ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მით უფრო, როცა არ თვალთმაქცობ!

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ასე რომ არ ყოფილიყო, ბოლო დროს „ჩადებებისთვის“ დაკავებული ადამიანების ნაწილი ახლაც ციხეში იჯდებოდა. სრულებითაც არ მინდა, სუბიექტურად გამოჩნდეს დავით ხარშილაძის ქეისისადმი დამოკიდებულება, მაგრამ ამ საქმის დანგრევის შემდეგ თავმოყვარე და პასუხისმგებლიანი შს მინისტრი თანამდებობას დატოვებდა და პრემიერიც გააკეთებდა გადადგომის შესახებ განცხადებას.

 

ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების შემთხვევაში თავმოყვარე საზოგადოება დღე და ღამე მოახდენდა სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას და აიძულებდა მთავრობას გადადგომას, მაგრამ ჩვენ არ გვყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და მით უფრო, ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორც ჩანს, „ჩადება“ არ ატარებს „ცოცხის“ ტოლფას დატვირთვას, თუნდაც ეს ცოცხი რეალობაში არ არსებობდეს და მისი ემოციით მანიპულირების საშუალება იყოს.

და მაინც, ობიექტურობა მოითხოვს, რომ „ხარშილაძის საქმეზე“ მოსამართლის მაღალი პასუხისმგებლობით გამოტანილი განაჩენის მიუხედავად, ვაღიაროთ, რომ „ჩადების საქმეში“ პრეცედენტი „ბირჟა მაფიის“ ქეისით შეიქმნა. უფროს სწორად, რეპერებისადმი არაფორმალური „უფლისწულის“ _ ბერას საჯარო პოზიციით.

იმ დღეებში საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქტივისტებს და დანარჩენ საზოგადოებას სჯეროდა, რომ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა დათმობაზე წავიდოდა და ნარკოლიბერალიზაციის პროცესს საკანონმდებლო უზრუნველყოფით დაიწყებდა. ეს გულწრფელად აღტკინებული ახალგაზრდები მიიჩნევდნენ, რომ პროგრესული ბერა და კალაძე საარჩევნოდ ახალ კანონს გამოაცხობდნენ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აპოლიტიკური ადამიანების _ ახალგაზრდების დიდი ნაწილი _ კალაძის მხარდამჭერთა რიგებში აღმოჩნდა. დღეს უკვე ცხადია, რომ მათ მოლოდინებს ცივი წყალი გადაესხა და მომავალი ზამთრის გათვალისწინებით, გაყინა კიდეც იუსტიციის მინისტრმა თავისი ბოლო განცხადებით ამ თემაზე.

მაგრამ აქ მთავარი მაინც სხვა რამეა _ მართვადი და მანიპულირებადი საზოგადოება და გულუბრყვილო და, მეტწილად, მიმნდობი ახალგაზრდობის ბრძოლის ფილოსოფია.

ამ კონტექსტში უტყუარია ფრიდრიხ ნიცშეს მოსაზრება, რომ „ინტელექტი, როგორც ინდივიდის შენარჩუნების საშუალება, თავის ძირითად უნარებს თვალთმაქცობაში ასახავს“. უცნობია, რამდენად ეთანხმება ფრიდრიხ ნიცშეს ამ მოსაზრებას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ რადგან თავად განგვიცხადა, რომ ნიცშესთან ბევრი რამ აქვს სადავო, ალბათ, არის რაღაც-რაღაცები, რაშიც, სავარაუდოდ, უნდა ეთანხმებოდეს კიდეც. თუნდაც იმაში, რომ ინტელექტი „სწორედ ის საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც უფრო სუსტი, ნაკლებად გამძლე ინდივიდები თავს ინარჩუნებენ, როდესაც უფრო ძლიერებთან არსებობისთვის ბრძოლის უნარს არიან მოკლებულნი, ან ამ ბრძოლას მტაცებელი ცხოველის სიშლეგით ვერ წარმართავენ, რამდენადაც ადამიანში თვალთმაქცობის უნარი მწვერვალს აღწევს“.

სწორედ აქ გავჩერდეთ, _ ანუ დაბეჯითებით შეიძლება იმაზე საუბარი, რომ „ადამიანში თვალთმაქცობის უნარი მწვერვალს აღწევს“. ახლა არც იმის განვრცობა ღირს, მით უფრო ბატონი ბიძინასთვის, რომელმაც „თემა იცის“, რომ სწორედ მეტ-ნაკლები ინტელექტის მეშვეობით მოიპოვა მის კარზე სამსახური უამრავმა ადამიანმა და ამ ადამიანების უმეტესობა თვალთმაქცობს. როგორ? თურმე, ათასგვარი ხერხით: მაგალითად, ესაა თავგზის აბნევა, მაამებლობა, სიცრუე, შეცდომაში შეყვანა, ზურგს უკან ლაპარაკი, რეპრეზენტულობა, ნასესხებ ბრწყინვალებაში ცხოვრება, შენიღბულობა, შეფარულობა, მსახიობობა…

შესაბამისად, არც ექსპრემიერს უჭირს, სავარაუდოდ, ამ თვალთმაქცი მაქციების ამოცნობა, მაგრამ გვერდით იმაგრებს, რადგან სწორედ ისეთები სჭირდება, როგორებიც არიან.

