„ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებას ეუბნება, რომ ომისგან იცავს, თვითონ არის შეშინებული“
თამარ სანაძე
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება პარლამენტს 14 ოქტომბრამდე წარედგინება.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი კონსტიტუციით დადგენილ ვადაში, დასკვნის მიღებიდან ორ კვირაში, კენჭს უყრის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს. თუკი პრეზიდენტი ამ ვადაში ვერ გადააყენეს, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.
საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები ბოლო დღეებია მოსამართლეებს არწმუნებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, კონსტიტუციის 52-ე მუხლი დაარღვია.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უნდა დაადგინოს, დაირღვა თუ არა ქვეყნის უზენაესი კანონი, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საფრანგეთის, გერმანიისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებს შეხვდა.
ასევე სადავო გახდა სპეციალური ნორმა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლშია ასახული. ეს ნორმა ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ავალდებულებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა, ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესსა და მოსალოდნელ შედეგებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება იურისტ ლია მუხაშავრიას:
_ ქალბატონო ლია, ძალიან უცნაურ პროცესებს ვადევნებთ თვალს ბოლო დღეების განმავლობაში. ვიდრე დეტალებზე დაწვრილებით ვისაუბრებდეთ, საინტერესოა თქვენი შეფასება, რას ფიქრობთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე? რამდენად რეალისტურია ეს და რატომ წამოწიეს ეს საკითხი მაინცდამაინც ახლა?
_ ჩვენ ძალიან საინტერესო პროცესების მონაწილენი ვხდებით. მე, როგორც იურისტსა და კონსტიტუციონალისტს, ყოველთვის მეფიქრებოდა, რომ იმპიჩმენტის პროცედურა ხომ არ არსებობს, ხომ მკვდარია და ვამბობდი, რომ არასოდეს დაგვჭირდებოდა, მაგრამ ბევრი ისეთი რამ, რაც კონსტიტუციაში იყო გაწერილი და ჩვენ, იურისტები ვფიქრობდით, რომ არასოდეს იქნებოდა საჭირო, აღმოჩნდა, რომ ცოცხალი მექანიზმია, საჭიროც არის და გამოყენებულიც პრაქტიკაში. სხვა საკითხია, როგორ არის გამოყენებული, მაგრამ ფაქტია, რომ კონსტიტუცია და კონსტიტუციური საკითხები მთელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მათ შორის განსაკუთრებით ხაზგასასმელი სწორედ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი გახლავთ, რომელიც, პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ უდროო დროს იყო აღძრული და წარმოებული, იმიტომ რომ ახლა, როდესაც ქვეყანა დგას უმნიშვნელოვანესი ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე, როგორიცაა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, არაფერი დაშავდებოდა, რომ თუ ასეთი აღმაშფოთებელი და მოუთმენელი იყო კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევა პრეზიდენტი მხრიდან, ამ საკითხის აღძვრა მომხდარიყო დეკემბრის შემდეგ ან დეკემბრის ბოლოს თუნდაც ან მომდევნო წელს. მეორე, როდესაც პრეზიდენტს ერჩი იმის გამო, რომ თურმე ის წავიდა მთავრობის თანხმობის გარეშე და შეხვდა ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნების პირველ პირებს იმისათვის, რომ ეთხოვა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე დახმარება და ამ საქმეში თანადგომა, ეს რომც გააკეთებინა მას კრიმინალური გზით, მაშინაც კი არ უნდა ყოფილიყო იმპიჩმენტის აღძვრის საბაბი. თუ ფართო ცნებით შევხედავთ, ქალბატონი პრეზიდენტი იღვწოდა იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელი შეეწყო. ეს მისი, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის, პირდაპირი მოვალეობაა, _ კონსტიტუციის 78-ე მუხლი მას და სხვა პირებსაც ავალდებულებს, ყველაფერი იღონონ ამ მიზნის მისაღწევად. ამიტომ ეს იმპიჩმენტის თემა, მთელი ეს პროცედურა იმ პირობებში, როდესაც ამ ქვეყანაში კონსტიტუციის პატივისცემის საკითხი ძალიან სათუოა, ჩვენდა ჭირად იმის გამო, რომ არ გვაქვს მაღალი სამართლებრივი კულტურა, კონსტიტუციონალიზმის გამოცდილება და ხელისუფლების სათავეში მყოფი პირების მხრიდან იმის სამაგალითო ჩვენება, როგორ უნდა კონსტიტუციისა და კანონმდებლობის პატივისცემა, უფრო პირიქით ვხედავთ ხოლმე. ასეთ დროს თავდასხმა პრეზიდენტზე, რომ მან ყველაზე მძიმე დანაშაული და კონსტიტუციური გადაცდომა ჩაიდინა, სრულიად უადგილო იყო.
