ხატია დეკანოიძე: „არ შემიძლია ბატონ გრიგოლს განცხადებით წასვლა მოვუწონო”

„არ შემიძლია ბატონ გრიგოლს განცხადებით წასვლა მოვუწონო, რადგან კარგი იქნებოდა, მანამდე პარტიასთან და პარტიის პოლიტსაბჭოსთან კომუნიკაცია ჰქონოდა”, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე გრიგოლ ვაშაძის წასვლას პარტიიდან.

დეკანოიძე შეცდომას უწოდებს პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ პარტია ელჩებს თავს ესხმის. 

„მადლობა მინდა გადავუხადო გრიგოლ ვაშაძეს იმისთვის, რომ ის ძალიან მძიმე ბრძოლის ეტაპზე შემოეურთდა პარტიას, იყო წარმატებული კანდიდატი და ძალიან სამწუხაროა, რომ რაღაც ეტაპზე ვერ მოხდა პარტიის და პარტიის თავმჯდომარის პოზიციების დაახლოება. რაც შეეხება წასვლის ფორმას, ნამდვილად არ შემიძლია ბატონ გრიგოლს განცხადებით წასვლა მოვუწონო, რადგან კარგი იქნებოდა, მანამდე პარტიასთან და პარტიის პოლიტსაბჭოსთან კომუნიკაცია ჰქონოდა. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, შეცდომაა მისი განცხადების ის ტექსტი, სადაც ის ამბობს, რომ პარტია ელჩებს თავს ესხმის. არც ერთ განცხადებაში, არც ერთი ლიდერის მიერ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, პარტია უდასტურებს პატივისცემას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს. მიგვაჩნია, რომ იმ ბრძოლაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, დასავლეთის მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი საკარული