„გაზპრომი“ საქართველოში!

kol

მსოფლიო დიდი დაძაბულობის ზღვარზეა. რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაციამ სირიაში სერიოზული გეოპოლიტიკური ძვრები გამოიწვია. თუ 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოში განხორციელდა ე. წ. პოსტსაბჭოთა სივრცეში, დღეს ეს გასცდა ამ სივრცეს და ახლო აღმოსავლეთში მიიღო სამხედრო აგრესიის ხასიათი. შესაბამისად, რუსეთმა ამ ნაბიჯით განაცხადა, რომ ის დასავლეთთან ერთად არის სრულუფლებიანი სამხედრო მოთამაშე გეოპოლიტიკურ სივრცეში.

 

2008 წელს თუ მისი ამბიცია პოსტსაბჭოთა სივრცით შემოიფარგლებოდა, ახლა ის გასცდა პოსტსაბჭოთა სივრცეს და მიიღო გლობალური ხასიათი. ეს ერთგვარი დემარშია უკვე წინა საუკუნის 90-იან წლებში ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ. რუსეთი აშკარად არღვევს მსოფლიო წესრიგს და მსოფლიოს სთავაზობს თავის დისკურსს, მიუხედავად იმისა, რომ მას ამაზე არაერთხელ უთხრეს უარი. დღეს რუსეთის ფედერაცია აუღიარებლად მოგვევლინა ახალი მსოფლიო წესრიგის ინიციატორად. რაც ნებით ვერ მიიღო, ის ცდილობს მიიღოს ფაქტობრივი რეალობით.

რუსული პოლიტიკა სწორედ რომ ფაქტობრივი რეალობით საზრდოობს. ის ქმნის თავის სასურველ რეალობას და შემდეგ ცდილობს, ახალი ფურცლიდან გახადოს სხვებისათვის მისაღები ეს რეალობა. თუ ის არ გახდება მისაღები, ამ რეალობას ის დროში გაწელავს და დაიწყებს ახალი რეალობის შექმნას, როგორც ეს გააკეთა საქართველოში. მან შექმნა ახალი რეალობა, აღიარა ოკუპირებული ტერიტორიები სახელმწიფოებად, ხოლო შემდეგ საუბარი დაიწყო მხოლოდ ამ რეალობაზე. იგივე განმეორდა უკრაინაში _ მოახდინა ყირიმის ანექსია და შექმნა ახალი რეალობა. ის ყოველთვის გამოდის ამ ახალი რეალობიდან. ეს არის რუსული იმპერიული პოლიტიკის არსი და შესაძლოა ითქვას, მსოფლიოს მიერ დიდი ხნის წინათ დავიწყებული იმპერიული პოლიტიკის არსიც. თუმცა რუსეთი ამას არ ცვლის. იგივე ხდება დღეს სირიაში.

რა არის რუსეთის მიზანი სირიაში? მას შესაძლოა, რამდენიმე მიზანი ჰქონდეს, კერძოდ შეინარჩუნოს ბაშარ ასადი ხელისუფლებაში და გაანადგუროს მისი ოპოზიცია; ამ კონფლიქტში ჩართოს მთელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ვინაიდან რუსეთი თავის კოალიციაში მოიაზრებს ირანსა და მუსლიმანების შიიტურ ნაწილს, რამაც უნდა გამოიწვიოს დანარჩენი სუნიტური ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების კონფლიქტში ჩათრევა. ამით მან უნდა მიაღწიოს ნავთობზე ფასების გაზრდას. ასევე მისი დიდი სურვილი იქნება, გააკონტროლოს ერაყის ნავთობის საბადოები, რომ არ მოხდეს მისი დასავლეთში ექსპორტირება და ამით შენარჩუნდეს რუსეთის ნავთობისა და გაზის მონოპოლია დასავლეთში. ამის შემაჩერებელი არის ბაშარ ასადის რეჟიმი, რომელიც საკუთარი პოლიტიკური გავლენის შესანარჩუნებლად მზად არის, ითანამშრომლოს პუტინთან და დაბლოკოს ნავთობისა და გაზის ექსპორტი ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში, იგივე ყატარიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ამ კონტექსტში საინტერესოა საქართველოს ადგილი, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები და საფრთხეები. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ გამოწვევების წინაშე საქართველოს ხელისუფლება უმარტივესად მოწყვლადია. თუ კარგად გავიხსენებთ ხელისუფლების მთავარ მესიჯს, ცხადი გახდება, თუ რატომაა მოწყვლადი საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან და რატომაა მოწყვლადი საქართველოს უსაფრთხოების სისტემა დღეს, როდესაც რუსეთი სირიაში შეიჭრა. ამ საკითხს წერილის ბოლოს, სხვა მოვლენებთან ერთად საერთო კონტექსტში ვიხილავთ.

საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ წინასაარჩევნოდ და შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ის რუსეთთანაც დაალაგებდა ურთიერთობებს და საქართველოს ნატოშიც შეიყვანდა. ამას გარდა ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომ ის გახსნიდა რუსულ ბაზარს. რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას სათავეში ჩაუდგა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, ხოლო რუსეთიდან _ საგარეო მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. შეიქმნა ე. წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი. ამ მესიჯმა თავიდანვე გამოიწვია უნდობლობა და იმის განცდა, რომ ხელისუფლება არ იყო გულწრფელი ამ საკითხებში. ამის განცდას ქმნიდა რუსეთის მაღალი პოლიტიკური ისტებლიშმენტის განცხადებები, მაგალითად რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებდა: „საქართველოს ან უკრაინის ნატოს ნაწილად ქცევა _ ეს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის  კრიტიკულ საფრთხეს წარმოადგენს და ეს არის ის, რასაც რუსეთი, უბრალოდ, არ მიიღებს. მცდელობა, უკრაინა შეიყვანონ ნატოში, ევროპული უსაფრთხოების მთელი სისტემისთვის იქნება ნეგატიური და ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ ამის. ხოლო საქართველოს ნატოს ნაწილად ქცევა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“. ვლადიმირ პუტინი კი აცხადებდა: „ჩვენს საზღვრებთან ნატოს ჯარებს ვერ ავიტანთ, ვერც უკრაინისა და ვერც ნებისმიერი სხვა მოსაზღვრე სახელმწიფოს მხრიდან“.

ამ განცხადებებისა და დამოკიდებულებების ფონზე, რა რესურსი ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის ზემოთ ხსენებულ მესიჯს განახორციელებდა, გაუგებარი იყო. როდესაც ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, რუსეთთან ურთიერთობების დალაგების უკან სულ სხვა რამ შესაძლოა იყოს დამალული, რაც ქართული სახელმწიფოსთვის უდიდეს ეროვნულ რისკს წარმოადგენდეს. მივყვეთ მოვლენების განვითარებას:

როდესაც შეიქმნა ე. წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი, თავიდან გაკეთდა განცხადება, რომ ეს ფორმატი მხოლოდ ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების დარეგულირებაზე იმუშავებდა, თუმცა დროში შეიძინა პოლიტიკური მიმართულებებიც. ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ კარასინმა განაცხადა, რომ საუბარი იყო აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზეც, რაც ზურაბ აბაშიძემ უარყო. თუმცა შემდეგ შეხვედრას ტრანსპორტის სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ამავე დროს რუსეთმა დაიწყო აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა საქართველოს მიმართულებით და იქ 500-კაციანი სამხედრო ქვედანაყოფი შეიყვანეს, რომელმაც, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, უკვე დაასრულა რკინიგზის აღდგენა საქართველოს საზღვრამდე.

