„ჰეი, ვასია! გაიგე, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არის, გაყრილები ვართ. შენ შენთვის და მე _ ჩემთვის“

გამეორება ცოდნის დედააო, უთქვამთ. ჭეშმარიტად! თუმცა ცუდის გამეორება უკვე სიბრიყვეა. სულ ორიოდე თვე გავიდა იმ ქუთაისური ინციდენტის მერე, რასაც გოგი წულაიამ „დროშა ვერ დაკიდენ!“ მიაქოქოლა (ა, რავარია, _ მიაქოქოლა!). თხაზე ნაკლები მგლის დედაც ვატირეო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და პაიჭაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის ადმინისტრაციამ „ჰიმნი ვერ დოუკრენ!“ ეტყობა, თბილისელების მიმართ მკვეთრად უარყოფითად განწყობილი ბრიტანული საელჩოს ნავსი თვალი ეცათ. უელსის ბრწყინვალე ჰიმნი „წინაპართა მიწა“ ბოლომდე ვერ „დოუკრენ“ და მომღერალი უელსელები ჩვენით ჩააჩუმეს.

 

ფეხბურთის ფედერაციამ ბოდიში მოუხადა უელსელებს, რომლებიც, მიუხედავად შუა გზაზე გაჩერებისა, თბილისიდან უკმაყოფილონი არ წასულან: სამი ქულაც აგვაბდღვნეს და არც ბრიტანეთის აქაური საელჩოს წინასწარმეტყველება აუხდათ, მით უმეტეს, ამის შიში რომ ჰქონოდათ, 2000 უელსელი არ ჩამოვიდოდა. როგორც ბატონი ბონდო ბოჭორიშვილი იტყოდა: „ყმები (ანუ ყბედი) კაცის არ გეიშვას არაფერი!“

ნათქვამია, სანაქებო ხარმა ნიახურზე გადააფ…ურთხაო! ფრანგული პსჟ-ს ფეხბურთელმა ნეიმარმა თავის ყოფილ და დამსახლებელ კლუბ „ბარსელონას“ ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (უეფა) უფროსობასთან უჩივლა და ჩემპიონთა ლიგიდან მისი მოკვეთა მოითხოვა: 26 მილიონი ევრო არ გადამიხადესო. თუმცა გამოცემა „მეტროს“ ინფორმაციით, უეფადან ნეიმარს შემოუთვალეს: წადი, ბიჭო, გაიარეო.

ვიდრე მუნიციპალური ხელისუფალნი მსხვილ ხელფას-დანამატებს ასკდებიან და არჩევნებამდე ყველაფრის სწავლას ასწრებენ, ჩინეთში კორუფციის ბრალდებით მილიონზე მეტი (მილიონ 340 ათასი) მაღალჩინოსანი დასაჯეს, საიდანაც 640 ათასი სოფლის უფროსობაა. აქაც რომ ჩამოიყვანო ის შემმოწმებლები (გეგონება, ჩინელები გვაკლდეს!), ეჟოვ-იაგოდა-ბერიას დრო სანატრელი ექნებათ გამგებლებსა და რწმუნებულებს.

