ჯანო ჭკადუა: „პოლიციელი, რომელიც ატარებს ნიღაბს, არის პოტენციური მოძალადე“

გიგა გელხვიიძე

გურამ როგავა, მარიამ გაფრინდაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული, მარიამ ნიკურაძე, მინდია გაბოძე, ნიკო კოკაია, ანა მდივანი, ალექსანდრე კეშელაშვილი ეს იმ ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან დღემდე მიმდინარე პროცესების დროს, ხელისუფლების მხრიდან, მიყენებული აქვთ სხვადასხვა ტიპის დაზიანება. ზოგიერთ მათგანს ესაჭიროება ხანგრძლივი მკურნალობის კურსი, რადგანაც მიყენებული აქვთ მძიმე დაზიანებები, უმეტესი მათგანი სახის არეში.

საქართველოში მედიის, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის მისამართით დევნა ხორციელდებოდა ყოველთვის და ეს არახალია თუმცა, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, რომლის ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მედიაზე ძალადობა იყო წინა ხელისუფლების მხრიდან (2007 წლის, 7 ნოემბერი „იმედის“ დარბევა), ჟურნალისტების ყოფა, კიდევ უფრო გაუარესდა საქართველოში.

დღეს ჟურნალისტებს სცემენ პირდაპირ ეთერში, ასახიჩრებენ, უმტვრევენ სახის ძვლებს, ართმევენ აპარატურას, არის მუქარები, რომ მიუვარდებიან სახლებში, არცერთ ამ შემთხვევაზე რეაგირება არ აქვს სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლებს, მეტიც, ხშირად თავად ისინი არიან მთავარი მოქმედი გმირები.

დასახიჩრებული და დაზიანებული მედიის წარმომადგენლების უფლებებს სხვადასხვა ორგანიზაცია იცავს, თუმცა მათ შორის ყველაზე მეტი საქმე „მედიაომბუდსმენს“ აქვს აღებული.

სწორედ „მედიაომბუდსმენის“ იურისტ ჯანო ჭკადუას ესაუბრა „ქრონიკა+“ და შეეცადა მისგან გაეგო, თუ რა ეტაპზეა გამოძიება ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტების შესახებ.

_ ჯანო, ჟურნალისტების დაზიანების რამდენი საქმეა წარმოდგენილი თქვენთან და რა ტიპის ქეისებია ისენი?

_ 28 ნოემბრიდან დღემდე ათობით საქმეა წარმოდგენილი ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლასთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას დაფიქსირდა, ასევე იყო დევნა პროფესიული ნიშნით _ პოლიციის თანამშრომლები, რობოკოპები და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივ ქმედებას ახორციელებდნენ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ჟურნალისტები. სამწუხაროდ, მოხდა ისეთი ფაქტები, როდესაც ჟურნალისტების მიმართ განხორციელდა არა მარტო დევნა, არამედ ძალადობრივი ქმედება. სამწუხაროდ, იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებები, როდესაც დააკავეს რადიო „თავისუფლების“ წარმომადგენელი, რომელიც ამ შემთხვევაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ერთ-ერთ ფოტოგრაფს წაართვეს ფოტოაპარატი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 2000 ლარზე მეტია. არც კი იცის, სად არის მისი ფოტოაპარატი. ჟურნალისტებს ართმევდნენ ტელეფონებს და უკან არ უბრუნებდნენ, ხშირად ტელეფონებს უზიანებდნენ. ღეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ ჟურნალისტებს თავიანთი საქმიანობის შესრულების დროს საფრთხე ემუქრებათ ჯანმრთელობის დაზიანების მხრივ.

_ რა მუხლებით დაიწყო გამოძიება კარლო კაციტაძის უწყებამ?

_ სამწუხაროდ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმის გამოძიება დაიწყო მხოლოდ და მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე თავიდან, შემდეგ თქვა, რომ ამასთან ერთად ადგილი აქვს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. თუმცა, როგორც გითხარით, ასევე ადგილი აქვს პროფესიული ნიშნით დევნას და მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო სამსახურმა უახლოეს დროში (თავიდანაც უნდა ყოფილიყო) დაიწყოს გამოძიება პროფესიული ნიშნით დევნის, სხვისი ქონების დაჟინებით ძარცვისა და ასევე წამების მუხლებით.

_ კონკრეტული ქეისის შესახებ რომ გვითხრათ, სადაც საქმე გვაქვს წამებასთან.

_ ერთ-ერთი ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ძალადობრივი, არამედ ის იყო წამება. წამება იყო როდესაც „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ მანქანაში ყოფნისას ერთი საათის განმავლობაში, ყოველ ხუთ-ათ წუთში შემოდიოდნენ პოლიციელები და ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებას, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობა, ეს არის წამება.

