ბადრი შელია: „დასავლეთი „ოცნების“ მმართველობით აღფრთოვანებული არ არის!“
„მებრძოლთა ლიგის“ დამფუძნებელთან, ყოფილ სამხედრო ბადრი შეალიასთან საუბარი გენერალ გიორგი კვინიტაძის ცხედრის სამშობლოში ჩამოსვენებით დავიწყე, ანუ რესპონდენტს ვკითხე, დღევანდელი ქართული არმიის სარდლობაში კვინიტაძის მსგავსი გენერალი, რომელიც ქვეყნისთვის თავს გასწირავს, გეგულება თუ არა-მეთქი?
ბადრი შელიამ მხოლოდ ამ კი არა, სხვა კითხვებზეც ამომწურავი პასუხები გამცა:
_ გენერალი კვინიტაძე, თავისი ნიჭისა და სამხედრო ხელოვნების ზედმიწევნით კარგად ცოდნის გამო, ყველა სამხედრო მეთაურისთვის მაგალითია. სამხედრო დაპირისპირებაში გამოუვალი ვითარებიდან გამარჯვების მოპოვებას ყოველთვის ახერხებდა. გენერალ კვინიტაძეს სრულებით დამსახურებულად მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. დიდი პატივია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მისი ღვაწლმოსილი შვილი მისსავე მიწაზე განისვენებდეს. ქედს ვიხრი გენერლის წინაშე!
რაც შეეხება კითხვას, დღევანდელ არმიაში, რა თქმა უნდა, არიან თავისი საქმის პროფესიონალები. სხვა საკითხია, რამდენად აქვთ შესაძლებლობა, რომ ეს პროფესიონალიზმი სათანადოდ გამოავლინონ…
_ საერთოდ, ქართულ ჯარში რა ხდება?
_ ბოლო წლებში საბიუჯეტო თანხები, რომელსაც ჩვენი გაღატაკებული მოსახლეობა ვაივაგლახით აკოწიწებს, თავდაცვის იმ მიმართულებებზე არ იხარჯება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმ ფონზე, როცა ყარაბაღის ომს ყურადღებით ვაკვირდებოდი, ვფიქრობდი, რომ ჩვენი არმიის გადაიარაღებისა და ტაქტიკური მოქმედებების ნაწილში გარკვეული ცვლილებები მოხდებოდა, თუმცა მნიშვნელოვანი არაფერი ჩანს.
სამწუხაროდ, პასუხიმგებელი პერსონები ჯერ კიდევ ვერ იაზრებენ, რომ თანამედროვე საბრძოლო ტექნოლოგიები და ბრძოლის დინამიკა ძალიან სახეცვლილია იმ „სტანდარტულისგან“, როგორიც მათ წარმოუდგენიათ. ჩვენს რეგიონში საბრძოლო ამოცანების გადასაწყვეტად სრულიად განსხვავებული მიდგომები პირველად მთიან ყარაბაღში ვიხილეთ. საერთოდ, გამარჯვება მას დარჩა, ვინც თანამედროვე სისტემები და ტაქტიკური მიდგომები გამოიყენა. მოძველებულ სტანდარტებზე აგებულმა საბრძოლო ორგანიზაციამ კი მხოლოდ მხოლოდ ერთი კონკრეტული ბრძოლა კი არა, პრაქტიკულად, მთელი ომი წააგო.
ქართულ არმიაში თანამედროვე ომის მოთხოვნების შესაბამისი დოქტრინების, სამხედრო საშუალებებისა და შესაძლებლობების შექმნა, ასევე არსებულის მოდერნიზება და ახალ სტანდარტებზე გადაწყობა სათანადო ტემპით არ მიმდინარეობს. აუცილებელ დავალებათა ნუსხაში სრული მოცულობით დღემდე არაა შეტანილი ჰიბრიდული ომის უმნიშვნელოვანესი საკითხები.
