ანა ბიჭაშვილი: „გაუნათლებელი ადამიანის მართვა ყველაზე ადვილია“

რთული დასაჯერებელია, მაგრამ გოგონა, რომელიც შესანიშნავად ხატავს და ძალიან კარგად გამოსდის ხელობა, ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და დაწყებითი განათლების ბაკალავრის ხარისხი აქვს.

ხელნაკეთი ნივთების კომერციალიზაციით მას შემდეგ დასაქმდა, რაც ნახევარ განაკვეთზე სამუშაო ვერ იშოვა და გადაწყვიტა, მისი შემოქმედება შემოსავლის წყაროდ ექცია. ყველაფერს თავად მიაღწია და დღეს ბევრი იცნობს, ბევრს უყვარს და ამ წამსაც ბევრი ელოდება მისგან სასურველ აქსესუარს.

_ მომიყევი ცოტაოდენი შენზე: ვინ ხარ, წარმოშობით საიდან, რამდენი წლის, რას საქმიანობ?..

_ მე ვარ ანა ბიჭაშვილი, იგივე ფისო, 22 წლის, წარმოშობით რაჭველი, ჯერ კიდევ სტუდენტი, წელს დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლებისა და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა ფაკულტეტი. სპეციალობა: დაწყებითი განათლება. ვარ თვითდასაქმებული, ვხატავ და ვქმნი სხვადასხვა აქსესუარსა და სახლის დეკორაციებს.

_ რატომ დაინტერესდი ამ საქმიანობით: რა იყო ინსპირაცია, ვისთან ერთად საქმიანობ, პირველი ნაბიჯები როგორ გადადგი?

_ ხატვა ბავშვობიდან მიყვარს: სულ ვხატავდი. ვქმნიდი აქსესუარებს ჩემთვის და მეგობრებისთვის. სტუდენტობის პერიოდში ვეძებდი სამსახურს, თუმცა უშედეგოდ. ნახევარ განაკვეთზე თითქმის არ არსებობს ვაკანსიები. შემდეგ მეგობრების რჩევით შევქმენი გვერდი და ჩემი ნაკეთობები განვათავსე. ამ საქმეს მარტო ვუძღვები, თუმცა მეგობრებისა და ახლობლების რეკომენდაციებს ვიზიარებ ხოლმე.

_ მომიყევი, რით დაიწყე საკუთარი ბიზნესი და რა სირთულეები შეგხვდა გზად?

_ თავდაპირველად, სამაჯურებს ვაკეთებდი, შემდეგ თიხის აქსესუარების დამზადება დავიწყე, ამას მოჰყვა მაისურებზე ხატვა, შემდეგ ჩანთებზე, კედებზე, სახლის დეკორაციების შექმნა. მოკლედ, მუდმივად ვვითარდები და წინ მივიწევ. სირთულეები, რა თქმა უნდა, ყველა სფეროშია. ჩემთანაც იყო. ყველაზე რთული ნაბიჯი მომხმარებლის ნდობის მოპოვებაა, რაც, საბედნიეროდ, შევძელი.

_ რა მოგცა იმან, რომ დღეს საკუთარი ბიზნესის მფლობელი ხარ?

_ პირველ რიგში, საკუთარი თავის რწმენა. ის, რომ ნულიდან ამ ეტაპამდე ჩემით მივაღწიე, დიდი მოტივაციაა. ამასთანავე, ბევრი მეგობარი შევიძინე ჩემი საქმიანობის წყალობით.

_ როგორ გაჩნდა შენი ბრენდისთვის სახელის მოფიქრების იდეა?

_ ფისოს პატარაობიდან მეძახდა დედა, შემდეგ მეგობრები, ახლობლები, ლექტორებიც კი. კატები ძალიან მიყვარს. ჰოდა, გადავწყვიტე, გვერდისთვის „ფისოს ხელნაკეთი ნივთები“ დამერქმია.

