ხმაურიანი სასამართლო პროცესი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ეპიზოდებით
2018 წლის თებერვალში კოჯორში, კაკაურიძეების ეზოში, 29 წლის გურამ კვეზერელის დაბეტონებული ცხედარი იპოვეს.
გამოძიების ვერსიით, დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობა 12 000 $-ის გამო მოხდა. გურამ კვეზერელი 2014 წლის 17 დეკემბერს დამნაშავეებმა კოჯორში მოტყუებით აიყვანეს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს და ცხედარი კასრით დაფლეს. ამის შემდეგ დამნაშავეები გურამ კვეზერელის დედის, ნატოს ოჯახში მივიდნენ, დედა მოკლეს, ბინიდან ფული, გურამ კვეზერელის სახელზე გაფორმებული ორი ცეცხლსასროლი იარაღი, კომპიუტერი და მოკლულის პირადი ნივთები წაიღეს.
მკვლელობის საქმეზე გიორგი ყუფარაძეს და ვასილ გოშაძეს წაუყენეს ბრალი. ყუფარაძე იმ მომენტისთვის ქვეყნიდან გაქცეული იყო, ვასილ გოშაძე კი სასჯელს ნარკოტიკების რეალიზაციისთვის იხდიდა.
სად და რა ვითარებაში დააკავეს ინტერპოლით ძებნილი გიორგი ყუფარაძე საბერძნეთში, ამაზე ქვემოთ დაწვრილებით მოგიყვებით, მანამდე კი საინტერესო დეტალები მისი ბიოგრაფიიდან:
გამოძიების ვერსიით, ყუფარაძე წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი, მათ შორის, მკვლელობისთვის. 2004 წელს სვანეთის უბანში მან ძმები, საქართველოში აზერბაიჯანიდან მანქანის შესაძენად ჩამოსული ილხამ და რახიმ ჰასანოვები მოკლა, შემდეგ კი ნაქირავები სახლის ეზოში ჩააბეტონა. სწორედ ამ დროიდან შეარქვეს მას მეტსახელად „ბეტონა“.
ვინ არის გიორგი ყუფარაძე?
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, იგი კარგად მომზადებული სპეცრაზმელია, რომელიც სხვადასხვა დროს უცხოეთის არაერთ მისიასა და სპეცდავალების შესრულებაში მონაწილეობდა. ბოლოს ის ოფიციალურად კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომელი იყო და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო რეალიზაციისა და კონტრაბანდის ფაქტებზე მუშაობდა.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, 2004 წელს ის კვალში ჩაუდგა საქართველოს გავლით რადიოაქტიური ნივთიერების კონტრაბანდის დიდ პარტიას. ცხადია, ამ კონტრაბანდას ძალოვან უწყებაში სერიოზული მფარველები ჰყავდა და კარგად ინფორმირებული გიორგი ყუფარაძე გზიდან ჩამოიშორეს _ თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოსული ძმების მკვლელობა აჰკიდეს. ჩვენი წყარო ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ძმები ილხამ და რახიმ ჰასანოვები, რეალურად, თბილისში არა მანქანის საყიდლად, არამედ შემოტანილი ნარკოტიკების რეალიზაციიდან ფულის ასაღებად იყვნენ ჩამოსულები და ისინი, სწორედ, კურიერმა და „კრიშამ“ მოიცილეს თავიდან, მკვლელობისთვის კი ყუფარაძე დააპატიმრეს. მან სასჯელის დიდი ნაწილი მოიხადა, ნაწილი კი ამნისტიის შედეგად შეუმსუბუქდა და საპატიმროც დატოვა.