რამდენიმე თვის წინ აღდგენილი ქართული „სუ-25“-ის საზეიმო ფრენები ვნახეთ, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ დიდ მიღწევად წარმოგვიდგინა, მაგრამ ეს, უბრალოდ, სასაცილო და მილიონების წყალში არამიზნობრივად გადაყრაა. შორს რომ არ წავიდეთ, მთიანი ყარაბაღის ბოლო ომში კარგად გამოჩნდა, რომ პილოტირებული საბრძოლო საფრენი აპარატები ერთმა მხარემაც კი ვერ გამოიყენა. „სუ-25“-ის თანამედროვე ბრძოლებში ეფექტიანად გამოყენება, მსუბუქად რომ ვთქვა, ღიმილის მომგვრელია. ის მხოლოდ მფრინავების ფორმის შესანარჩუნებლად გამოგვადგება. იგივეს ვიტყვი ზოგიერთი სახეობის ცეცხლსასროლ იარაღზეც, რომელიც საზეიმოდ გამოფინეს.
ჩვენთვის აუცილებელი ისეთი თავდაცვითი სისტემის შექმნაა, რომლითაც ჩვენი მცირერიცხოვანი არმია პოტენციური მოწინააღმდეგეების მრავალრიცხოვან არმიებს წინააღმდეგობას თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მობილობით გაუწევს.
თუ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება გვინდა, პოლიტხელმძღვანელობა უნდა მიხვდეს, რომ საკუთარი ქვეყნის არმია ნებისმიერი აგრესორისთვის ძალიან უხერხული მოწინააღმდეგე და ანგარიშგასაწევი ძალა უნდა იყოს.
გენერალ კვინიტაძეს თავის მემუარებში _ ,,ჩემი მოგონებები“, რომელიც 2014 წელს ქართულ ენაზე გამოიცა, ასეთი ჩანაწერი აქვს გაკეთებული: ,,უსასრულო საომარ შეტაკებათა გამოცდილების მიუხედავად, მმართველი წრეები ვერ დარწმუნდნენ რაოდენ დიდ როლს თამაშობდა შეიარაღებული ძალა ხალხის კეთილდღეობასა და მშვიდობიან განვითარებაში… შეიარაღებულ ძალებს ზერელედ უყურებდნენ. არავის აინტერესებდა, იდგა თუ არა ჩვენი სამხედრო უწყება შესაძლო საომარ შეტაკებათა სიმაღლეზე. უყურებდნენ აღლუმებზე მარშით მიმავალ ჩვენს ჯარს და მშვიდდებოდნენ, ღრმად ჩახედვა არავის უცდია… დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ მმართველი წრეები სამხედრო უწყებისადმი უყურადღებობას იჩენდნენ. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რომელშიც მტრებით გარშემორტყმული ჩვენი ქვეყანა იმყოფებოდა“.
კაცი იფიქრებს, კვინიტაძე დღევანდელობაზე წერსო. ყოველ შემთხვევაში, 100 წლის შემდეგაც, პრაქტიკულად, იგივე მდგომარეობა გვაქვს.
_ ბადრი, შენ, როგორც ყოფილ სამხედროს, გაქვს განცდა, რომ თუ საქმე საქმეზე მიდგება, ჩვენი არმია დაგვიცავს?
_ დარწმუნებული ვარ, თუ საჭირო გახდება, ჩვენი არმია, მის ხელთ არსებული ძირითადი შეიარაღების სიძველის მიუხედავად, შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებს და ქვეყანასა და ხალხს, თუნდაც დიდი დანაკარგების ფასად, ბოლომდე დაიცავს. უბრალოდ, ყველას, განსაკუთრებით ხელისუფლებას, ომამდე და ომის მერეც უნდა ახსოვდეთ ჯარი და აშშ-ის ლეგენდარული გენერლის, ჯორჯ პატონის სიტყვების შინაარსიც ესმოდეს: ,,არც ერთ ჯარისკაცს არ მოუგია ომი საკუთარი ქვეყნისთვის სიკვდილის გამო, მან იმით მოიგო, რომ მტერი აიძულა, მომკვდარიყო მისი ქვეყნისთვის“.
მოკლედ, სწორედ თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებია ის, რაც არმიასა და, შესაბამისად, ქვეყანას გამარჯვებას მცირე დანაკარგებით მოაპოვებინებს. გამარჯვებები კი თითოეულ მოქალაქეს სიამაყის გრძნობით აღავსებს, მით უმეტეს, მაშინ, როცა სამხედრო კონფრონტაციის დროს სიმართლე შენს მხარესაა!
_ მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი გახდა, თავდაცვის მინისტრად საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი ადამიანი დაინიშნა. ჯუანშერ ბურჟულაძე ვინ არის და მასზე რა იცი?
_ სანამ მინისტრად დაამტკიცებდნენ და პარლამენტში გეგმებით წარდგა, ბატონმა ჯუანშერმა სიამაყით აღნიშნა, თუ როგორი წარმატებით მუშაობენ სამხედრო კომპიუტერული თამაშის შექმნაზე, რომელიც ახალგაზრდებსა და არა მხოლოდ ახალგაზრდებში, პატრიოტიზმის გრძნობას გააღვივებს. ჯარით ახალგაზრდობის დაინტერესებას ასე აპირებს.
ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათელია.
საერთოდ, არ ვარ წინააღმდეგი, რომ ასეთი თამაშები შეიქმნას, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯზე და სიამაყით, პრიორიტეტულ, ლამის სტრატეგიულ გეგმად არ უნდა სახელდებოდეს, მით უმეტეს, მაშინ, როცა არმიაში გაცილებით დიდი პრობლემებია გადასაწყვეტი, ვიდრე ბატონ მინისტრს წარმოუდგენია. ეს ძალიან დაბალი დონის საკითხია საიმისოდ, რომ პარლამენტის უმაღლეს ტრიბუნაზე განხილვად ღირდეს.
გარდა ამისა, ასეთი ტიპის მაღალი ხარისხის თამაშების შექმნა ასეულ ათასობით ლარი ჯდება. აქვს კი იმის ფუფუნება დღეს ჩვენს თავდაცვის სამინისტროს, რომ თანხები ამ მიმართულებით დახარჯოს? თანხების არამიზნობრივი ხარჯვა განა, სხვა რამეა?
_ ზოგადად, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობამ ქართულ ჯარს რა პლუსები და მინუსები მისცა?
_ პლუსებზე ვერაფერს ვიტყვი, თუ გავიხსენებთ, რომ სწორედ ბატონი ღარიბაშვილის მინისტობის პერიოდში იყო გახმაურებული საქმეები, რაც დაობებულ ხორცპროდუქტებს უკავშირდებოდა და რითიც ჯარს კვებავდნენ. კარგად გვახსოვს უხარისხო სამხედრო ფეხსაცმელისა და ტანსაცმლის ამბავიც. მოკლედ, პლუსზე თავდაცვის უწყების ერთი თანამდებობის პირიც ვერ ისაუბრებს, როცა ხელფასების კატასტროფულად გაუფასურების გამო, ჯარისკაცებს სამუშაო საათების მერე უწევთ ტაქსაობა, რათა დამატებითი შემოსავალი მიიღონ და საბანკო ვალდებულებების კატასტროფული პროცენტები გადაიხადონ; როცა ასეულობით სამხედრო დღემდე ელოდება 2012 წელს დაპირებულ კუთვნილ საცხოვრებელ ფართებს; როცა სამხედრო ნაწილები ერთ დიდ „საყარაულო“ შენობად აქციეს, სადაც ჯარისკაცების აბსოლუტური უმრავლესობა „ყარაულის“, ბაზის პატრულირებისა და სხვა სადღეღამისო, ხშირად უაზრო განაწესის შესრულებით არის დაკავებული; როცა კონტრაქტები ცალმხრივად, მხოლოდ სამინისტროსთვისაა ხელსაყრელი; როცა ჯარისკაცთა უფლებები არ არის დაცული; როცა მათ პირად დროს ჰპარავენ; როცა დამატებითი სამუშაო საათების კანონის შესაბამისად ანაზღაურება დღემდე არ ხდება; როცა სამედიცინო დაზღვევა არ არის ისეთი, როგორსაც ჯარისკაცებს ჰპირდებოდნენ; როცა თავდაცვის სამინისტროში დღემდე არ არსებობს სამხედროთა ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა; როცა სათანადო ყურადრება არ ექცევა დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს; როცა დაღუპული სამხედროების ოჯახები ბედის ანაბარა არიან მიტოვებულნი; როცა თავდაცვის სამინისტრო ხელოვნურად, ყველაზე დახურულ ორგანიზაციად აქციეს, სადაც საბიუჯეტო ხარჯვის ის ნაწილიც კი არ არის გამჭვირვალე, რაც საიდუმლოებას არ შეიცავს.
არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ ყველაფერი ეს ღარიბაშვილის მინისტრობის დროს მოხდა. ეს სისტემა 2012 წლის მერე ჩამოყალიბდა, თუმცა როგორიც დახვდა, ისეთივე დატოვა, ელიტური კორუფციის უფრო დახვეწილი ფორმებით.
_ ბადრი, რა ამის პასუხია და, ენმ-ს ერთ-ერთი ახალი სახე ნიკა ობოლაძეა, რომელიც, თავის დროზე, „გირჩის“ ეკლესიის წევრი იყო და წვევამდელებს ხელს უწყობდა, რომ სავალდებულო სამსახურიდან თავი დაეღწიათ. ენმ-ს პოზიცია ამ საკითხზე განსხვავებულია, ანუ ნორმალურად მიგაჩნია, რომ სავალდებულო სამსახურის მოწინააღმდეგე მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი სახეა?
_ ეს ძალიან ცუდი ფაქტია, მაგრამ ,,ნაციონალური მოძრაობა“ იყო ის ძალა, რომელმაც თავისი მმართველობის პერიოდში ქართული არმია იმ დროისთვის ერთ-ერთ თანამედროვე შეიარაღებულ და რეგიონში ანგარიშგასაწევ ძალად აქცია, რომელმაც 2008 წელს, ჩრდილოეთის ურდოს თავდასხმას ღირსეულად უპასუხა. „ნაცმოძრაობა“ კატეგორიულად ემიჯნება ,,გირჩის“ ამ, ჩემი აზრით, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. არ მგონია, რომ ბატონი ნიკა ობოლაძე იგივე აზრზე ყოფილიყო და ,,ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახე გამხდარიყო.
_ ზოგადად, რას ფიქრობ, სავალდებულო სამხედრო სამსახური აუცილებელია?
_ ეს ძალიან მასშტაბური საკითხია და იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი საომარი სამხედრო სტრატეგია გვექნება, რა ტაქტიკით უნდა ვიბრძოლოთ და ა. შ. ამ კითხვის პასუხამდე ქვეყანა შემდეგი ძირითადი ღონისძიებების ჩატარებით უნდა მივიდეს:
დეტალურად უნდა იქნას გაანალიზებული სამხედრო საფრთხეები და მომზადდეს საფრთხეებზე რეაგირების საბოლოო და ძირითადი გეგმა; 2. უნდა განისაზღვროს, მტერს რა ტაქტიკით და სად უნდა ვებრძოლოთ; 3. უნდა განისაზღვროს, რა სახეობის, ტიპისა და რაოდენობის შეიარაღება და დამხმარე საშუალებებია საჭირო არჩეულ საბრძოლო ტაქტიკასთან შესაბამისობაში მოსასვლელად; 4. რა ადამიანური რესურსია საჭირო აღნიშნული საბრძოლო და საბრძოლო მხარდაჭერის საშუალებების ეფექტიანად გამოყენებისთვის, რეზერვის ჩათვლით; 5. რა და როგორი შესაძლებლობა აქვს ქვეყანას მე-3 და მე-4 პუნქტების ფინანსური უზრუნველყოფისთვის და ა. შ.
ამ ძირითადი პუნქტების დამუშავების შემდეგ გახდება თვალსაჩინო, სრულად საკონტრაქტო, სრულად სავალდებულო თუ შერეული ტიპის სამხედრო სამსახური უნდა იყოს.
სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი პასუხი არაკომპეტენტური იქნება.
_ ბადრი, იმთავითვე არსებობდა ეჭვი, რომ „ოცნება“ რუსულ თამაშებს თამაშობს და ამაზე შენც გისაუბრია, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები სხვა რამეს ნათელყოფს, ანუ იგივე მიშელის დოკუმენტი უფრო ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. დასავლეთმა „სტავკა“ „ოცნებაზე“ რატომ გააკეთა?
