გია ხუხაშვილი: „ხელისუფლება ამბობს, ღირსებით ორ ფეხზე ევროპაშიო და დიდი ხანია, ოთხ ფეხზე დგას უღირსად რუსეთისკენ“
თამარ სანაძე
26 ოქტომბრის არჩევნები მოახლოვდა. მმართველი გუნდი ამომრჩეველს არჩევანს სთავაზობს ომსა და მშვიდობას შორის. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ერთი წელიწადის გადატანასა და დროის მოგებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დასავლეთთან ურთიერთობები დალაგდება.
„ოცნების“ რიტორიკაში ისევ რჩება „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც რუსეთის ნაცვლად ადანაშაულებს და 2008 წლის აგვისტოს ომის დამკვეთად ასახელებს. 16 ივლისს ახალი ოფისის გახსნისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელმა გაიმეორა ახალი სლოგანი: „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. „ღირსებას მოაქვს მშვიდობა, მშვიდობას მოაქვს კეთილდღეობა, ხოლო კეთილდღეობას მოაქვს ქვეყნის ევროპული მომავალი“, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რიტორიკასა და ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:
_ ბატონო გია, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ, გლობალურ ომის პარტიაზე, მეორე ფრონტზე და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ დასასჯელად სჭირდება. თქვა ისიც, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს პასუხს აგებინებს 2008 წელს ქვეყნის ომში ჩართვისთვის. ასევე ივანიშვილმა ახსენა, თუ ტრამპი გაიმარჯვებს უკრაინაში ომი დასრულდება და ვნახავთ, როგორ შეიცვლება ჩვენ მიმართ დამოკიდებულებებიო. როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას პარტიის ახალი ოფისის გახსნაზე?
_ ბიძინა ივანიშვილის ეს გამოსვლა, ყველაფერთან ერთად, კომიკურიც იყო. ხელისუფლებაში ყოფნის თორმეტი წლის თავზე წინა ხელისუფლების დასჯის ავანსად გაცემა ღრმად არასერიოზულია, ძალიან სასაცილოა. ჯერ ერთი, შერჩევითი დასჯა მოხდა, ძირითადი ფიგურები დაისაჯნენ, პარტიის თავმჯდომარე მთლად ციხეში ზის. თუ „ქართულ ოცნებაში“ პორტირებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზეა საუბარი? შეიძლება თავისიანების დასჯა უნდა, რომლებიც ძალიან მსუყედ არიან წარმოდგენილები სასამართლოში, პროკურატურასა და ა. შ. როგორც ჩანს, ივანიშვილს თავისიანების დასჯა სურს იმიტომ, რომ ყველა სხვა შემთხვევაში აბსურდია საუბარი დასჯაზე. მან დასაჯა ვიღაცები და თუ დასჯაზეა საუბარი, დასასჯელი უნდა დაესაჯა აქამდე, მის ხელში იყო ყველაფერი _ პროკურატურაც, სპეცსამსახურებიც და ახლა რა დროს ამაზე საუბარია?
საკონსტიტუციო უმრავლესობა ვიღაცის დასასჯელად რა საჭიროა, აბსურდული და არასერიოზულია. დასჯა არის სახელმწიფოებრივი პოლიტიკის საგანი და არა პარტიული პოლიტიკისა. მისი გამოსვლიდან ყველაფერი იყო პოპულაცია, გლობალურ ომის პარტიასა და მასონებზე იყო საუბარი.
ის ილუზიას უქმნის თავის მრევლს, რომ როდესაც ტრამპს აირჩევენ ამერიკაში, ამის შემდეგ ყველაფერი დაწყნარდება და დამშვიდდება. მართლა ასე არ იქნება, მაგრამ ის თავისიანებს უმტკიცებს, აი, ტრამპი რომ გახდება პრეზიდენტი, უკრაინას აიძულებენ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე რუსულ პირობებზე, უკრაინამ უნდა დათმოს დონბასი, მთელი აღმოსავლეთ უკრაინა, ყირიმი და ყველაფერი დამთავრდება. ის კაპიტულანტური, კოლაბორაციონისტური პოლიტიკა, რასაც თვითონ ატარებს საქართველოში რუსეთთან მიმართებით, ჰგონია, რომ ტრამპიც აიძულებს უკრაინას, მათ ქვეყანაშიც იგივე მოხდეს, რაც სრული სიგიჟეა. რუსული იდეოლოგიური ხაზის პოპულარიზაციას ახდენს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მისი განცხადებებით მშვიდობა არ არის მოსალოდნელი. პირიქით, მე ვიტყოდი, ტრამპის გაპრეზიდენტება ჩვენი ხელისუფლებისთვის ბევრად უარესია.
