გიგი წერეთელი: „შემოდგომაზე ხელისუფლება თუ არ შეიცვალა, საქართველოს მომავალი ძალიან ბუნდოვანი იქნება“
შორენა მარსაგიშვილი
რას უნდა ელოდოს საქართველო დასავლეთისგან? რატომაა გახარებული „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებით? რას მოგვიტანს ჩინეთთან ურთიერთობა? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი:
_ ბატონო გიგი, „ქართული ოცნება“, მათი მხარდამჭერები და რუსეთუმეები ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს ზეიმობენ. აცხადებენ, ევროპა იგივე აზრზე დადგა, რა აზრზეც ჩვენ ვართ, მათ უარი თქვეს ლიბერალიზმზეო. ამასთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ?
_ ხელისუფლება ძალიან კმაყოფილია და აღფრთვანებული ევროპარლამენტის არჩევნებით. ამ არფრთოვანებას განცხადებებსა და შეფასებებში გამოხატავენ. სინამდვილეში, იხტიბარს არ იტეხენ, თითქოს იმ ძალებმა გაიმარჯვეს, რომლებიც ახლოს არიან ამ ხელისუფლების იდეებთან ანდა მათ გეგმებთან. თითქოს მათი მხარდამჭერები მოხვდნენ ევროპარლამენტში, გაიმარჯვეს. ეს, ბუნებრივია, სიმართლეს არ შეეფერება. ეს არის იმ კამპანიის ნაწილი, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი არის კარგად ან, უკეთეს შემთხვევაში, უფრო ბუნდოვნად. ისეთი განცხადებებია, რომ საზოგადოება ვერ უნდა გაერკვეს, სინამდვილეში რა ხდება. სიმართლე ის არის, რომ ეს არჩევნები დასრულდა უფრო მემარჯვენე ფრთის უპირატესობით. ევროპის სახალხო პარტიამ ევროპარლამენტში მოიპოვა ყველაზე მეტი ადგილი. ეს არის პარტია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ჩააყენა გლობალური ომის პარტიის ავანგარდში. მის ლიდერებზე ამბობდნენ, რომ ისინი არიან ჩვენი მტრები, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი.
_ ყოფილი ხელისუფლების მიერ მართულსაც კი უწოდებენ ევროპის სახალხო პარტიას.
_ სერიოზულ პარანოიასთან გვაქვს საქმე. ახლა უკვე იმას ამბობენ, მასონური ხელი მართავს მსოფლიოსო. თურმე ჩვენც ასე ვიმართებოდით. ეს არის გაუგებარი, მავნებლური და ქვეყნისთვის დამაზიანებელი რიტორიკა. მესმის, რომ ეს ყველაფერი პროპაგადისტული რიტორიკის ნაწილია, გადაწყვიტეს, რომ თავის ამომრჩეველს ასე ელაპარაკონ. განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებსაც „ოცნების“ ამ ნაბიჯების გამო შეერყათ მათდამი დამოკიდებულება. აღარ სჯერათ, რომ ამათ რამის მიღწევა შეუძლიათ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით.
ევროინტეგრაცია არის ჩვენთვის მთავარი საგარეო ორიენტირი. ეს რამე ახირება კი არაა, ეს არის საქართველოსთვის საჭირო. რუსეთთან საუკუნოვანმა ურთიერთბამ ამის აუცილებლობა კარგად დაგვანახა. როგორიც საქართველოა ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დავრწმუნდით, რომ რუსეთთან პირისპირ ყოფნა პარტნიორების გარეშე ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის არის უდიდესი საფრთხის და რისკის შემცველი. ამიტომ ეს ყველაფერი ჩაიწერა კონსტიტუციაში. დღევანდელი ვითარება ამას სრულიად აცდენილია.
