ანი გელაშვილი: „დაჭერები და ტერორი კიდევ უფრო ბევრ ხალხს გამოიყვანს ქუჩაში“

შორენა მარსაგიშვილი

ხელისუფლებამ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეებს ღიად დაუპირისპირა რეპრესიები. ადამიანებს გაურკვეველი მიზეზებით აკავებენ, სახლებთან ხვდებიან და უმოწყალოდ სცემენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს ძალადობა მათ პროტესტს ვერ ჩაკლავს. სამოქალაქო აქტივისტი, ანი გელაშვილი, „ქრონიკა+“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ეს ძალადობა კიდევ უფრო ბევრ ადამიანს გააბრაზებს.

რატომ ვერ ჩაახშობს გამოცხადებული ტერორი საპროტესტო მუხტს? რა ხმებს ავრცელებენ აქციის მონაწილეებზე? რატომ ცდილობს ხელისუფლება ასეთი თავგამოდებით რუსული კანონის მიღებას? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ანი გელაშვილი ესაუბრება:

_ ანი, რაც რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყო, სულ აქციებზე ხართ. კარგად იცით ის განწყობები, რაც ხალხს აქვს. ხელისუფლების მიერ დაანონსებული და უკვე დაწყებული ტერორი იმოქმედებს პროტესტზე? არის მოსაზრება, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილის დაშინებას შეძლებს ხელისუფლება.

_ მგონია, რომ პირიქით მოხდება. ამ ახალგაზრდებს და ამ ხალხს ასე იოლად ვერ შეაშინებენ. რაც ხდება საშინელებაა, მაგრამ პროტესტი არ შეწყდება. უფრო ბევრი ადამიანი გაბრაზდება და უფრო ბევრი გამოვა გარეთ. ძალადობაზე ხალხი სხვანაირად რეაგირებს. ამ აქციებზე ერთ-ერთი დარბევის შემდეგ რუსთაველზე კიდევ უფრო ბევრი ხალხი გამოვიდა. ასე იქნება ახლაც. პროტესტი გაგრძელდება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ საქართველოს რუსეთად გადაქცევა და თავისუფალი სიტყვის ჩაკვლა. ასევე ხალხსაც კიდევ კარგად უნდა გავაგებინოთ, რომ აქ საუბარი არანაირ გრანტების გამჭვირვალობაზე არ არის. ამის გაგება განსაკუთრებით რეგიონებში ჭირს. რეგიონებში ხალხის ნაწილი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს ლგბტ პროპაგანდისტებად მიგვიჩნევს.

_ მართლა ასეა. რეგიონებში ბევრი ფიქრობს, რომ ვინც აქციებზე დგახართ, ლგბტ პროპაგანდისტები, უღმერთოები და ურწმუნოები ხართ. რატომ ვერ შეძელით ამ მითის დამსხვრევა?

_ ამაზე კარგად იმუშავა ხელისუფლებამ. წლებია, ეს პროპაგანდა მიდის. თურმე არასამთავრობოები არიან ლგბტ პროპაგანდისტები და საქართველოს გარყვნა უნდათ. მოხდა  არასამთავრობოების დემონიზება. არადა, არასამთავრობო ორგანიზაციები ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ. გვეძახიან ურწმუნოებს და ბრალს გვდებენ იმაში, რომ თურმე ღმერთი არ გვწამს.  საზოგადოების ნაწილზე ესეც მოქმედებს. 