ქვეყანაში რომ არ იყოს სხვა პრობლემა და სხვა ყველა კანონი და კონსტიტუციური მექანიზმი რომ იყოს უმაღლეს დონეზე შესრულებული, მაშინ შეიძლება შეედავო, მაგრამ როდესაც თითქმის ყველა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობისა და სახელმწიფო თანამდებობის პირი სწორედ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ასეთ დროს მაინცდამაინც პრეზიდენტის ამოჩემება სწორედ ძალიან გადაკიდებას, ამოჩემებას ჰგავს და მიკერძოებული და დაჟინებული წინააღმდეგობის სურათს უფრო ქმნის, ვიდრე კონსტიტუციური პრინციპების პატივისცემის საკითხს.
არსებობს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური წესრიგი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საკითხი იმის შესახებ, პრეზიდენტმა ნამდვილად დაარღვია თუ არა კონსტიტუცია, ერთია; მერეა, თუ დაარღვია, ეს დარღვევა იყო თუ არა იმ ზომისა და იმგვარი შინაარსის, რომ გამხდარიყო იმპიჩმენტის საფუძველი. ეს არის საკვანძო საკითხები, რაზედაც უნდა იმსჯელოს და დასკვნა გააკეთოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა.
_ იმპიჩმენტის პროცესის გამოცდილება პირველად აქვს ჩვენს ქვეყანას. ძალიან ბევრი დეტალი არ ტოვებდა კარგ შთაბეჭდილებას. გამოიკვეთა კიდევ ერთი საკითხი, _ შესაბამისად განიმარტება თუ არა საქართველოს კონსტიტუციის თითოეული დებულება, მისი ნამდვილი მიზანი და მათი პრაქტიკაში გამოყენება? კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი ქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია საგარეო ურთიერთობის წარმოებასთან, უნდა განახორციელონ თუ არა ის 78-ე მუხლის შესაბამისად? სწორედ ამ მუხლმა შეცვალა მთელი ამ საქმის მიმდინარეობა.
_ სიმართლე გითხრათ, ეს სამი დღე თვალყურს ვადევნებდი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს და უნდა ვთქვა, რომ ძალიან არასასიამოვნო შთაბეჭდილებები დამრჩა. ერთი მხრივ, მომეჩვენა, რომ პლენუმის ზოგიერთი წევრი ავლენდა მკვეთრად სუბიექტურ დამოკიდებულებას, ამის გამო საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა, როგორიც არ უნდა იყოს ის, სავარაუდოდ არ იქნება მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე. ეს განცდა კითხვებში, კითხვების დასმის ტონალობაში, კითხვების დასმის ფორმაში, თავად პროცესის განმავლობაში როგორ ეჭირათ თავი პლენუმის წევრებს და განსაკუთრებით კარგად ჩანდა, როგორი განსხვავებული დამოკიდებულება იყო, მიუხედავად ფორმალურობის მცდელობისა თავმჯდომარის მხრიდან, რომ თანაბრად მოპყრობოდა მხარეებს, მაინც იგრძნობოდა, რომ, მაგალითად, კობახიძეს ჰქონდა უფლება, არა მხოლოდ კითხვა დაესვა, არამედ შეეფასებინა პასუხიც, რაც მიუღებელია, დაუშვებელია. მიიღე პასუხი, მოგწონს, არ მოგწონს, დაგაკმაყოფილა თუ არა, ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს და გაითვალისწინოს. ეს პატრონყმური დამოკიდებულება, როგორც სასამართლოს, ისე მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან, უსიამოვნო განცდას ტოვებდა.