ჩვენი დიდი „გულშემატკივარი და ტკბილი ძმა“, ვლადიმირ პუტინი, თავის 65-ე შემოდგომას ჩვენს ყოფილ სოჭში შეხვდა და სტუმრად ჩასულ პენსიონერ ბერლუსკონისთან ერთად ბრუდერშაფტიც გადაჰკრა. მარად მწვანე, ნორჩმა და თმებგადაღებილმა სილვიომ საჩუქრად ლოგინის გადასაფარებელი მიართვა, რომელზეც ეს ორი „მკვდარი ძმა“ ხელს ართმევენ ერთმანეთს ვასილი ნეტარის ტაძრისა და კოლიზეუმის ფონზე. იუბილარმა სხვა უცნაური საჩუქრებიც მიიღო. ამაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ „საკადრისი პასუხი“ გავცე ყველა იმათ, ვისაც თვალში ეკლად ესობა ბიძინა ივანიშვილის ეგზოტიკური, მაგრამ მშვიდობიანი ცხოველები. პუტინს აჩუქეს ცოცხალი ნიანგი და უსურიული ვეფხვის ბოკვერი, რომლებიც გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე ბატონი ბიძინას ზებრა და პინგვინი… და, საერთოდ, თუ პარლამენტარსა და რამდენიმე მთავრობის წევრს არ მივიღებთ მხედველობაში, ჩვენი ბიძინას ზოოპარკი უფრო მშვიდობისმყოფელია, ვიდრე მისი რუსი მეგობრების, თუმცა რას ვერჩი? კაი ხანია, უმრავლესობის უმრავლესობაც და ოპოზიციის უმრავლესობაც ერთ საერთო პარტიაშია გაერთიანებული _ მ.მ.მ! ანუ მასვი-მაჭამე-მალხინე! აი, ესმით ცხოვრება!

„პოლიტიკური ძალების სრული მზაობა და ერთიანობა, რათა არ იქნას დაშვებული გაყალბება, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, ჩვენი საზოგადოების რისხვა, თუ ასეთი მოხდა, უნდა იყოს იმის გარანტია, რომ გაყალბების შემთხვევაში _ 22 ოქტომბერს, ივანიშვილის რეჟიმს გაუთენდეს შავი დილა და საქართველოსთვის ამოვიდეს მზე!“ _ ეს განცხადება ლეიბორისტების შეფმა, შალვა ნათელაშვილმა, წინა ორშაბათს გააკეთა, რომელიც დენ სიაო პინიდან, მგონი, მაო ძე დუნად (მის მოსვლამდე არაფერი ეტკინოს!) გადაიქცა… ლეიბორისტების ოფისი თანდათან რევოლუციის დროინდელ სმოლნს ემსგავსება, რამეთუ პარლამენტს გარეთ მოხეტიალე პარტიები მხოლოდ იქ იყრიან თავს და თუ 22-ში მათ ძალისხმევას საზოგადოებრივი რისხვაც დაემატება, ამ ხელისუფლების წინააღმდეგ (რისი ნიშანწყალიც ჯერ არსად ჩანს!), მაშინ შეიძლება ყინულმა მართლაც დაიწყოს დნობა. თუმცა ვიმეორებ, ეს „რისხვა“ ჯერ არ ჩანს, მხოლოდ და მხოლოდ, გაბატონებულია „მშვიდობა ცათა შინა და ურვა ქვეყანასა ზედა“ (იხ. მიხეილ ჯავახიშვილი, „არსენა მარაბდელი“). სამაგიეროდ, სხვა სახის განსაცდელი დაატყდა თბილისს. აზიურმა ფაროსანამ, რომელმაც დასავლეთ საქართველო აითვისა, დედაქალაქში შემოაღწია და პირველად ვაკის პარკს „ესტუმრა“, ახლა სპეციალისტები იმას იკვლევენ, მართლა აზიური ფაროსანაა ეს, თუ რამე სხვა მწერია?.. ხოლო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო „გვამშვიდებს“, _ ადამიანებს არ ერჩის, არც იკბინება და არც რაიმე დაავადება გადააქვსო. მე იმასღა დავუმატებ, რომ აცივების შემდეგ ეს მწერი, თურმე, სახლებში შედის და კარადებში, საწოლსა და ტანსაცმელში იბუდებს. კიდევ ეს უნდოდა ჩვენს მწირ ჯიბეებზე დახარბებულ მთავრობასა და მის საგადასახადო სამსახურებს? არ არის გამორიცხული, მალე კომუნალური გადასახადების ქვითარში ოჯახის წევრების რიცხვი იმის მიხედვით დაგვიდგინონ, რამდენი აზიური ფაროსანა ცხოვრობს კარადაში, საწოლსა და ტანსაცმლის ჯიბეებში. ისემ ამდენი კვლევის ჩატარებას ხომ არ სჯობს, თითო ოჯახს რამდენიმე ინდაური დაგვირიგონ. მგონი, ეგენი ისე იქნებიან დაგეშილი ფაროსანაზე, როგორც კაი ჯიგრიანი კახელი ხაშლამაზე. ორ საქმეს გავაკეთებთ: საახალწლოდ კაი-კაი მსუქანი ინდაურები გვეყოლება მთელ საქართველოს აზიური ფაროსანას ნაცვლად და გადასახადებსაც ინდაურებით გადავიხდით. რამდენი ხანია, ამ მთავრობის, წინა მთავრობისა და იმის წინ რომ იყო იმისაც… ცუდი არ იფიქროთ და სხდომებს ვადევნებ თვალყურს და აი, ასეთი, საინდაურო და მაგარი საკითხი ჯერ არათუ რომელიმე მინისტრს, თვით ჭკუით გატენილ (მერედა, რამდენი გვყავდა) პრემიერ-მინისტრსაც კი არ დაუყენებია. თუ გგონიათ ახლა, რომ ჩემსას შეისმენენ, ძალიან ცდებით და თუ შეისმენენ, ვიდრე მაგენი ტენდერს გამოაცხადებენ, მერე ვიდრე ვინმე თავისიანს მოაგებინებენ, მერე ვიდრე დიდ-დიდ ფულებს გაათეთრებენ, დაითვლიან, წილებს გაიყოფენ, მანამდე ან მაგათ შეჭამს აზიური ფაროსანა, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხარო იქნება, მაგრამ უფრო სამწუხარო იქნება, თუ ჩვენ შეგვჭამა. მთავრობას, თუ გინდა, დღეში ათასს იშოვი, მაგრამ ხალხს იშოვის ვინმე?! ამ ფაროსანაზე ამდენ ხანს იმიტომ გავჩერდი, რომ მთელი ქვეყანა მაგაზე და იმ ვეტოზე ლაპარაკობს, გიორგიმ რომ დაადო და ნუ გადააყოლებთ ახლა გაზეთის ნახევარ სვეტს ამ ამბავს. დაგენაძლევებით, თუ ამ ფაროსანის საკითხი ცალ-ცალკე არ განიხილოს მთავრობამ და პარლამენტმა, მაშინ ამ ქვეყნის არაფერი მცოდნია და ვინაიდან „ქრონიკა+“-ს ისინიც კითხულობენ, რომელიმემ ინდაურების საკითხი დააყენოს. საავტორო უფლებაც მისი იყოს, ოღონდ დააყენოს, სხდომა მაინც გამოვა მრავალფეროვანი, თორემ „ვეტო-ვეტოს“ ძახილში მეხუთე წელიწადი ღაფავს სულს. მით უმეტეს, მარგველაშვილის დადებულს პარლამენტმა დაადო (ვეტოს ვგულისხმობ), თან მეათედ დაადო და მეათედ დაძლია.

