ბაჩანა შენგელია : „რადაც არ უნდა დამიჯდეს, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან“
„ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?“ – ამ კითხვით მიმართა საქართველოს განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ. პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე შენგელიამ დედის საქმის გამოძიება მოითხოვა და მინისტრს იმ გადაცდომების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რასაც დედის გარდაცვალების საქმეზე ფლობდა.
ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს ინსულტით გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები სკოლის დირექტორის გარდაცვალების მიზეზად სკოლაში დაწყებულ შემოწმებას ასახელებენ. მათი განცხადებით, ინსპექტირების რეალური მიზეზი ია კერზაიას უარი იყო, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ემუშავა. კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას თქმით, მინისტრმა კანონის უხეში დარღვევით, ელვისებური სისწრაფით, არარსებული პირის საჩივრის წერილის საფუძველზე, სკოლის შემოწმების ბრძანების გადაწყვეტილება მიიღო.
რაში სდებს ბრალს გარდაცვლილის შვილი განათლების მინისტრს? რა კითხვები აქვს გამოძიებასთან და იმ შეთხვევაში, თუ სამართალს ვერ იპოვის, პროტესტის რომელი ფორმის გამოყენებას აპირებს დაზარალებული?
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ბაჩანა შენგელიას ესაუბრა:
_ ბატონო ბაჩანა, რა კონკრეტული ფაქტები გამოავლინეთ დედათქვენის გარდაცვალების საეჭვო გარემოებებზე?
_ ჩემ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ განათლების სამინისტროში ანონიმური წერილი შეადგინეს, რომლის რეალური ავტორი ბუნებაში არ არსებობს. ამ წერილის ავტორად სახელდება ვინმე ლავრენტი ქირია, საჯარო რეესტრის მონაცემებით კი ამ სახელისა და გვარის მქონე პირი 1986 წელს გარდაიცვალა. შესაბამისად, ეს წერილი გაყალბებულია და ეს დანაშაულებრივი საქმე სწორედ აღნიშნული წერილიდან იღებს სათავეს. როდესაც განათლების სამინისტროში მიდის პიროვნება, ტოვებს წერილს და მას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს არ სთხოვენ, ბუნებრივია, საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება. ჩვენ ვიცით, რომ საჯარო დაწესებულებებში პირადობის მოწმობის გარეშე წერილს ვერ დავტოვებთ. დოკუმენტების მიხედვით, დედაჩემის წინააღმდეგ საჩივრის წერილი განათლების სამინისტროში 8 ნოემბერს, 13:34-ზე შეიტანეს. წერილი ელვისებურად ხვდება ელექტრონულ სისტემაში, პრაქტიკულად, ხელიდან პირდაპირ სკანერში გატარდა და სისტემაში აიტვირთა, რეალურად კი ასე არ ხდება. ნორმალურ რეჟიმში, წერილის სისტემაში მოსახვედრად, დაახლოებით, 15-20 წუთია საჭირო, თუმცა წერილის შესვლიდან 2 წუთშივე, 13:36-ზე, მინისტრთან ხვდება. მინისტრი საჩივარს ზუსტად ორ წუთში აწერს ინსპექტირების დეპარტამენტს. აღსანიშნავია, რომ ორგვერდიანი წერილის წაკითხვა და გააზრება მოცემულ დროში ფიზიკურად შეუძლებელია. ამის შემდეგ ინპექტირება, თავის მხრივ, ორ წუთში აწერს ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურს, რომლის სახელწოდებიდანაც, ცხადია, წერილის შინაარსის რეალობასთან შესაბამისობა უნდა გააანალიზოს. წერილის შესვლიდან რამდენიმე წუთში ორი სპეციალისტი მოხსენებით ბარათს წერს და წერილი უმალვე სხვა სამსახურში ხვდება. ამ პრინციპით საჩივრის წერილმა ათამდე ადრესატი მოიარა. იმავე დღეს, 18:00-ზე, მინისტრმა ინსპექტირების შესახებ ბრძანება გამოსცა და 00:01 წუთზე მივლინების საბუთიც გაიცა. ზემოთქმულიდან ირკვევა, რომ ამ ადამიანებმა წარმოუდგენელი ტემპით იმუშავეს და გამთენიისას ზუგდიდში ჩამოვიდნენ. 10:00-ზე უკვე სკოლაში იყვნენ შესამოწმებლად. ამ მომენტიდან დედაჩემის მისამართით არათუ ინსპექტირება, არამედ რეპრესია იწყება _ მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ეს პროცესი დამამცირებელი ყოფილიყო, აყენებდნენ შეურაცხყოფას და ეუბნებოდნენ, რომ, დიდი ალბათობით, ეს დარღვევები პროკურატურას გადაეცემოდა. ასევე იყო უპრეცედენტო ფსიქოლოგიური ზეწოლა. პრაქტიკაში არ არსებობს ისეთი შემთხვევა, როცა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი განმარტების ჩამორთმევისას პირს სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ აფრთხილებს. ძალიან მძიმედ და ხისტად ჩაიარა ამ ერთმა კვირამ! რაც შეეძლოთ, ყველა საშუალებით დატანჯეს და აწამეს ეს ადამიანი.
