ახალგაზრდა ქალი „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის წინააღმდეგ _ პაციენტი ექიმ დიმიტრი მხეიძეს ჯანმრთელობის დაზიანებაში ადანაშაულებს
ირინა მაკარიძე
„ქრონიკა+“-ს ახალგაზრდა ქალბატონი დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ ცხვირის ოპერაციის დროს ექიმის შეცდომის შედეგად მნიშვნელოვანი არტერია დაუზიანდა, რის მერეც დაეწყო სისხლდენა ისე, რომ რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა, განუვითარდა სისხლჩაქცევები, დაუზიანდა ჯანმრთელობა. შედეგად, სახის ყბის ნაწილი მოკვეთეს, სახის ნაწილში ჩაუსვეს მეტალები.
ნატო ბენდელიანი აცხადებს, რომ ექიმ ოტორინოლარინგოლოგ დიმიტრი მხეიძის წინააღმდეგ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მიმართა, თუმცა წელიწადზე მეტია, რეგულირების სააგენტოდან პასუხიც ვერ მიიღო. რა გაირკვა მის საქმეზე? ნატო ბენდელიანის თქმით, რადგანაც ექიმი დიმიტრი მხეიძე „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატია ქუთაისიდან, მას მფარველობენ, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ამ ფაქტის შესახებ საჯაროდ ისაუბროს. როგორც ის აცხადებს, სურს, თავისი მაგალითით სხვები გადაარჩინოს.
„ქრონიკა+“, თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა და ექიმ დიმიტრი მხეიძესაც. მხეიძე ადასტურებს, რომ რეგულირების სააგენტომ საქმე შეისწავლა, თუმცა ამ დრომდე მისთვის არაფერი უცნობებიათ, რაც ნიშნავს, რომ მისი ბრალეულობა არ დადასტურდა.
ნატო ბენდელიანი:
_ გადავწყვიტე, სხვების სიცოცხლის გადასარჩენად მოვყვე ჩემი თავგადასავალი. 2023 წლის პირველ მარტს ქუთაისში დიმიტრი მხეიძის კლინიკა „გიდიში“ მივედი, ძგიდე-ნიჟარების ოპერაციის გაკეთება მინდოდა. მითხრეს, რომ ცნობილი ექიმია, ამიტომაც მასთან გავიკეთე ოპერაცია. როდესაც გამოვედი ნარკოზიდან, დიმიტრი მხეიძემ მითხრა: „თქვენი ოპერაცია ძალიან რთული იყო“. მაშინ ამ სიტყვებისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. გამოწერიდან 5 დღეში დამეწყო სისხლდენა, _ ტამპონები როდესაც ამოიღო და გამომიშვა კლინიკიდან, სახლში მოსვლამდე სისხლდენა ქუჩაში დამეწყო. გამოიძახეს სასწრაფო, რომელმაც საკმაოდ დააგვიანა. ამ დროის განმავლობაში სისხლდენა არ მიჩერდებოდა. გადამიყვანეს ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში, სადაც არანაირი ყურადღება არ მომაქციეს. ვეხვეწებოდი მორიგე ექიმს, რომ ექიმი გამოეძახა, ის კი ბოლო ხმაზე უსმენდა „ტიკ-ტოკებს“ და ყურადღებას არ მაქცევდა. დავურეკე დიმიტრი მხეიძეს და ვთხოვე მოსვლა. არ მოვიდა, დავურეკე ახლობლებს, რომ მარტო ვიყავი და ვითხოვე დახმარება. ისინი აბაშიდან ჩამოვიდნენ ქუთაისში და ამ დრომდე ჯერ ექიმი ჩემთან არ იყო მოსული. ჩემი ახლობლები ძალით შემოვიდნენ საავადმყოფოში, რაზედაც მორიგე ექიმი გაბრაზდა და პოლიციის გამოძახებით იმუქრებოდა. ატყდა იქ ერთი ამბავი. ამ ბრძოლის შემდეგ ექიმი მოიყვანეს, ჩამიდეს ტამპონები და დროებით შემიჩერეს სისხლდენა. ასეთი სისხლდენა გამიმეორდა ოთხჯერ: წამიყვანდნენ საავადმყოფოში, მომიყვანდნენ, იგივე მეორდებოდა. არტერია მქონდა დაზიანებული, ყურებიდანაც კი სისხლი მდიოდა. მხეიძემ კარგად იცოდა, შეცდომა რომ ჰქონდა დაშვებული, მაგრამ მალავდა. ბოლო სისხლდენა მქონდა 16 მარტს, უკვე გონებას ვკარგავდი. კლინიკაში მხეიძესთან როდესაც მიმიყვანეს, იქ შეხლა-შემოხლა მოხდა. ჩემმა ნათესავებმა მოითხოვეს ჩემი თბილისში გადაყვანა, რაზედაც ექიმებმა უარი თქვეს. დიდი რაოდენობით სისხლი მქონდა დაკარგული, რის გამოც პერიოდულად გონებას ვკარგავდი. როდესაც გონს მოვედი, გავიგონე ქალის ხმა. ესეც დავინახე, შემდეგ გავიგე, რომ დიმიტრი მხეიძის დედა იყო. მან თქვა, _ რაც უფრო იაფი დაგვიჯდება ამ გოგოს საავადმყოფოში გადაყვანა, უკეთესიაო. მე ლაპარაკი არ შემეძლო. ბევრი ბრძოლის შემდეგ გადამიყვანეს თბილისში. მხეიძემ თავის მეგობართან გადამამისამართა მე-9 საავადმყოფოში. იქ ვითხოვდი ოპერაციის გაკეთებას. მეხუთე დღეს დამეწყო სისხლდენა და გამიყვანეს საოპერაციოდ, თუმცა ოპერაცია უშედეგოდ დაიხურა. ჩემი ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ ვერ გაიგეს, იყო თუ არა დაზიანება ან რა იყო სისხლდენის მიზეზი. ჩემებმა მოითხოვეს გერმანიაში ან სხვა საავადმყოფოში გადაყვანა, რაზედაც თქვეს, რომ ვერ გამწერდნენ.