დიახ, მაგალითად, სჭირდება „ინტელექტუალი“ ჯეჯელავაც, რომელიც ყველაზე მეტად მაამებლობს, ცრუობს. ამ „ქოუჩს“ ავიწყდება ერთი ჭეშმარიტება: „საკუთარი თავის მოტყუებისკენ თავად ადამიანია მიდრეკილი“. შესაბამისად, ის, რომ ჯეჯელავა გვატყუებს ხოლმე და სისულელეებს გვეუბნება, ეს მისი ტყუილია, ბატონო ბიძინა, მისი თვალთმაქცობაა, ისევე, როგორც ხელისუფლებისა და მეოცნებე ამომრჩევლების. თუმცა აქ დიდი ცდომილებაა, რადგან „ოცნების“ ამომრჩეველთა რაოდენობა არ ემთხვევა თავის მომტყუებელთა რაოდენობას.

 

***

ქვეყანაში მიმდინარე ნარკოპოლიტიკამ არაერთ ჩვენს თანამოქალაქეს დაუმახინჯა ცხოვრება და მომავლის რწმენა, დაუკარგა შანსი, ყოფილიყვნენ ქართული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები.

განსაკუთრებით ამაზრზენია ნარკოტიკების ჩადების ფაქტები, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები მათთვის არასასურველი პირების დისკრედიტაციისა და მათი დასჯის მეთოდად იყენებენ.

აბსოლუტურად მიუღებელია ქართველი პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილისა და ხელისუფლებებთან აფილირებული ადამიანების დამოკიდებულება პრობლემისადმი. რატომღაც, არავინ სვამს კითხვას, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე გვაქვს დანაშაულთან, საიდან შემოდის ქვეყანაში ის ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც აქ არ იწარმოება და ხომ არ არის ეს თავად ხელისუფლების ცალკეულ ეშელონებში დასაქმებული მაღალი თანამდებობის პირების ბიზნესი? ხომ სწორედ ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს ნარკოტიკების ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა? მით უფრო, რომ სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულებები აქვს როგორც საკუთარი მოქალაქეების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.

აღნიშნულის მიუხედავად, ცხადი ხდება, რომ ხელისუფლების მიერ ნარკოტიკების ჩადება რეპრესიულ მეთოდად ჩამოყალიბდა.

ისიც აშკარაა, რომ ბოლო ფაქტი _ „ბირჟა მაფიის“, ან „ხარშილაძის საქმე“ _ სცდება კონკრეტულად შესაძლო ნარკოდანაშაულის ჩარჩოებს და ეს არის გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

ამ შემთხვევაში პოლიციამ, პროკურატურამ და სასამართლომ მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვეს _ დანაშაულის „შეტენისას“ მათ არ გაითვალისწინეს „დამნაშავეების“ ცხოვრების წესი, მათი ღირებულებები, მსოფლმხედველობა და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ექსპრემიერის შვილის სოლიდარობა რეპერების მიმართ, რომელმაც აბსოლუტურად შეცვალა პოლიციელების ჩანაფიქრი.

მნიშვნელოვანი იყო საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებები ამ საქმეებთან მიმართებით.

როგორც კი სუს-მა ხელისუფლებას მოახსენა ფილარმონიასთან შეკრებილი ახალგაზრდობის რაოდენობის შესახებ, კვირიკაშვილის განცხადება გამოქვეყნდა, რომელიც აბსოლუტურად არ პასუხობდა დღის თემას _ დაკავებულთა განთავისუფლებას. ამის გახმოვანების ექსკლუზიური უფლება ბერას მიენიჭა. კალაძის „პომადკა“ კი მერობისთვის „კაი ბიჭობის“ სიმულაცია იყო. რეალურად, ამ „თვითჩაწერით“ მან პიარსვლა წააგო, თუმცა ის კი დააანონსა, რომ დანაშაული პოლიციამ ჩაიდინა და არა ბერას კოლეგებმაო.

 

***

რაოდენ ძნელი მოსასმენიც არ უნდა იყოს, ამ ყველაფერს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ახლავს. ხელისუფლებამ მოახერხა ვითარების მანიპულირება და ისრების გადაყვანა სასურველი მიმართულებით.

პრემიერის მიერ პარლამენტისთვის საშემოდგომოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალური კანონის მიღების „თხოვნა“ საარჩევნოდ გაკეთებული გათვლა და იმ პერიოდისთვის ვითარების დასაშოშმინებელი სვლა აღმოჩნდა. კვირიკაშვილის ის განცხადება სრულებითაც არ იყო ადეკვატური მომხდარ დანაშაულთან მიმართებით.

როგორც ვხედავთ, ცალკეულ შემთხვევებში აქტიური საზოგადოებისთვის სულაც არ იყო საინტერესო ხანგრძლივი ბრძოლის პროცესში ჩაბმა. ეს ადამიანები მეხანძრეების როლს ასრულებენ. თან მათი აქტივობა მეტწილად ან საკუთარი აქტივისტების, ან „სახეების“ დაჩაგვრას უკავშირდება და მოკვდავებისთვის ვერ იცლიან.

 

***

და ისევ ნიცშე, ამჯერად სრულიად მისაღები ექსპრემიერ ივანიშვილისთვის _ ისევ და ისევ თვალთმაქცობა. დიახ, საზოგადოება თვალთმაქცობს, როდესაც ამბობს, რომ კონკრეტულ ქეისში გამარჯვებაა. თვალთმაქცობდა, როდესაც „სჯეროდა“, რომ შემოდგომაზე ლიბერალური ნარკოკანონი ექნებოდა; თვალთმაქცობს, როდესაც არ იბრძვის სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის და თავს იტყუებს, როდესაც ფიქრობს, რომ გმირია. ამ თვალთმაქცობის გარეშე, ცხადია, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხში ხელისუფლებამ მოახერხა ინდივიდებითა და საზოგადოების უმეტესი ნაწილით მანიპულირება.

და მაინც, ბრძოლას ყოვლთვის აქვს აზრი, მით უფრო, როცა არ თვალთმაქცობ.

არმაზ მტრეველი