_ სამინისტროში გაგზავნილ წერილში რა დარღვევებზე იყო საუბარი?
_ წერილში რაიმე კონკრეტული ტიპის დარღვევის შესახებ არ ეწერა.
განათლების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 7 თებერვალს ჩატარდა, მინისტრმა ბატიაშვილმა ტრიბუნიდან იცრუა… მან კონკრეტულად განაცხადა, რომ წერილში ეწერა სანიტარიული ნორმების დარღვევაზე და ფართის არამიზნობრივ გამოყენებაზე. ასეთი რამ წერილში არ წერია. წერილში ბუნდოვანი და გაურკვეველი ფაქტების შესახებ იყო საუბარი, თითქოს სკოლის დირექტორი ყველაფრის ბატონ-პატრონია და ბრძანებებს გასცემს. სკოლის ბიუჯეტიდან ზედმეტად არც ერთი თეთრი არ დახარჯულა. მას შემდეგ, რაც სკოლას დასკვნა მოუვიდა, მცირე ხარვეზებზე მაშინვე დაიწყეს რეაგირება და გამოსწორება. შემოწმებიდან ხუთ დღეში 25-გვერდიანი დასკვნა დაწერეს. წარმოიდგინეთ, 8 ნოემბერს შევიდა საჩივრის წერილი და 9 ნოემბერს უკვე ზუგდიდში ჩამოვიდნენ, ერთი კვირა გაჩერდნენ და 22 ნოემბერს 25-გვერდიანი დასკვნა არანორმალური და ასტრონომიული სისწრაფით ჰქონდათ დაწერილი. იამ, შესაძლებლობის ფარგლებში, რამდენიმე დღეში შეძლო მცირე დარღვევების აღმოფხვრა, თუმცა წყლის პრობლემა არა მხოლოდ სკოლის, არამედ მთელი ქალაქის დილემაა და, შესაბამისად, მას ასე მარტივად ვერ მოაგვარებდა. ცისტერნით მოტანილი წყლით კი, ბუნებრივია, ჰიგიენის შესაბამისი დაცვა ვერ ხერხდებოდა. აღვნიშნავ, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად, ინსპექტირების შემოსვლამდე, თავად იამ მიმართა რესურსცენტრს. მის ამ თხოვნაზე კი რეაგირება არ მომხდარა და დედაჩემს წყლის პრობლემა მთავარ კომპრომატად დაუდეს… აქედან გამოდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ დანაშაულებრივ სქემაში რესურსცენტრიც ჩართული იყო.
_ ვინ იყო ზუგდიდის რესურსცენტრიდან ჩართული, კონკრეტულად შეგიძლიათ გვითხრათ?