ადრე ხელისუფლება არა მხოლოდ ტრამპის გაპრეზიდენტებაზე საუბრობდა, არამედ გულშემატკივრობდა ულტრამემარჯვენე ძალებს ევროპაში და მათზე იქმნიდა იმედის ბუშტს, რაც დიდი სისულელე იყო. იმათ ვერ გაიმარჯვეს, „ოცნებას“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან, მაგრამ ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ულტრამემარჯვენეები მოდიან ევროპაში და ამერიკაში _ ტრამპი, რა ხდება ამის შემდეგ, ჩვენს ხელისუფლებას კომფორტულად ექნება საქმე? კარგად კი არ ექნებათ საქმე, კიდევ უფრო მძიმედ წავა ყველაფერი.
ულტრამემარჯვენეების მოსვლა რას ნიშნავს ევროპაში? ეს ნიშნავს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას, არალეგალების დეპორტაციას, გადარიცხვების შემცირებას და კიდევ ათას რამეს, ეს აწყობს ქართულ სახელმწიფოს? „ოცნებისთვის“ შედეგს და შინაარსს არ აქვს მნიშვნელობა, მათთვის მთავარია, საზოგადოების დასაბოლებელი არგუმენტები შექმნას. ხმა მომეცით და მერე რაღაც იქნება ერთ წელიწადშიო, ისე როგორც ყოველთვის იქცეოდა. გაგახსენებთ 2018 წლის არჩევნებს, პირველსა და მეორე ტურს შორის რომ გაუჭირდა, გამოვიდა და თქვა, აი, ერთ წელიწადში ყველაფერს დავალაგებო. ერთ წელიწადში კარგი კი არაფერი გააკეთა, მთლად დაანგრია, რაც კი კარგი იყო შემორჩენილი. ასე რომ, ნდობა მისი რიტორიკისადმი არის ძალიან დაბალი. ადამიანურად მესმის, ის არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ის არის ტრაგიკული პიროვნება. დღე ივანიშვილისთვის არის შიშები და შფოთვები და ღამე _ კოშმარები. ასეთ ვითარებაში ადამიანების ცხოვრება ტრაგიკულია. ამ განზომილებაში, ადამიანური გაგებით, მე მას თანავუგრძნობ, მაგრამ პოლიტიკური გაგებით რაც მან ილაპარაკა, არის ქართული სახელმწიფოს გრძელვადიანი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა, საზოგადოების მანიპულაცია, ჰიპნოზი და ზომბირება. სახელმწიფოებრივი შინაარსი მის გამოსვლაში არ ყოფილა.
_ თქვენ ძალიან კარგად იცოდით 2012 წლის განწყობები, ასევე იცოდით, რა ტიპის მხარდაჭერა ჰქონდა ივანიშვილს, რა სურათია დღეს ამ კუთხით?
_ საზოგადოებაში ივანიშვილისა და მისი გუნდის მიმართ მხარდაჭერა არის პლინტუსს ქვემოთ. სხვა საკითხია, რომ ამ ქვეყნის გაკოტრებული, ლეგიტიმაციის მიღმა დარჩენილი ხელისუფლების ალტერნატივა ვერ ყალიბდება ყვეყანაში. ბიძინა ივანიშვილის მთავარი ინსტრუმენტი არის ოპოზიციის სისუსტე, ამიტომ პოზიტივზე არც საუბრობს. მომავლის პოზიტიურ გეგმებზე არც ლაპარაკობს. ის ამბობს, მე შეიძლება ცუდი ბიჭი ვარ, მაგრამ ესენი ჩემზე უარესები არიან. ამას უძღვნის მთელ თავის მოღვაწეობას. ამიტომ მისი მთავარი ბერკეტი არ არის ამომრჩეველი, რომელიც მას არც ჰყავს. კვლევებს რომ გადავხედოთ, ჩანს, რომ ის 20 თუ 23 პროცენტი რაც მას ჰყავს, ეს არის ადმინისტრაციული რესურსი და რადიკალური ანტინაცები, მეტი არაფერი, მას საკუთარი ელექტორატი არ ჰყავს, მაგრამ ის ცდილობს, რომ ამომრჩეველი დატოვოს ალტერნატიული არჩევანის გარეშე, უთხრას, რომ ესენი საერთოდ ქვეყანას დაანგრევენ. კი, მე შეიძლება არ ვვარგივარ, მაგრამ ისევ მე დამიჭირე მხარი, იმიტომ რომ ისინი ჩემზე უარესს გააკეთებენ. სამწუხაროდ, ოპოზიცია ამის თქმის არგუმენტებს აძლევს. დაკავებული არიან ერთმანეთთან საქმის გარჩევებით, ასე დავსხდეთ, ისე დავსხდეთ, აბა, მე შენთან დავჯდები და იმასთან არ დავჯდები. არჩევნებამდე კი 3 თვე რჩება.
