გია ხუხაშვილი: „ამ დღეებში კიდევ ბევრ სკანდალს ვიხილავთ“

არჩევნებამდე 5 დღით ადრე ჯერ კიდევ ბუნდოვანია, ვის აირჩევს ქართველი მოსახლეობა? _ დატოვებს ხელისუფლებაში მმართველ გუნდს, თუ ძალაუფლებას 8 წლის შემდეგ დაუბრუნებს 9-წლიანი მმართველობის გამოცდილების მქონე „ნაციონალურ მოძრაობას“? არსებობს მესამე სცენარი, რომლის თანახმადაც შესაძლოა, ოპოზიციური კოალიციური ხელისუფლება ჩამოყალიბდეს.
რა და როგორ დალაგდება, ეს ყველაფერი ამომრჩეველზეა დამოკიდებული, რომლის დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის, ვის დაუჭიროს მხარი, თუმცა გარკვეული რაოდენობა თანხმდება იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირი რესურსი ამოწურა.

რას შეუძლია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მის შედეგებზე ზემოქმედება? რა კოზირები ვერ გამოიყენა ხელისუფლებამ? აქვს თუ არა ოპოზიციას ადეკვატურად მოქმედების რესურსი?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

_ ბატონო გია, რა დასკვნებს გააკეთებდით ზუგდიდის პერიპეტიებზე? რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს წინასარჩევნოდ საზოგადოებრივ აზრზე ამ ფაქტმა?
_ მთავარი პრობლემა, რაც ამ ფაქტს უკავშირდება, გახლავთ ის, რომ კრიმინალმა დაგეგმა და განახორციელა ყაჩაღობის ოპერაცია, სახელმწიფო კი, სამწუხაროდ, უსუსური აღმოჩნდა, რომ ის აღეკვეთა. პოზიტივი გახლავთ ის, რომ მძევლები ცოცხლები არიან. მთავარი ფასეულობა, ადამიანის სიცოცხლე, ამ შემთხვევაში, გადარჩა, მაგრამ გაშიშვლდა სამართალდამცველ სისტემაში არსებული პრობლემები დანაშაულის პრევენციისა და კრიზისის მართვის შესახებ. ნორმალურ ქვეყანაში, სადაც სისტემა სათანადო დონეზე დგას, ასეთი ოპერაციის დაგეგმვა, უბრალოდ, სრული სიგიჟეა, რადგან ასეთი ტიპის თავხედური აქტის შემთხვევაში თავდამსხმელმა იცის, რომ 99%-ში ის იქნება ან ლიკვიდირებული, ან ნეიტრალიზებული. ზუგდიდის მაგალითზე აღმოჩნდა, რომ ვერ მოახერხეს თავდამსხმელის ლიკვიდირება ან ნეიტრალიზება და ეს სამომავლოდ სერიოზული რისკის შემცველია. რაც შეეხება კრიზისის მართვას, ამ ნაწილშიც წარმოუდგენელი რამ ხდება: 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიების განვითარების დონე ძალიან მაღალია და როდესაც ასეთი განვითარებული ტექნოლოგიების ბაზაზე ადამიანი იკმაყოფილებს თავის მოთხოვნებს, შემდეგ კი ქრება, ეს მეორე ნონსენსია ჩვენი სამართალდამცველი სისტემისა. სისტემის კოლაფსს არ დავარქმევდი, მაგრამ სახეზე გვაქვს უსერიოზულესი პრობლემები.
_ ხელისუფლების წარმომადგენლები თავდასხმიდან რამდენიმე საათში საჯაროდ ხაზს უსვამდნენ, რომ ერთ-ერთი მძევალი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი იყო, რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?
_ როდესაც ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ასეთ ექსტრემალურ ვითარებაში პარტიული ნიშნით ყოფს, ამას არ ვიცი, რა შეიძლება დავარქვა, წარმოუდგენელი რამ არის როგორც ჰუმანისტური, ასევე პოლიტიკური და, საერთოდ, ნებისმიერი თვალსაზრისით. ჩვენ იმ დღეებში წარმოუდგენელი რაღაცები გვესმოდა, როგორც ხელისუფლებისგან, ასევე მათი მხარდამჭერებისგან. ეს კომენტარსაც არ საჭიროებს.
_ გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ეს თავდასხმა თავად ხელისუფლების დადგმული სპექტაკლი იყოს. ხედავთ ლოგიკას?
_ არ მგონია. რა უნდა მოეტანა ამას ხელისუფლებისთვის?! ვერ ვხედავ დივიდენდს, რა შეიძლებოდა ხელისუფლებას ამისგან მიეღო. თავდამსხმელის დაპატიმრება ხელისუფლებას აღარაფერს აძლევს, რადგან იგი უკვე დაზიანდა. ამ ადამიანმა თავისი ფული მიიღო, ხოლო ხელისუფლებამ უუნარობა გამოავლინა კრიზისის მართვის პირობებში. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რა სარგებელი უნდა ნახოს ამისგან ხელისუფლებამ, ისევე როგორც გაუგებარია, რა სარგებელი შეიძლებოდა ენახა ოპოზიციას ამაში? შესაბამისად, ეს კონკრეტული ფაქტი, ჩემი აზრით, პოლიტიკის მიღმაა. შეიძლება, ის, რომ ეს თავდასხმა არჩევნების წინ მოხდა, ამაში რაღაც ლოგიკა დავინახოთ, რადგან როდესაც ყაჩაღობის ფაქტი ხდება და როგორც ჩანს, ეს ადამიანი სერიოზული პროფესიონალი იყო, ის ყველა კუთხით აანალიზებდა ვითარებას, შეიძლება მან ისიც გათვალა, რომ არჩევნების წინ ხელისუფლება მოერიდებოდა მსხვერპლს და მისი მოთხოვნების შესრულების შანსები უფრო მაღალი იყო, ვიდრე სხვა შემთხვევაში, ამიტომ შეიძლება მას ეს მოტივი ჰქონდა, მაგრამ თავისთავად პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია.
_ თავდასხმის შემდეგ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს დამნაშავის მიმართ სოლიდარობის განცდა გაუჩნდა. თან თავდამსხმელი გაიქცა, სამართალდამცველმა სისტემამ ვერ იმუშავა. მომხდარი ფაქტი რა კუთხით აისახება არჩევნების შედეგებზე?
_ საზოგადოების ამ განწყობას ქმნის მათი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება. წარმოიდგინეთ, რამხელა სოციალური გაჭირვებაა ქვეყანაში, სერიოზული პროტესტის გრძნობაა ხელისუფლების მიმართ და, ფაქტობრივად, შეჭირვებული ადამიანები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებაზე გადაჭერილი ნებისმიერი ასეთი მათრახი არის პოზიტიური. ეს ინდიკატორია იმისა, თუ რა ავტორიტეტის მატარებელია დღევანდელი ხელისუფლება. არ მგონია, რომ საკუთრივ კრიმინალის გამართლებაზე გვქონდეს აქ საქმე, უფრო საუბარია „ეგრე მოგიხდებათ“ თემაზე. ამდენად, სამწუხაროა: ხელისუფლებამ მიაღწია, რომ კრიმინალის რომანტიზებაც კი ხდება საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ეს ფაქტი არჩევნების შედეგებზე, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, შეცვლის, რადგან მომხდარი ფაქტი ხელისუფლების უუნარობასა და სისუსტეს აჩვენებს, სუსტი და უუნარო კი არავის უყვარს, მით უმეტეს, როდესაც ქვეყანაში ყველა მიმართულებით სერიოზული რისკები გვაქვს, როგორც სიკვდილის, ასევე შიმშილის შიშის კუთხით. არ დაგვავიწყდეს, ეს ყველაფერი პანდემიის ფონზე მიდის, ანუ სერიოზული გაჭირვებაა. ბუნებრივია, ნებისმიერი ასეთი ფაქტი დამატებითი არგუმენტია იმისა, თუ რატომ არ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“. ასე რომ, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, შეცვლის არჩევნების შედეგებს ეს ფაქტი. თავისთავად, იგი ვერ გადაწყვეტს არჩევნების შედეგს, მაგრამ როგორც კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის, რა თქმა უნდა, ის გამოდგება.
