ძევრი, მარტყოფი, დუშეთი, კოჯორი _ სექსუალური ძალადობისა და ცემის ფაქტები შშმ პირთა დაწესებულებებში
გაუპატიურება, სექსუალური ძალადობა, ფიზიკური ზეწოლა და ა. შ. _ როგორც კი ამის შესახებ სამთავრობო ტელევიზია ალაპარაკდა, ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობის მესვეურებმა უმალ კომენტარების მთელი კასკადი შემოგვთავაზეს. არადა, სექსუალური ძალადობის კონკრეტულ ფაქტებზე (და არა ფაქტზე, როგორც „რუსთავი 2-მა“ შემოგვთავაზა) „ქრონიკა+“ უკვე წერდა. წერდა არა მხოლოდ კოჯრის შშმ პირთა დაწესებულებაზე, არამედ ძევრის, მარტყოფის, დუშეთის სახლებზე. რეაგირება _ ნული. დაე, აუპატიურონ! სექსუალურად იძალადონ! სცემონ! _ ჩვენი სიმართლე სიმართლე არ არის. სამაგიეროდ, მათი სიმართლე _ აფრიალებული ბაირაღია.
რისთვის დასჭირდათ მაინცდამაინც ახლა იმის გაჟღერება, რაზედაც ჩვენ წლებია, ვყვირით? _ ამას მოგვიანებით გავარკვევთ. ახლა კი იმ ფაქტების შესახებ, რაზედაც ვაფრთხილებდით მთავრობას და რის შესახებაც არაერთი ანგარიში დაუდევს ომბუდსმენის პრევენციულ ჯგუფს.
ჯერ ჩავიხედოთ, რა წერია საქართველოს კანონმდებლობაში. მსგავის ტიპის დაწესებულებების ყველა ბენეფიციარი დაცული უნდა იყოს ნებისმიერი სახის ძალადობისგან: ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და იძულებისგან. მათ უნდა მიეცეთ მომსახურებით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობა. რამდენიმე წლის წინათ ომბუდსმენის აპარატმა ხაზგასმით მიუთითა თავის ანგარიშში, რომ კოჯრის შშმ პირთა დაწესებულება არაადაპტირებული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა, ასევე პროფესიული და დამხმარე კადრების სიმწირით და კადრების დაბალი პროფესიონალიზმით. ეს ყველაფერი ბენეფიციართა უფლებების უხეში დარღვევებისა და მათ მიმართ არათანაბარი მოპყრობის მაპროვოცირებელი ხდება.
„ქრონიკა+“ ხუთზე მეტ პუბლიკაციაში წერდა, რომ ომბუდსმენის რწმუნებულების მიერ ბენეფიციარებთან ინტერვიუების ანალიზის საფუძველზე მონიტორინგის შედეგად დაასკვნა, რომ სახელმწიფო ზრუნვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს შშმ ბენეფიციარის ძალადობისაგან დაცვას. შშმ პირები ხშირად ძალადობის ფაქტებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფად მოიხსენიებენ, ვერ ახერხებენ ფაქტების სამედიცინო და სამართლებრივ შეფასებას და შემთხვევის აღწერას. თანამშრომლები უმეტესად დამკვირვებლის პოზიციაში იმყოფებიან, ზოგჯერ კი თვითონვე ხდებიან ძალადობის მსხვერპლი.
ძალიან საინტერესო ფაქტი იყო აღნიშნული იმ ანგარიშებში, რასაც „ქრონიკა+“ წლების განმავლობაში აქვეყნებდა.
მაგალითად, ალკოჰოლიზმი შშმ პირებს შორის. სერვისის მიმწოდებლები ვერ ახერხებენ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისა და მისი მიღებით პროვოცირებული ძალადობრივი ქცევის მართვას და ბენეფიციართა ძალადობისა და ექსპლუატაციისაგან დაცვას.