გენდერულადაც ისე გამოიყურებოდა ეს ყველაფერი, რომ წარდგინების ავტორები იყვნენ მამაკაცები, რომლებიც გამოირჩეოდნენ ნაკლები მამაკაცური ჯენტლმენობით, ნაკლები ზრდილობით და იმ ღირსებით, რომლითაც შენ მოწინააღმდეგე მხარეს უნდა ესაუბრებოდე. მინახავს პროცესები, ძალიან მაღალი დონის, როგორც ევროპის სასამართლოში, ისე ამერიკაში. იქაც მხარეები მტრულად არიან განწყობილნი, მაგრამ ახერხებენ ეს ისე შეფუთონ, რომ ნაკლებად გამოსჭვიოდეს ცინიზმი, დაცინვა, ქედმაღლური დამოკიდებულება. პირიქით, ეს უნდა იყოს მჭევრმეტყველების ფოიერვერკი და ძალიან ბევრი საშუალებაა, რომ მოწინააღმდეგეს ისე უპასუხო, რომ მისი პოზიცია გააბათილო და შექმნა შთაბეჭდილება შენი უპირატესობის შესახებ. ოღონდ ეს არ უნდა გაკეთდეს არც უხეში ფორმით, არც ცინიკურად და არც დამცინავი ტონით, მით უფრო, რომ მამაკაცები გამოდიოდნენ ქალების წინააღმდეგ.
მინდა ვთქვა, რომ დაცვის, პრეზიდენტის მხარის პოზიცია ჩემთვის არ იყო მთლად სწორი იმიტომ, რომ მათ კატეგორიულად უარყვეს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა და შევიდნენ იმის მტკიცებაში, რომ პრეზიდენტის ქმედებაში არანაირი დარღვევა არ ყოფილა. მათ რომ ალტერნატიულად ემტკიცებინათკ ვთქვათ, რომ თუ დასაშვებია, რომ თუნდაც მართლაც ჰქონდა ადგილი დარღვევას, ამ დარღვევის ხასიათი და შინაარსი არამც და არამც არ არის კონსტიტუციის სულისკვეთებისა და კონსტიტუციური წესრიგის საწინააღმდეგო, უნდა ჰქონოდათ დაცვის ეს ხაზიც, რაც არაფერს დააკლებდა საკითხს. მეტიც: ვფიქრობ, პირიქით, უფრო მეტ არგუმენტს მისცემდა დაცვის მხარეს, პრეზიდენტის წარმომადგენლებს, რომ მისი ანტიკონსტიტუციურობა ემტკიცებინათ. თუმცა ეს შესაძლოა მარწმუნებლის, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ნება იყო და წარმომადგენლები ვალდებულნი არიან შეასრულონ მარწმუნებლის, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის პოზიცია და მისი დაცვის ხაზი. ამას ჩვენ ვერ გავიგებთ.
ყოველ შემთხვევაში, ძალიან საინტერესოა, რამდენად დასაბუთებულად დაასკვნის საკონსტიტუციო სასამართლო, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, კონკრეტულად ეს დარღვევა რამდენად იყო შეჭრა მისი უფლებამოსილების გადაცილების სამთავრობო უფლებამოსილებაში და ეს შეჭრა მთავრობის უფლებამოსილებებში რამდენად იყო იმ კატეგორიისა და იმ სიმძიმის დარღვევა, რომ გამხდარიყო იმპიჩმენტის საფუძველი. ანუ რამდენად უნდობლობის აღმძვრელია პრეზიდენტის მიმართ, რომ ის აღარ იყოს უფლებამოსილი, ეკავოს პრეზიდენტის თანამდებობა.
ყველა ეს შეფასებითი მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლომ რაც შეიძლება დეტალურად, დასაბუთებულად და გონივრული არგუმენტებით უნდა წარმოგვიდგინოს ჩვენ, არა მხოლოდ იურისტებს, არამედ საზოგადოებას. რიგითი მოქალაქე, რომელსაც არანაირი იურიდიული განათლება არ გააჩნია, როცა წაიკითხავს ამ დასკვნას, უნდა დარწმუნდეს, რომ საკონსტიტუციომ რაც დაასკვნა, ეს არის ერთადერთი და ყველაზე ჭეშმარიტი დასკვნა ამ სადავო საკითხზე.
