ბაკურ კვაშილავა: „ქართული ოცნება“ მზად არის, გადაწეროს არჩევნები
თამარ სანაძე
მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდები საერთო პოლიტიკური ცენტრის შექმნას ცდილობდნენ. ძალების გაერთიანების ინიციატივა პრეზიდენტ ზურაბიშვილს ეკუთვნოდა, რომელმაც პოლიტიკოსები 17 სექტემბერს რეზიდენციაში მიიწვია.
რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ გაერთიანებაზე შეთანხმება ვერ მოახერხეს. ყოფილი პრემიერი პირველი წუთიდან აცხადებდა, რომ „ლელოს“ გარშემო შექმნილ ალიანსთან წინასაარჩევნო ერთობაზე თანახმა იყო, მამუკა ხაზარაძე კი საკუთარ ახალ პოლიტიკურ პარტნიორებთან და გუნდთან კონსულტაციებისთვის დროს ითხოვდა. პრეზიდენტის სასახლეში გახარიას პარტიის განცხადებამ კონსულტაციებს წერტილი დაუსვა. მხარეები ვერშემდგარ ერთობაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.
გახარია-ხაზარაძის უშედეგო მოლაპარაკებებსა და წინასაარჩევნო პროცესებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი, ბაკურ კვაშილავა:
_ ბატონო ბაკურ, პრეზიდენტის სასახლეში მოლაპარაკებები მიდიოდა კოალიცია „ძლიერ საქართველოსა“ და გიორგი გახარიას პარტიას შორის. რატომ ჩაიშალა მოლაპარაკება? რა მოხდა?
_ თავიდანვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი შიდა კვლევებით, ასევე იმ კვლევებით, რომელიც არ გამოქვეყნებულა, არ იყო ასეთი ერთმნიშვნელოვანი ამ შეერთებისგან მიღებული სინერგია. ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, ეს იყო ტაქტიკური მოსაზრებები, რომ არაფერი ვთქვათ იმ ღირებულებით ნაწილზე, რომელიც არ აისახება კვლევაში, მაგრამ გაერთიანების შემდეგ შეიძლება ჰქონდეს ნეგატიური შედეგები, როდესაც დაიწყება აქტიური წინააღმდეგობა ახალი კოალიციის წინააღმდეგ. „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს მოსალოდნელი იყო. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ისედაც ხელის გულზე დევს და ამას არც ერთი მხარე არ უარყოფს. რაც მთავარია, მოლაპარაკებებს ესწრებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
_ ჩვენ მოლაპარაკებების პროცესშიც და მოლაპარაკების დასრულების შემდგომაც ურთიერთბრალდებები მოვისმინეთ. გახარია აცხადებდა, რომ მამუკა ხაზარაძე კოალიციის წევრებთან ვერ თანხმდება და ა. შ. როგორ შეაფასებთ ამგვარ განცხადებებს, რა პასუხი აქვს ამაზე „თავისუფლების მოედანს“ და მთლიანად კოალიციას?
_ ეს არის კონცეპტუალური ცვლილება ქართული პოლიტიკისა, როდესაც კოალიცია ნამდვილად კოალიციაა და არა ქაღალდზე დაწერილი რაღაც ერთობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კოალიციაში შემავალი პარტია თანაბარი სიძლიერისაა, მაგრამ ურთიერთშორის პატივისცემა იყო გარანტი, რომ ეს კოალიცია შექმნილიყო. ეს არ არის „ლელო“, ეს არის „ძლიერი საქართველო“ და ასეც არის დარეგისტრირებული. სახელი შეიცვალა. თქვენ თუ ხედავთ, ყველა პლაკატი, სარეკლამო ბილბორდი იქნება თუ ყველა ის ღონისძიება, რაც გვაქვს ჩატარებული, ხაზს უსვამს იმას, რომ ეს გაერთიანება არის ოთხი სუბიექტისგან შემდგარი ერთობა. როდესაც მოლაპარაკების დროს რომელიმე მხარე ცდილობს, რომ ეს დააკნინოს, იმიტომ რომ უკეთესი პირობები მიიღოს ანუ არ იყოს მოლაპარაკება კოალიციასთან და იყოს ერთ პარტიასთან, ბუნებრივია, რომ ეს ტენდენციები შეიმჩნევა, მაგრამ ეს არის ტაქტიკური მოსაზრება მოლაპარაკებებში საკუთარი პოზიციის გასაუმჯობესებლად, მეტი არაფერი.
