გია ხუხაშვილი: „გახარიამ ორპოლუსიანობა დაარღვია“
საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღის შესახებ განკარგულება გამოსცა. არჩევნების შესახებ 2 აგვისტოს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა.
„ქართულმა ოცნებამ“ კი 28 ივლისს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციასთან ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.
გარდა იმისა, რომ მმართველმა პარტიამ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა, საარჩევნო კამპანიაც აქტიურ რეჟიმში დაიწყო, ოპოზიციაში კი ჯერჯერობით მსგავსი არაფერი ჩანს, რაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან უკმაყოფილებას იწვევს.
რა ხაფანგი დაუგო ამჯერად მმართველმა გუნდმა ოპოზიციას? რით აიხსნება წინასაარჩევნოდ ოპოზიციური სპექტრის პასიურობა? დაარღვია თუ არა ორპოლუსიანობა გახარიამ?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:
_ ბატონო გია, რაზე მეტყველებს „ქართული ოცნების“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება?
_ სახელშეკრულებლო სამართალი ცალმხრივად ხელშეკრულებიდან გასვლას უპირობოდ საერთოდ არ გულისხმობს. ხელშეკრულებიდან თუ გადიხარ, შესაბამისი პასუხისმგებლობა გეკისრება სხვა ხელმომწერ მხარეებთან. ეს სხვადასხვა ფორმით ხდება: ბიზნესში, პოლიტიკასა და ა. შ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სიკეთეები მიიღო და ვალდებულებებზე უარი თქვა ისე, რომ ამის გამო არ დაისაჯო, ეს რაღაც უპრეცედენტო მოვლენაა, _ ასეთი არაფერი გამიგია. ხელისუფლებამ ყველაფერი მიიღო: პარლამენტი შედგა, გარკვეული სტაბილურობა გაჩნდა, პარტიები შევიდნენ პარლამენტში, ამ ყველაფერს მიაღწია და შესაბამისი ფასის გადახდაზე, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, უარი განაცხადა. წარმოიდგინეთ, რომ რაღაც შეისყიდეთ, მოგაწოდეს საქონელი და თქვენ ფული არ გადაიხადოთ, _ დაახლოებით ასეთია. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ხელისუფლებამ გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ეს არა მხოლოდ რიტორიკული, არამედ სამართლებრივი არგუმენტია. ჩვენ ვერ მივიჩნევთ, თითქოს „ქართული ოცნება“ ხელშეკრულებიდან გასულია. სხვა საკითხია, რომ ამ პუნქტის დარღვევის კონკრეტული ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა. სამართლებრივად, პასუხისმგებლობის დაკისრების მომენტი ჯერ არ დამდგარა. ეს მომენტი დადგება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ვერ გადალახავს 43%-იან ბარიერს და უკვე სამართლებრივად დაარღვევს არსებულ ხელშეკრულებას. ერთია, როდესაც ხელისუფლება რიტორიკულად რაღაცას აცხადებს, მეორეა, როცა ხელშეკრულების ცალმხრივად უპირობოდ დარღვევის სამართლებრივი ფაქტი დადგება. ვფიქრობ, რომ დღეს ევროკავშირის პოზიცია მკვეთრი რომ არ არის და კონკრეტულ სანქცირებაზე არ საუბრობენ, ზუსტად ამით არის განპირობებული, რომ თვითონ დარღვევის ფაქტი არ დამდგარა. მას შემდეგ, რაც ფაქტი დადგება, ხელშეკრულების ხელმომწერ მხარეს სრული უფლება აქვს, მოითხოვოს ხელისუფლების მხრიდან ან პუნქტის შესრულება, ან შესაბამისი ფასის გადახდა.
_ რა უნდა იყოს ეს შესაბამისი ფასი, რაზედაც ბევრს საუბრობენ?