დავუბრუნდეთ ისევ ევროპარლამენტს. არაა სიმართლე, რომ ევროპარლამენტში ევროკომპოზიცია იქნება იმგვარი, როგოროც „ქართულ ოცნებას“ უნდა. მე არ ვფიქრობ, რომ იქ არის რომელიმე ისეთი ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უნდა. იქ არც მათი თანამდგომები არიან და არც მათი იდეების გამზიარებლები. ევროპის სახალხო პარტიასთან დაკავშირებით უკვე მოგახსენეთ. წარმატებას კიდევ სხვა მემარჯვენე ძალებმა მიაღწიეს. შეადრებით ცუდი შედეგი აჩვენეს მწვანეებმა და ლიბერალურმა ნაწილმა. ეს რაღაც დრამატულ ცვლილებას ნამდვილად არ ნიშნავს ევროპუულ პოლიტიკაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ შენარჩუნდება საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირის გაფართოების თვალსაზრისით. ეს პოლიტიკა თუ შენარჩუნდება, საქართვეოსაც ექნება შანსი.
უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ როგორ დაკომპლექტდება ევროპარლამენტი. იმ მომენტისთვის როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, დიდი ალბათობით, ევროპარლამენტის სპიკერი იქნება რობერტა მეცოლა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროკომისიას, ანუ აღმასრულებელ შტოს. აქ ურსულა ფონ დერ ლაიენია წარდგენილი. მისი კანდიდატურა უკვე შეთანხმებულია პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, ევროპარლამენტართა შორის ბევრი მხარდამჭერია საქართველოსი და არა საქართველოს ხელისუფლების.
მესმის, რომ როდესაც საქმე მიდგება მკაცრ შეფასებებზე, ხელისუფლებას სწყინს და უკვირს და მერე ამუნათებს ჩვენს მეგობრებს, რომ როგორ შეიძლება განვასხვავოთ ხალხი და ხელისუფლება. ძალიან კარგად შეიძლება ხალხისა და ხელისუფლების განსხვავება, განსაკუთრენით მაშინ, როცა საზოგადოების ინტერესი ერთია და ხელისუფლება მეორეს აკეთებს. ამის ნათელი მაგალითი იყო გაზაფხულზე. თვეების მანძილზე მიმდინარე საპროტესტო აქციები იმ კანონთან და იმ ანტიდასავლური კამპანიის წინააღმდეგ, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა და დღესაც ამას აგრძელებს. ამან მოიტანა მხოლოდ ცუდი როგორც „ქართული ოცნებისთვის“, ასევე ქვეყნისთვისაც. ამიტომ ეს რაღაც ცრუ აღფრთოვანება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებით მათთვის სრულიად უსაფუძვლიოა. ეს, როგორც უკვე გითხარით, „ქართული ოცნებისთვის“ არის პროპაგანდისტული ხრიკი. თუ ასე გააგრძელა ხელისუფლებამ ლაპარაკი, რომელ წინსვლასა და პერსპექტივაზეა საუბარი არ მესმის. ახლა შეიკრიბება ევროკავშირი, იქნება მინისტრების შეხვედრა, მერე ლიდერების სამიტი და ყველგან საქართველო იქნება თემა.
_ ამჯერად საქართველო იქნება უარყოფით კონტექსტში წარმოდგენილი.
_ უკიდურესად უარყოფითად. მსჯელობა იქნება იმაზე, რა ზომები შეიძლება მიიღონ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ზომებით ქვეყნის რეპუტაცია რომ დაზარალდება, ეს ერთია, მაგრამ შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებიც დაზარალდნენ. საქართველოს ხელისუფლება იგივეს აკეთებს ამერიკის შეერთებულ შტატაბთან მიმართებითაც. ეს აისახება ეკონომიკურ ფაქტორზეც. ჯერ მხოლოდ პოლიტიკური ნაწილია, რადგან ეს ჩანს ზედაპირზე. ასანქცირებენ ათეულობით ხელისუფლების წარმომადგენელს, მათთან დაახლოებულ პირებს და ოჯახის წევრებს. ნამდვილად არ ვარ იმის მომხრე, რომ მათი ოჯახის წევრები და შვილები პასუხს აგებდნენ თავიანთი მშობლების ქმედებაზე. ეს ალბათ არ არის სწორი, მაგრამ ეს არის მოცემულობა, რომ ასე ცალკე არ ხდება. როდესაც ბუნებრივი კატასტროფაა ან წყალდიდობაა ან მიწისძვრაა, საერთო საკუთრება ზიანდება და ეს ზიანი ოჯახის ყველა წევრზე აისახება. ასეთ კატასტროფაში ვყვებით ახლა ჩვენ საგარეო პოლიტიკური კურსის თვალსაზრისით. ვიზების შეზღუდვას ფინანსური შეზღუდვებიც მოჰყვება. მერე შეიძლება იყოს პროგრამების გაჩერება; ინვესტორების კლებაც იქნება; განელდება ინტერესი საქართველოს მიმართ. ამით ზარალს ყველა მიიღებს: სამუშაო ადგილები არ იქნება, ფასები გაიზრდება. ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურებისკენ მიდის. ბიზნესები ზარალდებიან. აგერ სასტუმროების სექტორში დიდი პრობლემები გაჩნდა.
