„წულუკიანი „ოცნების“ იმიჯს კიდევ უფრო აზიანებს“
კულტურის მინისტრად დანიშნულმა თეა წულუაკიანმა მალევე გამოაჩინა რკინის ხელი. პირდაპირ განაცხადა, მსახიობები განსხვავებულ აზრს ისე მარტივად ვაღარ დააფიქსირებენ, როგორც ეს აქამდე ხდებოდაო. ამას „ქართული ოცნების“ ტაშისმკვრელი ინტელიგენცია მდუმარებით და ნეტარებით შეხვდა. სხვებმა კი წულუკიანი ბერიას შეადარეს. 21-ე საუკუნეში ბერიასთან გაიგივება ნებისმიერ პოლიტიკოსს დისკომფორტს შეუქმნიდა. წილუკიანი ამ შედარებით აშკარად კმაყოფილია.
_ რაც არ უნდა არ მოსწონდეთ და მეძახდნენ ბერიას, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და დავინტერესდები, რა დგას ამ განსხვავებული აზრის მიღმა, ეს არის უბრალოდ ბუზღუნი და უკმაყოფილება, თუ არის განსხვავებული აზრი, _ აცხადებს თეა წულუკიანი.
სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია „ქრონიკა+“=თან საუბარში წულუკიანის ამ განცხადებას ერთი ძველი სიმღერით გამოეხმაურა. რომელსაც გასულ საუკუნეში სამეგრელოში ლავრენტი ბერიაზე მღეროდნენ.
_ ჩემი კომენტარი იქნება ასეთი, ჩქინ ლავრენტი ბერია, აიშა მარგებელი რდიდო ასე, მავნებელია (ჩვენო ლავრენტი ბერია აქამდე მარგებელი იყო, ახლა მავნებელია). რაც შეეხება ქალბატონ წულუკიანს, ვფიქრობ, უმჯობესია, იგი გამოვიდეს ნირვანიდან და არაადეკვატური განცხადებებით, კიდევ უფრო არ დააზიანოს საკუთარი გუნდის ისედაც საკმაოდ დაზიანებული იმიჯი, _ აღნიშნავს ჩვენთან საუბარში მიქაია.
მსახიობების და თავისუფალი აზრის რისხვა წულუკიანმა ყოფილ თანაგუნდელ გიორგი გახარიასაც გამოუცხადა ბრძოლა. ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ დაანონსა, რომ პოლიტიკაში რჩება. გაჩნდა მოსაზრება, რომ ის შექმნის პოლიტიკურ პარტიას. სამომავლო გეგმები ყოფილ პრემიერს ჯერ საბოლოოდ დალაგებული არ აქვს, მაგრამ თეა წულუკიანი მას უკვე აფრთხილებს.
_ გახარიამ იცის სად არის ჩემი სიძლიერე და სად _ სისუსტე, მაგრამ მეც ვიცი სად არის მისი სიძლიერე და სად _ სისუსტე, _ აღნიშნავს კულტურის მინისტრი.
კახა მიქაია მიიჩნევს, რომ ახლა გახარია წულუკიანზე ბევრად უფრო ძლიერია და მისთვის სასტარტო პირობები იდეალურია. ხელისუფლებას და ოპოზიციას კი გაწურულ ლიმონს ადრებს და ამბობს, რომ ხელს თუ მოვუჭერთ მათგან ერთი წვეთიც არ გამოვა. _ ექსპრემიერის უპირატესობა აშკარაა, მარტივი მიზეზის გამო. გახარიამ სწორად შეარჩია „ქართული ოცნებიდან“ წასვლის დრო, სწორად შეარჩია წასვლის ფორმაც და რაც მთავარია, სწორედ მაშინ ბრუნდება პილიტიკაში, როცა ხელისუფლება და ოპოზიცია სისუსტით და „სიძლიერით“ საბოლოოდ დაემსგავსნენ ერთმანეთს… ორივე ერთად კი გაწურულ ლიმონს, რომლის კიდევ უფრო მაგრად გამოწურვის შემთხვევაში, მათგან სამადლოდ ერთმა წვეთმაც კი, შესაძლოა, არ გამოჟონოს. რაც შეეხება გახარიას სუსუსტეს ან სიძლიერეს, მოცემულ შემთხვევაში, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ქვეყანაში შექმნილი ვითარება, პოლიტიკურ სივრცეში ახალი პოლიტიკური ფიგურის შემოსვლას ითხოვს და ეს აშკარაა. ასე რომ, გახარიასთვის სასტარტო პირობები შეიძლება ითქვას, იდეალურია. სხვა საკითხია, როგორ გამოიყენებს თავად ექსპრემიერი იდეალურ სასტარტო პირობებს და ამ პროცესში, სად გამოჩნდება მისი სიძლიერე ან სუსუსტე აწ უკვე, როგორც ოპოზიციონერი ლიდერისა, _ აღნიშნავს სამოქალაქო აქტივისტი.
შორენა მარსაგიშვილი