ბესო დანელია: „არჩევნების ღამეს „ოცნების“ ლიდერებმა ერთმანეთს სცემეს“
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, იმ დღეს, როცა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში სპეცოპერაციის ჩასატარებლად წავიდა, თბილისში დარჩენილმა ძალოვნებმა საგანგებო თათბირი გამართეს. თათბირს ანზორ ჩუბინიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ. ამ თათბირზე გადაწყდა, თუ რომელ პარტიას რამდენ პროცენტს დაუწერდნენ(?!!). თათბირზე ითქვა, რომ „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიულ მოძრაობას“ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აეღო 2.5%-ზე მეტი. არჩევნების დღეს სიტუაცია შეიცვალა და ცესკო ნინო ბურჯანაძის პარტიას ერთ პროცენტსაც კი არ უწერს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბესო დანელია „ქრონიკა+“-სთან ამბობს, რომ ივანიშვილს პარლამენტში არ სურს ისეთი ხალხის ნახვა, ვისაც ძალაც აქვს და _ გამოცდილებაც. დანელიას თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოებას მოჰპარა არჩევანი და ეს ასე არ ჩაივლის _ „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად აპირებს ქუჩაში დგომას და ბრძოლას მანამდე, ვიდრე ხელისუფლება მოპარულ არჩევნებს არ დააბრუნებს. ბესო დანელიას თქმით, მაშინ როცა ცესკო ოპოზიციას ხმებს ჰპარავდა, ივანიშვილის პარტიაში დიდი ცემა-ტყეპა ატყდა.
რატომ დაუპირისპირდნენ „ოცნების“ ლიდერები ერთმანეთს? ვინ გაილახა ამ დაპირისპირების დროს? რა სიურპრიზი ელოდება საზოგადოებას? რას გეგმავს ოპოზიცია და რატომ აღარ გაუვა გაყალბება ივანიშვილს? _ ამის შესახებ ბესო დანელია „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ბატონო ბესო, ჯერ კიდევ არჩევნების წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საიდუმლო თათბირის შესახებ, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ რამდენიმე პარტიისთვის, მათ შორის, „ერთიანი საქართველოსთვის“, პროცენტები უნდა დაეკლოთ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ბიძინა ივანიშვილი რაღაც მიზეზის გამო ებრძვის თქვენს პარტიას.
_ დღეს ხელისუფლების სათავეში არიან მოღალატეები და ქურდები, რომლებც ბიუჯეტის ფულსა და ამომრჩევლის ხმებს იპარავენ. ასეთი პატარა ადამიანებისთვის მიუღებელია პატრიოტული ძალები, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და საკუთარ კეთილდღეობას ქვეყნის კეთილდღეობაზე მაღლა არასდროს აყენებენ. ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა ქვეყნისა და ხალხის ძარცვით იშოვეს დიდი ფული, მაგრამ მაინც შურთ იმ ძალების, რომლებსაც შეუძლიათ თავის ხალხსა და ქვეყანას ემსახურონ. აქ პირადული არაფერია, უბრალოდ, ამ ხელისუფლებისთვის მიუღებელია წესიერი და პატრიოტი ადამიანები.
„ქართული ოცნება“ ხელს უშლის ისეთ ძალებს, რომლებიც საქართველოს მომავალს ხედავენ ევროპაში და არ სურთ ქვეყნის სიბნელეში დაბრუნება. ისეთ სიბნელეში, როგორიც არჩევნების ღამეს საარჩევნო უბნების ნაწილზე იყო. შეგნებულად გათიშეს დენი და ბიულეტენების დათვლა ტელეფონების შუქზე მიმდინარეობდა.
„ქართულმა ოცნებამ“ სიმართლესა და სიცრუეს შორის მკვეთრი ზღვარი გაავლო. აქეთ მხარეს ვართ ძალები, რომელთაც დემოკრატიული ქვეყანა გვინდა, იქითა მხარეს არის ოლიგარქი თავის მინიგარქებთან ერთად. ეს მინიგარქები სოციალურად დაუცველი ადამიანების ხარჯზე ისქელებენ ჯიბეებს. ისიც კი იკადრეს, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს დააკლეს რაციონი, რათა თავად დარჩენოდათ მეტი ფული.
