მთავრობა მიგვეღო. ჩვენ ამისთვის ვართ ოპოზიციასთან ერთად. არასდროს გვითქვამს, რომ ვინმესთან ბლოკს შევქმნიდით. დამოუკიდებლად ვიყრიდით ყოველთვის კენჭს და ახლაც ასე იქნება.
წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დღეისთვის რამდენიმე პარტიაში გადანაწილდნენ. მათ ერთმანეთს პრეტენზიები წაუყენეს, რაც ამ ვითარებაში კატეგორიულად მიუღებელია. ოპოზიციის ოპოზიციონერობა დღეს გაუმართლებელია. ჩვენს პარტიას ეს არასწორად მიაჩნია.
_ თქვენს პარტიასა და პირადად თქვენ ვიცი, რა დამოკიდებულებაც გაქვთ ყოფილი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ თქვენც კი არ წამოგიძახებიათ, ისეთები წამოაძახეს ერთმანეთს „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
_ ძალიან ბევრის წამოძახება და გახსენება შეგვიძლია, მაგრამ ხმას არ ვიღებთ. განსხვავების, კატეგორიულად მიუღებლობისა და პოლიტიკური მტრობის მიუხედავად, ჩვენ მიღწეულ შეთანხმებას არ ვარღვევთ. ვართ ოპოზიციასთან და ერთად ვცდილობთ, „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ, რომელმაც ამ ქვეყანას ცუდის მეტი არაფერი მოუტანა.
„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ რატომ ჭამს ერთმანეთს, ვერ გამიგია. როდიდანაა, რომ ბოკერია და სააკაშვილი სხვადასხვა არიან? შეიძლება, ახლა განსხვავებული აზრები აქვთ, მაგრამ საჯაროდ ნუ ესხმიან ერთმანეთს თავს. ეს ძალიან ცუდად ჩანს.
_ ოპოზიციამ მაშინ გადაწყვიტა გაერთიანება, როცა გასულ წელს „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. სხვებთან ერთად თქვენი პარტია მიუჯდა მოლაპარაკებების მაგიდას. მაშინ ივანიშვილმა კაცი გამოგიგზავნათ და რაღაცების სანაცვლოდ გთხოვათ, რომ ოპოზიციური ერთობა დაგეტოვებინათ. ასე იყო მართლა?
_ იყო მცდელობები, რომ ამ მოლაპარაკებების მაგიდიდან ავმდგარიყავით, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ, რადგანაც ხალხის დაკვეთა იყო, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შესულიყო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ საკონსტიტუციო ცვლილებები და ეს ვერაფერმა გადაწონა. ვიბრძვით დამოუკიდებლად, მაგრამ ვართ ოპოზიციასთან ერთად.
_ 31 ოქტომბრის არჩევნებისგან რას ელოდებით?
_ ეს არ იქნება იოლი არჩევნები. იოლი როგორ იქნება, როცა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბება დააანონსა?
_ სად დააანონსა?
_ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, 63%-ს ავიღებთო. ასეთი პროცენტების აღებას რომ აპირებენ, იქ სერიოზულ გაყალბებასთან გვექნება საქმე. მკვდარ სულებს არ დაატრიალებენ, მაგრამ სხვა მეთოდებით გააყალბებენ. საარჩევნო კომისიები მათია. ტექნიკურ საკითხებზე არ ღირს საუბარი, მაგრამ ამხელა პროცენტებს რომ აანონსებენ, აშკარაა, რომ დიდი გაყალბება იგეგმება.
შორენა მარსაგიშვილი