_ ჩვენი ოპოზიცია ამას რა ფორმით გააკეთებს არ ვიცი. შარლ მიშელი, რომელიც ამ ხელშეკრულების გარანტორი და ხელმომწერია, ასევე ამ ხელშეკრულებაზე მუშაობდა აშშ, ევროკავშირი, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს გადაგდება არ იყო შიდა პოლიტიკური გადაგდება, ეს გახდა დიდი საერთაშორისო ვალდებულების უხეში ცალმხრივი დარღვევა და, შესაბამისად, ხელმომწერი მხარეები მოითხოვენ პასუხისმგებლობის დაკისრებას. შესაბამის რეაქციას უნდა ველოდოთ. კონკრეტულად, ეს რაში გამოიხატება ამას ვერ გეტყვით. დასავლური გაგებით არ მგონია, რომ მათ ასეთი პრეცედენტი ჰქონდეთ. უპრეცედენტო შემთხვევაა. დიქტატორებიც კი _ ისეთი, როგორიც პუტინი, ლუკაშენკო, მადურო და სხვები არიან, თუ რამეს ხელს აწერენ, შემდეგ ამას ასრულებენ. რომც მიიჩნიონ, რომ ხელშეკრულების კონკრეტული მუხლი წამგებიანია, მათ მშვენივრად ესმით, რომ ადამიანი, რომელიც ხელს აწერს რაღაცას და შემდეგ ამაზე უარს ამბობს, ის მინიმუმ არის „ნონ გრატა“, ნებისმიერ სფეროში პოლიტიკა იქნება ეს, ბიზნესი თუ სხვა. ასეთი ადამიანისთვის ხელის ჩამორთმევა არ შეიძლება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს სანქციების სახეს მიიღებს, თუ ურთიერთობების რა დოზით გართულებას გამოიწვევს, ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ ურთიერთობები გართულდება. ჩვენი ხელისუფლება მიეჩვია დაპირების არშესრულებას. არაერთხელ გაუკეთებია ეს. ყველაზე ცნობილი შემთხვევა იყო ივანიშვილის დაპირება პროპორციულ არჩევნებზე და შემდეგ „გადაგდება“. თუმცა ეს შარლ მიშელის დოკუმენტის შემთხვევა იმით არის განსხვავებული, რომ პროპორციულ არჩევნებზე დაპირება იყო ზეპირი და, შესაბამისად, გადაგორებადი. თუმცა ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ხელმოწერილ, იურიდიულად გაფორმებულ დოკუმენტთან. გარდა ამისა, ამ დოკუმენტის სტატუსი აღარ არის შიდა პოლიტიკური. მისი სტატუსი საერთაშორისოა. ეს ორი გარემოება ხელისუფლებას ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს, თუმცა ისინი ამას მიჩვეულები არიან.
_ რით აიხსნება მათი ეს საქციელი? სათანადოდ ვერ აცნობიერებენ, რა შეიძლება მოჰყვეს ამ ტიპის გადაგდებას, თუ ესმით რაც შეიძლება მოჰყვეს? რაღაც ტიპის პოლიტიკური ლოგიკა არსებობს?