ეს ხალხი პირდაპირ კრემლის ინსტრუქციებით იმართება და მოქმედებს. ისინი წარმოადგენენ მეხუთე კოლონას და არიან თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები. მათი წყალობით ჩვენი საზღვრები არის მორღვეული. ისინი პირდაპირ კავშირში არიან საქართველოს მტრებთან და მათ ინტერესებს ატარებენ. მათ დავალებული აქვთ, რომ საქართველო არ განვითარდეს. დღეს ქვეყანას კრიმინალური სინდიკატი მართავს, სადაც ყველაფერს გზა ხსნილი აქვს, რასაც ფეოდალი მოინდომებს. ჩვენ ამას ყოველთვის შევეწინააღმდეგებით. ეს კარგად იციან „ოცნებაში“ და ამიტომ გვიშლიან ხელს. ჩვენ ყოველთვის გვაკლებდნენ პროცენტებს.
_ ახლა ნამეტანი დაბალი პროცენტის დაწერა მოუვიდათ. ცესკოს მონაცემებით, ერთ პროცენტსაც კი ვერ იღებთ.
_ ეს ძალიან სამარცხვინო შედეგია. არც ერთ ეგზიტპოლში ჩვენი პროცენტი 2-ზე ქვევით არ ჩამოსულა. თვით „იმედის“ ეგზიტპოლებსაც არ დაუდევთ ასეთი შედეგი. მიმაჩნია, რომ 2 და 2.5%-იც დაბალი მაჩვენებელია ჩვენთვის. ჩვენ ძალიან სერიოზული საარჩევნო კამპანია ჩავატარეთ. მთელი საქართველო მოვიარეთ და ხალხს გავაცანით ჩვენი საარჩევნო პროგრამა, რომელსაც ექსპერტები მაღალ შეფასებას აძლევენ. საარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად, საკუთარი ფულით დავაფინანსეთ. „ქართულმა ოცნებამ“ დაფინანსებაც წაგვართვა და _ საეთერო დროც. წინა საპარლამენტო არჩევნებზე 10-12% გვქონდა, მაგრამ 3.8% დაგვიწერეს. ახლა, მინიმუმ, 5% მაინც ავიღეთ, მაგრამ ერთ პროცენტსაც არ გვიწერენ. ამის გაკეთებას შიში აიძულებთ. ივანიშვილს არ აწყობს, რომ პარლამენტში პრინციპული ძალა შევიდეს.
ჩვენს პარტიაზე ცოტა ზედმეტი ვისაუბრე, სხვა პარტიებსაც უნდა შევეხო _ ეს არჩევნები მთელ ოპოზიციას გაუყალბეს. 31 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა. ეს იყო სპეცოპერაცია, რომელიც არჩევნების შედეგების მიტაცებას ისახავდა მიზნად. ამ არჩევნების ლეგიტიმურობას ჩვენ არ ვაღიარებთ.
_ რუსთაველზე აპირებთ შედეგების დაცვას?
_ სხვა გზა მათ, უბრალოდ, არ დაგვიტოვეს და იძულებული ვართ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად რუსთაველის გამზირზე გავიდეთ. სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას და თითოეული ხმის დაცვას. ჩვენი პარტია შექმნის დღიდან იდგა იქ, სადაც ქვეყანას უჭირდა. ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის არასდროს გვიღალატია. ახლა ხმების დაცვის დრო დადგა და ჩვენც მზად ვართ ამისთვის. „ერთიან საქართველო _ დემოკრატიულ მოძრაობას~ 100.000 ხმა აქვს დასაცავი.
_ ამდენი ხმა აიღო არჩევნებზე თქვენმა პარტიამ?
_ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ „ერთიანმა საქართველო _ დემოკრატიულმა მოძრაობამ“ არჩევნებზე 100.000 ხმა მიიღო. ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია გვაქვს. ჩვენ დანამდვილებით ვიცოდით, რომ 5%-იანი მხარდაჭერა გვქონდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ჩვენი პარტიის 5.000 წევრი მუშაობდა იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის საარჩევნო პროგრამა გაეცნო. მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტიას ჰყავს 57.000 წევრი. ახლა ცესკო გვეუბნება, რომ ჩვენ ავიღეთ, სულ რაღაც, 15.000 ხმა. თავიდან 0.9% დაწერეს და იმედი ჰქონდათ, რომ ჩვენგან ამაზე სხვანაირი რეაქცია იქნებოდა.
_ რა რეაქციას ელოდნენ?
_ ეგონათ, რომ პროტესტს არ გამოვთქვამდით. არ გავაკეთებდით იმ განცხადებებს, რაც გავაკეთეთ; არ გავიზიარებდით ოპოზიციის სულისკვეთებას და არც ჩვენი წარმომადგენელი ცესკოში გააპროტესტებდა შედეგებს.
_ თქვენმა წარმომადგენელმა ცესკოში სერიოზული სკანდალი მოაწყო. მან თამარ ჟვანიას ბრიფინგი ჩაუშალა.
_ ჩვენმა წარმომადგენელმა ბრიფინგი კი არ ჩაუშალა თამარ ჟვანიას, არამედ მან პროტესტი გამოხატა და ცესკოს თავმჯდომარეს ყველას დასანახავად უთხრა, რომ ის არის გამყალბებელი და სისხლის სამართლის დამნაშავე.
_ არჩევნების გაყალბება დანაშაულია, მაგრამ ამის გამო საქართველოში ჯერ არავინ დაუსჯიათ.
_ დაუსჯელობა უნდა დასრულდეს. თამარ ჟვანია აუცილებლად დაისჯება არჩევნების გაყალბების გამო. ცესკო დღეს გადაქცეულია „ქართული ოცნების“ დანამატად.
_ ცესკო „ოცნების“ დანამატი რომ არის, ამის გამო თამარ ჟვანიას არავინ დასჯის გაყალბებისთვის.
_ „ქართული ოცნება“ თავის დანამატს როგორ დასჯის. თამარ ჟვანია წერს იმ ციფრებს, რასაც მას „ქართული ოცნება“ ჰკარნახობს. ამ ქვეყანაში აუცილებლად ჩატარდება ნორმალური არჩევნები. ამ არჩევნებზე მოსული ხელისუფლება მოსთხოვს პასუხს თამარ ჟვანიასა და სხვა გამყალბებლებს. არჩევნების გაყალბება არის სისხლის სამართლის დანაშაული. დამნაშავე დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
როგორ შეიძლება, თვალი დავხუჭოთ ისეთ ფაქტებზე, რაც ამ არჩევნებზე დაფიქსირდა?! ჩვენ ხელთ გვაქვს ოქმები, საიდანაც ჩანს, რომ უბანზე მისულია სულ 80 ამომრჩეველი და „ქართულ ოცნებას“ 360 უწერია.
ასეთი დარღვევები ძალიან ბევრია. ეს ოქმები სოციალურ ქსელში ქვეყნდება და თქვენს მკითხველსაც ექნება ის ნანახი. ამის ასე დატოვება აღარ შეიძლება. ჩვენ ბიძინა ივანიშვილს დავუმტკიცებთ, რომ ის საქართველოში ყველასა და ყველაფერს ვერ იყიდის.
თავისი ქმედებებით ივანიშვილმა მოახერხა და კიდევ ერთხელ გაგვაერთიანა სრულიად ოპოზიციური სპექტრი. ძალიან განსხვავებული ადამიანები ვდგავართ ერთმანეთის გვერდით.
_ მართლა მოხერხება უნდა, რომ თქვენი პარტია და „ნაციონალები“ ერთად დააყენო. ივანიშვილმა ეს შეძლო.