რაც შეეხება 78-ე მუხლს, ეს პირველად რომ წავიკითხე ტექსტის სახით, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა და მომეჩვენა, რომ არ არის საჭირო მისი კონსტიტუციაში ჩაწერა. თურმე როგორ ვცდებოდი, იმიტომ რომ ეს მუხლი რომ არ იყოს, ჩვენ ვერ მოვთხოვთ პასუხს ხელისუფლებას, რომელიც უკვე ემზადება, თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, რომ დაგვხვდეს შეიარაღებული, არც კი გამოვხატოთ უკმაყოფილება ამის გამო. არადა, ეს არის კონსტიტუციური იმპერატიული ნორმა, სავალდებულო შესასრულებელად ყველა კონსტიტუციური ორგანოსა და თანამდებობის პირისათვის, რომ ყველაფერი გააკეთოს. მინდა გულახდილად გითხრათ, რომ ეს შეიძლება გულისხმობდეს ამორალური და უკანონო ზომების მიღებასაც იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ეს ამოცანები თუ არ შესრულდა, მაშინ არის სწორედ საჭირო საიმპიჩმენტო პროცედურა იმათ წინააღმდეგ, ვინც ყველაფერი არ გააკეთა ამისთვის ან არაფერი გააკეთა ან ყველაფერი სათანადოდ და ჯეროვნად არ გააკეთა. „ყველაფერი“ არის ძალიან ფართო და ყოვლისმომცველი ტერმინი და ჩვენ სრული უფლება გვექნება, რომ მოვთხოვოთ პასუხი უმაღლესი თანამდებობის პირებს, თუკი წლის ბოლოს ევროკავშირი დაასკვნის, რომ ჩვენ არ ვართ მზად, წლის ბოლოს მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მუხლი და ის გამოდგება როგორც პრეზიდენტის დაცვის ყველაზე უმთავრეს დებულებად, ისე იმისათვის, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება, შეაბრუნოს მოქმედების ვექტორი და უფრო მეტი გააკეთოს იმისათვის, რომ ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება და კანდიდატის სტატუსი გახდეს რეალობა.
მეორე საკითხია პოლიტიკური ნაწილი პრეზიდენტის იმპიჩმენტისა, რომელიც წარმოიშობა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს დასკვნას, რომ ადგილი ჰქონდა დარღვევას. რამდენად შეძლებს „ქართული ოცნება“ 100 ხმის მობილიზებას? ეს მობილიზება რამდენად იქნება ზნეობრივ ჩარჩოებში და არ გახდება პოლიტიკური აღებ-მიცემობისა და ვაჭრობის საგანი? შეგროვდება თუ ვერ შეგროვდება ხმები? ანუ პარლამენტის კენჭისყრით მიიღება თუ არა გადაწყვეტილება იმპიჩმენტის შესახებ? ეს უკვე ცალკე ეტაპია და ამასაც ძალიან დიდი ინტერესით მივადევნებთ თვალ-ყურს.
მესამე საკითხი, ასე თუ ისე, შემდეგია: პრეზიდენტს ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი, ეს იყო საგამონაკლისო ვადა, როდესაც მას ხუთ წელზე მეტი ხნით, ექვსი წლით უნდა დაეკავებინა ეს თანამდებობა, როგორც პირდაპირი წესით არჩეულ ბოლო პრეზიდენტს, მაგრამ თუ მას ეს ერთი წელი მოაკლდება საპრეზიდენტო ვადისა, არა მგონია, რომ ამით ის ძალიან დაზარალდეს. პირიქით ვფიქრობ, რომ ყველა ეტაპზე, დამარცხების შემთხვევაშიც კი, სალომე ზურაბიშვილი საიმპიჩმენტო პროცესიდან, მორალურად და პოლიტიკურად გამარჯვებული გამოდის. თუ რა თქმა უნდა, მოიგო პროცესუალურად და საკონსტიტუციო სასამართლოში ან თუნდაც პროცესის შემდგომ, საპარლამენტო კენჭისყრისას არ გამოვიდა იმპიჩმენტი, ხომ გამოდის სალომე ზურაბიშვილი მოგებული? დამარცხების შემთხვევაშიც კი იგი პოლიტიკურად და მორალურად მოგებული გამოვა და ისტორიაში შევა, როგორც საქართველოს რუსულ პოლიტიკასთან დაპირისპირებული პრეზიდენტი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, მათ შორის, დაარღვია კონსტიტუცია, გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, ოღონდ საქართველო გამხდარიყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, რაც მხოლოდ და მხოლოდ საქებარიც შეიძლება იყოს და არავითარ შემთხვევაში გასაკიცხი, თუკი ამ პროცესებს და მის ფინალს ისტორიული კუთხით შევხედავთ.