_ არ ვიცი, ეს ინფანტილიზმით მოსდით, თუ იმით, რომ ნებისმიერი ასეთი საქციელი „გადააგორეს“ და ახლაც იმედი აქვთ, რომ ამას გაააკეთებენ. ძალიან ძნელია ჩვენი ხელისუფლების ადეკვატურობაზე საუბარი და მათ მოქმედებებში ლოგიკის დანახვა. შესაძლოა, მათ სჯერათ, რომ ამასაც გადააგორებენ. ჯერჯერობით კატეგორიულად ვერაფერს ვიტყვი მანამ, სანამ არ დადგება ამ მუხლის დარღვევის ფაქტი. რაც შეეხება იმას, თუ რა პოლიტიკური ლოგიკა შეიძლება ჰქონდეთ, ასეთი ერთადერთია. საქმე ის არის, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩვენთან არ აღიქმებოდა სერიოზულ არჩევნებად, ინტერესი მის მიმართ დაბალი იყო, შესაბამისად, ნებისმიერი ხელისუფალი ძალიან ადვილად ყიდულობდა არჩევნებს. ხელისუფლება ისეა სტრუქტურირებული, რომ ადგილზე გამგებელი და მერი ვინ იქნება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ ხალხის ინტერესიც ყოველთვის დაბალი იყო და ამ არჩევანის ერთჯერადად ყიდვა ყოველთვის მარტივი გახლდათ. ოპოზიციაც მაინცდამაინც არ აქტიურობდა და ისედაც მწირ რესურსებს ყოველთვის ინახავდა საპარლამენტო არჩევნებისთვის. ვფიქრობ, ხეელისულებას აქვს ზუსტად ეს გათვლა, რომ ამ არჩევნების მიმართ დაწიოს ინტერესი, ანუ ამომრჩეველს უთხრა, რომ ეს არჩევნები ისეთი მნიშვნელოვანი არ არის და ამით არ წყდება ძალაუფლების ბედი. ამით ნიჰილიზმი დათესოს და შემდეგ მარტივად იყიდოს არჩევნები, რის მერეც გამოაცხადოს, რომ მას აქვს 50% და ამიტომ არ შეიძლება, რამე პრეტენზია ჰქონდეთ მასთან. სანამ ადამიანებს აქვთ მოლოდინი, რომ შეიძლება ამ არჩევნებმა შეცვალოს ხელისუფლება, მანამ ფსონები მაღალია. თუ ამ არჩევნებზე, ხელისუფლება მოახერხებს ოპოზიციის ნეიტრალიზაციას, ამ მოლოდინს მოკლავს, გაიაფდება არჩევნების ყიდვა. ყიდვის შემდეგ კი თუ „ქართული ოცნება“ 43%-ს გადალახავს, შემდეგ იტყვიან, რომ ხელშეკრულება არც დაურღვევიათ და ამ 43%-ის გადალახვა მოახერხეს. ამ ტიპის ხაფანგია აქ დაგებული. ვფიქრობ, ამ ნაწილში ოპოზიცია მაქსიმალურად ადეკვატური უნდა იყოს.
_ რა უნდა დაუპირისპიროს ამ ხაფანგს ოპოზიციამ?
_ საზოგადოებაში უნდა შექმნას ის განწყობა, რომ არც საერთაშორისო თანამეგობრობა და არც საზოგადოება არ მიიჩნევს ხელისულებას ხელშეკრულებიდან გასულად. თუ ოპოზიცია ამოცანას (43%-ზე დაბლა „ქართული ოცნების“ ჩამოყვანა) მოახერხებს, ამ შემთხვევაში ოპოზიცია, საერთაშორისო თანამეგობრობა და ქართველი ხალხი აუცილებლად აიძულებენ ხელისუფლებას, რომ შეასრულონ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები. ეს არის ერთადერთი სწორი პოლიტიკური ხაზი, რადგან ამ ხაზიდან თუ გადაუხვიეს, მაშინ ხელისუფლება თავის ტაქტიკურ ამოცანას შეასრულებს და პრობლემასაც გადააგორებს.
_ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კრიტიკულად შეაფასა „შარლ მიშელის შეთანხმებიდან“ გასვლა, რასაც თქვენ სოციალურ ქსელში გამოეხმაურეთ და დაწერეთ: „სალომე ზურაბიშვილმა ჩემს თვალში საპრეზიდენტო ლეგიტიმაცია მიიღო“. რით აიხსნება მისი ეს პოზიცია? ბევრი ვერსია გავრცელდა, მათ შორის ის, რომ პრეზიდენტს თავის გადარჩენა უნდა, რადგან ხვდება, რომ ხელისუფლება შეიცვლება?