_ დედაჩემს რესურსცენტრის დირექტორ კახა ფარცვანიასთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. სამწუხაროდ და ჩვენთვის მოულოდნელად, აღმოჩნდა, რომ ისიც ამ სქემაში იყო ჩართული _ კახა ფარცვანია აცნობდა პოლიტიკურ მესიჯებს დედაჩემს და ავალებდა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ემუშავა, პარალელურად ემუქრებოდა, თუ ამას არ გააკეთებდა, შტაბში შეიტყობდნენ და პრობლემებიც შეექმნებოდა. დედაჩემი მის ამ მოთხოვნას არ დასთანხმდა, რადგან, როგორც ის ამბობდა, მისთვის მიუღებელი იყო, მასწავლებლებისთვის სიების მოტანა და საარჩევნო პროცესში აქტიური ჩართვა მოეთხოვა. ეს მისი პირველი კომუნიკაცია იყო ამ თემაზე და სწორედ უარის შემდეგ დაიწყო შემოწმება სკოლაში. ინსპექტირების პერიოდშიც მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური წნეხი და კახა ფარცვანია მუდმივად აფრთხილებდა იას, რომ ახლა მაინც დასთანხმებოდა მის მოთხოვნას, რასაც დედაჩემის უარი მოჰყვა… შედეგად დასკვნა დაწერეს, რომლის მიხედვითაც უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგა. ამ გარემოებასთან დაკავშირებით 7 თებერვალს გამართულ განათლების კომიტეტის სხდომაზე მინისტრი ბატიაშვილი აპელირებდა, თითქოს მას განთავისუფლების ბრძანება არ გაუცია. რეალურად, ეს ასე არ იყო, რადგან მათ დედაჩემი თავიანთი ხელით გაათავისუფლეს… უბრალოდ, შესაბამისი პროცედურა სჭირდებოდათ, სამეურვეო საბჭოს უნდა დალოდებოდნენ, რის შემდეგაც, დარწმუნებული ვარ, თვითონ დაწერდნენ დედაჩემის განთავისუფლების შესახებ ბრძანებას.
_ დედათქვენის შემთხვევის გარდა თუ არსებობდა სხვა პრეცედენტი, როდესაც მსგავსი ნიშნით სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს?
_ დიახ, ზუგდიდში იყო სკოლის დირექტორი, რომელიც დედაჩემის მსგავსად არ დაემორჩილა რესურსცენტრის მოთხოვნას და თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ის ცოცხალია და პირდაპირ საუბრობს, თუ როგორ იბარებდნენ კაბინეტში და სთხოვდნენ სიების მიტანას, ასევე ემუქრებოდნენ, რომ თუ ზურაბიშვილს აგიტაციას არ გაუწევდა, პრობლემები შეექმნებოდა. სკოლის ყოფილი დირექტორი იმაზეც საუბრობს, რომ როდესაც რესურსცენტრში მივიდა, კახა ფარცვანიას კაბინეტთან, დახლოებით, 10-მდე სკოლის დირექტორი იდგა რიგში, რაც საეჭვო გარემოებაა და, შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ რესურსცენტრის დირექტორი აქტიურად იყო ჩართული დანაშაულებრივ სქემაში.
_ გავრცელებული ინფორმაციით, წერილის რეალური ავტორი ინეზა მურღულიაა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?
_ პრაქტიკულად, ინეზა მურღულია ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც, ზოგადად, სკოლაში დედაჩემს უპირისპირდებოდა. ეს კონფლიქტი ცალმხრივი გახლდათ, თუმცა დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რომ ამ საჩივრის უკან ეს ქალბატონი იდგა. დაზარალებულის მხარე ვარ, დავუშვათ, ამ ადამიანის ინიციატივით შევიდა წერილი, ამის არანაირი მტკიცებულება არ გამაჩნია და შესაბამისად, ასე პირდაპირ ხელს ვერ დავადებ.
_ ამ მოცემულობაში, როდესაც თქვენ სიმართლის დადგენას ცდილობთ, რამდენად ადეკვატური იყო თქვენთვის მინისტრის პასუხები და მისგან დაინახეთ თუ არა მზაობა, რომ ამ საქმეზე რეალური შედეგი დადგეს?