_ არაა ჩვენთვის იოლი ვიღაცებთან ერთად აქციაზე დგომა, მაგრამ როცა ქვეყნის ინტერესებს სჭირდება, მზად ვართ, ჩვენი ამბიციები და წყენები დავივიწყოთ. ახლაც ასე გავაკეთეთ. დავივიწყეთ პირადი წყენები და სხვებთან ერთად გავედით რუსთაველზე.
_ რამდენი ხანი აპირებთ რუსთაველზე დგომას?
_ რამდენიც საჭირო იქნება. დღეს მთელი ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნები არის არალეგიტიმური.
_ ბოლომდე ყველა მაგ პოზიციაზე იქნება?
_ ამ მომენტისთვის ყველა ასე ფიქრობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
_ არჩევნების არალეგიტიმურობაზე „პატრიოტთა ალიანსიც“ ალაპარაკდა. ეს პარტია ივანიშვილის სატელიტად ითვლებოდა.
_ ისინიც ხედავენ, რომ არჩევნები არის არალეგიტიმური. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა პარტიას მოპარა ხმები. ამ ქურდობისთვის ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად აგებს პასუხს. კიდევ იაროს კობახიძისა და ვოლსკის ჭკუაზე და ნახავს, როგორც გადმოაყირავებენ.
_ ვინ გადმოაყირავებს ბიძინას?
_ თავისივე გარემოცვა, მათ შორის, ვოლსკი და კობახიძე, რომელთა ჭკუაზეც ახლა დადის ივანიშვილი.
_ საზოგადოებასაც და ოპოზიციასაც დიდი იმედი გქონდათ, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში დასავლეთიდან მწვავე შეფასებები იქნებოდა. გაკეთდა განცხადებები, მაგრამ შეფასებები არაა მწვავე. ამით „ქართული ოცნება“ ძალიან კმაყოფილია.
_ „ქართული ოცნების“ კმაყოფილების მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით. ოპოზიცია და, მათ შორის, ჩვენი პარტია ვფიქრობთ, რომ დასავლეთის მხრიდან ადეკვატური შეფასებები გაკეთდა.
_ კმაყოფილები ხართ ამ განცხადებებით?
_ რა თქმა უნდა.
_ მათ მწვავე რეაქცია რომ არ ჰქონიათ არჩევნების გაყალბებაზე?
_ ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდათ. თავიანთი პოზიცია ისე გამოხატეს, როგორც ეს დიპლომატებს ეკადრებათ და როგორც ამას დასავლური სტანდარტები ითვალისწინებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დასავლეთი არაა რუსეთი, რომელიც პირდაპირ იძლევა მითითებებს და სხვის შინაურ საქმეებში ერევა. „ქართულ ოცნებას“ რუსეთიდან აქვს მითითებები, თუ რა უნდა გააკეთოს, როგორ მოიქცეს.
ევროპელებმაც და ამერიკელებმაც საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთეს. ამერიკის საელჩოს განცხადება იყო ძალიან კრიტიკული. იქ პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ძალიან მძიმე და უხეში დარღვევების ფონზე ჩატარდა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. მეტს ელჩი და საელჩო, უბრალოდ, ვერ იტყოდნენ. პოლიტიკური და დიპლომატიური ენა ცოტა სხვანაირია.
_ აბა, „ქართული ოცნება“ რატომ არის კმაყოფილი?
_ იქნებ, არც არის კმაყოფილი? მაგრამ ახლა ასეთი განცხადებების გაკეთებაა საჭირო. შეიძლება ჰგონიათ, რომ დასავლეთს არაფერი გაუპროტესტებია. მათი ლიდერი რუსეთის სპეცსამსახურებთან არის მუშაობას მიჩვეული და მათი ენა ესმის მხოლოდ.