_ ცნობილია, ჩემი, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკული დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, მე მასთან ყოველთვის მქონდა პრეტენზიები, რომ ის იყო ტენდენციური: არათუ კონსტიტუციით განსაზღვრულ ვალდებულებებს არ ასრულებდა სახელმწიფოს წინაშე, არამედ ხშირ შემთხვევაში პარტიული კონიუნქტურით ხელმძღვანელობდა და ზოგჯერ თავის კომპენტენციას საკმაოდ სახიფათოდ იყენებდა. გაგახსენებთ გარეჯის ეპიზოდს, როდესაც მისმა ქმედებებმა საკმაოდ სერიოზული რყევები გამოიწვია. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი გადაილახა. თუმცა როდესაც ის სწორად იქცევა, არ მაქვს უფლება, რომ ეს არ აღვნიშნო. ვფიქრობ, მისი გამოსვლა ამ თემასთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად ადეკვატური, აქცენტები სწორად იყო დასმული და, შესაბამისად, ობიექტურად ვაღიარე, რომ ის ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოიქცა საკუთარი კონსტიტუციური ფორმატის შესაბამისად, ანუ ამოდიოდა სახელმწიფო ინტერესებიდან და გამოვიდა პარტიული კონიუნქტურის ფარგლებიდან, რაც უდავოდ მისასალმებელია. არ შევალ ვერსიების თემაში, თუ რატომ მოიქცა ასე ზურაბიშვილი, თვითონ ფაქტი მისასალმებელია. ამ ყველაფრის უკან რა დგას, პირადი თამაშია თუ სხვა რამე, პრინციპში, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის მოიქცა სწორად და თუ პირადი ინტერესი ჩადო, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ასეა პოლიტიკა, _ მასში ყოველთვის იდება პირადი ინტერესიც. მე რომ ახლა ვაქებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის უკვე თვალდახუჭული ავტორიტეტია, ხვალ და ზეგ ის როგორც მოიქცევა, ისეთ შეფასებას მიიღებს.
_ არჩევნები სულ უფრო გვიახლოვდება, თუმცა ოპოზიცია პასიურობს, რასაც ამომრჩეველი აღნიშნავს და ნაწილი უკმაყოფილებასაც გამოთქვამს. თქვენ რით ხსნით ოპოზიციის უმოქმედობას?
_ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეთერებში დადიან, კომენტარებს აკეთებენ, მაგრამ მთავარ ფუნქციას არ ასრულებენ _ ხალხთან არ მიდიან, ისინი მიეჩვივნენ კამერულ მუშაობას. ძალიან მარტივი ფორმულა არსებობს: თუ ოპოზიცია არ მივა ხალხთან, ხალხი მით უმეტეს არ მივა მასთან. ხელისუფლების გათვლაც ეს არის და ოპოზიცია ამ გათვლას უსრულებს. ოპოზიციას აქვს განცდა, რომ შარლ მიშელმა უნდა წაართვას ბიძინას ძალაუფლება და ამათ უნდა გადმოაბარონ, ამას ელოდებიან. გარდა ამისა, მათი პასიურობის ობიექტური მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ისინი რესურსების სიმწირეს განიცდიან. ოპოზიცია დაბნეული და დემორალიზებულია, მხოლოდ ორთქლს უშვებს ტელეეთერებში… განსხვავებით გახარიასგან, რომელიც მუშაობს და ჩვენ ამას ვხედავთ. ის მუდმივად მოძრაობს ხალხში, მართავს შეხვედრებს, ხსნის ოფისებს. ამით არის განპირობებული, რომ დღეს ერთადერთი მზარდი პოლიტიკური ცენტრი არის გახარია.
_ გახარიას აქტიურობა აისახა კვლევაშიც, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IღI) კვლევის თანახმად, რომელიც 15-დან 30 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა, 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები მომავალ კვირას რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მოსახლეობის 26% ამბობს, რომ მისი არჩევანია „ქართული ოცნება“; „ნაციონალური მოძრაობა“ _ 14%; გახარიას პარტია _ 9%. შეიძლება ითქვას, რომ გახარიას პარტიამ პოლიტიკური მოცემულობა შეცვალა?