ჩემი ახლობლები დიმიტრი მხეიძეს სთხოვდნენ, რომ მისი გაფუჭებული საქმე მას გამოესწორებინა, თუ საჭირო გახდებოდა გერმანიაში ჩემი გადაყვანა, ხარჯები მას უნდა გაეწია. გადაწყდა „ავერსის“ კლინიკაში ჩემი გადაყვანა, გამოიძახეს სასწრაფო, გადამიყვანეს, მაგრამ არ მიმიღო „ავერსის“ კლინიკამ. იქ დამხვდნენ ექიმები კახა ქუნთელია და შორენა წიკლაური. მათ უარი განაცხადეს ჩემს მიღებაზე, რადგან, როგორც თქვეს, ჩემი გადარჩენის 10 პროცენტი არსებობდა. დიდი თხოვნის, ხელწერილების დადების შემდეგ ექიმმა კახა ქუნთელიამ მიმიღო, მეორე დღეს დაინიშნა ოპერაცია, რომელიც ოთხსაათ-ნახევარი გაგრძელდა. გულიც გამჩერებია თურმე, წნევა დამვარდნია, მაგრამ ექიმმა ქუნთელიამ გადამარჩინა. კახა ქუნთელია ცნობილი ექიმია, სისხლძარღვთა ქირურგი, გერმანიაში მუშაობს და ჩემს ბედზე იყო საქართველოში. მითხრეს, რომ მეორე ვიყავი იმ კლინიკაში, ვინც ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი გადავრჩი. ეს ოპერაცია დააფინანსა მხეიძემ, დაურეკეს ჩემებმა და სხვა გზა არ ჰქონდა, გადმორიცხა თანხა. 25 ათასი დაჯდა მესამე ოპერაცია.
გადავრჩი, მაგრამ შემდეგ განმივითარდა სხვა პრობლემები, სისხლდენებიდან, ჩაქცევებიდან სახის არეში გაჩნდა კისტები თვალებთან, კბილებთან. მეოთხე ოპერაცია მჭირდებოდა, მივმართეთ მხეიძეს. მან მტკიცე უარი განაცხადა მეოთხე ოპერაციის დაფინანსებაზე. მე ავიღე ვალები და გავიკეთე კიდევ ერთი ოპერაცია, რა დროსაც ამომაჭრეს 4 კისტა, მომჭრეს ზედა ყბის მთლიანი ძვალი, კბილებიც არ შემარჩინეს. 13 მეტალი მაქვს სახის არეში. მას შემდეგ გავიდა წელიწადზე მეტი, გვერდით მდგომი არავინ მყავს, ამიტომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ვალების დასაფარად წავედი ემიგრაციაში სამუშაოდ. სახეზე დეფორმაცია განვითარდა, ამ დრომდე მაქვს შეშუპებები, ტემპერატურა, მიჭირს მოძრაობა, შრომისუნარიანობა დაქვეითებული მაქვს.
ამავდროულად, მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს. მათ გამოიჩინეს უყურადღებობა, რამდენჯერმე დავრეკე, მაგრამ უშედეგოდ, დღემდე არ მაქვს პასუხი ჩემს საჩივარზე.
დიმიტრი მხეიძე არის „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, მმართველი გუნდის წევრი. არის ბიზნესმენი. ვფიქრობ, ამიტომ არ ხდება რეაგირება ჩემს საჩივარზე. ვიცი, რომ მე არ ვარ პირველი, ვინც მისი შეცდომის შედეგად დაზარალდა. მინდა, ჩემი ამბის გასაჯაროებით სხვა გადავარჩინო.
ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ნატო ბენდელიანმა რეგულირების სააგენტოს ნამდვილად მიმართა, თუმცა განგვიცხადეს, რომ კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, სხვა ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.