ყველაფერი ეს ამავდროულად აჩვენებს, რომ ძალიან უმწიფარი სახელმწიფო ვართ, დაბალი პოლიტიკური და სამართლებრივი კულტურის პოლიტიკოსებისგან დაკომპლექტებული ხელისუფლება გვყავს, რომლებიც თავადაც კი არ სცემენ ერთმანეთს პატივს სათანადოდ. ამას ავლენენ ყოველ ნაბიჯზე, არა მხოლოდ გამოთქმებით და საჯარო განცხადებებით, არამედ ქცევითაც და ეს ყველაფერი არის გულსატკენი.
ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ უძველესი ევროპელები, ევროპული ღირებულებების ქვეყანა ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩანს, რომ რაღაცები უკანმოუხედავად დაგვიკარგავს. ამავდროულად, მრჩება განცდა, რომ მთელი ეს პროცედურები, რომლებიც, ერთი შეხედვით, დამამცირებელი და, ცოტა არ იყოს, სამარცხვინოა, რას იტყვის ხალხის კონტექსტში, მეორე მხრივ ეს არის ლუსტრაციის ძალიან კარგი პროცესი, როდესაც კარგად დავინახეთ, ვინ ვინ არის, ვინ როგორია. მაგალითად, ძალიან გამაკვირვა, გამაოცა ზოგიერთის გამოთქმულმა მოსაზრებებმა, რომ რა დიდი და როგორი მგზნებარე იურისტი ყოფილა ირაკლი კობახიძე, მაშინ როცა ყველაფერი არის პირიქით. ამ ყოველივემ გამაოცა, მაგრამ ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება.
ის ენერგია და რესურსი, რაც დაიხარჯა პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო პროცედურაში, ბევრად უმჯობესი იქნებოდა ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის, მომავლისთვის, რომ დახარჯულიყო ჩვენი ევროინტეგრაციის წარმატებაზე და არა პირიქით, ამის ხელშეშლაზე. ჩვენ არ გვაქვს იმდენი რესურსი, რომ ასე უყაირათოდ ვფლანგოთ. ერთმანეთის წინააღმდეგ ასეთ დაპირისპირებას ჯობია, დავუპირისპირდეთ ჩვენს საერთო მტერს, რუსეთს, რომელიც ასე გვერჩის და გაუთავებლად გვებრძვის და ძირს გვითხრის.
მთელი ეს პროცესები აღძრავს როგორც პესიმისტურ, ასევე ოპტიმისტურ ფიქრებს. ჩვენ უფრო მეტად ანტიდემოკრატიული პროცესებიც გვინახავს, რაც შეკრებებსა და მანიფესტაციებს ეხება და ზოგადად ეს აჩვენებს, რომ ხელისუფლება ისეთი შეშინებულია, ეშინია საკუთარი მხარდაჭერით მოყვანილი პრეზიდენტისა, ეშინია საზოგადოებისა, რომელსაც უახლოეს მომავალში შეიძლება ჰქონდეს პროტესტის განცდა და გამოვა მანიფესტაციაზე, ამიტომ ფიქრობს, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ სიცივეში კარვის დადგმის უფლება. ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებას ეუბნება, რომ ომისგან იცავს, თვითონ არის შეშინებული.
„ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების დაკარგვის ისე ეშინია, რომ ყველაფერზე მიდის და, ამავე დროს, მისი ქვეყანა და საზოგადოება მიილტვის იმისკენ, სადაც ისინი მაინცდამაინც კარებს არავის უტალახებენ. ვგულისხმობ ევროკავშირსა და ევროკავშირის ქვეყნებს. მეტი დემოკრატია და მეტი სამართლიანობა, მეტი კანონის უზენაესობა, მეტი სამართლის უზენაესობა, მეტი კონსტიტუციური პრინციპების უზენაესობა ამ ქვეყანაში ძალიან კარგი იქნება.