მინდა, საზოგადოებამ კარგად გაიგოს, რომ ჩვენ იქ რუსულ კანონს ვაპროტესტებთ. იმ კანონს, რომელიც არანაირ გამჭვირვალობას არ ემსახურება. თუ გრანტების გამჭვირვალობა სურდათ, მაშინ თავისუფლად შეეძლოთ, ეს ჩანაწერი გრანტების კანონში გაეკეთებინათ. ათასჯერ აუხსნეს, რომ საქართველოში მსგავსი კანონის მიღების საჭიროება არ არსებობს. ეს ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის, უბრალოდ, მათ მიზნად აქვთ დასახული, სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ მედიას ხმა ჩაუხშონ. ამ მიზანს რომ მიაღწევენ, ბევრი მიმართულებით გაეხსნებათ ხელი. ეს იქნება დაუცველი კულტურული მემკვიდრეობა, თუ გარემოს დაცვითი პროექტები, სადაც ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების ხმა ისმის ძალიან აქტიურად და ხელს ვუშლით ხოლმე მათ. ასევე ხელს ვუშლით იმ ინვესტორებს, რომლებიც საეჭვო პროექტებს ახორციელებენ და ხელისუფლების მიერ არიან წახალისებულები. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები რომ სავალალო დღეშია, ამაზეც ხშირად ვტეხთ ხმაურს. სახელმწიფო ვალდებულია, ეს ძეგლები აღადგინოს და ამიტომ არ უნდათ, რომ ამ თემაზე იყოს საუბარი. ორი წელია, სნოს ისტორიული ციხე ჩამოინგრა და კაციშვილს ყურადღება არ მიუქცევია, მხოლოდ მედიამ გააშუქა ეს თემა. პარლამენტში ეს ამბავი თეონა აქუბარდიამ და როსტომ ჩხეიძემ გააჟღერეს, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ალეკო ელისაშვილიც გვეხმაურება ხოლმე.

_ თქვით, რომ არ უნდათ, გარემოსდამცველ პროექტებზე ჩვენი ხმა ისმოდესო. ალბათ, ნიშანდობლივია, რომ ის პროექტები, რაც ბოლოს გააპროტესტეთ, რუსეთის მოქალაქეებთან იყო დაკავშირებული.

_ ყაზბეგში რაც გავაპროტესტეთ, ნამდვილად რუსეთის მოქალაქეებს უკავშირდება. გარდა იმისა, რომ ეს პროექტები გარემოსდაცვითი თვალსაზრისით არ უნდა აშენდეს, სასაზღვრო რეგიონში მტრული სახელმწიფოს მოქალაქეს რომ აშენებინებენ ობიექტებს, ცოტა არ იყოს, უცნაური და საეჭვოა. სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია ბევრ რამეში ვუშლით ხელს ხელისუფლებას _ ამიტომაც მოიფიქრეს ეს „რუსული კანონი“. ამ კანონის მისაღებად „ქართულმა ოცნებამ“ კარგა ხანია დაიწყო სამზადისი. ეს ყველაფერი არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციით დაიწყო. საზოგადოებაში გააჩინეს ასეთი განწყობები, რომ არასამთავრობოებს მხოლოდ თავისი გრანტები აწუხებთ და პრობლემები არ აინტერესებთ. ეს პროპაგადა ერთი წლის წინ განსაკუთრებით გაძლიერდა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი იმაშიც კი დაარწმუნეს, თითქოს არანაირი პრობლემები არ არსებობს და ჩვენ ვიგონებთ ამას მხოლოდ იმისთვის, რომ გრანტები მივიღოთ.

ალბათ მკითხველი იკითხავს,  სამოქალაქო საზოგადოებამ რატომ არაფერი დაუპირისპირა ამ პროპაგანდას? რა უნდა დაეპირისპირებინა? წლებია, ეს პროპაგანდა მიდის. სამოქალაქო სექტორს შეეძლო უფრო აქტიურად ემუშავა ამ მიმართულებითაც, მაგრამ მაშინაც არაფერი გამოვიდოდა. ხელისუფლებას ძალიან მძლავრი პროპაგანდისტული იარაღი უჭირავს ხელში მედიის სახით.  ყველა რესურსს იყენებენ იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ჩვენს დღევანდელ პროტესტთან არაფერ კავშირში არაა ლგბტ პროპაგანდა, მაგრამ რეგიონებში ბევრს სჯერა, რომ ჩვენ ამ პროპაგანდის ნაწილი ვართ. იმის მაგივრად, რომ პრობლემები გადაწყვიტონ, იმათ დისკრედიტაციას იწყებენ, ვინც ამ პრობლემებზე საუბრობს.

_ მარტო ლგბტქ პროპაგანდაში არ გედებათ ბრალი. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ იქ მყოფთა გულწრფელ პროტესტს „ნაცები“ თავის სასარგებლოდ იყენებენო. ზოგს „ნაცებს“ გეძახიან საერთოდ. ამაზე როგორ რეაგირებთ? რამდენადაც მახსოვს, 2012 წლამდე თქვენ „ნაციონალების“ წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდით.

