აჩის ფაქტორი, აღა-მაჰმად-ბიძინა და სამეფო „კუშეტკის“ თამაშები
აგერ უკვე მერამდენე წელია, რაც ივანიშვილი გლეჯს, თხრის და სახლში თავისი ეზოს დასამშვენებლად მიათრევს ხეებს. ყველაფერი ასე ხდება, ვიღაც, ვის ენაზედაც ახია, რომ მოისაქმოს ბიძინას ზებრამ, ბიძინას მიუტანს ენას, რომ ამა და ამ სოფელში დგას ცადაზიდული, ას და ორასწლოვანი ესა და ეს ხე. ბიძინა წავა და იმ ხეს შემოუვლის ზუსტად ისე, როგორც აბდუშაჰილი უვლიდა მონასტერს. შემოუვლის, ჩაეხუტება, წაეცეკვება, წაეთომარება და გამოუტანს განაჩენს, _ ესა და ეს ხე ამა და ამ სოფლიდან უნდა გადაირგოს მის ეზოში! მოთხრიან ამ ხეს, მოჭრიან მიწას და გაუყენებენ გზას. გზას, რომელსაც ამ ხისთვის დააგებენ _ ხმელეთზე, ზღვაზე…
გაიტაცებს პატარძალვით ამ გიგანტურ ხეებს და ვერ ატარებს სოფლების გალეულ შუკებში, ვერ ატარებს და აფართოებს ამ გზებს, მონღოლთა ურდოებივით თქორავს ყველაფერს, რაც გზად ხვდება, კაფავს ყველაფერს, რაც გზად ეღობება, კაფავს ქარსაცავებს, ერთი ხის გადატანას ეწირება ათასობით ხე. ჩეხს დაუნდობლად, დაუნანებლად.
აგერ, ახლა, „რუსთავი 2-ის“ ეთერში ვიხილეთ, იმ კვლევის შედეგები, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩაატარა. განადგურებულია ქარსაცავები, რომლის აღდგენას უნდა ათეული წელი!!! სიუჟეტში პირდაპირ ითქვა, რომ სოფელ კვირიკეში მილიარდერის მიერ დაზიანებული ადგილის რეაბილიტაცია-აღდგენას შვიდი წელი და 178, 000 ლარი სჭირდება. ხუცუბანში გაჩეხილ ევკალიპტებსა და არასწორად გადაბელილ ნაძვების 111 000 ლარი სჭირდება.
დასკვნაში კი წერენ, 7 წელი სჭირდებაო, მაგრამ ვინმეს ჯერა, რომ 7 წელიწადში იქ ხეები იმხელები გახდება, რამხელებიც იყო და გაკაფა მურვან-ბიძინამ თუ აღა-მაჰმად-ბიძინამ? ან იმისი გჯერათ ვინმეს, რომ ხეგლეჯია დადებს მის მიერ აოხრებული ქარსაცავების სარეაბილიტაციო თანხებს?
აქამდე გვეგონა, რომ მარტო ხეები ეწირებოდა აღა-მაჰმად-ბიძინას ამ ახირებას _ ხეების გლეჯა-გადათრევას. ახლა კი, მკვლელობიდან ათი თვის შემდეგ, გაირკვა, რომ სწორედ ამ ხეების გადათრევას ემსხვერპლა მუხაესტატეს პოლიციის უფროსი, ბუტა ანთაძე. სამი ბავშვი დაობლდა მარტო იმიტომ, რომ აღა-მაჰმად-ბიძინას მიერ ძირფესვიანად მოგლეჯილი ხე გადაჰქონდათ, ფილტვების ანთებიანი პოლიციელი შუაღამისას ზეზე წამოაგდეს და იმ ხის გაცილება აიძულეს. მარტო ბუტა ანთაძე კი არა, იმ შუაღამისას ყველა პოლიციელი ქუჩაში გამორეკეს, რომ მეგალომანიაკის ხის გასატარებლად გზა გადაეკეტათ.