გაჩერება პირველი: სადგური „ვაი ჩვენს პატრონს, უბედურს“: თურმე, ცხრა თვის განმავლობაში თბილისის მერის ხუთმა მოადგილემ (ხუთი რა ამბავია? აბა, ნარმანია რაღას აკეთებდა?) პრემიის (დანამატი რომ დაარქვეს) სახით მიიღო, ინდივიდუალურად, 30 ათასი ლარი, ანუ 5X30000=150000 ლარი. ეტყობა, ასწრებენ! საერთო ჯამში კი ბოლო სამი წლის განმავლობაში 240 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული პრემიებსა და დანამატებში. „მეშინია, ბატონო, არ გაგისკდეს მუცელი!!!“ სწორედ ამათზეა ნათქვამი, მაგრამ კომბლე, ჯეჯელავას შიშით, ცხვირს ვეღარ ჰყოფს გარეთ. ჯეჯელავა ხომ იცით, რომელი? აი, ყაზახეთის ყოფილი დედაქალაქის სახელი რომ შეარქვეს _ ალმა-ათა (ყაზახურად „ვაშლების მამას“ ნიშნავს). აქაური კომბლეების როლი, ჯერჯერობით, ზალიკომ და ნიკანორმა იტვირთეს, მაგრამ რად გინდა, კომბლები ბატონებს აქვთ და კომბლე კომბლის გარეშე რა კომბლეა? არა, ის კი იციან, „ჩიჩია“ ვინ ჭამა, მაგრამ ცარიელი ხელით და მცირე ჯარით ვერ ერევიან. მთავარი კომბლე კი ევროპის უდიდეს სახელმწიფოში დაჯირითობს და ამირანობს. პოროშენკოს ცალი დევის მხარი უკვე მოსტეხა და დასავლეთ უკრაინა, სრულიად ლვოვიდან დაწყებული და ჩერკასით დამთავრებული, ფუკასავით ააცალა. ბრძოლაში ნაწრთობი რომაული ლეგიონერივით მიიწევს აღმოსავლეთისკენ და ამ თვის 17-ში „ამირან-დევი შეიბნენ, მიწას გაჰქონდა გრიალის“ მეორე სერიის პრემიერა კიევში დანიშნა. ერთი ალიყური აქაურ ყოფილ თანამოძმეებსაც აგემა და ლოყააწითლებულმა უგულავამ, გიგილომ (რა თქმა უნდა, არა სირცხვილისგან!) გამოღმიდან გასძახა: ჩამოყალიბდი, უკრაინელი პოლიტიკოსი ხარ თუ ქართველიო. „შე კაი კაცო, თუ იმიზა დატოვე სააკაშვილის პარტია, რომ მაი ვერ გაარკვიე, გეკითხა მიშაზა და გეტყოდა, მარა აფერ შუაში არაა მაი, ფარა ღუპავს დუნიას, ფარა!“ _ ჩაიცინა კონჭკათელმა გურამ ქადეიშვილმა და ტელევიზორი „კავკასიაზე“ გადართო, რომელსაც „საქოცო“ ეიფორიამ კარგა ხანია, გადაუარა და დახუნდარა ტურაბელიძესავით „არ გვინდა, არ გვინდას“ გაიძახის.