თავიდანვე ჩნდებოდა ეჭვები, რომ ეს ფორმატი არ იყო სრულყოფილად ღია და ეს ეჭვები თანდათან უფრო და უფრო ღრმავდება. მით უმეტეს, რომ სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ბელგიაში გახლდათ, სადაც შეხვდა „გაზპრომის“ ხელმძღვანელობას და დაიწყო საუბარი საქართველოსთვის „გაზპრომის“ მიერ გაზის მოწოდებაზე. განსაკუთრებით საინტერესო იყო მისი მოსაზრება, რომ თურმე ამ საკითხებზე წლებია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ისმის კითხვა, _ სად და როგორ ხდებოდა ეს მოლაპარაკებები? არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა „გაზპრომის“ საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით და წლების განმავლობაში ერთადერთი ფორმატი, სადაც შეიძლებოდა ამაზე ესაუბრათ, იყო აბაშიძე-კარასინის ფორმატი. უნდა აღინიშნოს, რომ დამალული იყო ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ საუბარი მიმდინარეობდა აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზეც, რაც კარასინის მიერ დადასტურდა, ხოლო ზურაბ აბაშიძე ამასაც უარყოფდა.

ძალიან შემაშფოთებელია განცხადებები იმის თაობაზე, რომ, თურმე, რუსული „გაზპრომის“ შემოსვლა საქართველოში ნიშნავს გაზის მოწოდების დივერსიფიკაციას, მაშინ, როდესაც საქართველო უკვე ათი წელია, რუსეთის „გაზპრომიდან“ აღარ ღებულობს გაზს და ის რუსეთისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი იყო დღემდე. საქართველო ღებულობდა საკმაოდ იაფ გაზს აზერბაიჯანიდან და არანაირი პრობლემა გაზმომარაგებაში ამ ათი წლის განმავლობაში მას არ ჰქონია. არავისთვის არ არის უცხო, რომ რუსული „გაზპრომი“ პუტინის ხელში წარმოადგენს პოლიტიკური ბერკეტის იარაღს. ამ იარაღით ის აშანტაჟებს ევროპას და ყველა იმ ქვეყანას, ვისაც გაზს აწოდებს. მაშინ, როდესაც საქართველოზე ასეთი ბერკეტი მას არ გააჩნია, საქართველო თავისი ნებით აძლევს მას ზემოქმედების იარაღს. ეს უკვე აღარ არის არც პოლიტიკური ინფანტილიზმი, არც შეცდომა, ეს არის მიზანმიმართული ღია ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი.

ასევე კრახით დასრულდა საქართველოს ექსპორტის მიბმა რუსეთის ბაზარზე, რომელიც, შეიძლება ითქვას, ყველაზე არასტაბილური ბაზარია მსოფლიოში. ეს ბაზარიც პოლიტიკური ნიშნის ქვეშაა. უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ რუსეთი თავის ბაზარს იყენებს პოლიტიკური ნიშნით. მას შეუძლია ერთ დღეს უარი თქვას პროდუქციის მიღებაზე, რაც არაერთხელ გაუკეთებია ჩვენთვისაც. მაგალითად, 2006 წელს ემბარგო დაგვიწესა, ხოლო 2005 წელს ზამთარში დივერსია მოხდა გაზის მილზე რუსეთის ტერიტორიაზე და საქართველო ზამთარში დარჩა გაზის გარეშე. ეს იყო სწორედ პოლიტიკური დივერსიის ნაწილი. საქართველომ უმოკლეს ვადაში უარი თქვა რუსულ გაზზე და მოიცილა ყველა ის ეკონომიკური ბერკეტი, რომლითაც რუსეთს შეეძლო საქართველოს შანტაჟი.