იმ ხის გასატარებლად გზა გადაიკეტა, გზის გადაკეტვით გაცოფებულმა ვინმე ტაკიძემ კი ზურგში დანა ჩასცხო პოლიციელს და მოკლა.
საქმის მასალებში ნახსენებიც არაა არც ივანიშვილი და არც მისი ხე. უნამუსოდ წერენ, რომ მკვლელობა მოხდა მაშინ, როცა არაგაბარიტული ტვირთი გადაჰქონდათ. ახლაღა ირკვევა, რომ ეს არაგაბარიტული ტვირთი სწორედ აღა-მაჰმად-ბიძინას არაგაბარიტული ახირება _ გიგანტური ხე იყო!
მოკლედ, ივანიშვილის არაგაბარიტულ ახირებას ეწირება ბუნება: ხეები, ქარსაცავები, გზები, მიწები, ეწირებიან ადამიანები. ჩვენ კი არაგაბარიტული მოთმინებით, აგერ უკვე, მერამდენე წელია, ვუყურებთ მის ამ ახირებას. ჯერ გავცოფდით, ავჩხუბდით, ავყაყანდით. როცა ვერაფერი გავაწყვეთ, დაცინვაზე გადავედით, ირონიას ცინიზმი მივაშველეთ, მაგრამ არც ამან გაჭრა. ის ჩვენს რეაქციებს ისე ითვალისწინებს, როგორც ქარავანი ძაღლის ყეფას. მეტიც, ძაღლადაც არ გვაგდებს და თავის დილიხორს ისწორებს. აი, რისი ხოშიც ჰქონდა ტრავმირებულ წარსულში, იმას ისწორებს და სულ იმ ცალ გამოხეულ „ნასკზე“ ვკიდივართ, რომელიც ეცვა მანამ, ვიდრე მილიონებს და შემდეგ მილიარდებს მოიხვეჭდა.
რატომაც არ ვეკიდებით სუნიან და გამოხეულ ნასკზე, როცა გასდის? ივანიშვილი იმ უზნეო ბალღივითაა, რომ ტიროდა და ჰკითხეს, _ რატომ ტირიხარო? _ გამდის და ვტირივარო. გასდის და რატომ არ „იტირებს“? გასდის და რატომ არ გვიტირებს ყოფას?
ხეებსაც დაგლეჯს, სკვერსაც აგვახევს ლარად და ვინც როდის მოუნდება, თავზეც დაგვასვამს. არ მითხრათ ახლა, რას ამბობო და არ იუაროთ. ასე არ წამოასვა თავზე თბილისს ჯერ ნარმანია, მერე კალაძე და მთელ საქართველოს _ ჯერ მარგველაშვილი და მერე ზურაბიშვილი? არ გაუვიდა? არ შეირგო თავისი ბოსტნის სტაფილოსავით? მოსვლის დღიდან გვითხრა, _ კრიმინალი მოიმატებს და გაგებით მოეკიდეთო. მას შემდეგ აგერ მეშვიდე წელია და რა, არ ვეკიდებით გაგებით? არ მივეჩვიეთ კრიმინალის მატებას? არ მივაჩვიეთ ყური ქურდობას, ძარცვას, გლეჯას და მკვლელობებს? არ გავისქელეთ კანი? დედის რძესავით არ ვირგებთ გატეხილ მანქანებს, გაძარცვულ სახლებს, დღისით-მზისით ჩახოცილ ბიჭებს? ჰო, რა, ის ფაქიზი და მგრძნობიარე კანი, მიშას დროს რომ გვქონდა, არ გავისქელეთ საქონლის ტყავივით?
ვაზაგაშვილი რომ სპეცოპერაციის დროს მოკლა პოლიციამ, რამდენი ვიცი, ისე ამოიპუტა ბოქვენი, გენიტალიებიც ამოაყოლა და მათ გარეშე დარჩა. ისეთი მგრძნობიარეები იყვნენ და ახლა, ამდენი ხოცვა-ჟლეტისას კი დგანან სალი კლდეებივით. ბიძინამ გაამამაცა ეს მგრძნობიარე ხალხი. თავდაჭერა ასწავლა. ღირსება და გაგება.