_ საარჩევნოდ გამსხვილება მოახერხა სამმა ცენტრმა: „ნაციონალური მოძრაობისა“ „სტრატეგია აღმაშენებლით“ დაკომპლექტებული გაერთიანება; „ახალი“, „გირჩი“- „დროა“ და მესამე ცენტრი გაერთიანდა „ლელოს“ ირგვლივ: ანა დოლიძის პარტია და „თავისუფლების მოედანი“. რას ფიქრობთ ამგვარ გაერთიანებებზე? არის ეს ივანიშვილის მარცხის ფორმულა?
_ ძალიან პირობითია ეს გამსხვილებები, რის ხარჯზეც ხდება ეს გამსხვილება, ელექტორალურად არაფერს იძლევა. ელექტორატი ჩამოშორებულია პარტიებს.
პარტიები, რომლებსაც აქვთ დაბალი მხარდაჭერა, ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ამას კი არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, არამედ იმას, რომ გადაუწყვეტელმა ამომრჩეველმა გააკეთოს საკუთარი არჩევანი. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არჩევანს გააკეთებს მხოლოდ დიალოგის რეჟიმში. უნდა მიხვიდე და დაელაპარაკო. მხოლოდ სოფელ-სოფელ, დიალოგის გზით არის დაკარგული ნდობის აღდგენა შესაძლებელი.
თანამონაწილეობის ჩვენება, მათი პრობლემების გაზიარება, რეცეპტის ჩვენება, შეთავაზება თუ როგორ შეიძლება მათი პრობლემები გადაწყდეს და ა. შ., ამას სჭირდება ინტენსიური და დინამიკური მუშაობა, დინამიკა კი, სამწუხაროდ, არ ჩანს.
_ პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ „ოცნება“ ამ პროექტს წინასაარჩევნოდ პატიმრების ოჯახების გულის მოსაგებად და ხმების მისაღებად იყენებს. როგორია თქვენი შეფასება ამნისტიის კანონპროექტზე?
_ ვინმეს სჯერა, რომ ხელისუფლება რამეს გააკეთებს პოლიტიკური ინტერესის გარეშე? ამის აღარავის სჯერა, თვითონ ხელისუფლებაშიც აღარ სჯერათ. მათი თითოეული ნაბიჯი და ქმედება არის პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე. სამწუხარო ის არის, რომ ამნისტირება ხდება ბევრად უფრო მძიმე დანაშაულზე, აგრეთვე პოლიტიკური მოტივებით. ასეთია ხელისუფლება და ვინმეს გვიკვირს? გასაკვირი იქნებოდა, რომ სამართლიანი ამნისტიის კანონპროექტი გაეკეთებინათ. ესენი შერჩევით ამნისტირებას რომ აცხადებენ, გასაგებია და ლოგიკურია მათი მხრიდან.
_ საინტერესო იქნება თქვენი შეფასება ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობის შესახებ. იმის ფონზე, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები სულ მეტად ამცირებენ საქართველოს მთავრობის დაფინანსებას, ხელისუფლება აგრძელებს, მართალია ისე ხმამაღლა არა, მაგრამ მაინც მტკიცებას, რომ მას ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავს. ხელისუფლების მხრიდან ამის მტკიცება რას ნიშნავს და რაზე ან ვისზეა გათვლილი?
_ აქ იმაზეა გათვლა, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი არის პროდასავლურად განწყობილი და ამის გამო აკეთებენ ამ ყველაფერს. მშვენივრად იციან, რომ ამ გზით ევროპაში ვერ შევლენ, მაგრამ ცდილობენ, რომ ეს ხალხი, საზოგადოება მოატყუონ. ღირსებით ორ ფეხზე ევროპაშიო და სინამდვილეში დიდი ხანია, ოთხ ფეხზე დგანან უღირსად რუსეთისკენ. ეს ხომ ყველას ესმის, ვისაც ელემენტარულად საღად შეუძლია პროცესების აღქმა, მაგრამ ჯიუტად ამტკიცებენ თავისას ხელისუფლების წარმომადგენლები. ვისაც მოატყუებენ, მოატყუებენ და ეს არის, მეტი არაფერი ხდება.