აფხაზური რევოლუცია _ სისუსტის ნიშანი
აფხაზეთში მორიგი რევოლუცია მოხდა, რაც თავისთავად არ არის კარგი მოვლენა _ რევოლუცია კარგია რამდენიმე ათწლეულში ერთხელ, მაგრამ როდესაც ის ხდება რუტინა და ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი, ნორმალური საშუალება _ ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს.
ამ შემთხვევაში არ ვისაუბროთ საერთაშორისო სტატუსზე, არაღიარებაზე, იმაზე, რომ არავითარი აფხაზეთის სახელმწიფო არ არსებობს, იმაზე, რომ იქ ყველაფერს წყვეტს რუსეთი და ა. შ.
ფაქტი ისაა, რომ არსებობს სახელმწიფოებრიობის ორი განზომილება _ ერთია საერთაშორისო ლეგიტიმაცია, მეორე კი _ რეალური ცხოვრება. სულ არაა აუცილებელი, გაეროში იჯდე იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა გამართო და წესრიგი დაამყარო საკუთარ ტერიტორიაზე.
სახელმწიფოებრიობის ხარისხის განსასაზღვრად საერთაშორისო აღიარებაზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს, რა სისწრაფით ხდება წყალგაყვანილობის დაზიანებული მილის შეკეთება _ ამ მხრივ ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ აფხაზეთზე, როგორც სახელმწიფოზე.
ბოლოს და ბოლოს, რომელი ქვეყანა შეიძლება ჩაითვალოს უფრო მეტად სახელმწიფოდ _ საერთაშორისოდ აღიარებული ავღანეთი, თუ ტაივანი _ მოწესრიგებული სუპერქვეყანა, რომლის დამოუკიდებლობასაც არავინ ცნობს ათწლეულების მანძილზე? კითხვა, ალბათ, რიტორიკულია. ნუთუ, ვინმე იტყვის, რომ ავღანეთი?
მაშ, რას გვეუბნება აფხაზური სახელმწიფოებრიობის შესახებ ის ფაქტი, რომ აი, უკვე მეორედ, ხელისუფლება სოხუმში რევოლუციური გზით იცვლება?
ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ეს კარგია. მაგალითად ის, რომ ვერც ერთი აფხაზი ლიდერი, პუტინის ხელდასხმულიც კი, ვერ გრძნობს თავს იმპერატორად, რომლის ძალაუფლების საკითხიც ღმერთების დონეზე წყდება. კარგია ისიც, რომ ძალოვნები ვერ უთხრიან თვალებს პროტესტის გამოსახატავად ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს.
კარგია, რომ მობეზრებულ ლიდერს ვერ შველის ვერაფერი _ ვერც ფული, ვერც ადმინისტრაციული რესურსი, ვერც ძალა, ვერც პუტინთან მეგობრობა, ვერც 5 კილო კარტოფილიც კი. აფხაზები ყოველთვის მზად არიან, გაუშვან სახლში პოლიტიკოსი, რომელსაც რეალობის ადეკვატური აღქმის უნარი ღალატობს.
თუმცა ამით აფხაზური რევოლუციის დადებითი მხარე იწურება, დანარჩენი _ უარყოფითია.
თავად ის ფაქტი, რომ ასეულ შეუიარაღებელ ადამიანს შეუძლია სახელმწიფოს მორყევა რამდენიმე საათში _ მთელი თავისი აპარატით, მთავრობით, სამინისტროებით, ძალოვანი სტრუქტურებით _ იმას ნიშნავს, რომ არავითარი სახელმწიფო რეალურად არ არსებობს. თანაც არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ყველაზე დაბალ დონეზეც კი.
კარგია, რომ თვალებს არ თხრიან, თუმცა სახელმწიფო, რომელიც ვერ ეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევარდნილ ადამიანებს, ხვალ ასევე ვერ შეეხება კრიმინალსა და ყაჩაღს, ვერ მიუჩენს თავის ადგილს კრიმინალურ ავტორიტეტს, ვერ დაშლის ბრბოს, რომელიც გამოვიდა ქუჩაში დამნაშავე-ნათესავის განთავისუფლების მოთხოვნით.
