ბიზნესის გასხვისება-გადაცემა მხოლოდ აუქციონის გზით _ რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი?!
2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების მკაცრი მმართველობის ფორმამ განსაკუთრებული კვალი დატოვა ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეზეც. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა მკაცრ სისხლისსამართლებრივ რეგულაციებშიც გამოიხატა. შედეგად, წინა ხელისუფლების დროს ისეთი საკანონმდებლო რეგულაციები მიიღეს, რომელთა რეალური დანიშნულება და მიზანიც იყო პოლიტიკურად არასაიმედო და განსხვავებული სამოქალაქო პოზიციის მქონე მოქალაქეების თუ საზოგადოებრივი სტატუსის მქონე პირების უფლებების დარღვევა. კანონის სახელით ადგილი დაეთმო უკანონო მოქმედებების განხორციელებას, რომელიც განსაკუთრებული სიმძაფრით, საკუთრების უფლების გახშირებული ფაქტების სტატისტიკით დასრულდა.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ამასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან. კერძოდ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული საზოგადოების მიერ პოლიტიკური სუბიექტების მიმართ ერთგვარი დაკვეთა აღმოჩნდა სამართლიანობის აღდგენა. 2012 წლის 21 თებერვალს ხელისუფლებამ მიიღო კოალიცია „ქართული ოცნების“ სადამფუძნებლო დეკლარაცია, სადაც მკაფიოდ აღიარეს, რომ საკუთრებისა და გარიგების დაცულობა მთავარ საკითხს წარმოადგენდა. დოკუმენტში ჩაიწერა, რომ მეწარმის საკუთრების დაუცველობა და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მისი ხელყოფა ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორია. 2012 წლის ახალი ხელისუფლების სამთავრობო პროგრამაში: „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ აღინიშნა, რომ საკუთრების უფლების დაცვის მიზნით ჩამოყალიბდება დეპოლიტიზებული და დამოუკიდებელი სასამართლო, უზრუნველყოფილი იქნება სასამართლოს სისტემის ეფექტიანობა და გადაწყვეტილებების დროული მიღება, აღმოიფხვრება „ელიტარული კორუფცია“, სასამართლო სისტემა განთავისუფლდება სახელმწიფო ორგანოების ზეგავლენისგან, შეიქმნება ისეთი პირობები, როდესაც შეუძლებელი იქნება სამართლიანად მოპოვებული საკუთრების კონფისკაცია. 2013 წლის ნოემბრის სამთავრობო პროგრამაში ჩაიწერა შემდეგი: „შესწავლილი იქნება საკუთრების უფლების ტოტალური დარღვევის შედეგად შექმნილი ვითარება და დაისახება მისი გამოსწორების გზები, ასევე შესწავლილი იქნება საქართველოში ბოლო წლებში გავრცელებული „ელიტარული კორუფციის“ მასშტაბები და მექანიზმები და დაისახება მისი აღმოფხვრის გზები“. 2014 წლის ივლისში სამთავრობო პროგრამამ გაიმეორა საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებული პრინციპები, ხოლო 2015 წლის მაისში გამოქვეყნებულ სამთავრობო პროგრამაში ვკითხულობთ, რომ „მთავარი პროკურატურისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტედად რჩება სამართლიანობის აღდგენა და მოქალაქეებისთვის 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება. საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჩამოყალიბდა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტი. შემუშავდება უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისა და დაზარალებულის დარღვეული უფლების სწრაფად და ეფექტიანად აღდგენის სამართლებრივი მექანიზმები“.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარე არჩილ კაიკაციშვილი:
_ ჩვენმა ორგანიზაციამ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ინფორმაცია გამოითხოვა, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ სახელმწიფოს სასარგებლოდ, 2004-2014 წლებში, ჩუქების ხელშეკრულებით, უსასყიდლოდ ან მიტოვების ფორმით, გადაცემული ქონებების, წილების, აქციებისა და ავტომობილების ოდენობამ შეადგინა 5 634 უძრავი თუ მოძრავი ნივთი. 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში არჩეულმა ჯგუფმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე სახელმწიფო სამართლიანობის აღდგენას უზრუნველყოფდა. არ დაგავიწყდეთ, რომ აღსამართლიანობის აღდგენის საჯარო დაპირება მოქმედმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს ჯერ კიდევ გამოქვეყნებული საარჩევნო პროგრამის ფარგლებში შესთავაზა. 2015 წლის იანვარში კი, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა, თუმცა მოცემულ ეტაპზე, ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე, სწრაფი და ეფექტიანი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ვერ ხდება.
