აფთიაქი _ ამომრჩევლისთვის, ტირის თოფი _ დუნდულოსთვის
ყველა წინასაარჩვენო კაზუსი თავისი ცემა-ტყეპებით, თვალის გამოთხრებით, ტირის თოფიდან სროლებით და პარტიული აფთიაქების გახსნებით მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დარღვევების, რაც 3 ოქტომბრიდან დღემდე ხდება საქართველოში. „ქრონიკა+“ მხოლოდ მცირე მათგანს, კერძოდ 10 ფაქტს წარმოგიდგენთ, რომელიც ასე ფართოდ არ გახმაურებულა.
ფაქტი #1
დიდი ცემა-ტყეპა ატყდა გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში. „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ლევან თარხნიშვილსა და მისი შტაბის წევრებს სოფელ მეჯვრისხევში თავს დაესხნენ. პოლიციასთან ხატოვნად აღწერეს თავდასხმის დეტალები ფეხის ილეთებით. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, თავდამსხმელები „ქართული ოცნების“ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი აქტივისტები იყვნენ. მათ ჯერ თარხნიშვილისა და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატებს „ქართული ოცნების“ პლაკატები გადააკრეს, შემდეგ კი პარტიის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ადგილზე მოსული სამართალდამცავების წინაშე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ დაბნეულან და პროვოკაციაში თავად „ევროპული საქართველო“ დაადანაშაულეს.
ფაქტი #2
თბილისში „თავისუფალი საქართველოს“ აფთიაქი გაიხსნა. ახლა ეს ფრაზა უნდა ავხსნათ, იმიტომ რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველად „პოლიტიკურმა პარტიამ“ გახსნა აფთიაქი. მერე რა, რომ წინასაარჩევნოდ! პარტიის ლიდერ კახა კუკავას განცხადებით, თბილისელებსა და მის სტუმრებს ამიერიდან მედიკამენტების შეძენა მათთვის შეღავათიან ფასებში შეეძლებათ. კუკავას არ უთქვამს, რა ბედი ელის აფთიაქს არჩევნების დასრულების შემდეგ. დახურავენ, ალბათ! თუ არ დახურეს და ეს რა იქნება _ პოლიტიკური პარტიის ბიზნესსაქმიანობა? რაც არ უნდა იაფი იყოს, ყიდიან წამლებს, ხომ არ ჩუქნიან მოსახლეობას.
მაინც შევახსენოთ პარტიის ლიდერებს (პოსტსაარჩევნოდ აფთიაქის დახურვის შემთხვევაში), რომ ამომრჩევლის მოსყიდვა სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლით ისჯება „და კიდო“ სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ფაქტი #3
ქუთაისში „ლელოს“ შტაბის წევრს პაატა კიკაბიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვაკონკრეტებთ: იგი ხელშია დაჭრილი და ქუთაისის საავადმყოფოში თვალის შენარჩუნების მკურნალობა ჩაუტარდა. თვალიც დაუზიანეს. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ანგარიშსწორება პოლიტიკური გახლდათ, ვინაიდან თავდამსხმელზე კიკაბიძეს ავტომობილში განთავსებულმა „ლელოს“ სააგიტაციო პლაკატებმა ისე იმოქმედეს, როგორც ტორეადორის ხარზე წითელმა ქსოვილმა. თავდამსხმელი დააკავეს. დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რას იზამს (ადამიანი იქით იყოს და) პარტია ამომრჩევლის გამო. ორი დღის შემდეგ კი ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე იგივე ანა ნაცვლიშვილმა, მაჟორიტარობის კანდიდატმა, განაცხადა, რომ პარტიის წევრის ცემის ფაქტში „პოლიტიკური მოტივაცია არ იკვეთება“, რომ მას განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს, რის გამოც ფაქტი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა. პარტიაში ჩატარებული შიდა გამოძიებით კი დაადგინეს, რომ პაატა კიკაბიძის ცემა პოლიტიკურ მოტივს არ უკავშირდებოდა.
რატომღაც, კითხვა არ დაისვა, _ თუ „ლელოს“ წევრის ცემა პოლიტიკური არ არის, მაშინ მიზეზი „სადოურია“ _ მეზობლური? სამსახურებრივი? წინა ცხოვრების გადმონაშთია? ქუთაისი დიდი ქალაქია და რაღა შტაბში მოუნდომეს თავდახმა?
ფაქტი #4
ქვემო ქართლში ბაღისა და სკოლის მასწავლებლებს დაერივნენ. სოფელ ქსნის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ დოდო ჭოტორლიშვილს, მისივე განცხადებით, თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილების ვადა აღარ გაუგრძელეს. ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ოჯახის წევრების პოლიტიკური სიმპათიების გამო ისჯება. დოდო ჭოტორლიშვილის თქმით, მისი შვილი არც ერთი პარტიის წევრი არ არის, თუმცა მხარს უჭერს და ეხმარება ოპოზიციური „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარ კანდიდატებს კახა ოქრიაშვილსა და ცეზარ ჩოჩელს. ის ასევე ამბობს, რომ სხვა დირექტორებს, ვინც ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მიმართ მიკერძოებულია, გაუგრძელეს ხელშეკრულებები.
პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან განთავისუფლებაზე საუბრობს ასევე წეროვნის მე-3 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი რამინ ჩიტაშვილი. მიზეზად ის ცეზარ ჩოჩელთან „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნათესაობასა და მის მხარდაჭერას ასახელებს. დოდო ჭოტორლიშვილის მსგავსად, მასაც უფლებამოსილების გასვლის შემდეგ ხელშეკრულების ვადა აღარ გაუგრძელეს. ჩიტაშვილი აცხადებს, რომ ყოველი არჩევნების წინ თხოვდნენ, გაეკეთებინა სიები პარტიის (იგულისხმება „ქართული ოცნება“) მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების, რაზედაც ის უარს აცხადებდა. ასევე მისი თქმით, მას მოქმედმა გამგებელმა, შალვა კერესელიძემ შეუთვალა, რომ იმისთვის უნდა დაეჭირა მხარი, რომელიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.
ფაქტი #5
ქუთაისში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ოთარ კახიძის ცნობით, პარტიის ოფისს აგურები დაუშინეს. ვანგარიშობთ _ 1 ცალი კვერცხი (სოფლის) 50 თეთრი ღირს. ერთი ცალი პომიდორი _ 0,80 1 ლარი გამოდის, ერთი აგური 5 ლარი. „ქართულ ოცნება“ აშკარად არ ეწევა ეკონომიას, როცა საქმე საარჩევნო კამპანიას ეხება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარტიის ოფისის დაზიანების ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი ამხილეს და დაადგინეს, რომ მიყენებულმა ზარალმა 80 ლარი შეადგინა.
ფაქტი #6
პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ აქტივისტი რაშად მუსაევი. დაბარების მიზეზი მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეო იყო, სადაც „ქართული ოცნების“ პარტიის წევრ სავალან მირზოევს მოკვლით ემუქრებოდა. ვიდეოს ავთენტურობა თავად მუსაევმა დაადასტურა და განმარტა, რომ ის ვიდეოში „პოლიტიკურ მკვლელობას“ გულისხმობდა.
რაშად მუსაევმა განაცხადა, რომ მუქარის მსხვერპლი თავად იყო. მისი თქმით, მას მირზოევის მეგობარი დაუკავშირდა და უთხრა, რომ არჩევნების შემდეგ მისთვის ნარკოტიკული საშუალებების „ჩადებას“ აპირებდნენ. ვიდეო თავდაცვის მიზნით სწორედ ამიტომ ჩაწერა და მირზოევისთვის არაფრის დაშავებას აპირებდა.
ცოტა ჩახლართული ამბავია აქ, მაგრამ აზერბაიჯანელი მოძმე პოლიტიკურ აბრევიატურაში შეცდა. პოლიტიკური მკვლელობა იგივე ფიზიკური მკვლელობაა, რომელსაც პოლიტიკური საფუძველი უდევს. მაგალითად, ზვიად გამსახურდია _ პოლიტიკური მკვლელობა იყო, მაჰათმა განდი და ყადაფიც. ადვოკატს მაინც განემარტა…
ფაქტი #7
ახალციხეში, ასპინძის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, მათ ეზოში მერიის ერთ-ერთი სამსახურის თანამშრომელმა პურ-მარილი მიიტანა და უთხრა, რომ ეს „ქართული ოცნების“ მოქმედმა დეპუტატმა, გიორგი კოპაძემ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმა „იკისრეს“. მერიის ერთ-ერთი სამსახურის თანამშრომელი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატსა და მაჟორიტარ კანდიდატს პურ-მარილის გაშლა თავად ადგილობრივებმა სთხოვეს. კოპაძე და ობოლაშვილი კი ამ ფაქტს უარყოფენ.
ნაკისრი პურ-მარილი ცოტა უცნაური თემაა, კიდევ უფრო უცნაურია მისი გაპოლიტიკურება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის მკვიდრი ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, გიორგი ფილიშვილი, არჩევნებში მმართველი პარტიის მხარდაჭერის სანაცვლოდ 1000 ლარს დაჰპირდა.
ფაქტი #8
მარნეულის სოფელ სადახლოში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ აქტივისტს, სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პარტიის აქტივისტი სოფელში საარჩევნო ბანერს აკრავდა.
გაგრძელებას მოისმენდა კაცი. პირველი: ტირის თოფი სად ესროლეს (როგორც წესი, ერთი ადგილია ამ კალიბრისთვის ამორჩეული) და მეორე, მოხვდა თუ არა?
ფაქტი #9
ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდორში, „გაერთიანებული ოპოზიციის“ მხარდამჭერების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოგი მეშველიანის ძმა, ათეულობით მხარდამჭერთან ერთად, ჩაიხანაში შეიჭრა, თავს დაესხა ოპოზიციონერ აქტივისტებს და მათ ფიზიკურად გაუსწორდა. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე აქტივისტმა მიიღო სხეულის დაზიანება, რის გამოც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 4 ოქტომბერს პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერ არიფ იუსუპოვს ძალადობის ბრალდება წარუდგინა. მისი განთავისუფლების მოთხოვნით ბოლნისში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ იუსუპოვი დაზარალებულია და იგი პოლიტიკური შეხედულების გამო დააკავეს.
ფაქტი #10
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში დირექტორმა მასწავლებლებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიის მიტანა მოსთხოვა, ერთ-ერთ სხვა სკოლაში კი იმავე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანის წინასაარჩევნო შეხვედრაზე დასწრება სთხოვა, რადგან, მისი თქმით, პარტიიდან დაურეკეს და მასწავლებლების შეკრება სთხოვეს. ორივე პირმა ანონიმურად დარჩენა ისურვა.
დირექტორის მიერ მასწავლებლის იძულება, შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის შესრულებისგან თავის შეკავებაც მისი უფლებაა, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.
თამარ როსტიაშვილი