_ ძალიან ბევრმა გააუქმა საქართველოს სასტუმროებში ჯავშნები.
_ რა თქმა უნდა, ასე იქნება. საქართველოში ეკონომიკა მცირდება. ეკონიმიკა როცა მცირდება, ეს ყველაზე აისახება. ეს, პირველ რიგში, აისახება ახალგაზრდებზე. მათთვის საქართველოში სამუშაო ადგილის პოვნა გაცილებით უფრო გართულდება. ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მიგრაციას. ამ მიგრაციას შესაძლოა შესვლის გართულებული პირობები დახვდეს. იქნება პრობლემები იქ ლეგალიზაციისა და სამუშაოზე მოწყობის. ეს მთელი ერთიანი სისტემაა. არ არსებობს პოლიტიკური ჩავარდნა ეკონომიკური აღმავლობის ფონზე. ეს ძალიან იშვიათად შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა. თუ ქვეყანა პოლიტიკურად გადადის რაღაც სხვა ქვეჯგუფში, მისდამი ინტერესი კლებულობს. შესაბამისად, ამას მოჰყვება სხვა ამბები. ეს განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამებზეც იმოქმედებს.
ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ვეღარ გაგრძელდება ასეთ პირობებში, როცა ამგვარი პოლიტიკა აქვს საქართველოს ხელისუფლებას. იგივეს ამბობს ევროკავშირი. ამისკენ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ეს ამერიკამ გააკეთა. ხელისუფლება არ ელოდა, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ მოხდა. ჩემთვის პირადად ეს არის კოშმარი. ამას ბევრი ჩვენგანი წარმოდგენითაც კი ვერ წარმოიდგენდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ.
_ დიდად არც ეს სტატუსი უნდოდათ. სანამ სტატუსს მოგვცემდნენ, ამბობდნენ, თუ არ მოგვცემენ, თავისთვის დაიტოვონო.
_ ჩვენ ვამბობდით და მეც მათ შორის, რომ სტატუსს აუცილებლად მოგვცემენ, მაგრამ მეორე საკიხია, როგორ გამოიყენებს ამას ხელისუფლება. მართლაც, სათავისოდ გამოიყენეს. ჩათვალეს, რომ გაძლიერდნენ, მოფერიანდნენ და გადაწყვიტეს, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობაში ძალიან ვიწრო გზაზე გაიყვანდა. ამით, რა თქმა უნდა, ატარებენ რუსეთის ინტერესებს. ამით ძლიერდება რუსეთის პოზიციები საქართველოში. ეს ჩვეულებრივი ამბავია _ სცილდები დასავლეთს, აძლიერებ აქ რუსეთს.
_ დასავლეთთან დაშორების ფონზე თვალში საცემია, რომ ჩვენი მთავარი ეკონომიკური პარტნიორი ხდება ჩინეთი, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთთან არის მჭიდროდ დაკავშირებული.
_ ეს იყო ერთგვარი კომპენსატორული ნაბიჯი. გავიგეთ, რომ ვშორდებით ერთ დიდ ეკონომიკას, სამაგიეროდ მეორეგან ვახდენთ ინტეგრაციას. რას მივიღებთ ამ ინტეგრაციიდან, მალე ვნახავთ. კი ბატონო. ჩინელებისა და მათი რაოდენობის მიმართ პრეტენზია არ მაქვს. თუ ბევრი ტურისტი ჩამოვა, კარგი იქნება. მაგრამ, ჯერჯერობით, რაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით მივიღეთ ის არის, რომ ამ გადადგმული ნაბიჯით ეს არის პირადი ბიზნესინტერესები. დანარჩენი? ჩინეთს შეეძლო საქართველოსთვის გაეროში მხარი დაეჭირა დევნილების დაბრუნების რეზოლუციისთვის ხმის მიცემით, მაგრამ ეს არ გააკეთა. ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩინური ინვესტიციების ჩადება იგეგმება.