ყველა მსგავსი სახის დაწესებულბაში არსებობს სპეციალური ჟურნალი, რომელსაც ჰქვია: „ძალადობის საპასუხოდ გატარებული ღონისძიებების აღრიცხვის ჟურნალი“. ეს ჟურნალები უმეტესად არ შეიცავს სრულყოფილ ჩანაწერებს. მასში არ ფიქსირდება ძალადობის ფაქტების საპასუხოდ ადმინისტრაციის მიერ გატარებული ღონისძიებები. ყველგან იჩქმალება ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის ფაქტები, ყოველ შემთხვევაში, ამ ჟურნალებში ძალადობის შესახებ პირდაპირ არც ერთი განცხადება არ არის. ისმის კითხვა: _ რისთვის არსებობს საერთოდ ეს ჟურნალები?! ბენეფიციარები საკუთარი კოგნიტური და სენსორული შესაძლებლობის ფარგლებში საუბრობდნენ თავისუფლად, გულახდილად ყვებოდნენ საკუთარი პრობლემების შესახებ, ფაქტების დაზუსტების დროს წარმოქმნილი სიძნელეების შემთხვევაში, საუბარში რთავდნენ მათთვის სანდო სხვა ბენეფიციარს. მხოლოდ ერთმა ბენეფიციარმა (ძევრის შშმ პირთა პანსიონატში) გამოხატა შიში და შფოთვა და განაცხადა, რომ თუ ის ექსპერტთან საუბარში სერვისის მიმწოდებლებისთვის არასასურველ ინფორმაციას გასცემს, შეიძლება ფიზიკურად დასაჯონ. როცა მონიტორინგის თანამშრომელი ჩაეკითხა, რას გულისხმობდა დასჯაში, უპასუხა, რომ „სცემონ“ ანდა „ნემსები“ გაუკეთონ.
„ქრონიკა+“ ამის შესახებ წერდა და იცით, სად არის პრობლემა? რომ ვინც სცემდა გამოკითხულ ბენეფიციარს და „ნემსებს უკეთებდა“, ის თანამშრომელი არც გამოვლენილა და არც მოკვლევა ჩატარებულა. ეს მასალები არ გადასცემია პროკურატურას შემდგომი ძიებისთვის და დღეს თუ შშმ პირებზე სექსუალური ძალადობის სერიას მივიღებთ, არ უნდა გაგვიკვირდეს.
შეგვიძლია გავაგრძელოთ ეს მაგალითები, რაზედაც უკვე ვწერდით წლების განმავლობაში და დღეს მთელი საქართველო აღშფოთებულია კოჯრის შშმ პირთა დაწესებულებაში მომხდარი ფაქტით. მაგალითად, კოჯრის შშმ პირთა პანსიონატში ექსპერტების მიერ ბენეფიციართა ჯგუფების შემოვლის დროს დაფიქსირდა ფაქტი, რომელიც ერთგვარად ძალადობრივ ხასიათს ატარებდა. კერძოდ, ეტლით მოსარგებლე და მეტყველების არმქონე გოგონას აღმზრდელი სახეზე ხელს აფარებდა და ტუჩ-კბილის მიდამოზე ხელის მკვეთრი მოჭერით გამოხატავდა „მოფერებას და სიყვარულს“ მის მიმართ. დატანჯულმა გოგონამ ამის შესახებ შეატყობინა ექსპერტებს და იცით, რა განუცხადა აღმზრდელმა, რომ ეტლით მოსარგებლე შშმ გოგონას სახეში წაჭერა სიამოვნებდა. როდესაც „ქრონიკა+“ გამოქვეყნებამდე ამ ანგარიშს ეცნობოდა, ექსპერტის ჩანაწერმა გაგვაოგნა. კერძოდ, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ აღმზრდელი ვერც კი აცნობიერებდა, რომ ბენეფიციარს უხეშად ეპყრობოდა და ე აღნიშნული აღმზრდელის კვალიფიკაციის დაბალ დონეზე მიუთითებს. გესმით? იმის მაგივრად, რომ აღმზრდელისთვის ქეჩოში მოეკიდათ ხელი და სამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ თუ არა, სამუდამოდ აეკრძალათ მსგავსი ტიპის ბენეფიციარებთან მიკარება, ასეთი მოქცევა დაბალ კვალიფიკაციას მიაწერეს და ურჩიეს, ეტლით მოსარგებლეს სახეზე ხელი აღარ მოუჭიროო.