_ ექვსი ჩემი და ერთი არ დააკლდება!

_ ოთხი, ოთხის მეტი არ შემიძლია.

_ ექვსზე ქვემოთ ვეღარ ჩამოვალ.

_ ოთხი, ადამიანო და ჩამოვართვათ ხელი ერთმანეთს.

_ ექვსი და კაი მაღარიჩს ვკისრულობ.

_ ოთხი-მეთქი და სუფრას გაგიშლი იმისთანას, შემოგნატროდეს ყველა შენი წინამორბედი.

_ ექვსი და საბოლოოა.

_ ოთხი და დავამთავრე საუბარი.

_ ეგრე, ხომ?

_ კი.

თუ „კი“ და შვეტა მარგველაშვილმა ვეტო. „შვეტა“ ჩვენი ნახე შენო“, _ შესძახა „ცის ფეხად და დედამიწის ქალამნად არმიმჩნევმა“ უმრავლესობამ, „არ დაგვიძლევია ეგ ვეტო, თუ რაო?“ რას ერჩი, ორივე მართალია. კაი ხანია, არც პრეზიდენტი და არც საპარლამენტო უბევრესობა (მომწყინდა „უმრავლესობა“) აღარაფერს აკეთებენ: „ვეტოობა-არვეტოობაში“ არიან. ბატონ პრეზიდენტს რომ ვინმემ ურჩიოს და ვეტო აღარ „დაანახვოს“ ვოლსკის და მის რაზმს, რაღა ზაფხულში თხილამური გუდაურ-ბაკურიანში და რაღა ესენი. როგორც ხისა და ბუჩქის ნასახს ვეღარ ნახავ ბორჯომის ტყე-პარკის ზოგიერთ ადგილას წარსული ნახანძრალი ზაფხულის შემდეგ, ისე ამათი ჭაჭანება აღარ იქნება საპარლამენტო შენობაში. გარეთ ცოტა „საგმირო“ საქმეები აქვთ, თუ რა?