ამის შემდეგ ოფიციალურად ყუფარაძის კვალი იკარგება, მაგრამ ჩვენი წყარო ამბობს, რომ ის რადიოაქტიური ნივთიერებების ყიდვა-გაყიდვისა და კონტრაბანდის ფაქტებზე ისევ მუშაობდა და სწორედ ამ დროს გადაიკვეთა მისი და გურამ კვეზერელის კვალი, _ ეს უკანასკნელიც რადიოაქტიური ნივთიერებების რეალიზაციის ფაქტებით ინტერესდებოდა და რამდენიმე განცხადებაც კი ჰქონდა განთავსებული ინტერნეტსივრცეში წითელ ვერცხლისწყალთან დაკავშირებით. იგივე წყარო იმასაც ამბობს, რომ გიორგი ყუფარაძემ სერიოზული მუშაობა ჩაატარა კვეზერელის კავშირებისა და მისი კლიენტების გამოსავლენად, აქაც სერიოზულ კვალზე გავიდა, კვეზერელი გადმოიბირა და თანამშრომლობაზე დაითანხმა, მაგრამ ინფორმაციამ გაჟონა და კვეზერელი იმ ხალხმა მოიშორა თავიდან, რომელსაც გაშიფვრის შეეშინდა. გვამი კი სწორედ იგივე ხელწერით დააბეტონეს, როგორც ძმები ჰასანოვები. მათვე კვალის დაფარვის მიზნით, სახლიდან კვეზერელის კომპიუტერი (სადაც მიმოწერა და კომუნიკაციის სხვა დეტალები ინახებოდა) და ბედ გადახდილი თანხა წაიღეს.
დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობა 2014 წლის შემდეგ გაუხსნელი იყო, ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი გიორგი ყუფარაძეს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დაურეკა და სასწრაფოდ ქვეყნის დატოვება მოსთხოვა (ამ მაღალჩინოსნის გვარის დასახელებას ყუფარაძე სასამართლო პროცესზე საჯაროდ აპირებს). ის ქვეყნიდან მიდის და როგორც მოგვიანებით გაირკვა, საბერძნეთში სლოვაკეთის მოქალაქე მიროსლავ პოჰლოდკოვის (Miroslav Pohlodkov) სახელით სახლდება. 2016 წელს მან თხოვნით მიმართა საბერძნეთის ხელისუფლებას თავშესაფრის მიღებაზე. თრაკეს თავშესაფრის მინიჭების პერიფერიულ განყოფილებაში გიორგი ყუფარაძის თხოვნას ორჯერ უარით უპასუხეს. გასაუბრებიდან რამდენიმე დღეში გიორგი ყუფარაძე, უმძიმეს მდგომარეობაში, სავარაუდოდ, მოწამლული, ალექსანდრუპოლის საუნივერსიტეტო მრავალპროფილიან საავადმყოფოში სასწრაფოთი კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს, ძალიან დაბალი არტერიული წნევით და მძიმე რესპირატორული უკმარისობით, ციანოზით _ მწვავე რესპირატორული აცინოზი (წინასასიკვდილო მდგომარეობა), _ ასეთი იყო ბერძენი ექიმების წინასწარი დიაგნოზი. პაციენტს გული გაუჩერდა და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. სამი თვის განმავლობაში მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, არაერთი ანალიზის მიუხედავად, მისი შოკურ მდგომარეობამდე მიყვანის რეალური მიზეზი ვერ დადგინდა, ვერც ერთმა ლაბორატორიულმა და კლინიკურმა ექსპერტიზამ ვერ დაადგინდა ფილტვის მასიური ემბოლია.
სამედიცინო დასკვნაში ბერძენი ექიმები წერენ, რომ არსებობს ბევრნაირი შხამი ან მძიმე ტოქსიკური მინერალი, რომელსაც შეუძლია, ადამიანი სასიკვდილო მდგომარეობამდე მიიყვანოს. კლინიკური სიმპტომების გაგრძელებაც ამის დამატებითი დამადასტურებელია. საბოლოოდ, ბერძენმა ექიმებმა დაასკვნეს, რომ გიორგი ყუფარაძე, სავარაუდოდ, მოწამლულია უცნობი ნივთიერებით, რომელმაც იგი წინასასიკვდილო მდგომარეობამდე მიიყვანა და სწორედ ამიტომ იყო ჰოსპიტალიზებული ორი თვის განმავლობაში.