_ უკვე დადასტურებულია, რომ დროებით ოკუპირებულ ცხინვალში ქარხნის აშენებას აპირებენ.
_ დადიან ოკუპირებულ რეგიონებში ჩინური კომპანიები და დებენ ინვესტიციებს. ეს რომ კერძო კომპანიები იყოს, კიდევ მოიძებნებოდა რაღაც გამართლება, მაგრამ ჩინეთში კერძო კომპანიები არ არის, იქ სულ სახელმწიფო კომპანიებია. მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის თემაც. ანაკლიის პორტი გადაეცა ჩინურ კომპანიას _ იმ ქვეყნის კომპანიას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში ღიად ეხმარება რუსეთს. ამით ჩინეთი დასავლეთთან არის ომში ჩამბული. არადემოკრატიული რეჟიმია და ის ცდილობს, რომ რაღაცნაირად დააბალანსოს დასავლეთთან ურთიერთობები. მაგრამ ის არის რუსეთის პარტნიორი. ეხმარება, რომ რუსეთის ეკონომიკა და სამხედრო ძალაც რაღაცნაირად ისეთ დონეზე იყოს, რომ გააგრძელონ ომი. ჩინეთთან ინტეგრაცია აღიქმება დასავლეთთან არამეგობერულ ნაბიჯად. ამას თუ დავუმატებთ ჩვენი ხელისუფლების ანტიდასავლურ განცხადებებს, ყოველდღე რომ გვიწევს ამ სისულელეების მოსმენა, არასახარბიელო სურათს მივიღებთ.
_ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათთან ასოცირებული პოლიტიკოსები ახლა ითხოვენ, ამერიკამ უნდა შეცვალოს ჩვენ მიმართ დამოკიდებულებაო. ამ მოთხოვნაზე რას ფიქრობთ?
_ რა უნდა შეცვალონ, მეგობრული დამოკიდებულება საქართველოსთან თუ პირადად მათ მიმართ შეცვალონ დამოკიდებულება? პირადად მათ მიმართ დამოკიდებულებას ამერიკა და ევროპა შეცვლის მაშინ, როცა ისინი შეცვლიან დამოკიდებულებას ვაშინგტონისა და ევროკავშირის მიმართ. ოჯახშიც ასეა და მეგობრობაშიც. მეგობრობა არანაირი გარანტი არაა იმისა, რომ ერთი მეგობარი თუ ცუდად მოიქცევა, მეორემ არ უსაყვედუროს ან საერთოდ დაანებოს მასთან ურთიერთობას თავი. მეგობრებიც შორდებიან ერთმანეთს, ოჯახის წევრებიც და ცოლ-ქმარიც, როცა არასწორად იქცევა რომელიმე. ცუდია ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ აქამდე არ უნდა მიიყვანო საქმე. მიზეზი მისცეს ევროპასაც და შეერთებულ შტატებსაც. ვინ ექაჩებოდათ, ეს რუსული კანონი რომ მიიღეს ან ვინ ექაჩებათ, ყოველდღე დასავლეთს რომ ლანძღავენ? თქვან ღიად, ვის დავალებას ასრულებენ და რა დავალებაა ეს. საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ამ რაღაც ფარატინა კანონს ემყარება, რომელიც არაფერს წარმოადგენს თავისი შინაარსით გარდა იმისა, რომ არის მცდელობა დააშინონ, დაასუსტონ, დისფუნქციური გახადონ ოპოზიციური მედია და არასამთავრობო სექტორი.
_ აშკარაა, რომ არ სურთ ქვეყანაში განსხვავებული აზრი იყოს.
_ არ უნდათ, განსხვავებული აზრი ისმოდეს. ეს ძალიან მკაფიოა. სირცხვილია 21-ე საუკუნეში ამის გაკეთება. მართლა სამარცხვინო მდგომარეობამდე მივედით. საქართველო პოზიტიურ კონტექსტში არსად აღარ მოიხსენიება. ერთადერთი ფეხბურთია, სადაც გვაქვს შანსი. სხვა თემაზე კი გადავედი, მაგრამ მნიშვნელოვანი თემაა.