მაგათი საქმეების არ ვიცი, მაგრამ მე კარგა ხნით დამეკარგა თავყრილობებზე დასწრების ხალისი. სამშაბათს, ვიფიქრე, წავალ და მეც მშვიდობიანად გავაპროტესტებ ლარად მიწების გაჩუქებას-მეთქი, თან რამე საჟურნალისტო საკბილოსაც გამოვკრავ ხელს-თქვა. რა ვიცი, რა არ მოეწონათ ჩემი. საკრებულოს შენობაში მე კი არა, ვისაც ამის კონსტიტუციური უფლება აქვს, იმათ აღარ უშვებდნენ. ირაკლი ნადირაძე ჯერ გამოაძევეს, მერე შემოდიო, უთხრეს, მაგრამ, ეტყობა, ვიღაცამ ბრძანება შეცვალა… შუა გზიდან ისევ გარეთ გამოაბრუნეს. ამასობაში, მოვყევი ჯგლეთა-ჭყლეტაში და დედისერთა „კურტკა“ ხელში შერჩათ ფორმიანებს. ცოდვას ვერ ვიტყვი, კი შეწუხდა ერთ-ერთი, ჩემი ყოფილი სამოსის ნახევარი რომ ეჭირა ხელში, კულტურულადაც მითხრა, _ წაიღეთ, იქნებ, რამეში გამოგადგეთო. _ თქვენ გქონდეთ, არ მინდა-მეთქი. _ აბა, მე რად მინდაო და რომ გითხრათ მოისროლაო, არ ვიქნები მართალი. იმხელა სივიწროვე იყო, ვერ მოახერხებდა. ამისთვის არც მცხელოდა, ხალხის ტალღამ იმ ადგილიდან კაი მანძილზე გამიტაცა. ჩემი ბედი, რომ ფეხის აწყობა მოვახერხე და არ გადამიარეს. მოვიქეცი ისე, როგორც თბილისელთა უმრავლესობა. წავედი სახლში და ტელევიზორს მივუჯექი, უკვე გადაწყვეტილება ნაკვეთების 1 ლარად გასხვისების შესახებ 31 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიღებული იყო. ჩემს „კურტკაზე“, როგორც მოსალოდნელი იყო, არაფერი უთქვამთ.

გვეშველა. დასრულდა ამდენი ხნის ტანჯვა-ვაება „ქართული ოცნებისა“ და მისი გვარიანად შეთხელებული გულშემატკივრებისა: ლადო ჭანტურია საქართველოდან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მოსამართლეა. ესეც ზაჰესის ხიდისა არ იყოს, ძლივს მორჩა. ახლა ისაა საკითხავი, გაძლებს ზაჰესის ხიდი ლადო ჭანტურიას მოსამართლეობის ბოლომდე? ბატონი ლადო კი აირჩიეს, მაგრამ იურიდიული კომიტეტის შეფის, ეკა ბესელიას თანამდებობა, რომელიც სტრასბურგის კენჭისყრაზე აკეთებდა კომენტარს, „იმედზე“ სწორად „ვერ დაწერენ“ _ იურიდიული კომიტეტის „თავმჯდმარე“, ანუ „დ“-ს მერე „ო“ გააქრეს. რა გამოვიდა? ჯერ „დროშა ვერ დაკიდენ“, მერე „ჰიმნი ვერ დოუკრენ“ და ახლა, „თანამდებობა ვერ დაწერენ“. ერთი, „ვეღარ შეჭამენ“ დამაწერია ამათზე და თუ „ატსტავკაში“ არ გავიდე, კალმის ხელში აღებას ვეღარ მოვესწრო, თუმცა ამას მე კი არა, მისი უდიდებულესობა ამომრჩეველიც ვერ მოესწრება, თუ საარჩევნო ყუთთან ამათ არ „მოუხაზა“.