_ დღეს ჩვენ ვართ უცნაურ პროცესში, როდესაც ყველა პოლიტიკური ცენტრი დეგრადირებს. დინამიკაში კვლევებს თუ შევხედავთ, ეს ყველგან ჩანს, მხოლოდ ხელისუფლების კი არა, ე. წ. ტრადიციული ოპოზიციის რეიტინგიც იკლებს. ერთადერთი, ვინც ვითარდება, არის პარტია „საქართველოსთვის“. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ იგივე დინამიკაში ვიქნებით. საბოლოო ჯამში, ამ პროცესით ვინც ხეირობს, არის გახარია. ის აბსოლუტურად სწორად მოქმედებს, არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ ის დაკავებულია პარტიული ინფრასტრუქტურის გაშლით, ხალხთან კომუნიკაციით, არამედ წმინდა პოლიტტექნოლოგიურადაც ის მოქმედებს აბსოლუტურად სწორად. მან ზუსტად იცის ამომრჩევლის განწყობები და პასუხობს მას. ამომრჩევლის დიდ ნაწილს გარდა იმისა, რომ არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ ამასთანავე არ არის მზად წარსულში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დასაბრუნებლად, დაიღალა მუდმივი კინკლაობით, აგრესიით, ურთიერთშეურაცხყოფით. დღეს ჩვენი პოლიტიკა ასეთია, პოლიტიკურ ტატამზეა ყველა და თავპირს ალეწავენ ერთმანეთს. ხალხს აღარ უნდა ჭიდაობის ყურება, უფრო მშვიდი გარემო უნდა, მომავლის, პოზიტიური დღის წესრიგის მოსმენა უნდა და არა მუდმივად ნეგატიური დღის წესრიგის, ურთიერთბრალდებებისა და ურთიერთშეურაცხყოფების. კობახიძე და სხვები საკუთარ განცხადებებში ცდილობენ, რომ მოახერხონ გახარიას პროვოცირება, ის აიყვანონ პოლიტიკურ ტატამზე და შემდეგ იმედი აქვთ, რომ კუნთებით ჭიდაობაში დაამარცხებენ. გახარია მათ ეუბნება, რომ ის მოჭიდავე არ არის და უკონტაქტო სპორტის მომხრეა. თუ დააკვირდებით, გახარიას არც ერთ შეურაცხყოფაზე პასუხი არ გაუცია და არც ერთი საკუთარი პასუხისმგებლობა არ გადაუბრალებია „ქართული ოცნებისთვის“, არც გამიჯვნია პასუხისმგებლობას. ამომრჩეველს გახარიას ეს მიდგომა მოსწონს. შესაბამისად, ეს პროცესი არის აბსოლუტურად ობიექტური და რაც მთავარია კანონზომიერი, ლოგიკური, რასაც ახლა ვაკვირდებით. რაც შეეხება კვლევას, თუ არჩევნებამდე იმ ტიპის კამპანია გაგრძელდა, რასაც ჩვენ დღეს ვყურებთ, ერთადერთი გახარია იქნება მუდმივად მზარდი, ყველა სხვა სუბიექტი კი იქნება კლებადი. ამომრჩევლის იმ ნაწილზე, რომელზეც გახარია გადის, ანუ ის ამომრჩეველი, რომელსაც არ მოსწონს აწმყო „ქართული ოცნების“ სახით და არ უნდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ წარსულში დაბრუნება, ამავდროულად, კი მომავლის არჩევანს ეძებს, მასზე გახარიას გარდა არავინ მუშაობს. მცდელობა იყო ორი სეგმენტის გამოყოფის, ეს არის ულტრაკონსერვატიულ ფლანგზე „ერი“ და ვიღაცები, ლიბერალურ ფლანგზე კი „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ და ა. შ., მაგრამ ამ გამოყოფის მცდელობები დღეის მდგომარეობით არ ვიტყვი, რომ დასრულებულია, თუმცა წარუმატებელია. ლიბერალური ნაწილი კი