_ თქვენ აღნიშნეთ სიკვდილისა და შიმშილის შიში, რომელიც კოვიდ 19-მა გამოიწვია. ოპოზიციის თქმით, ხელისუფლებამ ვირუსი შეგნებულად „მიუშვა“, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი მივიდეს. ხედავთ ლოგიკას ოპოზიციის ბრალდებაში?
_ არ მგონია, რომ ხელისუფლება ამას შეგნებულად აკეთებდეს. ამ შემთხვევაშიც უუნარობასთან გვაქვს საქმე იმიტომ, რომ მათთვის ბევრად უფრო სერიოზული დივიდენდების მომტანი იყო კრიზისმენეჯმენტი. ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლების რეიტინგი ზუსტად მაშინ გაიზარდა, როდესაც ის კვალიფიციურად მართავდა პანდემიის გავრცელების ტემპებს, ზუსტად მაშინ იყო მათი რეიტინგი მაქსიმუმი. დღეს კი აბსოლუტურად მიშვებულია ეს სიტუაცია. თუ ვიღაც „ჭკვიანი“ ხელისუფლებაში იმაზე ამყარებს იმედს, რომ არჩევნებზე ცოტა ხალხი მივა და თვითონ მოახდენს საჯარო სექტორის მობილიზებას, ამით არჩევნებს მოიგებენ, _ ვფიქრობ, ეს ძალიან უნიჭო გათვლაა. თეორიულად, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას სტანდარტულ სიტუაციაში აქვს გარკვეული ჰანდიკაპი (სპორტულ შეჯიბრში შედარებით სუსტი მონაწილისთვის მოცემული უპირატესობა, _ რედ.), ორგანიზაციული და ადმინისტრაციული რესურსის გაგებით, დღესაც, პრინციპში, მათ ეს ხელში უჭირავთ, მაგრამ ამ ფონზე აღარანაირი გარანტიები არ გააჩნიათ, რომ საჯარო სექტორი დაეწყობა და მათ მისცემს ხმას. გარდა ამისა, ასეთ ვითარებაში ბევრად უფრო კარგად არის მობილიზებული ოპოზიცია. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვუყურებთ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციებს ბათუმსა თუ ქუთაისში, ვხედავთ, მათი მხარდამჭერები როგორ არიან შემართულები, ისინი არ ეპუებიან და არ იხევენ უკან შიშის პირისპირ. შესაბამისად, ისინი არჩევნებზე ნამდვილად წავლენ, ზუსტად ვიცით, რომ მათი 100% ოპოზიციას მისცემს ხმას. „ქართული ოცნება“ დიდ ძალისხმევას ჩადებს და მოახერხებს საჯარო სექტორის მობილიზებას, მაგრამ ვის მისცემს საჯარო სექტორი ხმას, ამის არანაირი გარანტია ხელისუფლებას არ ექნება. ასე რომ, ეს არის მყიფე უპირატესობა.
_ როგორც წესი, ადმინისტრაციული რესურსი სწორედ მმართველ გუნდს ემხრობა. რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ხელისუფლებას საჯარო სექტორის ხმების მიღების გარანტია არ აქვს?