გაჩერება მეორე: შაკირა და პიკე დაშორდნენ. ახლა ძნელი სათქმელია, კატალონიური სეპარატიზმია თუ არა ამის მიზეზი და თუ არის, ერთ-ერთი ქართველი გულშემატკივარი პიკეს ურჩევს: აქაური სეპარატისტების მხარდამჭერ ოლეგა გაზმანოვთან, ან დირიჟორ ვალერი გერგიევთან სცადოს ბედი, იქნებ, რამე გამოუვიდეთ.

„კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ყველა ადამიანის წინაშე, რომელიც უძლებს დღევანდელ დღეს და რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენთან ერთად აშენებს უფრო გაბრწყინებულ საქართველოს“, _ თქვა კვირიკაშვილმა მცხეთა-მთიანეთში. ღმერთმანი, სირცხვილიც კია, ბატონო გიორგი, პირველი ხუთწლედის თავზე ეს „რომელიც უძლებს დღევანდელ დღეს“. გასაძლები რა გვჭირს? უკან მოვიტოვეთ პირველი მძიმე წელი; მეორე _ სუნთქვის ამომღები წელი; მესამე _ უკეთესი ცხოვრების პირველი წელი; მეოთხე _ გასაოცარი ცხოვრების წელი; მეხუთე _ ბიძინასგან „მოუნათლავი და სახელდაურქმეველი“ წელი და რა დროს „გაძლებაა“, კაპიტალიზმის ბოლო სტადიაში (ისემც ღმერთი აცხონებს ამის პირველად მთქმელს) იმპერიალიზმში უნდა ვიყოთ, მინიმუმ! თუმცა „შერეკილებიდან“ გარიყულელი ქრისტეფორესი არ იყოს, გამოთვლებით თავისუფლებაზე ვართ და, სინამდვილეში, ციხის ჭურში, რომლის ყველა ხვრელი ისევ უკან გაბრუნებს და ვიდრე არ მიაწვები და მიანგრევ, არ გეღირსება არათუ ფრენა და ლივლივი, მიწაზე თავისუფლად გავლაც კი. თუმცა ყველას და ყველაფერს, კარგსაც და ცუდსაც, დასასრული აქვს და დგება დრო, „როცა მაღალნი დადაბლდებიან და დაბალნი ამაღლდებიან“. ე, მაშინ ტყდება ჭურებიც, თავებიც და საწყლად კივიან ტურები, კარგმა ხელისუფლებამაც იმწამსვე უნდა დაიწყოს ფიქრი ამაზე, როგორც კი სკამს მოახტება, მერე რომ არ იწანწალოს ტურასავით.

რა დროს ფილოსოფოსობაა, როცა მაგათ საუკუნის ფილოსოფოსი ჰყავთ ბელადად (ეს სერიოზულად!) და საქმე მართლაც გაძლებაზეა: „თუ შარშან გლეხი 1 ჰა ფართობიდან 40 კალათა სიმინდს იღებდა, წელს იგივე ფართობიდან 1,5 კალათას იღებს“. კალათობით მოსავალს ფაროსანასაგან გადაჭმულ აფხაზეთში ითვლიან, რომლის დე ფაქტო ხელისუფლება დახმარებას გამშობლიურებული რუსეთისგან ელოდება, არც დანარჩენ საქართველოშია უკეთესი მდგომარეობა. „ქართული ოცნების“ ბატონობის პირველი ხუთწლედის ბოლოს არათუ ევროპა, მსოფლიოც კი გაკვირვებული უნდა იყოს ჩვენი საცოდაობით. მაინც, როგორ მოვახერხეთ, ჰა?

„ქართული ოცნების“ წევრთა და მის მხარდამჭერთა საყურადღებოდ: კაპიტალიზმის ბოლო სტადიის, იმპერიალიზმის დამწერისა და დამდგენის შესახებ რომ ვთქვი, ისემც ღმერთი აცხონებს ამის პირველ მთქმელს-მეთქი, ვ. ი. ლენინი მყავდა მხედველობაში და არა ის, თქვენ ვისზეც იფიქრეთ.