ფაქტს არ უარყოფს ექიმი მხეიძე, თუმცა უარყოფს სამედიცინო შეცდომას. რაც შეეხება თანხის გადახდას, ამბობს, რომ ქველმოქმედების სახით ადამიანებს ხშირად ეხმარება. თუმცა ადასტურებს რეგულირების სააგენტოს მიერ მოკვლევის ჩატარებას. დაზარალებული მოქალაქის პოზიციასთან დაკავშირებით კი, რომ მას, როგორც მმართველი გუნდის წევრს, ოფიციალური უწყებაში მფარველობენ, უსაფუძვლოდ მიიჩნევს:
დიმიტრი მხეიძე:
_ ექიმის ბრალეულობას ადგენს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს კოლეგია. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს სანქციები იმ ექიმების მიმართ, რომლებმაც რამე სამედიცინო შეცდომა დაუშვეს ან არასწორად გააკეთეს ოპერაცია. შესაბამისად, თუ რეაგირება არ არის რეგულირების სააგენტოდან და ჯანდაცვის სამინისტროდან, კოლეგიიდან დადებითი დასკვნაა, ეს ნიშნავს, რომ ექიმის ბრალეულობა არ არის.
ექიმის დადანაშაულება შესაძლებელია, თუ ოპერაციის დროს ან ოპერაციიდან რამდენიმე დღეში განუვითარდება პაციენტს პრობლემა, როგორც ამ შემთხვევაში იყო სისხლდენა (სისხლძარღვის დაზიანების შედეგად სისხლდენა). როგორც მახსოვს, მას სისხლდენა განუვითარდა ოპერაციიდან 10 დღის თუ ერთი კვირის შემდეგ. მას სისხლდენა განუვითარდა მაღალი არტერიული წნევის შედეგად. ეს დაფიქსირებულია სასწრაფოს მიერაც და კლინიკაში შეყვანის დროსაც. ეს სისხლდენა ჩერდებოდა და შემდეგ ისევ იწყებოდა წნევის მატებასთან ერთად. პროტოკოლშიც არის შეტანილი დასკვნა. პაციენტმა აღნიშნა, რომ იმ დღეს წნევის მარეგულირებლის დალევა დაავიწყდა. შესწავლილია ეს თემა რეგულირების სააგენტოს მიერ, ჩამოსულიც იყვნენ, დამკითხეს. დეტალურად, ქრონოლოგიურად ავუხსენი, ისტორიიდან ამონაწერი გააკეთეს, მერე საქმე გავიდა კოლეგიაზე, როგორც ვიცი. რა შუაშია იქ გუნდი და რა შუაშია „ქართული ოცნების“ წევრობა? თუ გინდა, იყავი გუნდის წევრი, დღეს ისეთი გუნდია ქვეყნის სათავეში, თუ არასწორი არის ადამიანი, ნებისმიერი აგებს პასუხს, ეს არის მართალი, ღმერთის წინაშე და ხალხის წინაშე. არავითარ შემთხვევაში მიკერძოება არ შეიძლება, ადამიანმა თუ დააშავა, უნდა აგოს მეორე ადამიანის წინაშე პასუხი. მე რომ მოვიკითხე, რა ხდება ჩემთან დაკავშირებით-მეთქი? _ თუ ბრალეულობა გექნება, იმ შემთხვევაში გაცნობებთო და თუ არ გაცნობეთ, ე. ი., არანაირი ბრალეულობა არ არისო, _ განუცხადა დიმიტრი მხეიძემ „ქრონიკა+“-ს.
რაც შეეხება ოპერაციას, მხეიძე უარყოფს, რომ ოპერაცია რთული იყო:
– რას ამბობთ?! ოპერაცია რამდენიმე წუთში დამთავრდა. არანაირი სირთულე, იდეალურად დამთავრდა რამდენიმე წუთში ოპერაცია.
_ რაც შეეხება კლინიკა „ავერსში“ ჩატარებული ოპერაციის დაფინანსებას?
_ რა ოპერაციის დაფინანსება? ასე შეიძლება ვინმე გაჭირვებული მოვიდეს. მე როდესაც მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი (ქუთაისის), ჩემთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა დახმარების სათხოვნელად. ახლაც ბევრი მომმართავს, ბევრს ვეხმარები, მაგრამ 25 ათასი ლარი არავისთვის გადამიხდია, ასეთი თანხები სად არის?! არც მახსოვს, ვინ რა დაეხმარა, მე პირადად არანაირი თანხა არ მიმიცია მისთვის. არ ვიცი, ვინმე თუ დაეხმარა კლინიკიდან. ეს არ ნიშნავს ბრალეულობის აღიარებას, შეიძლება ადამიანურად დაეხმარო ვინმეს, რადგან ფინანსები არ აქვს, უჭირს. ასე ძალიან ბევრს ვეხმარებით ჩვენ.