ევროპელები და ამერიკელები სულ სხვანაირად მუშაობენ. და რაც მთავარია, ისინი არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. მათ ნამდვილად უნდათ, რომ საქართველო დემოკრატიული და განვითარებული ქვეყანა იყოს. იმისთვის, რომ ასეთ ქვეყნად ვიქცეთ, დასავლეთი ყველანაირ დახმარებას გვაძლევს.
_ დიპლომატიური ენა სხვა არისო და ზოგჯერ დასავლეთი ძალიან მწვავეა ხოლმე შეფასებებში.
_ არც ახლა აკლდა სიმწვავე შეფასებას. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ. სხვა შეფასებებიც იქნება. დასავლეთი არ გაატარებს ასეთ გაყალბებას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის საელჩოს ის განცხადება, რომელიც არჩევნების წინა დღეს გაკეთდა. ამ განცხადებაში მართალია, მოსამართლეების ნაჩქარევ დანიშვნაზე იყო საუბარი, მაგრამ იქ სხვა რამეც იკითხებოდა. ამ განცხადებიდან ნათლად ჩანდა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას გეგმავდა.
_ „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას რომ გეგმავდა, ეს აშშ-ის საელჩოს განცხადების გარეშეც მშვენივრად იცოდით. მთელი ოპოზიცია ამაზე საუბრობდით. სქემებიც კი წარმოადგინეთ, რის საშუალებითაც გაყალბდებოდა არჩევნები. აი, არჩევნები გაყალბებულია და როგორ იმოქმედებს ოპოზიცია? მარტო რუსთაველზე დგომით აპირებთ, ივანიშვილს უკან დაახევინოთ?
_ ისიც დიდი საქმეა, ოპოზიცია ერთად რომ დადგა რუსთაველზე. ჩვენი ოპოზიციური სპექტრი ძალიან ჭრელია. მთელი რიგი საკითხების შესახებ სხვადასხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ერთიანები ვართ. ერთად ვამბობთ, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურია. ვიცით, რომ ამის ასე დატოვება აღარ შეიძლება.
ყველას გაცნობიერებული გვაქვს, რომ თუ ეს გაყალბება გადავყლაპეთ, ავტორიტარიზმი დაკანონდება და უკან, სიბნელეში დავბრუნდებით. ჩვენ ნათელი მომავლისთვის ვიბრძვით და არ გვინდა, გამოქვაბულის ერას დავუბრუნდეთ, საითკენაც მიგვათრევს „ქართული ოცნება“.
ივანიშვილსა და მისი პარტიის ლიდერებს ეტყობა, ძალიან მოსწონთ გამოქვაბულში ყოფნა. შეგროვდნენ ივანიშვილი, გახარია, ვოლსკი, კობახიძე და წავიდნენ ჭორვილაში.
_ ჭორვილაში რატომ უნდა წავიდნენ?
_ გახარიამ ხომ გვითხრა, ჩემთვის მისაბაძი საჩხერის მოდელიაო. თურმე, საჩხერე ყოფილა აყვავებული და განვითარებული. ყველას ძალიან გვიყვარს ეს ლამაზი მხარე, მაგრამ იქ ნამდვილად არ არის ყველაფერი კარგად. ამ რაიონში ბევრი თანაპარტიელი გვყავს და ვიცით, როგორ უჭირს იქ ხალხს. გახარიასთვის მაინც მისაბაძია იქაურობა. წავიდნენ და ივანიშვილის სახლში მოაწყონ გამოქვაბული.
ივანიშვილმა კიდევ თავის ეზოში, თავის თანაპარტიელებზე ჩაატაროს ის ექსპერიმენტები, რომელსაც ქართველ ხალხზე ატარებს. ქართველი ხალხი მის ექსპერიმენტებს არ მოიხვევს თავზე. ჩვენი არჩევანი ნათელი მომავალია, რომელიც ევროპულ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული. ევროპული ქვეყანა არის თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი სასამართლო. ჩვენ ასეთი საქართველოსთვის ვიბრძვით და ამიტომ გავედით რუსთაველზე.