ლენინი ვახსენეთ და ჭიათურაზე „ბი-ბი-სიმ“ სიუჟეტი მოამზადა… კომუნისტების დროს 1950-იან წლებში აშენებულ და მის შემდეგ არგანახლებულ საბაგიროზე და მის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. „ყოფილი საბჭოთა კავშირის დროინდელი საბაგიროს სანახავად ჭიათურაში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩადის… ეს ტრანსპორტი, ავტობუსთან შედარებით, გაცილებით სწრაფია, _ აღნიშნავს „ბი-ბი-სი“. ეგრეა, რა… კომუნისტები არ ვარგოდნენ, თურმე, თორემ მათ გაკეთებულ საქმეებს სიკეთის მოტანა ჩვენს დროშიც შესძლებია.

რახან ისტორიას ირიბად შევეხეთ, ბარემ „ცოტა შორეულ“ წარსულშიც გადავიჭრათ და თბილისის დაარსების ლამაზი ლეგენდაც გავიხსენოთ დიდებული მეფე ვახტანგ გორგასლით. არ არის გამორიცხული, რომ მის შესანიშნავ ძეგლს მალე დავით ნარმანიას, მინიმუმ, ბიუსტმაც „დაუმშვენოს“ გვერდი. არა, კაცო, რის ბიუსტი, კაი „გაშვანშვალებული“ ძეგლი ეკუთვნის, თან „ხმლით ხელში და კისერზე წურბლებით“ კი არა, ამწეთი, ან თავზე შლემით. „დავით ნარმანია არის მერი, რომლის პერიოდში გაკეთდა ყველაზე მეტი, რაც კი ოდესმე გაკეთებულა თბილისის ისტორიაში“, _ ეს ხმამაღლა განაცხადა სოზარ სუბარმა. ეგ ხომ იცით, რომელია? ღვინის ბოცასთან რომ გაიაროს, ქორწილში თამადად ნამყოფივით ჭკუამხიარულდება. თუმცა ამ განცხადების დროს ზუსტად ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, როგორც მის დღევანდელ პოსტს შეეფერება. მეტს ვერაფერს ვიტყვი, ამათ რომ ყური ვუგდო, ათეისტი გავხდები. აბა, რა! ნარმანიას რომ თბილისის ისტორიაში საუკეთესო მოღვაწედ მოიხსენიებ და მიწა თუ პარკეტი არ გისკდება ფეხქვეშ, ვიღასი ვიწამო, თქვენ ნუ მომიკვდებით!

განკითხვის დღემდე, ანუ 17 ოქტომბრამდე ერთი კვირით ადრე მიხეილ სააკაშვილმა ეპისტოლარული ჟანრი გამოიყენა პოროშენკოს მიმართ და ულტიმატუმი წაუყენა. კერძოდ, სააკაშვილი პოროშენკოსგან მოითხოვს შემდეგი პირობების შესრულებას: კორუფციასთან ბრძოლა, პრეზიდენტის დანაპირების შესრულება საკუთარი ბიზნესის გაყიდვასთან დაკავშირებით, ახალი საარჩევნო კანონმდებლობის მიღება და კომუნალური გადასახადების შემცირება.

მარაბდის ბატონისა და არსენა ოძელაშვილის არ იყოს, „ამის ნახევარიც რომ შევასრულო, ვეჟო, ხომ დავიღუპებიო“. არ მგონია, პოროშენკომ და სააკაშვილმა მშვიდობიანად მოილაპარაკონ. მიშას მოძრაობა უკრაინაში უკვე მთის შუაწელს ჩამოცილებული ზვავივითაა და სანამ წასალეკს არ წალეკს, ჯებირებში ვერავინ მოაქცევს.