რაც შეეხება კოალიციის წევრ სუბიექტებს შეუძლიათ თუ არა აზრის გამოთქმა და იმის დაფიქსირება, მაგალითად ღიად გამოტანა იმის, რომ არ იყო ერთგვაროვანი დამოკიდებულება და იყო საკმაოდ დიდი დებატები, ღირს თუ არა ამ კოალიციის გაკეთება, წაადგება თუ არა საერთო საქმეს და საერთო საქმე არის ერთადერთი, დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ ორბიტაზე, რის წინააღმდეგაც დიდი ხანია მუშაობს ბიძინა ივანიშვილის გუნდი და 2024 წლის 26 ოქტომბერი რომ არის გადამწყვეტი ამ მიზნისთვის, ეს კარგად უნდა გავაანალიზოთ. ეს იყო მოტივაცია, რამაც წამოიწყო მოლაპარაკებები. იყო გულწრფელი მცდელობა ორივე მხრიდან, მაგრამ იმ სხვაობების გამო, რომელიც თანდათან გამოიკვეთა, ვერ მოხერხდა ამ შეთანხმების მიღწევა, თუმცა ვფიქრობ, შეერთების შექმნა-არშექმნა არ იქნება გადამწყვეტი 2024 წლის არჩევნებზე გამარჯვების მოსაპოვებლად.
_ ძალიან ბევრი მოსაზრება და შეფასება იყო მოლაპარაკების ჩაშლის მძიმე შედეგებზე, რომ მოლაპარაკება ზიანს მოუტანს როგორც თქვენს კოალიციას, ასევე გახარიას პარტიას. რა ზიანდება მოლაპარაკებებზე შედეგის ვერმიღწევით?
_ ჩვენი საზოგადოება და მედია არის მიდრეკილი, რომ ერთი ხელის მოსმით გადაიჭრას რაღაც პრობლემები, ამიტომ ყოველთვის ძალიან დიდი აღმაფრენით ხვდებიან ხოლმე გარკვეული ტიპის გაერთიანებისადმი მოწოდებას, ამ დროს საზოგადოებაში ასეთი გამოკვეთილი მოთხოვნა ერთიანობისაკენ არ არის. ასე რომ ყოფილიყო, ჩვენ, მაგალითად, ახლა გვექნებოდა სრულიად გაერთიანებული ოპოზიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. როგორც კვლევები აჩვენებდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ოპტიმალური იყო „ქართულ ოცნებასთან“ ასეთი დაშლილი ფრონტით დაპირისპირება, რომ მათ არ შეძლებოდათ საკუთარი უსაფუძვლო კრიტიკის პროპაგანდის მიმართვა ერთი მიმართულებით და ამაზე კონცენტრაციის გაკეთება. „ქართულ ოცნებას“ უკვე ძალიან დიდი ხანია უწევს ისეთი აბსურდული პროპაგანდის წარმოება, რომ ყველა, ვინც მას ეწინააღმდეგება, არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც არადამაჯერებელია. ჩვენ თუ მაქსიმალურად გავერთიანდებოდით, მაშინ შეიძლებოდა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისთვის დაეჯერებინა და ამას ხელი შეეწყო „ქართული ოცნებისთვის“ გარკვეული მხარდაჭერის გაზრდაზე.
მიმაჩნია, რომ სტრატეგია, რომელიც თავიდანვე მთლიანმა ოპოზიციურმა ფრთამ აირჩია და ეს იყო „ოცნებაზე“ სხვადასხვა კუთხიდან შეტევა, იმის დემონსტრირება, რომ ის, ვინც შენ საფუძვლიანად გაკრიტიკებს, არ არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის წარმომადგენელი“, იყო გადამწყვეტი და იქნება გადამწყვეტი 26 ოქტომბერს.
_ ბატონო ბაკურ, „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ქართველებმა ოსებს ბოდიში უნდა მოუხადონ, თქვენი აზრით, პოლიტიკური შედეგების თვალსაზრისით რა სურათს გვაძლევს?
_ ეს განცხადება პირდაპირ მიმართულია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იმიტომ, რომ ამ განცხადებას თან ერთვოდა ასეთი ტიპის წინადადება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ გავმართავთ ნიურნბერგის პროცესს და გავასამართლებთ საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას. ახლა წარმოიდგინეთ რა ხდება. როგორც კი ნიურნბერგის მსგავსს სასამართლო პროცესს გამართავ, ისე, რომ რავინ არ გდებს ბრალს მთელ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყნის გარდა, ეს ქვეყანა არის რუსეთი, რომელიც თვითონ არის საერთაშორისო სამართლის დამნაშავე და გარიყული მთელი სისტემიდან და შენ შენი ნებით თავს უტოლებ ნაცისტურ გერმანიას, მეორე მსოფლიო ომის დროინდელს, აანონსებ მსგავს პროცესს, ეს ნიშნავს, რომ შენ გამოდიხარ აგრესორი ქვეყანა 2008 წლის ომში. აგრესორ ქვეყანას არ ჰყავს გმირები. ნახეთ, როგორი ამოსავალი წერტილია, მერე კალაძემ თქვა, რომ ნუ მანიპულირებთ ჩვენი გმირებით, რომლებიც იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, ეს ეხებოდა ხელისუფლებას. ეს აღარ ეხება ხელისუფლებას, როგორც კი ნიურნბერგის პროცესს ახსენებ, იმიტომ რომ ნაცისტურ გერმანიას მეორე მსოფლიო ომში, სავარაუდოდ, არაერთი ჯარისკაცი ჰყავდა, რომელიც გმირულად იცავდა თავის ქვეყანას, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის გმირი, იმიტომ, რომ გერმანია იყო აგრესორი სახელმწიფო. ბუნებრივია, ის დამოკიდებულებები, რომელიც ივანიშვილის ამ განცხადებამ გამოიწვია და ყველა გმირი, რომელიც საქართველოს ერთიანობას შეეწირა, იმიტომ, რომ „ოცნებამ“ საარჩევნო მიზანს მიაღწიოს, აღარ არის გმირი. საიდან ახსენა ნიურნბერგის პროცესი, ამიტომ არის ეს დამოკიდებულებები და ვნებათა ღელვა მთელ საზოგადოებაში. ეს არის სავსებით ლეგიტიმური.