_ კონკრეტულ შეკითხვებზე მას კონკრეტული პასუხები არ გაუცია. როდესაც ვკითხეთ, _ რამ განაპირობა ამ საქმეზე ელვისებური რეაგირება, სტატისტიკა მოიყვანა და აღნიშნა, თითქოს, ანალოგიურ საქმეებზეც მსგავსად ხდებოდა. ასევე ვკითხეთ, ვინ იყო წერილის ავტორი ლავრენტი ქირია, რაზედაც გვიპასუხა, რომ მას პიროვნების გადამოწმება არ ევალებოდა. მისი პასუხი აბსურდია, რადგან მათ ანონიმურ წერილებზე გადაუმოწმებლად რეაგირება ეკრძალებათ. მინისტრის ამ პასუხმა საქმე კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა. როგორც ჩანს, მან მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე სრულად აიღო.
_ უკვე აღნიშნეთ, რომ მინისტრმა სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობა აიღო. თქვენი გადმოსახედიდან რამდენად იკვეთება მისი ბრალეულობა და შესაძლოა თუ არა, მინისტრის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?
_ რა თქმა უნდა, მინისტრის ბრალეულობა საკმაოდ დიდია: დავიწყოთ იმით, რომ ის პოლიტიკური ფიგურაა და მან ეს თანამდებობა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მისი ეს ქმედება _ თანამდებობის ბოროტად გამოყენებაა, რომელიც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. მინისტრმა მთელ ამ პროცესზე აიღო პასუხისმგებლობა, მან აღიარა, რომ ყველაფერი თვითონ გააკეთა, ვგულისხმობ წერილების გადამისამართებას და ა. შ.
_ მინისტრთან მიმართებით თქვენი დამოკიდებულება გასაგებია. რა პრეტენზიები გაქვთ გამოძიებასთან?
_ გამოძიებაზე ვერაფერს ვამბობ, წარმოუდგენელი რაღაც ხდება. ფაქტია, რომ ადამიანი გარდაცვლილია, თუმცა საქმეზე არათუ საგამოძიებო მოქმედებები, პროცედურული გამოძიებაც არ დაწყებულა. წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ 19 დეკემბერს შევიტანე პროკურატურაში საჩივარი და 24 დეკემბერს გამოკითხვაზე ვიყავი, როგორც საჩივრის ავტორი. ისიც იმიტომ, საპარლამენტო მოსმენას დაემთხვა და სათქმელად სჭირდებოდათ, რომ გამოკითხვაზე ვიყავი დაბარებული. ეს, უბრალოდ, იმიტაცია იყო. ასევე გამოკითხეს აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები.
კონკრეტულ დანაშაულზე პროკურატურაში 190 გვერდი დოკუმენტი მაქვს შეტანილი, სადაც დედაჩემის გარდაცვალების გარემოებებზე მტკიცებულებებით ვსაუბრობ. ბრალდებული პირები, ცხადია, დანაშაულს არ აღიარებდნენ, შესაბამისად, პირველივე დღეებში _ ახალ წლამდე, პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ ფაქტზე გამოძიების დაწყების გარემოება არ არსებობდა. მას შემდეგ თვე-ნახევარი გავიდა, თუმცა არც ერთი ნეიტრალური მოწმე არ დაკითხულა, რომელიც იას გარდაცვალებამდე მდგომარეობას დაადასტურებდა…
_ თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ჩანს, პროკურატურა არაფერს აკეთებს. რას გეგმავთ და რა ბერკეტებით აპირებთ სიმართლის დადგენას?
_ პატივს ვცემ ჩვენს ქვეყანას და მინდა, სიმართლის დასადგენად ყველა სამართლებრივ გზას მივმართო. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, ჯერ კიდევ ველოდები პროცედურების დასრულებას. ძალიან ცოტა დრო დარჩა და, შესაბამისად, მალე გავიგებთ, რას აპირებს პროკურატურა. თუ ადეკვატური სამართლებრივი ქმედებები ვერ დავინახეთ, მე და ჩემი ოჯახი მზად ვართ, პროტესტის ყველა ფორმას მივმართოთ: ეს იქნება შიმშილობა, აქციები თუ სხვა… და თუ ამ ყველაფრის შემდეგაც რეალური შედეგი არ დადგა, აუცილებლად სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: კანონის ჩარჩოებში პროტესტის ყველა ფორმას გამოვიყენებ… რადაც არ უნდა დამიჯდეს, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან!!!
ლევან ქემოკლიძე