თუ მალავის რესპუბლიკაში „ვამპირებზე“ ფართომასშტაბიანი ნადირობა ახლა დაიწყო, საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე ნადირობის წინასაარჩევნო სეზონი კარგა ხანია, გახსნილია. აფრიკაში თუ „ვამპირებს“ მოსახლეობა უსწორდება, აქ „ნაციონალებს“ ე. წ. სამართალდამცველები დასდევენ, იჭერენ და სცემენ ყველას: პარლამენტარს, საკრებულოს წევრებსა და კანდიდატებს, ცნობილებსაც და რიგითებსაც. ისე დასდევენ, როგორც „სკალპებზე“ მონადირე ინდიელები. არ გეგონოთ, ამას იმიტომ ვამბობ, ჩემი ძველი „კურტკის“ ბოღმა მალაპარაკებდეს. არა, ბატონო! ის როცა კარადაში მშვიდად ეკიდა, სამიჯირყვნო პროცესი გახურებული იყო.

საქართველოს მოუკვდა თავისი ჩიტი-ნიბლია _ მარიტა. უმშვენიერესი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ზეციური ქმნილება გაფრინდა იქ, სადაც მისი ადგილი იყო _ ღვთისმშობელ მარიამის კალთაზე დაივანა. მთელი მისი ცხოვრება მარიტას ცხოვრებასავით ჩუმი და მოკრძალებული იყო და როგორ არ ჰგავდა იმათ, დენიკინის დროს ერთი როლი რომ ითამაშეს, ან ერთი საშუალო დონის ფილმი გადაიღეს და ფუტკარს შემომწყრალი ხარაბუზასავით „გზა მომე, გზა მომეო“, ბზუიან. ქედი მოვიხაროთ ულამაზესი ქმნილების წინაშე და ყოველ 11 ოქტომბერს თითო სანთელი დავუნთოთ. ლიკა ქავჟარაძე ამის ღირსი იყო!!!

დღეს, 17 ოქტომბერს, 14 საათზე, აფხაზეთში გარდაცვლილებს სამებიდან გამოასვენებენ და დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. „დიდება ქვეყნისთვის წამებულ რაინდებს, ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა!..“

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, „თბილისისა და ნატოს თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება“. ჰეი, ვასია! რეგიონში შენ რომ ვეღარ იპარპაშო, იმას ემუქრება! აახვიე და არც ნატო გვინდა და არც კატო. გამოვნახავთ აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენას! აი, ოდესმე თუ ვლადიკავკაზში ან როსტოვში გამოჩნდება ქართული ჯარი, მაშინ შემოიხიე ნიფხავ-პერანგი. გაიგე, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არის, გაყრილები ვართ. შენ შენთვის და მე _ ჩემთვის. როგორც ტკბილ მეზობელს, ჩემი თავი გენაცვალოს და როგორც აგრესორს _ შენი პატრონ-მყვარებელი***!“

მესამე გაჩერება: სულზე მომისწრო. გამიჩერეთ, ჩავდივარ! მეც ხომ თემურ წიკლაურივით დედამიწის გაჩერებას არ ვითხოვ. წყნარად, მხოლოდ თქვენთან შეთანხმების შემდეგ ჩავდივარ. სამშაბათამდე… მერე მექნება გაჩერება თუ არა, ეგ აღარ ვიცი. მოგეხსენებათ, ამ შაბათს არჩევნებია. ამათმა ტანსაცმლის შემოგლეჯა უკვე დაგვიწყეს და არჩევნების დღეს ან მერე რას იზამენ, „სამისაჯირყვნო“ კანტორამაც არ იცის. თან ტელევიზორს უნდა მივუჯდე. მოგეხსენებათ, 17 ოქტომბერია და სააკაშვილი კიევშია. საკითხავი მხოლოდ ის არის, დღეს მეოთხედფინალი, ნახევარფინალი თუ პირდაპირ ფინალი იქნება?..

 

  1. შ. სკალპი _ თავის კანი თმებიანად, რომელსაც აძრობდნენ დამარცხებულ მტერს და მიჰქონდათ ნადავლის სახით (ჩვეულებად ჰქონდათ ველურ ტომებს: გალებს, სკვითებს, ამერიკის ინდიელებს და სხვ.)… მიხეილ ჭაბაშვილი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი. 1989 წ. გვ. 63-68).

 

ზაალ ნემსაძე