სუსტი სახელმწიფო ვერ დაიჭერს მაღალჩინოსნებისა და ცნობილი ოჯახების შვილებს, ვერ აიძულებს ყველა სავაჭრო ობიექტს ქვითრების გამოწერას, ვერ შეაშინებს ბიზნესს იმდენად, რომ ყველამ გადაიხადოს გადასახადები.
მანამ, სანამ აფხაზური საჯარო სტრუქტურები არ იქნება მზად მკაცრი და არაპოპულარული ზომების მისაღებად, მათ შორის, ძალისმიერის, არც ერთ გადატრიალებას თუ რევოლუციას არ მოყვება არავითარი დადებით შედეგები.
ბევრს საუბრობენ, რომ აფხაზეთში თითქმის ყველაფერს რუსეთი აკონტროლებს და ასეც არის, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ არაღიარებულ რესპუბლიკაში თამაშის წესები გაცილებით უფრო მოუწესრიგებელი და ქაოსურია.
რუსეთი, ასეა თუ ისე, სახელმწიფოა, სადაც ასე თუ ისე, მუშაობს მოქმედი სახელმწიფო მანქანა, ასე თუ ისე, მოქმედებს კანონი, ბიზნესი იხდის გადასახადს და აშკარა დანაშაულის გამო ადამიანები ციხეში მიდიან.
რუსეთში არსებობს მკვეთრი და გასაგები თამაშის წესები, რომელსაც მეტ-ნაკლებად ყველა იცავს და ორგანიზებული კრიმინალიც კი ცდილობს, გარეგნულად არ გასცდეს კანონის ფარგლებს.
აფხაზეთში კი სრული ქაოსია, დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოში _ არ მოქმედებს არავითარი კანონები, არავითარი სახელმწიფოებრივი ცენტრალიზაცია, თუნდაც იმ დონეზე, რაც არის რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში.
ამ რეალობის შესაცვლელად არაა საკმარისი ერთი პოლიტიკოსის გაშვება და მეორის მოსვლა _ დღეს აფხაზეთის განვითარების მთავარი მოწინაამღდეგე არც რუსეთი და არც საქართველოა, დღეს აფხაზეთს აფერხებს „ჭეშმარიტი აფხაზობა“, ისევე როგორც საქართველოს _ „ჭეშმარიტი ქართველობა“.
ტრადიციული აფხაზური მენტალიტეტი შეუთავსებელია ყოველგვარ პროგრესთან და წინსვლასთან _ ეს არის პატარა, ჩამორჩენილი, სოფლური ერის თვითშეგნება _ ზუსტად ისევე, როგორც „ჭეშმარიტი ქართველობა“.
თუმცა, ამ მხრივ, აფხაზეთში გაცილებით უფრო დიდი პრობლემებია, ვიდრე _ საქართველოში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, აღიარა „მამაპაპური ქართველობის“ უსარგებლობა და არაკონკურენტუნარიანობა თანამედროვე სამყაროში.
თუ საქართველოს აქვს რაიმე მიღწევები, ის უკლებლივ ყველა დაკავშირებულია სწორედ ამ ძველი მენტალიტეტის დიდ ნაწილზე უარის თქმასთან.
აფხაზური საზოგადოება კი ამისთვის მზად არაა. აფხაზური ტრადიციები, „აფსუარა“ _ დღემდე ითვლება ეროვნული თვითშეგნების ძირითად საფუძვლად. „აფსუარას“ სისწორე არასდროს და არსად არ დგას ეჭვის ქვეშ, ამაზე საუბარიც კი არ არის.
აფხაზები ბევრს ლაპარაკობენ ცუდ პოლიტიკოსებზე, უვარგის პოლიტიკურ ელიტაზე, მაგრამ არასდროს _ „ჭეშმარიტ აფხაზობაზე“, რომელიც, რეალურად, ამ ყველაფრის საფუძველია.
სწორედ ამიტომ რევოლუციები მიდი-მოდის, სახელისუფლებო კლანები იცვლება, თუმცა რეალური ვითარება უარესდება და უარესდება _ და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ აფხაზები არ აღიარებენ, რომ პრობლემების თავი და თავი სწორედ დრომოჭმული „ჭეშმარიტი აფხაზობაა“.
ჯერჯერობით ამ აღიარების კვალი არც კი ჩანს, შესაბამისად _ რევოლუციები კიდევ იქნება.
თენგიზ აბლოთია