_ არ ვფიქრობ, რომ „ოცნების“ მმართველობით დასავლეთი აღფრთოვანებულია, მაგრამ, ჩემი აზრით, დასავლეთის ქვეყნებში არსებულმა პანდემიურმა მდგომარეობამ, ეკონომიკურმა და სხვა შიდა პრობლემებმა, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ფორმირების ხანგრძლივობამ, ამ ფონზე რუსეთის საომარმა და აგრესიულმა რიტორიკამ, ანუ ყველაფერმა ერთად ამჯერად ,,ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხა წყალი.
დასავლეთი კავკასიაში მის ერთადერთ საყრდენ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის გამწვავებას მოერიდა, რასაც რუსეთი აუცილებლად სათავისოდ გამოიყენებდა, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დასავლეთის ,,მორიდებული“ პოზიცია მმართველი ძალის დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ სულ რამდენიმე თვე გაგრძელდება.
ისე, მთლად დასავლეთს ნუ დავაბრალებთ ,,ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმას, რადგან ამ წყლის დიდი წილი იმ ოპოზიციურ ორგანიზაციებს ეკუთვნით, რომლებმაც ოპოზიციური ერთიანობა დაარღვიეს და პარლამენტის ბოიკოტირების სტრატეგიას აზრი დაუკარგეს.
_ ქართული პოლიტელიტა შიდა პრობლემებით ისეა დაკავებული, რომ სამეზობლოში მიმდინარე პროცესებს ყურადღებას არ აქცევს. არადა, ისრაელის კრიზისმაც ნათელყო, რომ, მინიმუმ, ახლო აღმოსავლეთში ხელახალი გადანაწილება მიმდინარეობს. ამ კონტექსტში რა გველის?
_ რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, ვფიქრობ, იმ მიზეზით, რა მიზეზითაც ისრაელს ჰამასი დაესხა თავს, რომელსაც, სხვათა შორის, აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული, მხოლოდ საბაბი იყო.
ისრაელზე განხორციელებული კარგად დაგეგმილი მასშტაბური თავდასხმა, რგორიც წლებია, ისრაელს არ ახსოვს, რუსეთთან დაახლოებული ძალების მიერ ისრაელის მზადყოფნის მოსინჯვა იყო, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ფონზე, ასევე ახალი ადმინისტრაციის რეაქციის დატესტვაც.
ეს ერთგვარი ირიბი თავდასხმა იყო აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზეც რუსეთის მხრიდან და იმის დემონსტრირებაც, რომ რუსეთის ინტერესების უგულებელყოფის შემთხვევაში, აშშ-ის სტრატეგიულ მოკავშირე ძლიერ ქვეყნებშიც კი პრობლემები გაჩნდება, რომელიც რეგიონულ მასშტაბში შეიძლება გადაიზარდოს.
მოგეხსენაბათ, ვრცელდება ინფორმაციები, რომ ისრაელზე მიტანილი საჰაერო იერიშები რუსული წარმოების რაკეტებითაც განხორციელდა.
პუტინის რუსეთის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული ამოცანის ერთ-ერთ დავალებას, მინიმუმ, მის სიახლოვეს მყოფი რეგიონების ხელახალი გადანაწილება წარმოადგენს, შესაბამისად, ის არსებულ მსოფლიო წესრიგს უგულებელყოფს. მით უმეტეს, ყირიმის ოკუპაციის ფონზე, შეეცდება, სხვა რეგიონებში შექმნას ისეთი დაძაბულობა, რომ ყირიმის საკითხმა უკანა პლანზე გადაიწიოს.
ჩვენ რუსეთისგან სამხედრო თავდასხმა მანამ არ გვემუქრება, სანამ შიდა პოლიტიკური დაპირისპირება გვაქვს. რუსეთმა საქართველოში, სამწუხაროდ, ის პირობები შექმნა, რომელსაც დიდი ხანი ცდილობდა _ შიდა დაპირისპირება, პროდასავლური პარტიები გახლიჩა, პრორუსულ ორგანიზაციებს აძლიერებს, ,,ქართული ოცნების“ ვითომ დაშლითა და გახარიას გუნდის მოძლიერებით ცდილობს, მეტად გაშალოს ანტიდასავლური ფრონტი ჩვენს ქვეყანაში და ამისთვის ბატონი ვასაძეც შემოიყვანა პოლიტიკურ ასპარეზზე, ყველაზე დიდი და მძლავრი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს დევნიან და ა. შ.
იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ პუტინის რუსეთის ნადავლი არ გახდეს, აუცილებელია პროდასავლური ძალების ერთიანობა და გამოკვეთილი ერთიანი პოზიცია მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე. სხვა შემთხვევაში, რუსულ ჰიბრიდულ ომში კიდევ ერთხელ დავმარცხდებით.
_ ბადრი, დავითგარეჯის თემასაც შევეხოთ. კარტოგრაფების საქმეს რომ პოლიტიკური ელფერი ჰქონდა, გასაგებია, მაგრამ ყველაფერ ამით ვინ რა მოიგო?
_ რა თქმა უნდა, პოლიტიკური საქმე იყო და ამ პროპაგანდამ წინასაარჩევნოდ თავისი საქმეც გააკეთა. საკმაოდ ბევრი ადამიანი შეიყვანეს შეცდომაში და, საბოლოო ჯამში, ქვეყანამ წააგო.
_ წეღან ვასაძე ახსენე და, შენი აზრით, „რაინდის“ გააქტიურება კრემლის ოკუპაციის ახალი ფორმაა?
_ დიახ, ასეა. აქამდე ლევან ვასაძეს არასდროს გასჩენია სურვილი, პოლიტიკური პარტია შეექმნა. ახლა კი ქმნის, რათა ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური ფრონტის ხაზი კიდევ უფრო გაშალოს.
_ „სტრატეგია აღმაშენებლმა“ შენი იმედები ვერ გაამართლა?
_ მოგეხსენაბთ, მე პოლიტიკური გაერთიანება ,,კანონი და სამართლის“ წევრი ვარ, რომლის თავმჯდომარე ქალბატონი თაკო ჩარკვიანია. ჩვენი პარტია გაერთიანებული იყო ბლოკ ,,სტრატეგია აღმაშენებელში“ და ეს ბლოკიც ოპოზიციური ერთიანობის მთავარ პრინციპებს იცავდა. ,,კანონმა და სამართალმა“ დატოვა ,,სტრატეგია აღმაშენებელი“ მას შემდეგ, რაც მან გადაწყვიტა, ნაჩქარევად მოეწერა ხელი მიშელის დოკუმენტზე და პარლამენტში შესულიყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ნაჩქარევი და მცდარი გადაწყვეტილებაა, თუმცა ეს მისი არჩევანია. ,,კანონი და სამართალი“ რჩება პრინციპების ერთგული, ითვალისწინებს მისი მხარდამჭერების აბსოლუტური უმრავლესობის მოსაზრებას და მომავალშიც გაითვალისწინებს.
აქვე ვიტყვი, რომ არსებული ახალი რეალობიდან, რაც პარლამენტში შესულმა ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნეს, ვგულისხმობ ერთპარტიულიდან უკვე მრავალპარტიულად გარდაქმნილ პარლამენტს, რამაც ბოიკოტირების პირველად ფორმას აზრი დაუკარგა, ,,კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ გაივლის კონსულტაციებს თავის მხარდამჭერებთან და მათი უმრავლესობის აზრის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას.
_ და მაინც, როგორი უნდა იყოს საქართველოს არმია, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ?
_ ქართული არმია მშვიდობიანობის დროს უნდა დაიცვას სამოქალაქო საზოგადოებამ, რათა ომიანობის დროს სამოქალაქო საზოგადოება იყოს კარგად დაცული. იმას ვგულისხმობ, რომ სამოქალაქო საზოგადოება უნდა ჩაერთოს თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის მონიტორინგში, გააკონტროლოს და აიძულოს, რომ არსებული ნაკლოვანებები აღმოფხვრას. ამასთან, ჯარისკაცი ყველას უნდა ახსოვდეს ომამდე და ომის მერეც. ასეთი საქართველოს არმია იქნება ძლევამოსილი!
_ ბოლოს, 26 მაისი ახლოვდება. რა გვასწავლა დამოუკიდებლობის სამმა ათეულმა წელმა?
_ გვასწავლა, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვება ხშირად გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება.
ბრძოლა გრძელდება, სიმართლე ჩვენს მხარესაა და შესაბამისად, უფალიც, ამიტომაც საბოლოოდ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!
ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს.
ვანო პავლიაშვილი