_ მთავარი თემაა დღეს. საქართველო პირველად მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე.
_ რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ამბავია. ახლა მხოლოდ ეს გვაქვს სასუნთქი ჰაერი საქართველოს მოსახლეობას.
_ ევროპას ლანძღავენ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე კარგად წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც და მათი რუსეთუმე მხარდამჭერები, ანუ კარგი ყოფილა ევროპა და ევროპის ჩემპიონატი.
_ წასვლით რატომ არ წავიდოდნენ? ეს ადამიანები ახლა ყველგან წავლენ ევროპაში, თუ სადმე შეეძლებათ წასვლა. თავიანთ რეაბილიტაციაზეც იფიქრებენ. დაფიქრდებიან და მოილაპარაკებენ, როგორი გზავნილები იყოს ამის შემდეგ, რომ ძალიან არ დაზარალდნენ. გასულ კვირას ამერიკის კონგრესში ძალიან საინტერესო მოსმენა იყო საქართველოსთან დაკავშირებით. ჰელსინკის კომისიაში რუსულ კანონზე მსჯელობდნენ. საუბრობდნენ ჰიბრიდულ ომზე და ამ კანონზე, როგორც ამ ომის წარმოების ინსტრუმენტზე. რამდენიმე ქვეყნის მაგალითი განიხილეს და საქართველო სამწუხაროდ, ყველაზე მკაფიოდ იყო წარმოჩენილი. იყო იქ სხვა ქვეყნებიც: ყირგიზეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ა. შ.
ჰელსინკის კომისიაზე კიდევ ერთხელ განმარტეს მკაფიოდ, თუ რას ნიშნავს ეს რუსული კანონი და რატომ არ აქვს ამ კანონს არანაირი საერთო ამერიკულ კანონთან, რასაც მთელი ეს პერიოდი ამტკიცებდა საქართველოს ხელისუფლება. ხელისუფლების წარმომადგენლებს ივანიშვილთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ვერ ხედავენ, ვერც ელაპარაკებიან და ვერც ხმას იღებენ. კომუნიკაცია მინიმუმამდეა დაყვანილი. რა გადაწყვეტილებაც იქნება ვერტიკალის თავში, ის უნდა აღასრულონ აბსოლუტურად უსიტყვოდ ან ისეთი სიტყვებით, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანას ძალიან დააზარალებს.
ხელისუფლებას თითქმის არანაირი რესურსი აღარ აქვს ვითარების გამოსასწორებლად. ერთადერთი თვალთმაქცობაა მათი იარაღი. შეეცდებიან, თვალთმაქცობით შეატრიალონ მათკენ მხარდაჭერა. კარგად ხედავენ, რომ არჩევნებზე ისინი საზოგადოებისგან მხარდაჭერას ვეღარ მიიღებენ. საზოგადოებამ რეალურად გადაწყვიტა, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. უნდა იყოს ახალი, კოალიციური ხელისუფლება. რა თქმა უნდა, შეეცდებიან, რომ ამ საქმეს რაღაცნაირად უშველონ.
_ შეძლებენ შველას?
_ არა მგონია, იმიტომ რომ ამის რესურსი არ გააჩნიათ. მათი ნდობის ხარისხი არის ნული. ამ ნულს ცოტათი სცდებოდა უნგრეთის რესურსი. მაგრამ ისიც გაუგებარი, სულელური, პარანოიდული და მავნებლური განცხადებებით, პრაქტიკულად, დაკარგეს. უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენელს, ევროკომისიაში, რომელიც არის ორბანის თანაგუნდელი და წარმდგენელი, მასთან არათუ პოლემიკა გამართეს, არამედ პირდაპირ ბრალდებები იყო. პირდაპირ გამოძიება მოითხოვეს. ამას არანაირი ახსნა აღარ აქვს. წარმოუდგენელ რამეებს აკეთებენ.