_ როგორც წესი, ადმინისტრაციული რესურსი მმართველ გუნდს აძლევს ხმას, მაგრამ როდესაც ჩნდება განცდა, რომ ხელისუფლება შეიძლება შეიცვალოს, მოცემულობა იცვლება. გაგახსენებთ 2012 წელს, როდესაც ხელისუფლების მიმართ საპროტესტო დუღილი მაქსიმუმზე მივიდა, საჯარო სექტორს არ მიუცია ხელისუფლებისთვის ხმა. ნეიტრალურ ვითარებაში საჯარო სექტორი ხელისუფლებას უჭერს მხარს და ძალის ცენტრისკენ იხრება, მაგრამ თუ ძალის ცენტრი კარგავს თავის მიზიდულობას ამ შემთხვევაში ეს პროპორცია არა მათ სასარგებლოდ იცვლება. კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ 2012 წელს ზუსტად ეს მოხდა, მაგრამ ხელისუფლებამ 40%-იან აქტივობაში რომც მიიღოს შედეგი, საქმე ის გახლავთ, რომ 40%-ით არჩეული ძალაუფლება ვერ იქნება სტაბილური, ანუ არ იქნება ლეგიტიმური არჩევნების თვალსაზრისით. შესაბამისად, ქვეყანაში დაიწყება სერიოზული რყევები და ძალიან მაღალი ალბათობით ასეთი ხელისუფლება ერთ წელზე ან წელიწად-ნახევარზე მეტს ვეღარ გაატანს, რადგან არ ექნება შესაბამისი ლეგიტიმაცია.
_ თქვენ ახსენეთ „ნაციონალური მოძრაობის“ საკმაოდ მრავლრიცხოვანი აქციები, ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ აქციებზე დისტანცია არაა დაცული და „ნაციონალურ მოძრაობას“ თავიანთი მხარდამჭერების სიცოცხლეც კი არაფრად უღირთ, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაციონალების“ მხარდამჭერები კოვიდ 19-ს არ უშინდებიან. მმართველი გუნდი საკმაოდ მშვიდ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს, რით ახსნით მათ სიმშვიდეს?
_ არ მგონია, რომ ეს სიმშვიდე იყოს, ეს არ არის სიმშვიდე. მშვიდი ისტერია არსებობს. (იცინის) არ მგონია, რომ ისინი ახლა მაინცდამაინც მშვიდად იყვნენ. მშვიდ კამპანიას ჩაატარებს ნებისმიერი ხელისუფალი, თუ, რა თქმა უნდა, ოპოზიცია ამის საშუალებას აძლევს. ოპოზიციის ინტერესებშია ტემპერატურის აწევა. ხელისუფალს, მით უმეტეს, როცა არაფერი აქვს სათქმელი, ურჩევნია, არჩევნებამდე ისე მიაგოროს, რომ ძირითად პრობლემებზე ნაკლები ილაპარაკოს. მხედველობაში მაქვს, ისევ და ისევ, ორი ფუნდამენტური შიში, რაც არის ხელისუფლების მთავარი პრობლემა. ხელისუფლების მთავარი პრობლემა ოპოზიცია კი არ არის, არამედ ის, რომ ადამიანებში ღვივდება სიკვდილისა და შიმშილის შიში, ამ ორმა შიშმა შეიძლება ისეთი სინერგია შექმნას, რომ წალეკოს ხელისუფალი. მათ ეს ესმით და, გარკვეულწილად, აწყობთ კიდევაც, როდესაც ოპოზიცია ხურდავდება ხან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაზე, ხან კიდევ უცნაურ თემებზე, _ ეს ხელისუფლების ინტერესებშია, მაგრამ ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა დუღილის ტემპერატურამ, პრაქტიკულად, მაქსიმუმს მიაღწია, ბოლო დღეებში, ფაქტობრივად, ხელისუფლების ყველა კოზირი გაიჭრა. მათი კოზირები იყო კრიზისმენეჯმენტი, რაც სრულ აბსურდად იქცა. არ მგონია, ვინმეს კიდევ მიაჩნდეს ამ ქვეყანაში, რომ ხელისუფლებამ კრიზისმენეჯმენტის მხრივ რაღაც თვისებები და უნარები გამოავლინა, პირიქით. მეორე კოზირი იყო გარეჯის თემა, მოსახლეობის ყველაზე ფაქიზ გრძნობებზე უნდოდათ ეთამაშათ, ამანაც მაინცდამაინც, სიმართლე გითხრათ, არ იმუშავა. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ აღარ დარჩა არანაირი კოზირები. მათ რეალურად ამ ორი ძირითადი შიშის გადალახვის არანაირი გეგმა არ გააჩნიათ და მაინცდამაინც არც სურთ ამაზე საუბარი. შესაბამისად, ვითარება რთულია. რა თქმა უნდა, მონოპოლიური რესურსები დარჩათ, რომ ელემენტარულად იყიდონ არჩევნები იმ ფონზე, როდესაც რეალურ ღირსეულ ალტერნატივას ამომრჩეველს ვერ შესთავაზებს ოპოზიცია. სხვა არგუმენტს მათ სასარგებლოდ ვეღარ ვხედავ.