_ „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ მათ 60%-მდე აქვთ მხარდაჭერა. თუმცა თუ მათ ასეთი მხარდაჭერა აქვთ, გაუგებარია „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ 20-ში პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილის დასახელება. რა შანსები აქვს 2024 წლის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“?
_ „ქართული ოცნება“, პირდაპირ რომ გითხრათ, იტყუება და მანიპულაციით ცდილობს, საკუთარი კოორდინატორები გააძლიეროს რწმენაში, რომ ის მიიღებს 42%-ს მაინც. მზად არის იმისთვის, რომ გადაწეროს არჩევნები, ეს ციფრი დასვას და თქვას, რომ 60% ვამბობდით და ხომ ხედავთ, რამდენი გამოვიდა. არ არსებობს კვლევა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ანიჭებს რეიტინგს 35%-ის ზემოთ. ეს ის მაქსიმალური პროცენტია, რასაც კვლევები აჩვენებს და როდესაც უკვე საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით გაჩაღდება, ეს რიცხვი უფრო დაბლა დაიწევს. მეტიც, გამომდინარე იმ რეპრესიული რეჟიმიდან, რომლითაც „ქართული ოცნება“ ახდენს თავისი მხარდამჭერების მობილიზაციას, მგონია, რომ ეს 35% კიდევ უფრო შემცირდება, რადგან ბევრი მათი მომხრე ღიად ვერ ამბობს და არ ამბობს, რომ ის „ოცნებას“ აღარ დაუჭერს მხარს. ვფიქრობ, ხელისუფლებას ძალიან დიდი სიურპრიზი ელოდება 26 ოქტომბერს.
_ 26 ოქტომბრამდე, ანუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღამდე, სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. როგორ მიმდინარეობს 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანია?
_ ეს არჩევნები იქნება იმით გამორჩეული, განსხვავებით წინა არჩევნებისგან, რომ მაშინ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა მასობრივ შეხვედრებს, ახლა კი ეს ყველაფერი ინდივიდუალურად ხდება. მოსახლეობას რეგიონებში არ აქვს მოტივაცია, რომ ღიად დააფიქსიროს თავისი კრიტიკული მოსაზრება „ოცნების“ მიმართ, სწორედ ხელისუფლების რეპრესიული მეთოდების გამო. ეს იქნება კამპანია, სადაც რეალურ შედეგს გავიგებთ 26 ოქტომბერს.
_ აშშ-მა სანქციები დაუწესა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქციები შემუშავებულია ბიძინა ივანიშვილისთვის. რას უქადის ეს სანქციები ივანიშვილს და რას ნიშნავს ეს „ქართული ოცნების“ გუნდისთვის?
_ სანქციები არის ნიშანი იმისა, რომ თავისუფალმა სამყარომ, დასავლეთმა ყველანაირი იმედი დაკარგა, რომ „ქართული ოცნება“ შეიძლება შემობრუნდეს ნათელ მხარეს, ევროპისკენ დასავლეთისკენ. ამიტომ შეიმუშავეს ეს სანქციები და ეს იქნება ყველაზე დიდი დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“, რადგან მათი ყალბი რიტორიკა, რომელიც მათ საარჩევნო ბუკლეტში, სადაც მესამე გზავნილი არის საქართველოს ევროპული მომავალი, გახლავთ მტკნარი სიცრუე. როდესაც აშშ და ევროპა პირდაპირ ამბობს, რომ ხალხს, რომელიც ევროპული ღირებულებებისაა, მთავრობა მიაქანებს სხვა მიმართულებით, „ოცნების“ პროპაგანდას, სიცრუეს, ტყუილს ნაკლები დამაჯერებლობა ექნება მათი იმ მომხრეებისთვის, რომლებისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული გზა.