ბერძენმა ექიმებმა გიორგი ყუფარაძის გადარჩენა შეძლეს, მაგრამ მისი ჰოსპიტალში ყოფნისას კიდევ ერთი უცნაური ფაქტი ხდება: 2016 წელს ალექსანდრუპოლის უშიშროების ქვეგანყოფილებაში გამოცხადდა ათენში მცხოვრები პირი, ივანე მიტიტანიდი (IVANE MITITANIDI) და მათ ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ ინტენსიური თერაპიის ცენტრში მოთავსებული პაციენტი არა სლოვაკეთის მოქალაქე მიროსლავ პოჰლოდკოვი, არამედ ქართველი გიორგი ყუფარაძეა. საიდან შეიძლებოდა ჰქონოდა ეს ინფორმაცია უშიშროების კონკრეტულ თანამშრომელს? მოწამვლამდე ყუფარაძეს, იგივე პოჰლოდკოვს, საბერძნეთის კანონმდებლობასთან პრობლემები არ ჰქონია, მშვიდად ცხოვრობდა და მცირე ბიზნესს ეწეოდა, ტოვებდა ქვეყანას და ბრუნდებოდა, არც ერთხელ მოხვედრილა ბერძნული პოლიციის თვალთახედვის არეში.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გიორგი ყუფარაძე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია, რადგან ის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომელი და სპეცმომზადება გავლილი სპეცაგენტი იყო, საბერძნეთში ჯერ მოწამლეს, და რადგან მისმა ნავარჯიშებმა სხეულმა ამ მძიმე მოწამვლას გაუძლო, შემდეგ უკვე უშიშროების განყოფილებაში დააბეზღეს, რომ საქართველოში მისი ექსტრადირება მომხდარიყო, სადაც ყუფარაძეს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობისთვის უკვე ეძებდნენ.
ქართული გამოძიების მასალების მიხედვით, ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებულმა ვასილ გოშაძემ, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა, გამოძიებასთან ითანამშრომლა და გურამ კვეზერელის მკვლელობის ფაქტი აღიარა, მანვე მიუთითა ადგილი, სადაც კვეზერელი იყო დამარხული. თითქოს ამ ფაქტში უცნაური არაფერია, რომ არა ორი მნიშვნელოვანი კითხვა: გოშაძემ მკვლელობა 18 აპრილს აღიარა, საბერძნეთის კლინიკაში კი უშიშროებაში დამსმენი წინასწარ, ანუ 5 აპრილს მივიდა განაცხადით, რომ პაციენტი მკვლელობისთვის ძებნილი გიორგი ყუფარაძე იყო. და მეორე: რატომ გადაწყვიტა ყუფარაძემ გურამ კვეზერელის გვამის დამარხვა და დაბეტონება კოჯორში, საკუთარი სახლის ეზოში, როცა მისი სახლს უკან თითქმის გაუვალი ტყეა და დამარხული გვამის პოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნებოდა?
როგორც გვეუბნებიან, ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებული ვასილ გოშაძე, რომელსაც ოცწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, მკვლელობის აღიარების მერე თავისუფალია. საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით, დედა-შვილ კვეზერელების განზრახ მკვლელობაში მეორე ბრალდებულ გიორგი ყუფარაძის ექსტრადირება საქართველოში 2018 წლის დეკემბერში განხორციელდა.
პატიმარი ამჟამად ქართულ ციხეში ელოდება სასამართლო პროცესის დაწყებას. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მან მოითხოვა, მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ და, ამ ეტაპზე, სწორედ მსაჯულების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.
საქმის არსებითი განხილვა, როგორც ჩანს, ძალიან საინტერესო და სკანდალური იქნება.
ელისო კილაძე