_ ყოველივე აქედან გამომდინარე, როგორც ვხვდები, შესაძლებელი და აუცილებელიც კი არის ამ ფაქტისთვის წამების კვალიფიკაციის მინიჭება, ხომ?

_ რა თქმა უნდა, ამ ქმედებებს წამებად კვალიფიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამწუხაროა, რომ ჩვენ როდესაც ვხედავთ 400-მდე დაზარალებულ მოქალაქეს, მათ შორის არასრულწლოვნებს, მათ შორის, ჟურნალისტებს, რომლებიც საკუთარ პროფესიულ საქმიანობას ახორციელებენ და ამ მოქალაქეებში ვხედავთ ადმინისტრაციული წესით და ვხედავთ სისხლის სამართლის წესით დაკავებულ პირებს, ხოლო მეორე მხარეს არცერთი პოლიციელი არ არის დაკავებული, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს გამოძიება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა პოლიციელი, რომელიც აქციაზე გამოდის, არის ნიღბებით, ანუ ამ პირების იდენტიფიცირება შეუძლებელია.

_ ამ ნაწილში მინდა ჩაგეკითხოთ, ჩვენ ვხედავთ ნიღბიან რიგით პოლიციელებს, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა, რობოკოპებს. არც ერთ მათგანს არ აქვს ნუმერაცია, რომელიც შესაძლებლობას სმისცემდა საგამოძიებო უწყებას (დაინტერესების შემთხვევაში), მოეხდინა იდენტიფიცირება ამა თუ იმ მოძალადე სამართალდამცველის. რასთან გვაქვს საქმე? არის თუ არა ეს დარღვევა და თუ ეს არის ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმი მათი მხრიდან, რომელიც გამართლებულია?

_ სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს რეგულაცია, რომელიც დაავალდებულებდა სპეციალური რაზმის დანიშნულების წარმომადგენლებს, რომ როდესაც ისინი აღჭურვილები არიან, მათ ჰქონდეთ ინდივიდუალური ნომრები. რობოკოპებთან დაკავშირებით ნიღბის ტარება იმდენად პრობლემური არ არის, რადგანაც ინდივიდუალური ნიშნით გამორჩევა თუნდაც სამსახურის მიერ არის შეუძლებელი. ყველაზე პრობლემური არის ის, რომ კრიმინალური პოლიციის (შსს-ს კრიმინალური პოლიცია) თანამშრომლებიც ნიღბით არიან და ეს მაშინ, როდესაც ეს ნიღაბი, რომელსაც ატარებენ, არ არის რაიმე დამცავი მექანიზმის მქონე. არ იცავს წყლისგან, არ იცვას ქვისგან, არ იცავს პიროტექნიკისგან, ერთადერთი დამცავი მექანიზმი არის ის, რომ მათ მიერ ძალადობის განხორციელების დროს არ მოხდეს მათი იდენტიფიცირება, რაც ნიშნავს იმას, რომ პოლიციელი რომელიც ნიღაბს ატარებს, არის პოტენციური მოძალადე და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელებს უნდა ჰქონდეთ მაინდეტიფიცირებელი ნიშნები, რომლებიც ამ შემთხვევაში გამოდიან აქციაზე, რომ უკანონო ქმედებები აღკვეთონ, გარდა იმ სპეცრაზმელებისა, რომლებიც აღჭურვილები არიან შესაბამისად და უკეთიათ ის ჩაფხუტებიც, რომლებიც მათ იცავს თავდასხმისგან. ჩვენთვის წარმოუდგენელია, უბრალოდ ნაჭრის ნიღაბი ატაროს პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც მას არ იცავს არავისგან, გარდა იმისა, რომ არ მოხდეს მისი იდენტიფიცირება.

_ მინდა გკითხოთ „ფორმულას“ ჟურნალისტ გურამ როგავას ქეისთან დაკავშირებით. მას აქვს მრავლობითი დაზიანება, დამტვრეული აქვს სახის ძვლები, აქვს ტვინის შერყევა და ა. შ., რის გამოც მას უხდება ხანგრძლივი მკურნალობის კურსის გავლა _ ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე?