_ ეს რბილად რომ ვთქვათ! რა ხდება და რამე თუ გააკეთეს, ის გვითხარით?
_ 2014 წლის 23 ივლისის გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში განსაკუთრებული ადგილი დაიჭირა რეკომენდაციებმა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიმართ, რათა შექმნან ეფექტიანი მექანიზმი და მოახდინონ 2003-12 წლებში მოქმედი ხელისუფლების პირობებში ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შედეგიანი გამოძიება, რომელიც ატარებდა სისტემურ ხასიათს და წარმოადგენდა სისტემური დანაშაულის სახეს. წინა ხელისუფლების პირობებში სისტემური დანაშაულის მაგალითებს წარმოადგენდა ბიზნესის ტოტალური დაქვემდებარება და ბიზნესსუბიექტებს შორის არსებული წილების კონტროლი. საერთო სასამართლოებში მიმდინარე საქმეებმაც დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა წილების მისაკუთრების, უკანონოდ გადაფორმების ფაქტებს.
_ არადა, მაგალითად, ქიბარ ხალვაშზე იგივეს ვერ ვიტყვით _ ის ფავორიტად აქციეს…
_ 2015 წლის 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეების ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ სარჩელი მოპასუხეების _ ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, ნინო ნიჟარაძის, შპს „ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯიას“, შპს „გეო-ტრანსისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ. მხარეებს შორის დავის საგანს, მათ შორის, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ბათილობა წარმოადგენდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ იძულებით გაასხვისა წილები სხვადასხვა იურიდიულ და კერძო პირთა სასარგებლოდ, რომლებიც მოგვიანებით, თავის მხრივ, მესამე პირებზე გასხვისდა. ხელშეკრულებაში მითითებული თანხები სადავო წილების საბაზრო ღირებულებაზე ბევრად დაბალი იყო, თუმცა გამსხვისებელს ეს ანაზღაურებაც არ მიუღია. 2015 წლის 16 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ საზოგადოების წინაშე ცნობილი გახადა სისტემური დანაშაულის კიდევ ერთი შემთხვევა _ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ, კერძო საკუთრების ხელყოფისა და მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი. ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ 2004 წელს მომხდარია სისტემური დანაშაული თეიმურაზ მეგრელიშვილისა და ნოდარ მოდებაძის მიმართ. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაზარალებულებს იძულებით ჩამოართვეს თელავში მდებარე აკურის ღვინის ქარხანა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფმა თეიმურაზ მეგრელიშვილმა და ნოდარ მოდებაძემ სამართალდამცავებისგან მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვიტეს დაეთმოთ ღვინის ქარხანა. ქონების ჩამორთმევის პროცესის დაჩქარების მიზნით, სამართალდამცველების ორგანიზებით, შუა ღამით, სახლიდან საგანგებოდ გამოიყვანეს ნოტარიუსი და 2004 წლის 7 სექტემბერს ნოტარიული წესით გააფორმეს ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს „რთველი XXI“-ის 100%-იანი წილი, რომლითაც მეგრელიშვილი და მოდებაძე ფლობდნენ თელავში მდებარე აკურის ღვინის ქარხანას, აჩუქეს სახელმწიფოს.