_ ძირითადად, რა მასალისგან ამზადებ ნამუშევრებს?

_ ძირითადი მასალა თიხა და საღებავია.

_ ვინ გიფასებს ყველაზე ობიექტურად მათ?

_ ყველაზე ობიექტურად ჩემი ძმა და მეგობარი ნანუკა მიფასებენ.

_ რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით?

_ ყველაზე დიდი სიამოვნებით წიგნს ვკითხულობ.

_ ვისთვის ან რისთვის არ გენანება რაიმე?

_ კითხვა ძალიან მიყვარს და შესაბამისად, წიგნებისთვის არასდროს მენანება ფული. ახლობლებისთვისაც არ მენანება არასდროს არაფერი.

_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის საქმეში?

_ ყველაზე მნიშვნელოვანია ხარისხი. კარგი ხარისხი უზრუნველყოფს კმაყოფილ მომხმარებელს, რაც კარგად აისახება გვერდის სახელზე.

_ რა არის ყველაზე ღირებული ადამიანში?

_ ყველაზე ღირებული ადამიანისთვის საღი აზროვნების უნარია.

_ გადაწყვეტილება, რომელიც გინანია?

_ ზოგადად, არაფერს ვნანობ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ვეღარ შევცვლი სანანებელ ამბავს. კიდევ იმიტომ, რომ უმიზეზოდ არაფერი ხდება. რომ არ მომხდარიყო ის ამბები, დღეს, ალბათ, ასე არ იქნებოდა. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, ყველაზე მეტად გაფლანგულ დროზე მწყდება გული, თუმცა მე რომ მაშინ არ „მეჭრიჭინა“, დღეს ნაკლებად მეცოდინებოდა დროის ფასი.

_ რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

_ ხმაური და სიბნელე მაღიზიანებს. მზე ძალიან მიყვარს. ასევე, მინიატურული სამუშაოების დროს კარგი განათება აუცილებელია. ასე რომ, სინათლეს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია აქვს ჩემს საქმეში.

_ რისთვის არ გენანება დრო?

_ კითხვისთვის არასდროს მენანება დრო.

_ თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?

_ თავისუფალი დრო ცოტა მაქვს. წიგნებს ვკითხულობ, ნენსის (ჩემს ძაღლს) ვასეირნებ. ახლობლებთან და მეგობრებთან ვატარებ დროს.

_ მაქსიმალისტი ხარ? ყველაფრის უმაღლეს დონემდე შესრულება გიყვარს ხოლმე? გინდა, რომ სულ პირველი იყო შენს საქმეში? თუ ხარ/არ ხარ, რაში გამოიხატება მაქსიმალისტობა ან პირიქით?

_ ძალიან თვითკრიტიკული ვარ და მუდმივად მინდა, ყველაფერს კარგად ვაკეთებდე, თუ არადა, საერთოდ არ ვაკეთებ. ვიცი, რომ პირველივე ცდაზე იშვიათია საუკეთესო შედეგის მიღება და ეს გარკვეულ დროსა და გამოცდილებას საჭიროებს.

_ როგორ მუსიკას უსმენ?

_ მუსიკას სულ ვუსმენ. სწავლის, კითხვის, ხატვის დროს. 60-70-იანი წლების მუსიკას ვუსმენ ძირითადად:  Beatles, Queen, The Doors, Led Zeppelin, Pink Floyd და ბევრ სხვას. მუსიკა, ერთგვარი, თეთრი ხმაურია ჩემთვის ქალაქში მგზავრობისას, სწავლისას.

_ რას გაძლევს ყოველი ახალი გათენებული დღე?

_ ყოველი ახალი გათენებული დღე ერთგვარი გამოწვევაა, აბა, რა იქნება დღეს? რას შევმატებ ჩემს საქმეს? რას შევქმნი ახალს? ყოველი ახალი გათენებული დღე ახალი იდეის საწყისია.