ძალიან ცდილობს, რომ გაემიჯნოს, მაგრამ მაინც რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრის ორბიტაზე. რაც არ უნდა თქვან ასეა, ამომრჩეველი ასე კითხულობს და ასე აღიქვამს მათ. რაც შეეხება, ულტრაკონსერვატორებს, ისინი რჩებიან „ქართული ოცნების“ ორბიტაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან აქტიურად იბრძვის ამ ამომრჩევლისთვის. ეს არის რელიგიური თემების შემოტანა, ჟურნალისტების ცემა და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ არ თმობს ამ სეგმენტს და ესენიც რჩებიან „ქართული ოცნების“ ორბიტაზე. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ადრე გვქონდა ფორმირებული ორი პოლიტიკური ცენტრი თავისი ორბიტული პარტიებით, ახლა სურათი ოდნავ შეიცვალა და გაჩნდა მესამე პოლუსი, შეიძლება დღეის მდგომარეობით არც ისე ძლიერი, მაგრამ აშკარად გაჩნდა. გახარიამ ორპოლუსიანობა დაარღვია. ეს არა მხოლოდ კვლევებში, არამედ ისედაც ადამიანების განწყობებში ჩანს, მაგრამ აქ არის ერთი რისკი, რაც არ შემიძლია არ გითხრათ. ჯერ ეს პოლიტიკური ცენტრი არ არის სტაბილური, რადაგან ძირითადი ორი პოლიტიკური ცენტრი, ასე ვთქვათ, მონსტრი, რომელიც აღჭურვილია ყველა რესურსით, მათ შორის, ფინანსურით, ორგანიზაციულით და მედიარესურსებით, ეს ორი ძალა ეცდება, არჩევნებისთვის ისევ დააბრუნოს ორპოლუსიანობა და გახარია მოსრისონ შუაში. ამისთვის ყველა რესურსი იქნება გამოყენებული, შესაბამისად, გახარიას ძალიან მძიმე პერიოდის გავლა მოუწევს, რათა დაასტაბილუროს, შეინარჩუნოს ის, რასაც დღეს ფლობს.
_ მოახერხებს თუ არა გახარია თავისი რესურსით ამ რეიტინგის შენარჩუნებას და ასევე არსებობს თუ არა მისი და მისი პარტიისთვის იმის საფრთხე, რომ არათუ მესამე ძალად ჩამოყალიბდნენ, არამედ საერთოდ გაქრნენ პოლიტიკური ორბიტიდან?
_ თუ ასე გაგრძელდა პროცესი და ორივე მხრიდან არ დაიწყეს გახარიას სტერილიზაცია, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საინფორმაციო ველის ბლოკირებას, ბინძური კომპრომატების ამოყრასა და ამით აპელირებას, ასევე რაღაც თემებით მიშას ან ბიძინას პატრიცენტრიკის (მამაზე ორიენტირებული, _ რედ.) დანერგვას, ეს ყველაფერი თუ ვერ შეძლეს და გახარიამ შეინარჩუნა ის, რაც დღეს აქვს, მისი რეიტინგი მხოლოდ გაიზრდება, მაგრამ თეორიულად ჩვენ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ მისი ეს შესაძლებლობები თეორიულად არის მოლოდინის შესაძლებლობები. თუ ორი მონსტრი კონსოლიდრებულად დაუპირსპირდა გახარიას, იმის შანსი, რომ მოლოდინი გადავა იმედგაცრუებაში, რისი პრეცედენტებიც ჩვენ უახლეს ისტორიაში გვქონია, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც არსებობს. მაგალითად, გაგახსენებთ პაატა ბურჭულაძეს. გარკვეულ პერიოდში, მისი მოლოდინის რეიტინგი იყო საკმაოდ მაღალი (11-12%), მაგრამ მან ვერ შეძლო ამის არჩევნებამდე მიტანა, ზუსტად ამ ტექნოლოგიური ორმხრივი ცეცხლის ქვეშ აღმოჩენის გამო. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, გახარია არ არის ბურჭულაძე, რადგან გახარია პოლიტიკურად ბევრად უფრო გამოცდილია და ბევრად უფრო პოლიტიკური პროფესიონალია. რაც მთავარია, ის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მას შესაბამისი ბიოგრაფიაც აქვს. ვიმედოვნებ, შესაბამისი კონტრარგუმენტებიც ექნება. ასე რომ, ჯერჯერობით გახარია ახერხებს ამასთან გამკლავებას, მიუხედავად კობახიძისა და სხვების მცდელობისა, რომ დააბრალონ მიშასთან ალიანსი. ეს აბსურდი არ მუშაობს. ისევე როგორც მეორე მხარე ლაპარაობს, რომ გახარია არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რაც ბოლომდე არ სჯერა ამომრჩეველს, მაგრამ ვისაც სჯერა, იმათზეც კი პოზიტიურად მოქმედებს, რადგან გახარიას ამომრჩეველი ნაწილობრივ არის ის ხალხი, ვისაც ეჯავრება „ქართული ოცნება“, მაგრამ აღიარებს ბიძინა ივანიშვილს, როგორც ძალის ცენტრს. შესაბამისად, ეს მცდელობები ოპოზიციის მხრიდან, რომ გახარიას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ანგაჟირებულობა დააბრალოს, ვერ არის ეფექტიანი და უფრო მეტად გახარიას სასარგებლოდ მუშაობს. ხელისუფლების მხრიდან კი მცდელობა, რომ გახარიას დააბრალოს მიშასთან შეკვრა, ეს ისეთი აბსურდია, რომ ამის, ბუნებრივია, არავის სჯერა.
_ როგორც ჩანს, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ოპოზიციის ერთობა არ შედგა. ამ დრომდე მუდმივად გვესმოდა, რომ გამარჯვების ფორმულა ოპოზიციისთვის არის ერთად ყოფნა და საერთო კანდიდატებზე შეთანხმება. თქვენ რამდენად ეთანხმებით ამას და რა ბერკეტი აქვს დღევანდელი მოცემულობით ოპოზიციას?
_ საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ახლა მთავარია ერთიანობა. მეტიც: პირიქით გეტვით, რომ რაც უფრო გაიშლება ფრონტის ხაზი, მით უფრო მეტი პრობლემა ექნება ხელისუფლებას, რადგან თუ ჩვენ ვამბობთ, რომ სტრატეგიული ამოცანაა, ხელისუფლებამ ვერ გადალახოს 43%-იანი ბარიერი, ამ შემთხვევაში ფრონტის ხაზის გაშლაა სწორი, რადგან ამ პარტიების კონსოლიდირებული რეიტინგი არის ურო ნაკლები, ვიდრე ამ პარტიების ცალ-ცალკე რეიტინგების ჯამი. ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი: მაგალითად, „ლელოს“ ჰყავს ამომრჩეველი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არ აძლევს და „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსმა შეიძლება გამოიწვიოს ამ ამომრჩევლის დაკარგვა. ისევე როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ამომრჩეველი, რომელთათვისაც კატეგორიულად მიუღებელია მამუკა ხაზარაძე, შესაბამისად, ეს ამომრჩეველი იკარგება, მაგრამ თუ ისინი ცალ-ცალკე გავლენ არჩევნებზე ამ ამომრჩეველს შეინარჩუნებენ, შესაბამისად, მათი შედეგის ჯამური პროცენტი ცალ-ცალკე გასვლის შემთხვევაში იქნება უფრო მეტი, ვიდრე ერთიანი ფრონტით გამოსვლისას.
ნენე ინჯგია