ანევრიზმის ურთულესი ოპერაციის შემდეგ პაციენტს სიცოცხლის მეორე შანსი მიეცა
გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლა _ ასე აფასებს საკუთარ ისტორიას შუახნის ქალი, რომელმაც სიცოცხლის მეორე შანსი სწორ დროს სწორ ადგილას მოხვედრით მიიღო. ამბობს, რომ გასახსენებლად ბევრად მარტივია, როგორ გაუუარესდა მხედველობა, გაუმწვავდა თავის ტკივილი და დაკარგა ცხოვრების გაგრძელების იმედი, თუმცა მაინც არ დანებდა.
როგორც ნეიროქირურგი ბუბა შალამბერიძე იხსენებს, დიგიტალური ანგიოგრაფიით მარჯვენა შიგნითა საძილე არტერიის გიგანტური ზომის ანევრიზმა გასკდომის გარეშე დაფიქსირდა. ანევრიზმა მოცულობით 2,5 სანტიმეტრს აღემატებოდა, რაც, თავის მხრივ, ოპერაციისას დამატებით რისკებს ქმნიდა:
„ანევრიზმის მოცულობისა და მისი მდებარეობის გამო საჭიროდ მივიჩნიეთ, ოპერაციაში ანგიოქირურგების ბრიგადასაც მიეღო მონაწილეობა. სწორედ გუნდური მუშაობით შევძელით ანევრიზმის დროებითი კლიპირება ოპერაციის მსვლელობისას, მისი დახურვა და ზეწოლის მოხსნა მხედველობის ნერვებსა და ქიაზმაზე. მით უმეტეს, რომ პაციენტს თანმხლები კარდიოლოგიური დაავადებები აღენიშნებოდა, რაც ანესთეზიოლოგიური მართვისას მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა. საბოლოოდ, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა, პაციენტმა კი ოპერაციის შემდეგ ყოველგვარი მოტორული დეფიციტის გარეშე გაიღვიძა“, _ იხსენებს ბუბა შალამბერიძე.
ქალი, რომელმაც გიგანტურ ანევრიზმაზე გამარჯვება შეძლო, ბინაზე სრულიად გამოჯანმრთელებული გაეწერა. ამბობს, რომ სრული სიმშვიდე მართებთ მათ, ვინც მისი მსგავსი დიაგნოზით ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის ექიმების გუნდის ხელში მოხვდება.