_ მასე ფოთის მთლიანი პორტი ჩამოართვეს მესაკუთრეებს…
_ 2010 წლის აგვისტოში საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში, თავის ბიზნესსაქმიანობაში, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, გადაწყვიტა გაეფართოებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტებისა და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგებასთან იყო დაკავშირებული. იმ პერიოდში ხსენებული ბიზნესის მესაკუთრეები იყვნენ მამა-შვილი: თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები, კერძოდ, თამაზ ნიჟარაძე და ზურაბ ნიჟარაძე ფლობდნენ კომპანია „BIMEDIA INVESTMENTS LIMITED“-ს, რომელიც 2002 წლიდან სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ეწეოდა ნავთობპროდუქტების გემებიდან რკინიგზის ვაგონებში გადატვირთვას. ხელშეკრულების მოქმედების ვადას კი წარმოადგენდა 10 წელი. ასევე თამაზ ნიჟარაძისა და ზურაბ ნიჟარაძის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იყო „MISSION INVESTMENT LIMITED“, რომელიც მის მიერ დაფუძნებული კომპანიების მეშვეობით სარგებლობდა ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების გადამუშავების ექსკლუზიური უფლებით და შემოსავალს იღებდა ამ უფლების გაცემისთვის. გარდა ზემოხსენებულისა, თამაზ ნიჟარაძე, 2010 წლის მდგომარეობით, 52.5%-იან წილს ფლობდა შპს „მეტალექსში“, რომელიც 2003 წლიდან 2008 წლამდე იჯარით ფლობდა ფოთის პორტის #5 ნავმისადგომს, საიდანაც ახორციელებდა მშრალი ტვირთების გადამუშავებას. ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, კეზერაშვილის მუქარიდან რამდენიმე დღეში, თამაზ ნიჟარაძემ და მისმა შვილმა ზურაბ ნიჟარაძემ „BIMEDIA INVESTMENTS LIMITED“-ში (100%), „MISSION INVESTMENT LIMITED“-ში (60.18%), ხოლო მოგვიანებით შპს „“მეტალექსში“ (52.5%) არსებული კუთვნილი წილები, რომელთა ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღემატებოდა, უსასყიდლოდ დათმეს დავით კეზერაშვილის მიერ კონტროლირებადი, ობშორულ ზონებში რეგისტრირებული საწარმოების: „DAVOR HOLDING LIMITED“-ის, „AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD“-ისა და „STEINLORD ENTERPRISES LLP“-ის სასარგებლოდ. დანაშაულებრივი კვალის შენიღბვის მიზნით, „MISSION INVESTMENT LIMITED“-ის წილის გასხვისების ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ თითქოსდა თამაზ ნიჟარაძემ და ზურაბ ნიჟარაძემ წილების სანაცვლოდ მიიღეს 6 000 000 აშშ დოლარის ღირებულების 2 უძრავი ქონების პროექტი, „BIMEDIA INVESTMENTS LIMITED“-ის წილის ნასყიდობის ფასი განისაზღვრა კონფიდენციალურად, ხოლო შპს „მეტალექსის“ წილის ღირებულება განისაზღვრა 1050 ლარით. სინამდვილეში კი თამაზ ნიჟარაძესა და ზურაბ ნიჟარაძეს, ძალადობის შედეგად, დათმობილი წილების სანაცვლოდ, არანაირი სარგებელი არ მიუღიათ.
_ კარგით, თქვენი კანონპროექტი რას გულისხმობს?