_ თუ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი მიიჩნია კონსტიტუციის დამრღვევად და პროცესმა გადაინაცვლა პარლამენტში, მიეცემა თუ არა პოლიტიკური ხასიათ მას და რა გავლენა შეიძლება იქონიოს აღნიშნულმა განვითარებულ მოვლენებზე? მართალია, თქვენ თქვით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამარჯვებული გამოდის, როგორც არ უნდა დასრულდეს პროცესებიო, მაგრამ რა გავლენას იქონიებს ეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მომავალზე?
_ თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუციის ნორმები, მაშინ გამოვა, რომ ის ისე განმარტავს პრეზიდენტის უფლებამოსილებებსა და კონსტიტუციას, რომ მას, პრეზიდენტს, პრაქტიკულად, არაფრის უფლება არ გააჩნია. მას არ აქვს სატელეფონო, ელექტრონული კომუნიკაციის უფლება მთავრობის თანხმობის გარეშე თავის კოლეგებთან და პარტნიორებთან, თუკი ამგვარად განიმარტება პრეზიდენტის უფლებამოსილება, მაშინ პრეზიდენტი გინდ ყოფილა და გინდა _ არა. ერთი, ორი გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტის როლი აქტიური ხდება, ეს არის მთავრობის დამტკიცების პროცესი, როცა მას ეძლევა შესაძლებლობა, დაითხოვოს პარლამენტი, მაგრამ ეს არის გამონაკლისი შემთხვევა და დღის წესრიგში დგება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც მთავრობის ფორმირების საკითხი ხდება გადასაწყვეტი. სხვა შემთხვევაში საგარეო ურთიერთობაში თუ პრეზიდენტის უფლებამოსილება დავიდა იქამდე, რაც უკვე ზემოთ აღვნიშნე, გამოდის, რომ პრეზიდენტი გინდ გვყოლია და გინდ _ არა. ამიტომ თუ პრეზიდენტს იმპიჩმენტის წესით გადააყენებენ, ეს არსებით ცვლილებას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ გამოიწვევს, თუ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი არ გადავიდა აქტიურ ოპოზიციურ მხარეს და არ დაიწყო აქტიური მოქმედება ხელისუფლების წინააღმდეგ. ან არ ჩაუდგა ოპოზიციურ ძალებს სათავეში ან ახალი პოლიტიკური ოპოზიციური ძალა არ შექმნა თავად და არ გახდა მისი ლიდერი. ეს ყოველივე ხელისუფლებისთვის უფრო საშიშია, ვიდრე თუნდაც კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის ატანა და მოთმენა. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები გველის და მგონი, საარჩევნო კამპანიაც დაწყებულია. ამიტომ, დიდი პოლიტიკური ცვლილებები შესაძლოა, პრეზიდენტის იმპიჩმენტსა და გადაყენებას უფრო მოჰყვეს, ვიდრე მის დარჩენას თანამდებობაზე.
თუ პარლამენტში კენჭისყრა ჩატარდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე, ძალიან კარგად გამოჩნდება, ვინ არის „ქოცი“ და ვინ _ არა, თუმცა სახელად კი ოპოზიციონერი ჰქვია. ეს გამოაჩენს, ვინ არის პარლამენტში წესიერი და ვინ არის გამყიდველი. თუკი ვინმეს გადაიბირებენ, ეს იდეის დონეზე კი არ მოხდება, ეს იქნება წმინდა წყლის აღებმიცემობა. მეტი ლუსტრაცია და მეტი გამჭვირვალობა მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ამ ქვეყანას.
ვფიქრობ, ამგვარად წარიმართება ვითარება, თუმცა ის, თუ რა ანგარიშებს დადებს ევროპის საბჭო ამ თვის ბოლოს, ეს უფრო იქნება გარდამტეხი ქვეყნისთვის, ვიდრე სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ან ამ საიმპიჩმენტო პროცედურის პარლამენტში გატანა.
_ რომ შევაჯამოთ, რა განცდა დაგრჩათ, _ მოსმენილი არგუმენტების საფუძველზე მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას?