რუსთაველზე გამოსულ ადამიანებს არ აღვიქვამ რომელიმე პარტიის წარმომადგენლებად. ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იმიტომ გამოვიდნენ ქუჩაში, რომ ჩვენმა შვილებმა დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანაში იცხოვრონ.
ძალიან მარტივად არის საქმე: ერთ მხარეს ვხედავთ სიბნელეს, იმპერიალიზმს, სპეცსამსახურების მიერ მართული ფეოდალსა და მის ქვეშევრდომ მონა მინიოლიგარქებს, ხოლო მეორე მხარეს დგას ჩვენი შვილების მომავალი და ქვეყნის განვითრება. საქართველოში დღეს უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ამის შეცვლა მხოლოდ ცვლილებებით შეიძლება. ეს ცვლილება კი ლეგიტიმური არჩევნების გარეშე ვერ მოხდება. ამიტომ ვიცავთ ჩვენს არჩევანს და არ გვაინტერესებს, რა იარლიყს მოგვაწებებს ხელისუფლება. წინააღმდეგობის არ გვეშინია.
_ თქვენ წინააღმდეგ მარტო ხელისუფლება არ იქნება. ნოემბერი ცივი თვეა. კორონავირუსი მძვინვარებს. სიცივესა და პანდემიას რას უპირებთ?
_ სიცივესა და კორონასაც გავუწევთ წინააღმდეგობას. ჩვენი პარტია დაფუძნების დღიდან სულ იბრძვის. ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვერც ყინვა გვაჩერებს, ვერც დარბევა, ვერც დასისხლიანებაა და დალეწვა, ვერც ივანიშვილი შეგვაშინებს. უკან დახევას არ ვაპირებთ. ჩვენს ლიდერთან ერთად, რომელიც მსოფლიო დონის პოლიტიკოსია, ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველოს უკეთესი მომავალი ჰქონდეს.
_ რის მიღწევას აპირებთ? გგონიათ, რომ ივანიშვილი შეცვლის არჩევნების შედეგებს?
_ საქართველოში არსებული ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ნეობოლშევიკური „ქართული ოცნება“ გადაიქცა ჩვეულებრივ კომპარტიად. ეს შემთხვევითი არაა, მისი ერთ-ერთი ლიდერი ხომ ცეკას ინსტრუქტორი, ამხანაგი ვოლსკია.
დღეს ეს კომპარტია მარტო დარჩა. მილიონები დახარჯეს, ყველანაირ ძალადობას მიმართეს არჩევნებზე, მაგრამ 100 მანდატიც კი ვერ მოაგროვეს. არადა, ყველაფერი იკადრეს. საარჩევნო უბნებზე დეპუტატები და გამგებლები იდგნენ. მათ ცემა-ტყეპით მიჰყავდათ ხალხი არჩევნებზე, რომ 41 შემოეხაზათ, ისეთი რაღაცები ჩაატარეს, რომ ოქმებს ვერ აბალანსებენ.
ისეთი საზიზღრობები ჩაიდინა ამ პარტიამ, რომ ამას თავად „ოცნებაშიც“ უკმაყოფილება მოყვა. გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ დღეებში რამდენიმე ლიდერი აპირებს „ქართული ოცნების“ დატოვებას. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, 31 ოქტომბრის შემდეგ მათ ალიყური მიიღეს ბიძინა ივანიშვილისგან.
_ ვინ მიიღო ბიძინასგან ალიყური?
_ გვარების დასახელება არ მინდა. გეტყვით იმას, რომ პარტიის ლიდერები ერთმანეთს ხელითაც კი შეეხნენ.
_ ის მაინც გვითხარით, ვინ შეეხო ხელით ერთმანეთს?
_ არც მათ ვინაობას დავასახელებ, რადგანაც ეს არის სიურპრიზი. ამ დღეებში ყველაფერზე თავად ისაუბრებენ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ლიდერი პარტიის დატოვებას აპირებს.
შორენა მარსაგიშვილი