ჰო, უშიშარი გახდა საზოგადოება, უშიშარი, ვითარცა უხორცო. აღარაფრის შიში აქვთ, თავისუფლად სუნთქავენ. ბიზნესმენიც და უბიზნესო ღატრაკუნაც. აგერ, დიდი პოეტი _ არჩილ თალაკვაძე გაგვიქურდეს. ამ ქურდობაში სამი ასპექტი იყო მნიშვნელოვანი: პირველი თავად ფაქტი, მეორე ის, რომ ეს ახალგაზრდა კაცი ფულს სეიფში ინახავს და მესამე _ მეზობლის კომენტარი. ჯამში, ეს შემთხვევა და ეს ყველაფერი უზუსტესად ასახავს იმას, რა ხელისუფლებაც ჰყავს ქვეყანას! ხელისუფლება რომელმაც კრიმინალში ჩახარშა ქვეყანა! სადაც ქურდი ისე თავხედდება, რომ ზინასა და ქსენიას კი არა, პარლამენტარსაც კი ქურდავს, ისე აქვს აწყვეტილი! აკი, ბრძანა კიდეც ალუჩანატკენ აჩიკოს მეზობლობით მოკეკლუცე ბედნიერმა მეზობელმა: სულ ვფიქრობდი, რომ „აჩის ფაქტორი“ რაღაც შემაკავებელი იყო ჩვენთვისო.
ჰო, რა იყო, ამ ქალბატონს ზუსტად ისე ეიმედებოდა აჩის ფაქტორი, როგორც ცხონებულ ლადო ასათიანს ვერიკოსა და ნატოს ეშხის ფაქტორი. ახლა ეს მეზობელი ცოტა შეშინებულია. ძალიან კი არა, ცოტა. ოდნავ, აი, სულ ოდნავ…
იმაზედ აღარაფერს მოგახსენებთ, სრულიად ახალგაზრდა, 1983 წელს დაბადებული კაცი, თან პოეტი, ფულს პენსიონერივით სეიფში რომ ინახავს. ბანკში კი არ უდევს, ბარათზე კი არ აქვს, სეიფში უდევს. მადლობა ღმერთს, კარაპეტა დამბაღოვივით და მიკირტუმ გასპარიჩივით მთლად მუთაქებში რომ არ ინახავს და იმ მუთაქებს იმ ალუჩის ძირში არ მარხავს, ქე რომ ამასწინებზე შვილი გააჩენინა! აი, ეს შემთხვევა მაინც არ ცხადყოფს, როგორ არიან შესაბამისობაში დროსთან და ცივილიზაციასთან „ქოცები“? შე, ალუჩაძაღლო, რომელი საუკუნეა, სეიფში ფულს ვინღა ინახავს? ცივილიზაციამ, რა, ვერ გატაკა „კარტა“?
ალუჩანატკენს სეიფი აქვს. მერე რა, რომ პატარა. აი, ბაგრატიონებს სამეფო ტახტი არ აქვთ და ერთ ადგილს ათამაშებენ. ტახტი კი არა, ერთი „კუშეტკაც“ არ აქვთ და უკვე ცხელი ტაფებით დასდევენ ერთმანეთს. ბაგრატიონ მუხრანელებს უტევენ ზაქიჭამიას ჩამომავლები, გრუზინსკები, აი, დღემდე რომ ვერ შეელივნენ ამ გრუზინსკობას _ იმის მიერ თავსმოხვეულ გვარს, ვისაც უბრძოლველად დაუთმეს ქვეყანა, ვინც ტახტამოგდებული დატოვა ისინი.