_ ყველაზე საგულისხმო სწორედ ის არის, რომ ოპოზიცია რეალურ ალტერნატივას მოსახლეობას ვერ სთავაზობს, თავად საზოგადოება კი თანხმდება, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, თუმცა ვინ უნდა მოვიდეს, ამაზე პასუხი არ აქვს. ეს ფაქტორი იქნება თუ არა ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვნად ხელშემწყობი?
_ რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლების მოკავშირეა, რადგან ოპოზიციამ თუ ვერ დაუმტკიცა ამომრჩეველს, რომ მას ამ კრიზისების სამართავად ხელისუფლებაზე უკეთესი გეგმა აქვს, ამ შემთხვევაში ამომრჩეველი იფიქრებს, რომ აზრი არ აქვს ოპოზიციის მხარდაჭერას. ასე შეხედავს ამომრჩეველი: ცუდი უარესით შევცვალე ან ერთი ცუდი მეორე ცუდით შევცვალე, _ ამით არც არაფერი შეიცვლებაო. შესაბამისად, როდესაც ყიდვაზე გესაუბრებოდით, ზუსტად ეს ვიგულისხმე. ამომრჩეველი ფიქრობს: ეს არ მომწონს, მაგრამ ალტერნატივა ამას არაფრით სჯობს, ამიტომ ერთჯერადი კონტრაქტით გავიყიდები რაღაც სარგებელზე, ისევ „ქართულ ოცნებას“ გადავუგდებ ხმას, _ ეს სარგებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პროექტი, მაგალითად: გზის დაგება, სკვერის მოწყობა, ვიღაცის დასაქმება და ა. შ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პირველად ისეთი ვითარებაა, როდესაც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საკმაოდ სერიოზული რაოდენობის ამომრჩეველმა ჯერ კიდევ არ იცის, ვის მისცემს ხმას, _ ასეთი უცნაური ვითარება არასდროს ყოფილა.
_ რა შეცვლის ამ უცნაურ ვითარებას არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე?
_ რაღაც ტრიგერი შეცვლის ამ ვითარებას. ვხედავთ, რომ საკმაოდ სკანდალური და შემაშფოთებელი ინფორმაციები ტრიალებს. ალბათ, ამ დღეებში კიდევ ბევრ სკანდალს ვიხილავთ. ეს ნებისმიერი თემა შეიძლება გახდეს ტრიგერი იმისა, რომ ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელიც, ფაქტობრივად, წყვეტს დღეს არჩევნების ბედს, გადაიხაროს ან ერთ ან მეორე მხარეს. როდესაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ არიან სპეცსამსახურები ჩართულები არჩევნების პროცესში, ასეთმა თემებმა შეიძლება საბოლოოდ სერიოზულად შეცვალოს სურათი. ვითარება ჯერ კიდევ ბუნდოვანია, პროგნოზისგანაც კი თავს შევიკავებ. რით დასრულდება ეს ყველაფერი, დღესაც ძალიან ძნელია ამის თქმა.
_ მესმის, რომ პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით რისი თქმა შეგიძლიათ დანამდვილებით?