_ ამ შემთხვევაში ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა ან გადამეტება უფლებამოსილების, აქ ადგილი აქვს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებს და შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს კონკრეტული დაზიანების ხარისხს. მე გურამ როგავას ქეისს არ ვიცნობ სამწუხაროდ და არ შემიძლია შევაფასო, რა სახის ძალადობა განხორციელდა მის მიმართ და შევაფასო მისი წამების ხარისხი. შესაძლოა, მის მიმართ განხორციელებული ძალადობა გავიდეს არაადამიანური მოპყრობის ან წამების ხარისხში, ამიტომ საფუძვლიანად უნდა იქნას ეს ქეისი შესწავლილი. თუმცა სახეზე რაც ჩანს ის არის, რომ მას მიაყენეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

_ ასევე უნდა გკითხოთ „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ანა მდივნის შესახებ, რომელსაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვის დროს დაუსვეს ასეთი შეკითხვა: „ეს ყველაფერი აღიქვით, როგორც აქციის მონაწილემ, თუ როგორც ჟურნალისტმა?“ _ რამდენად ეთიკურია და სწორია გამომძიებლის მიერ ასეთი შეკითხვის დასმა იმ ჟურნალისტის მისამართით, რომელიც კონკრეტულ მომენტში ასრულებდა თავის პროფესიულ მოვალეობას?

_ ეს არის ძალიან შეფარული შეკითხვა. ასეთი შეკითხვები იყო სხვა ჟურნალისტების მიმართაც. აქ გააჩნია, რა კონტექსტში დასვა, გააჩნია რას მოჰყვა ეს კითხვა. იმისთვის, რომ გამოკვეთოს გამომძიებელმა პროფესიული ნიშით დევნა, დაზარალებულმა უნდა განმარტოს, რომ მის მიმართ იმიტომ განხორციელდა ძალადობრივი ქმედება, რომ ის იყო ჟურნალისტი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უკონტექსტოა შეკითხვა, რომ ჟურნალისტს ჰკითხო, იქ რა მიზნით იყავი? ჟურნალისტები, რომლებიც იქ დადიან, ასრულებენ თავის ჟურნალისტურ მოვალეობას. რა თქმა უნდა, სპეციალური დანიშნულების რაზმმა, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ძალიან კარგად იციან, რომ ის პირები, რომლებიც ამ დროის განმავლობაში ასრულებენ თავიანთ საქმიანობას, არიან ჟურნალისტები. უმრავლესობა ატარებს სპეციალურ ბიჯს, ატარებენ ჩაფხუტს, რომ ისინი არიან ჟურნალისტები და ეს ნიშნავს იმას, რომ მათ მიმართ დევნა ხორციელდება პროფესიული ნიშნით. ჩვენ არაერთი შემთხვევა გვაქვს იმის, რომ პოლიციელები ხელს უშლიან გადაღებაში ჟურნალისტებს, რადგანაც მათ არ უნდათ მედიის წარმომადგენლებმა ასახონ ის  ძალადობრივი ქმედებები, რომლებსაც მოსახლეობის მიმართ ახორციელებენ.

ავტორისგან: ის, რაც ახლა ხდება რუსთაველის ქუჩაზე, ის, რაც მოხდა ბესიკის ქუჩაზე და თბილისის სხვა ლოკაციებზე, არის ცხადი და ამ ყველაფრისთვის კვალიფიკაციის მინიჭება არ გვეშლება პირველ რიგში ჩვენ, ჟურნალისტებს. გარდა ამისა, კვალიფიკაციას ვანიჭებთ ჩვენივე კოლეგების ქმედებებსაც და ის, რაც ბევრჯერ მითქვამს და დამიწერია, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო: ძვირფასო კოლეგავ, შენ, რომელიც ახლა მუშაობ თბილად რომელიღაც სამთავრობო ტელევიზიის თუ სააგენტოს შენობაში და ხედავ იმ ძალადობას, რომელიც ხორციელდება შენს კოლეგებზე, ხედავ და არ ამბობ არაფერს მათ დასაცავად, არ ითხოვ დასჯას იმ მოძალადე პოლიციელების, რომლებიც ურტყამენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ფოტოგრაფებს, არ ითხოვ პასუხს იმისგან, ვისაც ემსახურები, ხარ ხელმომწერი ყოველივე ამაზე და შენი კოლეგის სისხლი შენს კისერზეც არის. გახსოვდეთ, რომ პირველ რიგში ადამიანები ხართ, კოლეგები ხართ და მერე იფიქრეთ იმ დღეზე, როდესაც მიკერძოებული და „გამპრავებლური“ პოზიციის მქონე მასალის ან სიუჟეტის მომზადების გამო პრემია უნდა დაგერიცხოთ და კოლეგის სისხლით გაჟღენთილი ფული სახლში უნდა მიუტანოთ თქვენს შვილებს. გამოდი და თქვი სიმართლე, სანამ ჯერ კიდევ არის ამის დრო და სივრცე.