_ სიმართლე გითხრათ, მოველოდი, რომ წარდგინების ავტორებს ექნებოდათ უფრო ღრმა და მეტად ანალიტიკური არგუმენტები პრეზიდენტის წინააღმდეგ. არანაირად არ ველოდებოდი, რომ ეს იქნებოდა ასეთი ზედაპირული, მაგრამ მერე როდესაც დავფიქრდი და შევხედე საქმის მიმდინარეობას, დავრწმუნდი, რომ ისინი არ ფიქრობენ არგუმენტებით მოგებაზე. მათ პლენუმის შემადგენლობა ისეთი ჰყავთ, რომ ალბათ უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი აქვთ და სულაც არ არის დასკვნის შინაარსი დამოკიდებული მხარეთა არგუმენტაციაზე, მით უფრო, წარდგინების ავტორთა დასაბუთებაზეა დამოკიდებული.
მეორე, რამაც მე ძალიან დამწყვიტა გული და თვალი მომჭრა ეს იყო ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონები, პრეზიდენტის წარმომადგენლები უფრო კვალიფიციურად გამოიყურებოდნენ, აშკარა იყო, რომ მათ მიმართ დამოკიდებულება არ იყო სათანადო ხარისხისა და პატივისცემის ამსახველი. ვყოფილვარ სიტუაციებში პროცესებზე, როდესაც ვხედავ, რომ არგუმენტაციას არავინ უსმენს და შენი დასაბუთება არავის აინტერესებს, საკითხი გადაწყვეტილია. ამიტომ მომეჩვენა, რომ, ცოტა არ იყოს, ამის მსგავსი ატმოსფერო სუფევდა დარბაზში და ეს ძალიან დამამცირებელია ხოლმე.
მეორე მხრივ, თუ ეს ატმოსფერო იგრძნეს ქალბატონმა მაიამ და ქალბატონმა თამარმა, ვგულისხმობ მაია კოპალეიშვილსა და თამარ ჩუგოშვილს, მათთვის ეს სასარგებლოც კი იქნება. მათ უნდა გაიგონ თუ რა მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების გამართული მუშაობა ქვეყანაში, როდესაც მართლა სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღება გადაწყვეტილება და არა ხელისუფლების მიმართ ლოიალობისა და სიმპათია-ანტიპთიების მიხედვით. თუკი ისინი ამას საკუთარ თავზე იწვნევენ, ეს კარგია, იმიტომ, რომ ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი იყო საკონსტიტუციოს მდივანი, მას აქვს ლომის წვლილი იმ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაში, რომელიც ახლა მისი კლიენტის საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული. ქალბატონი მაია კოპალეიშვილი კი ძალიან დიდხანს წარმოადგენდა სასამართლო ხელისუფლებას, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლებას, იმიტომ რომ ამ სასამართლოს წევრი იყო და ახლა თუ მას მოუწევს თითზე კბენა, როცა დაუსაბუთებელ დასკვნას ნახავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მხრიდან, ისიც ალბათ საკუთარ სხეულზე შეიგრძნობს, რა მსუსხავი ეფექტი აქვს, როდესაც მართლმსაჯულება სათანადოდ არ ფუნქციონირებს. საერთოდ, ეს ძალიან საგრძნობია ხოლმე. შეიძლება შენ ორი, სამი თავით მაღლა იდგე მოწინააღმდეგეზე, როგორც იურისტი, როგორც პროფესიონალი, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინოს შენი არგუმენტები და გაითვალისწინოს და ძალიან დაბალი არგუმენტებითა და დასაბუთებით უპირატესობა მიანიჭოს შენს მოწინააღმდეგეს უსამართლოდ და უკანონოდ. თუ ამას იგრძნობს ბევრი ადამიანი, ერთია, როდესაც მოსამართლის მაღალ სკამზე ზიხარ და იქიდან უყურებ პროცესს და მეორეა, როდესაც მხარის ადგილზე ზიხარ და იქიდან იგრძნობ ამ მსუსხავ ეფექტს, როცა შენი არგუმენტაცია და მაღალი კვალიფიკაციის დასაბუთება აღარ არის გადამწყვეტი.