დღეს „გაზპრომის“ საქართველოში დაბრუნებით ჩვენ ისევ ჩვენივე ხელით ვაძლევთ რუსეთს საშუალებას, დაგვაშანტაჟოს. საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად უგულებელყოფს ეროვნულ ინტერესებს ამ შემთხვევაში. თვალნათელი ხდება, რომ რუსეთთან მიმდინარეობს რაღაც კულუარული მოლაპარაკებები და ეს არ შეეხება მხოლოდ გაზის მოწოდებას, ეს შეეხება ასევე თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის „ყაზტრანსგაზის“ გაზპრომისათვის მიყიდვას. „გაზპრომის“ საქართველოში შემოსვლა პირდაპირ პროპორციულია რუსული ბაზების განთავსებისა საქართველოში. ვერ იქნება ეს მხოლოდ ეკონომიკური ინტერესი. ეს აუცილებლად იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ გათამაშდეს შანტაჟის სქემა და როგორმე რუსეთმა მიაღწიოს აფხაზეთის რკინიგზის გახსნას, რაც დღეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს აუცილებლად მოიაზრება სირიაში შეჭრის კონტექსტში. რუსეთი სირიაში არ შესულა ორი კვირით. ამ შესვლას აქვს ძალიან დიდი მიზნები, რომ მოხდეს მინიმუმ ერაყის ნავთობსაბადოების გაკონტროლება. ამიტომ სომხეთის მიმართულებით რკინიგზის გამოყენება მისთვის უმოკლესი გზაა მის პარტნიორ ირანთან სახმელეთო კავშირის დასამყარებლად, რაც ახლო აღმოსავლეთში მის მრავალმხრივ გააქტიურებას მოასწავებს.

საქართველოს მიერ აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ეს არის რუსეთის სამხედრო ექსპანსიის გავრცელება კავკასიაში და ის უტოლდება მე-19 საუკუნის დასაწყისში სამხედრო გზის გაყვანის მოვლენას, რომლითაც რუსეთი 200 წელი იყო კავკასიაში. გარდა ამისა, საქართველო ამ ნაბიჯით დიდ დარტყმას მიაყენებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და რუსეთი მას ჩაითრევს ისეთ პოლიტიკურ ავანტიურაში, რაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ზურგში ლახვარს ჩასცემს. რუსეთისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, სირიაში განხორციელებული სამხედრო მოქმედებების ფონზე მიაღწიოს ნავთობის ფასების აწევას, რათა ეკონომიკური საშუალება ჰქონდეს, გააგრძელოს თავისი იმპერიული გეგმის განხორციელება, როგორც კავკასიაში, ასევე უკრაინაში.

იმის ფონზე, რომ მას აქვს ეკონომიკური სანქციები უკრაინის საკითხის გამო, ნავთობის ფასის ვარდნამ უდიდესი დარტყმა მიაყენა მას ეკონომიკურად, ამიტომ სირიაში უკანასკნელი კაპიკებით განხორციელებული სამხედრო ინვესტიცია მისთვის უნდა იქცეს ნავთობზე ფასების აწევისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის ევროპაში ნავთობის ექსპორტის დაბლოკვის მექანიზმად, რათა ევროპამ ვერ მოახერხოს დივერსიფიკაცია რუსული ენერგომატარებლებისგან და მან შეინარჩუნოს მონოპოლია ევროპულ ბაზარზე. ეს ყოველივე კი გამოყენებული იქნება რუსეთის მიერ სწორედ საქართველოსა და უკრაინის, ასევე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების წინააღმდეგ.