_ კანოპროექტის მიზანია, გამჭვირვალე გახადოს თავად ბიზნესსუბიექტებს შორის გარიგება და სამართლებრივი ურთიერთობებიც. ეს მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნების საწინააღმდეგო მოქმედებები და გადაწყვეტილებები. ამის საუკეთესო მაგალითია საქმე ქართული სასამართლო ისტორიიდან, რომელზედაც საბოლოო გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2014 წლის 30 იანვარს მიიღო. გახმაურებული საქმის შინაარსი ასეთია: მოსარჩელე ლევან ლორიამ და მოპასუხე გიორგი შავდიამ 2011 წლის 17 თებერვალს დააფუძნეს შპს RS Line, რომლის 60-%იანი წილის მესაკუთრეს მოსარჩელე წარმოადგენდა, ხოლო მოპასუხე _ 40% წილისას. პარტნიორთა გადაწყვეტილებით, შპს-ს დირექტორად დაინიშნა გიორგი შავდია. მოსარჩელემ 2011 წლის 21 დეკემბერს გიორგი შავდიაზე მისივე თხოვნით გასცა მინდობილობა განუსაზღვრელი ვადით, მოსარჩელის სახელით საზოგადოების პარტნიორთა კრებაში მონაწილეობისა და გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. როგორც მოსარჩელემ მოგვიანებით განაცხადა, მოპასუხემ მისი ნდობა ბოროტად გამოიყენა, რაც გამოიხატა მინდობილობის ტექსტში გასხვისების უფლების ჩანაწერით. როგორც შემდგომში გაირკვა, გიორგი შავდიამ ლევან ლორიასთან შეთანხმების გარეშე ამ უკანასკნელის კუთვნილი 60%-იანი წილი 2012 წლის 5 მარტის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, ნასყიდობის გზით გაასხვისა. ლევან ლორიამ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, სარჩელი აღძრა გიორგი შავდიას მიმართ და აღნიშნა, რომ მისი წილის გაყიდვის შესახებ თანხმობა არასოდეს გამოუთქვამს, ხოლო ასეთი თანხმობის არსებობის შემთხვევაშიც 60%-იანი წილის რეალური საბაზრო ფასი იმ დროისთვის გაცილებით მეტი იყო ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულ ფასზე. კერძოდ, შპს RS Line-ის 60%-იანი წილის ღირებულება 2011 წლის 21 დეკემბერს წარმოადგენდა 1 500 00 ლარს, ნასყიდობის ხელშეკრულებაში კი წილის ღირებულებად მითითებულ იქნა 6 000 ლარი, შესაბამისად, რეალურ ღირებულაბაზე 1 494 000 ლარით ნაკლები. მართალია, საერთო სასამართლოებმა ლევან ლორიას სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, სასამართლოებმა აღნიშნეს, რომ მინდობილობა გაფორმდა ნოტარიუსის მეშვეობით, ხოლო ლევან ლორიამ მინდობილობა წაიკითხა, გაეცნო მის შინაარს და დეათანხმა, რაც დადასტურდა კიდეც პირადი ხელმოწერით, მაგრამ მოცემული ქეისი წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების მიღებისა და მხარდაჭერის პროცესში იძენს დამატებით მნიშვნელობას, რადგანაც დავის შინაარსმა ცხადყო, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების შეუსაბამო ფასი ბიზნეს-წილის რეალურ საბაზრო ღირებულებასთან მიმართებით, რასაც ჩვეულებრივ ვითარებაში, წილის გასხვისების დროს, გარიგების მონაწილე სუბიექტები მიმართავენ, ხოლო ამით ზარალდება უშუალოდ სახელმწიფო.
_ და თქვენი ინიციატივაა, რომ ეს წლების გასხვისება, გაყიდვა და ა. შ. მოხდეს აუქციონის გზით?