_ რამდენიმე რამის თქმა შეიძლება: 1. „ქართული ოცნება“ ყველა შემთხვევაში პირველ ადგილზე გავა; 2. „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ადგილზე; 3. პარლამენტში გვეყოლება 9-დან 12 პარტიამდე. მაგრამ პირველი ადგილი „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების დაკომპლექტების შანსს მისცემს თუ არა, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
_ დღევანდელი მოცემულობით, ოპოზიციური კოალიციური მთავრობა რამდენად რეალისტურია?
_ თუ რაღაც სიგიჟეები არ გააკეთეს, ძალიან ადვილად წარმომიდგენია ოპოზიციური კოალიცია. უბრალოდ, უნდა მოიძებნოს ფორმულა, რომლითაც ისინი შეძლებენ მოლაპარაკებას, რაც ზოგადად საქართველოში პრობლემატურია. მქონდა კიდევაც ვერსია, რომლითაც მათ შეუძლიათ, ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომ, ერთი მხრივ, დაკმაყოფილებული იქნება ყველა ამბიცია, მეორე მხრივ, შეძლებენ უმრავლესობის დაკომპლექტებას.
_ რას გულისხმობს თქვენი ვერსია?
_ ძირითადი დავა ოპოზიციურ სპექტრს შორის არის იმაზე, თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, რაც გარკვეულ უხერხულობას იწვევს. ამ შემთხვევაში შეიძლება იმ მოდელის გამოყენება, როდესაც პრემიერ-მინისტრები იქნებიან ოთხი ძირითადი სუბიექტის მხრიდან, როტაციული პრინციპით შერჩეული, ანუ თითოეული სუბიექტის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ერთწლიანი ვადით იქნება დანიშნული, მაგრამ მინისტრთა კაბინეტი პარტიული წონის მიხედვით დაკომპლექტდება. ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში შეიძლება, ამ ოთხი ძირითადი სუბიექტიდან გვყავდეს ოთხი პრემიერი, თითო-თითო წლით, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ზოგი პარტია მეტს ხმას აიღებს, ზოგიც _ ნაკლებს, ეს ყველაფერი მინისტრთა კაბინეტზე აისახება. ყველაზე მსხვილ პარტიას ყველაზე მეტი მინისტრი ეყოლება, ეს პროპორციულად გადანაწილდება. თუ კოალიციაში ოთხზე მეტი სუბიექტი აღმოჩნდა, დანარჩენ შედარებით სუსტ სუბიექტებზე შეიძლება შეთავაზებული იყოს ვიცე-პრემიერის პოსტი ან რომელიმე სერიოზული სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი და ა. შ. თუ მოლაპარაკების სურვილი იქნება, ეს ყოველთვის შესაძლებელია. თუ ყველა ისევ პოზაში დადგა, ამ შემთხვევაში ხელისუფლებას მეორე შანსი ეძლევა, რომ „გათიშე და იბატონეს“ პრინციპით ისევ მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს.
_ „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, კოალიციის გარეშე უმრავლესობით დარჩეს ხელისუფლებაში?
_ თქვენ წარმოიდგინეთ, ამის შანსი აქვს. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ახლა თავისი არჩევანის ფორმირებას ახდენს. თუ ოპოზიციამ ვერ გამოიჩინა საკმარისი ადეკვატურობა, ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ერთჯერადი კონტრაქტით შეიძლება მიუბრუნდეს ხელისუფალს. ამ შემთხვევაში ხელისუფალს ძალაუფლების შენარჩუნების შანსი აქვს. ეს შანსები ყოველდღიურად იკლებს, მაგრამ თეორიული შანსი ჯერ კიდევ არსებობს. ამას ემატება ისიც, რომ ოპოზიციის ადეკვატურობა, მაინცდამაინც, სარწმუნო არ არის, თუმცა ბოლო დღეებში, ვფიქრობ, ოპოზიცია უფრო ადეკვატურია, ვიდრე _ ხელისუფლება. ფაქტობრივად, ხელისუფლების ყველა კოზირი გაიჭრა და მათი იმედები ძირითადი საკვანძო თემების შესახებ ვერ რეალიზდა.

ნენე ინჯგია