რუსეთისათვის უმნიშვნელოვანესია როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მიმართულება. ეს ორი ქვეყანა რუსეთის მთავარი გეოპოლიტიკური მოძრაობის ცენტრებია, რომელთა კონტროლი რუსეთის გეოპოლიტიკის გამარჯვებას მოასწავებს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ რუსეთი აამუშავებდა თავის ბერკეტებს უკრაინის მიმართულებით, ხოლო საქართველოს მიმართულებით მას ასეთი ბერკეტები არ გააჩნდა. რატომ არ გააჩნდა რუსეთს საქართველოზე დიდი ბერკეტები? ამის ანალიზი წარსულში უნდა ვეძებოთ. საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარებული პროცესი, რომელიც წინა ხელისუფლებამ განახორციელა, იყო ის მოძრაობა, რომელმაც რუსეთის ეკონომიკური, სამართლებრივი, პოლიტიკური ბერკეტები, პრაქტიკულად, ნულამდე დაიყვანა. რუსეთმა გამოიყენა ყველა ბერკეტი საქართველოს წინააღმდეგ, რაც მას შეეძლო გამოეყენებინა. რუსული გავლენის ველი მთლიანად გასუფთავდა საქართველოში. უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის მიერ წინა საუკუნის 90-იან წლებში განხორციელებული სამართლებრივ-პოლიტიკური ქსოვილი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, პრაქტიკულად, სრულიად დაირღვა. საქართველოს პოლიტიკურ წრეებში ძალიან ზერელედ აფასებენ იმ პროცესებს, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დადგა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში. 2008 წლის ომი ეს იყო ის ბოლო ტყვია (ბერკეტების თვალსაზრისით), რომელიც რუსეთმა გაისროლა საქართველოს მიმართულებით. რუსეთის მიერ 90-იან წლებში შექმნილი წარმატებული იურისპრუდენცია, როდესაც რუსეთი, ფაქტობრივად ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო მანდატით იყო წარმოდგენილი, სწორედ 2008 წლის ომის შემდეგ დასრულდა და სრულიად შეტრიალდა მის წინააღმდეგ. რუსეთი გახდა აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა და მან ვერანაირი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა მსოფლიოში. არაღიარების პოლიტიკამ სრულიად გააკოტრა რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართულებით და მას არაფერი დარჩა ხელშესახები, გარდა უაზრო დუდუნისა, რომ უნდა ცნოთ ახალი რეალობა, რაც ყოველნაირ ლოგიკასა და საერთაშორისო სამართალს სცილდება.

საქართველომ ბევრი გაიღო იმისათვის, რომ რუსეთს დღეს არ ჰქონოდა ხელშესახები ბერკეტები საქართველოს დასაბრკოლებლად ევროინტეგრაციის გზაზე. დღემდე რუსეთს დაცლილი ჰქონდა ყველა ბერკეტი საქართველოზე ზეწოლისათვის. ეს არის იმ დიდი გამოწვევების წინაშე ძალიან პრინციპული პოზიციის დამსახურება, რომელიც საქართველოს ჰქონდა რუსეთის მიმართულებით და ამაში მოიაზრება 2008 წლის აგვისტოს ომიც, რომელიც ძალიან მტკივნეული იყო საქართველოსთვის. საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირება ეს არის სწორედ გეოპოლიტიკური დაპირისპირება ამ ორ სახელმწიფოს შორის. ეს არის ის პარადიგმა, სადაც რუსეთი და საქართველო ერთად ვერ იარსებებენ. აქ არ არსებობს ის წერტილი, რომელიც უნდა გადაიკვეთოს ერთად.

ვიმეორებთ!!! ახლა საქართველოს ხელისუფლება „გაზპრომის“ საქართველოში შემოშვებით რუსეთს სრულიად გამიზნულად აძლევს ყველა ბერკეტს, რომ მან განახორციელოს ზეწოლა საქართველოზე. ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების მოშლის მიზანმიმართული ქმედება. საქართველო, პრაქტიკულად, რუსეთს სრულმასშტაბიანად უშვებს ამიერკავკასიაში. რუსეთს ეძლევა შესაძლებლობა, განახორციელოს თავისი გეგმა სამი მიმართულებით: ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, ევროკავშირში თავისი ენერგომონოპოლიის შენარჩუნების მიმართულებით და ამიერკავკასიაში სრულმასშტაბიანი კონტროლის აღდგენის მიმართულებით; ეს კი აუცილებლად დაბლოკავს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს ნატოში და ევროკავშირში, რაც რუსეთის მიზანი იყო 2008 წელს და რასაც ვერ მიაღწია. „გაზპრომის“ შემოშვება საქართველოში ეს არის ყველაზე მძიმე და ეროვნული ინტერესების შემლახველი ქმედება. ამ ნაბიჯით ჩვენ რუსეთს საქართველოს ხელახალი ანექსიის განხორციელებისკენ ვუხსნით გზას!

 

ირაკლი მარგველაშვილი