_ „ნაციონალები“ რომ ხელისუფლებაში აღარ არიან, ამაში მეც მიმიძღვის წვლილი. დღევანდელი ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი მაშინ გულმხურვალე „ნაცი“ იყო. მე მათ ვებრძოდი. ჩვენ „ნაცების“ მოსაშორებლად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ „ნაცები“ თავად „ქოცებმა“ არ მოაშორეს. ბევრი მათგანი თავის რიგებში მიიღეს. ასე რომ, ახლა ჩვენკენ ნუ იშვერენ ხელს. „ნაცები“ და „ნაცური“ წარსული „ოცნებამ“ თავისკენ მოიკითხოს.

„ნაცები“ ამ აქციებთან არაფერ შუაში არ არიან. ეს ხალხი ქუჩაში გამოიყვანა ხელისუფლების მიერ მეორედ შემობრუნებულმა „რუსულმა კანონმა“, რომელიც ამ ქვეყანას საფრთხეს უქმნის. აქციებზე ბევრი ახალგაზრდაა, მაგრამ არიან ზრდასრულებიც, მოხუცებიც. იქაა ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ეს კანონი სახიფათოა. იქაა ყველა, ვისაც  არ უნდა, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი გახდეს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აქციებზე მხოლოდ 10.000 კაცი დგასო. ბევრად მეტნი ვართ იქ. ეს არის უწყვეტი და დაუღალავი პროტესტი, სადაც მთავარ როლს ასრულებს ახალგაზრდობა, მაგრამ იქ საზოგადოების ყველა ფენა დგას.

ამ აქციებზე არის საოცარი განწყობები. განსაკუთრებით დამამახსოვრდა 30 აპრილის ღამე, პირველი მაისი რომ თენდებოდა. იმ ღამეს საშინლად დაგვარბიეს. გავიფანტეთ, მაგრამ ღამის სამ საათზე ხალხმა უკან დაიწყო მოსვლა. საოცარი განწყობა იყო. იმ ღამეს რამდენჯერმე დაგვშალეს, მაგრამ ისევ უკან ვბრუნდებოდით. ასეთივე საოცარი და დაუვიწყარი იყო აღდგომის ღამე.

_ ეს ღამე მართლა ძალიან ლამაზი იყო და ის მითიც დაიმსხვრა, რომ აქციაზე უღმერთოები დგახართ.

_ ეს იყო მართლა საოცარი და ერთიანობის ღამე. იმ ღამეს ჩვენთან ერთად იდგნენ მუსლიმები, ასევე ისინიც, რომლებიც მორწმუნეები არ არიან. ვისაც უნდოდა, წირვაზე იდგა, ვისაც არა _ სამოქალაქო პროტესტს გამოხატავდა. იმ დღეს საქართველო საოცრად ერთ მუშტად შეკრული იდგა. ძალიან გული მწყდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ განწყობებს არ იზიარებენ. გავა დრო და ამ პროტესტს მომავალში სიამაყით გავიხსენებთ. იმათ კი, ძალიან შერცხვებათ, ვინც ამ აქციების წინააღმდეგ შავ პიარს აგორებდა. საქართველოში „რუსული კანონის“ მიღება იქნება კატასტროფა. ეს კანონი ჩვენ რუსეთში დაგვაბრუნებს, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ.

_ თქვენი მამა ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი იყო და საქართველომ დამოუკიდებლობა რომ მოიპოვა, მისი დამსახურებაცაა. ალბათ მამა ვერ წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა წლები და მის შვილს საქართველოს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად მოუწევდა აქციებზე დგომა.

_ ალბათ ვერ წარმოიდგენდა.  მართლა წარმოუდგენელია, რომ საქართველოში ვიღაცას მოუნდა ჩვენი ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნება. რუსეთს თავი ძლივს დავაღწიეთ. საქართველო რომ დამოუკიდებელი ყოფილიყო, ძალიან ბევრი სისხლი დაიღვარა. საქართველო რუსეთის ნაწილი აღარასდროს გახდება. ამიტომ დგას ამდენი ხალხი ქუჩაში და არა იმისთვის, რომ ვიღაცას გრანტების მიღება უნდა.