_ რაზე ოცნებობ?

_ ვოცნებობ… არ ვიცი, უფრო ვფიქრობ.

_ თუ გყავს ფილმის, ან წიგნის გმირი, რომელსაც გგონია, რომ ჰგავხარ?

_ მეუბნებიან, ჰერმიონს („ჰარი პოტერის“ სამყაროს ერთ-ერთი პერსონაჟი, _ რედ.) ჰგავხარო. ვფიქრობ, რომ კითხვისას გმირების უმეტესობაში ვხედავ ჩემს თვისებებს, კარგსა თუ ცუდს. სწორედ ამიტომაა კითხვა მაგარი, რომ კარგს დააფასებ, ცუდს დაინახავ და ეცდები, შეცვალო.

_ ვინ არის მისაბაძი მაგალითი შენთვის? რატომ?

_ ჩემთვის მისაბაძი მაგალითი მამაჩემია, იგი სუპერგმირია.

_ დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობ და, ზოგადად, საქართველოში?

_ ყველაზე დიდი პრობლემა პლაგიატობაა. გულდასაწყვეტია, რომ ხალხი არ ფიქრობს, არ იგონებს რაიმე ახალს. არადა, ეს რთული არ არის, ყველა ადამიანი ინდივიდია, ინდივიდუალურად აზროვნებს და დარწმუნებული ვარ, შეუძლიათ ახლის შექმნა. თუმცა ეზარებათ. აქედან გამომდინარე ვიღებთ არაკონკურენტულ გარემოს, მუდმივად ერთსა და იმავეს. არადა, გულწრფელად მიხარია, როცა ვხედავ, რომ ვიღაც ფიქრობს, იგონებს და შრომობს.

_ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

_ იმის გაანალიზებით, რომ რადგან პლაგიატობ, ე. ი., ფიქრის უნარი არ გაგაჩნია, ვერც ახალს იგონებ რამეს.

_ როდის ისვენებ ხოლმე და როგორ?

_ ვისვენებ, როცა წიგნს ვკითხულობ. ვისვენებ, როცა სალაშქროდ ვარ. ყოველ ზაფხულს 7-10 დღით გავდივარ ქალაქიდან, მეგობრებთან ერთად ტყეში ვცხოვრობთ კარვებში. ბუნებაში ყოფნა ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ ჯანმრთელობაზე.

_ ვინ გენატრება ყველაზე მეტად?

_ დედა მენატრება ყველაზე მეტად. 2004 წელს გარდაიცვალა.

_ რა არის შენთვის ის საქმე, რასაც აკეთებ?

_ გარდა იმისა, რომ ჩემი საქმე შემოსავლის წყაროა, ეს ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ „ისტორიას დავრჩები“. ჩემს შექმნილ თითოეულ ნივთში ჩემი ნაწილია, ჩემი განწყობა, ჩემი ემოცია. ჩემი შექმნილით ადამიანები ერთმანეთს ახარებენ, აღიმებენ, მოგონებებს ჩუქნიან. ამაზე კარგი რა უნდა იყოს?!

_ შენი აზრით, თავისუფალი ხარ?

_ ვფიქრობ, რომ თავისუფალი ვარ.

_ რა არის თავისუფლება შენთვის?

_ ჩემთვის ფიქრისა და ანალიზის უნარია თავისუფლება. თავისუფლებაა ის, რომ არ ვექცევი სხვადასხვა ჩარჩოში, არ ვარ სტერეოტიპულად მოაზროვნე.

_ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?

_ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ახლახან დავასრულე. მიხარია და ვამაყობ, რომ უნივერსიტეტელი ვარ. ვფიქრობ, საკუთარი თავი ვიპოვე. ახლა მიღებული ცოდნის რეალიზების ეტაპზე გადავდივარ.

_ საკუთარი თავი იპოვე?

_ დიახ.

_ რაიმე მისია გაქვს ცხოვრებაში?