_ დავების სიმრავლემ საჭიროება მოითხოვა, რომ კომპანიების წილების გასხვისება განხორციელდეს მხოლოდ აუქციონის გზით, რომლის მიზანიც იქნება, გასხვისების პროცესი გახდეს გამჭვირვალე და მინიმუმადე შემცირდეს წილების უკანონოდ დათმობის, ჩუქებისა და სხვა ფორმით გასხვისების ფაქტები, ამავე დროს შემცირდეს ფიქტიური გარიგებები, რომელიც იდება უკანონოდ, ფულის გათეთრებისა და მოგების დამალვის მიზნით. დღეს უამრავი დავა მიმდინარეობს გარიგების ბათილობის მოთხოვნით, ვინაიდან პირებს იძულებით დაადებინეს გარიგებები, ადგილი ჰქონდა ამორალური ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებას, რომლის მიხედვითაც ქონებები გაიყიდა რეალურ ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ ფასად. კანონპროექტის შემუშავების მიზანია, სტაბილური, მყარი მდგომარეობის შექმნა სახელმწიფოში. ახალი საკანონმდებლო წინადადების მიღება შექმნის მყარ გარანტიებსა და საფუძვლებს, რითაც წილების გასხვისების მექანიზმი გახდება საჯარო და გამჭვირვალე, შექმნის კონკურენტუნარიან გარემოს, რაც გამორიცხავს მანიპულაციებს ან პოლიტიკური ჩარევის ფორმებს ისეთი საჯარო პროცესის მიმართ, როგორიც აუქციონია. კანონპროექტის მიღების შედეგად, სახელმწიფო მოხელეებს, მაღალჩინოსნებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერიონ წილების გასხვისების საკითხებში, მათი ცდუნება, რომ გამოიყენონ თანამდებობა, გავლენა და წილები მესაკუთრეებს დაათმობინონ ან რეალურ ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ ფასში გააყიდინონ, ვერ რეალიზდება. იქმნება დაცულობის გარანტია, რომელიც დამოკიდებული არ იქნება სახელმწიფოში პოლიტიკური ძალის ცვლილებაზე.
_ ანუ დღეს არსებობს შესაძლებლობა, რომ წილების გასხვისებისას, მისი ღირებულება ბევრად ნაკლებ ფასად შეფასდეს, მთელი რიგი მიზეზების გამო, მათ შორის, რომ სახელმწიფოს წინაშე ნაკლები გადასახადი გადაიხადონ?
_ კანონპროექტის მიღების შედეგად, აღნიშნული პრობლემა მოგვარდება, აუქციონზე წილების გასვლისას მისი ღირებულება დადგინდება აუქციონის მიერ, ვაჭრობის შედეგად, რაც იქნება მისი ღირებულების რეალური ფასი. შესაბამისად, შემცირდება ფიქციური გარიგებების ოდენობა, ფულის გათერებისა და მოგების დამალვის მიზნით დადებული გარიგებების ოდენობა. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების შექმნისა და მიღების საჭიროება, ქვეყანაში სისტემური დანაშაულებების არსებობის გამო, მისი პრევენციის საუკთესო საფუძვლებს ქმნის. აღნიშნულ კანონპროექტს არ ჰყავს მხარე და მისი მიზანია მესაკუთრის უფლების დაცვა და მაღალი გარანტიების შექმნა. მძიმე მემკვიდრეობამ აჩვენა, რომ 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებსა და საზოგადოებას, საქართველოს ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, ყველაზე სასურველ ქვეყნად წარუდგენდა, თუმცა სისტემური დანაშაულებების ჩადენამ, ბიზნესზე ზეწოლისა და საკუთრების წილების მიტაცების ფაქტებმა, წარმოაჩინეს, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ზიანი და ზარალი მიაყენა ბიზნესმენებს. შესაბამისად, პოლიტიკური ნება, მართალია, საჭირო და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, მაგრამ პოლიტიკური სტაბილურობისა და ნდობისთვის საჭიროა გაცილებით მეტი გარანტიის წარმოდგენა.
_ ერთ-ერთი მაგალითი აჭარის მთავრობაში მიმდინარე მოვლენებია?
_ წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანიც სწორედ პოლიტიკური ხელისუფლების მართლზომიერად შეზღუდვა და ქვეყანაში მესაკუთრეთა და ბიზნესის მეტი გარანტიის შექმნაა, ვინაიდან პოლიტიკური ხელისუფლება არც ერთ ეტაპზე, დაცული არ არის იმ ცდუნებისგან, რომელიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების დაშვებას ეხება. კანონპროექტის განხორციელების შემთხვევაში, ბიზნესგარიგებები და წილების გასხვისების მანკიერი პრაქტიკა, მთლიანად აღმოიფხვრება. ბიზნესგარიგებები და წილების გადაცემის პროცესი განხორციელდება აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ჩაურევლად.
თამარ როსტიაშვილი