კი, მაშინ დრო იყო მურტალი, ძალა აღმართს ხნავდა და ამაო აღმოჩნდა ყველას თავგანწირვა _ 1832 წელს შეთქმული მამულიშვილებისაც და მანამდე დარეჯან დეოდოფლისაც, მარიამ დედოფლისაც, რომლებიც, სხვათა შორის, სულაც არ იყვნენ ბაგრატიონები! რუსთმოძულე დარეჯან დედოფალი დადიანი იყო, უხერხემლო ზაქიჭამია გიორგის თანამეცხედრე მამაცი დედოფალი მარიამი კი, ვინც შიგ პუტინში გაუყარა ხანჯალი ლაზარევს, ბაგრატიონი კი არა, ციციშვილი იყო!
ალბათ, ეს ანტირუსი დედოფლები სამარეებში როგორ ბორგავენ, უყურებენ რა ამ „კუშეტკის“ თამაშებს! ჯერ იყო და პუტინის „ფავორიტკა“ სალომე ზურაბიშვილმა სწორედ მათ _ ერეკლეს სასახლეში იკისრა ინაუგურაცია, ახლა კიდევ ესენი ხტუნაობენ სამეფო „კუშეტკაზე“! გრუზინსკები დავით ბაგრატიონს ორდენების დარიგებაში ამხელენ და ედავებიან, _ ფინანსურ სარგებელს ნახულობსო. დავით ბაგრატიონის მხარე კი გრუზინსკებს ბაგრატიონობას ედავება, _ სიხარულიძეები ხართ და დნმ უნდა ჩატარდესო.
მოდი და ნუ გაგეცინება, თან მწარედ. ჯერ ამ ორდენების დამრიგებლის ტვინში ჩამახედა და მერე იმათ ტვინში, ვინც ამ ორდენებში ფულს იხდის! ახლა, კიდევ, ამათ დეენემთმცოდნეობაში! საინტერესოა, მაინც, რა ჰგონიათ „დეენემი“ ამ უტახტო ყარაჩოღელებს? საპატრიარქომ დნმ-ის კვლევა ჩაატარებინა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სიხარულიძე გამოდგაო. ეგ როგორ? კაი, დავიჯერე, რომ ნუგო მეფეს დეენემი აუღეს და მამამისის _ პეტრე გრუზინსკისას შეუდარეს და არ დადასტურდა მათი მამაშვილობა და აქედან დაასკვნეს, რომ ნუგო ბაგრატიონი არაა, მაგრამ საიდან დაასკვნეს, რომ სიხარულიძეა? ვის ჰქონდა ეჭვი ნოე სიხარულიძეზე, რომ მაინცდამაინც ნოესას შეუდარეს და ნოე გამოდგა ნუგოს მამა? და, საერთოდ, ნუგზარს რომ აუღონ, ვისას უნდა შეადარონ, რომ ბაგრატიონობა დაამტკიცონ? მამამისისას? და მამამისისას რომ დაემთხვეს, რა გარანტია გვაქვს, რომ ის მამა _ პეტრე გრუზინსკი, ბაგრატიონი იყო? ეგებ და პეტრე გრუზინსკი არ იყო ბაგრატიონი? ახლა პეტრეს დნმ შევადაროთ მამამისისას და ასე ჩავიდეთ და ვთხაროთ კურაპალატებამდე? მოკლედ, ყველა მეფე გავთხაროთ?
კონსტიტუციური მონარქიის იდეა, ჯერ კიდევ, სააკაშვილის დროს შემოაგდო რუსეთმა. ეს არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს… სწორედ იმ გეგმის ნაწილი იყო დღეს ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დატაკებული ანასა და დავითის უსიყვარულოდ შეუღლებაც. ახლა კი ამ თავისი „კუშეტკის“ თამაშებით თვითონ უღებენ ბოლოს კონსტიტუციური მონარიქიის იდეას.
არ ვიცი, შეგნებულად აკეთებენ ამას თუ ერთიმეორის ქიშპით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მათი ეს ქმედება, ნებსით თუ უნებლიეთ, პატრიოტული გამოდის _ საბოლოოდ აფარჩაკებენ რუსეთის მიერ შემოგდებულ იდეას _ კონსტიტუციური მონარქიის იდეას. მადლობა მათ ამისთვის.
რეზო შატაკიშვილი