აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
თბილისში, აფრიკის დასახლებაში, ფიზიკის ქუჩაზე, ვითარება დილიდან დაძაბულია. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.
ადგილობრივები სახლების დემონტაჟის პროცესს აპროტესტებენ. ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება აფრიკის ქუჩაზე დილიდან დაიწყო, როცა იქ მივიდნენ თბილისის მერიის ზედამხედველობის თანამშრომლები, მძიმე ტექნიკასთან ერთად.
საპატრულო პოლიციას ცოცხალი ჯაჭვი აქვს გაკეთებული და ადგილობრივ მოსახლეობას მძიმე ტექნიკასთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.
„ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო“, – წერია განცხადებაში.
ნენე ინჯგია