_ ყველა ადამიანს გარკვეული მისია აქვს. ასევე მაქვს მეც. ჩემი ამქვეყნად არსებობის პერიოდში ვიღაცას უნდა დავეხმარო, ვიღაც უნდა გავაღიმო, ვიღაცას ხელი შევაშველო, მოგონება დავუტოვო და ა. შ.

_ რა არის ის, რისთვისაც იბრძვი?

_ სპეციალობით დაწყებითი განათლების პედაგოგი ვარ, შესაბამისად, მომავალი თაობისთვის, მათი საღი აზროვნების ჩამოყალიბებისთვის უნდა ვიბრძოლო.

_ შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში ან ქვეყანაში, ზოგადად?

_ არ მინდა, ჩემს ქვეყანაში ბავშვებს განათლების მიღების საშუალება არ ჰქონდეთ. ამას შევცვლიდი. ძალიან ბევრი ბავშვი მუშაობს, ჯართს აგროვებს, მათხოვრობს და ა.შ. რომ ოჯახს დაეხმაროს, ავადმყოფ დედას, და-ძმას, ბებია-ბაბუას წამლის ფული მოაგროვებინოს და წერა-კითხვის, სწავლის დრო არ რჩება. ძალიან მაღელვებს ეს ამბავი.

_ რა არის ცხოვრების აზრი შენთვის?

_ რაც შეიძლება მეტი კარგი საქმის კეთება.

_ როგორ ფიქრობ, გაქვს თუ არა წარმატების მიღწევის შანსი დღევანდელ საქართველოში?

_ ქართველები ისეთი ხალხი ვართ, რომ ყველაფერი ვიცით. რეალურად კი ერთი საქმის პროფესიონალი ცოტაა. როცა შენს საქმეში დახელოვნებული ხარ, წარმატების მიღწევის შანსიც გაქვს.

_ გაქვს ისეთი პრინციპი, რასაც არასდროს უღალატებ?

_ დიახ, ის რომ არასდროს ვუღალატო ჩემს პრინციპებს.

_ რომ არა ის, ვინც ახლა ხარ, ვინ იქნებოდი?

_ არ ვიცი. ვიქნებოდი ადამიანი, უბრალოდ, სხვა ინტერესებით, სხვა საქმით დაკავებული.

_ რა არის შენი სამომავლო გეგმა?

_ სამომავლოდ ვგეგმაც მეტალზე მუშაობისა და კერვის შესწავლას, ასევე სკოლაში მუშაობასაც.

_ რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?

_ ახალ იდეებზე, ახალ ტექნოლოგიებზე.

_ ვისი იმედი გაქვს ცხოვრებაში?

_ საკუთარი თავის.

_ რას მოაქვს ყველაზე დიდი სიმშვიდე შენთვის და როგორ გგონია, სად არის ხსნა ადამიანებისთვის?

_ ყველაზე დიდი სიმშვიდე კითხვას და მუსიკის მოსმენას მოაქვს. განათლებაა ადამიანებისთვის ყველაზე დიდი ხსნა _ გაუნათლებელი ადამიანის მართვა ყველაზე ადვილია.

_ საყვარელი გამონათქვამი, რასაც ყველაზე ხშირად იყენებ ხოლმე.

_ „ასჯერ გაზომე _ ერთხელ გაჭერი“.

_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?

_ ის, რომ დამოუკიდებლად მოაზროვნეები იყვნენ: იფიქრონ, შექმნან, იკითხონ და დაეხმარონ ერთმანეთს.

 

გოგონა ნათელი სახითა და „ფისოს“ ზედმეტსახელით კვლავ გააგრძელებს ბევრისთვის მნიშვნელოვანი ნივთების კეთებას და ადამიანების გაბედნიერებას. ის ხომ მზის სხივია, მისთვის ადამიანების ღიმილსა და სითბოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

 

ნინო ტაბაღუა