ტელეფონი თუ გაგიფუჭდათ და ის შეკეთებას ექვემდებარება, შესაძლოა იფიქროთ, რომ შეიძლება დაიტოვოთ. მაგრამ ტელეფონს თუ შეკეთების რესურსი აღარ გააჩნია, მაშინ გჭირდებათ ახალი ტელეფონი. ასე არის ყველაფერში. ასე არის ურთიერთიბებში, ასე არის ქვეყანაში მთავრობასთან ურთიერთობაში. ამ ხელისუფლებას არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობა იმისა, რომ შეიცვლებიან. ამაზე მეტყველებს მათი განცხადებები და რეაქციები. მათი სიჯიუტე გაუგებარია მედასავლეთეებისთვის, სამაგიეროდ გასაგებია რუსების მხარდამჭერებისთვის. ამერიკის კონგრესში მოსმენაზე არ ვიცი, მიაქციეთ თუ არა ყურადღება, ერთ-ერთმა გამომსვლელმა აღნიშნა, რომ რუსეთს ყველაზე მეტი ჩართულობა, რეაქცია და ემოციური სენტიმენტები ჰქონდა საქართველოს კანონთან დაკავშირებით.
_ მართლა ასე იყო. კრემლის ერთ-ერთი მათავარი პროპაგანდისტი, დუგინი, ლამის ყოველდღე წერდა „ოცნების“ მხარდამჭერ განცხადებებს.
_ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რუსები ამ კანონს განიხილავენ საქართველოზე ზემოქმედების ერთ-ერთ ინსტრუმენტად. რა კანონიც და რა აქციაც დააშორებს დასავლეთთთან საქართველოს, ეს იქნება რუსეთის მოგება. დასავლეთთან ეს არის მათი ამოცანა, ოქტომბერში ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს, მაგრამ ისიც საკითხავია, როგორ მივალთ არჩევნებამდე, მივალთ კი?.. არჩევნებზე ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ უარი ბელადებსა და ოლიგარქებზე მორგებულ მმართველობაზე. საქართველოს ახალი კოალიციური ხელისუფლება სჭირდება. ასე თუ არ მოხდა, მაშინ სხვა ინტერვიუებში შესაძლოა უფრო მძიმე თემებზე მოგვიწიოს საუბარი.
არჩევნებზე თუ ეს ხელისუფლება არ შეიცვალა, მაშინ საქართველოს მომავალი ძალიან ბუნდოვანი იქნება. რა თქმა უნდა, აქ სხვა პროცესებიც ითამაშებს თავის როლს. ეს იქნება უკრაინის ომის დასრულება და საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში. რაც არ უნდა მოხდეს, საქართველოს მიმართ პოლიტიკა არ შეიცვლება. არ აქვს მნიშვნელობა, ბაიდენი დარჩება თუ ტრამპი მოვა, საქართველოს მიმართ პოლიტიკა დარჩება იგივე. საქართველოში ვითარება თუ არ შეიცვალა, დამოკიდებულებას აღარავინ შეცვლის. ევროატლანტიკური ინტეგრაცია შენ გჭირდება. ამისკენ მიისწრაფის ჩვენი ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა. ამას კარგად ხედავს დასავლეთი და ამიტომაც არის ასეთი მხარდაჭერა. თორემ მათ ყველას თავისი საქმე და პრობლემები აქვს. არავის უნდა, დამატებითი ტვირთი აიღოს და დისკომფორტი შეიქმნას. თუ დაინახავენ, რომ შენს ხელისუფლებას არ სურს დასავლეთთან ინტეგრაცია და არც ხალხი აკეთებს ამ რეალობის შესაცვლელად რამეს, მაშინ სხვა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ძალიან ცუდია, რაც დღეს საქართველოს მიმართ ხდება, მაგრამ ეს 100%-ით ამ ხელისუფლების ბრალი და დამსახურებაა. ჩვენს ამომრჩეველს ეს კარგად უნდა ესმოდეს და დარწმუნებული ვარ, ესმის კიდევაც.
ორი სიტყვით ფეხბურთზეც მინდა ვთქვა. ზემოთაც გითხარით, რომ ევროპულ დონეზე ერთადერთი სასუნთქი არის ჩვენი ეროვნული ნაკრები, რომელიც ევროპაზე შეუდარებლად კარგად გამოიყურება, ვიდრე ხელისუფლება პოლიტიკურ ჩემპიონატზე. ყველა ხედავს, როგორ თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები და ჩვენც ბოლომდე ვუქომაგოთ მათ, ისინი ამას იმსახურებენ.