ჯერ სად ხართ! ვაგრძელებთ: ზუსტად ამ ფაქტის პარალელურად, პრევენციული ჯგუფისთვის ცნობილი ხდება ძევრის შშმ პირთა პანსიონატის მომვლელ რ.ვ.-ს მიერ დაწესებულების ერთ-ერთ ბენეფიციარზე სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობის ფაქტის შესახებ. მიღებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა პანსიონატის გარეთ, ქ. თერჯოლაში მოხდა სწორედ იმ დროს, როდესაც ბენეფიციარი გარკვეული სამედიცინო მომსახურების მისაღებად გადაჰყავდათ ამბულატორიულ დაწესებულებაში. დეტალები არ გახმაურებულა, ეს მომვლელი ისევ მუშაობს თუ არა ძევრის ბავშვთა სახლში, უცნობია.
დუშეთის, მარტყოფისა და ძევრის პანსიონატების ბენეფიციართა შორის ძალადობა ყოველდღიურ მოვლენას წარმოადგენს. ბენეფიციართა შორის ძალადობის ცალკეული შემთხვევები კოჯრის შშმ ბავშვთა სახლშიც ფიქსირდება, „ძალადობის საპასუხოდ გატარებული ღონისძიებების აღრიცხვის ჟურნალში“ ეს შემთხვევები არ ფიქსირდება.
დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში დაფიქსირდა ბენეფიციარებს შორის ფიზიკური ძალადობის ფაქტი, რომლის საფუძველზეც ერთ-ერთი ბენეფიციარის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ფსიქიატრიული ექსპერტიზის შემდეგ იგი იძულებით მკურნალობაზე გადაყვანეს. დუშეთის ფილიალის ოთხი ბენეფიციარის ურთიერთძალადობის დროს ერთ-ერთმა ბენეფიციარმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა. მომხდარ ფაქტს პერსონალი „კონფლიქტად“ აფასებს და შესაბამის ჟურნალში არ მიუთითებს, რა ღონისძიებები გატარდა მისი მოგვარების მიზნით. ჩანაწერების მიხედვით, ცოტა მოგვიანებით აღნიშნულმა უფრო ფართო მასშტაბები შეიძინა, კონფლიქტში სხვა ბენეფიციარებიც ჩაერთნენ და მათმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად სოფლის გზა გადაკეტა. ჩანაწერებიდან არ ირკვევა პროტესტის მიზეზი და შედეგები.
დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში გამოვლინდა ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები, რასაც, სავარაუდოდ, სისტემატიური ხასიათი ჰქონდა, კერძოდ, ერთ-ერთი ბენეფიციარი, რომელიც თავს მიიჩნევდა სხვებთან შედარებით მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონედ და „მასზე დაბლა მდგომთა“, რომლებმაც „წერა-კითხვა და ანგარიშიც კი არ იციან“ უფლებების დამცველად, აცხადებს, რომ ის მათი უფლებების დასაცავად „შიშველი შიმშილობდა“, პირი ამოიკერა, „მუცელი გადაიფატრა“ და ა. შ., სანაცვლოდ კი არ ითხოვს წილს, მაგრამ თუ ვინმე თავისი პენსიიდან რაღაც თანხას მისცემს, უარს არ ეტყვის. აქ ერთი მეტად საინტერესო დეტალი იკვეთება: აღნიშნული „მაყურებელი“ ბენეფიციარი გაწეული მფარველობის სანაცვლოდ წილს არა, მაგრამ მოარული ხმების თანახმად, სხვა ბენეფიციარებისგან სექსუალურ მომსახურებას მოითხოვს. იგივე ბენეფიციარი ბრაზობს, რომ ამის გამო მას „სექსუალური მოძალადის“ იარლიყი მიაკერეს, მაგრამ ამავე დროს არ უარყოფს ბენეფიციარებთან სექსუალურ კავშირებს.
კოჯრის შშმ ბავშვთა სახლში აშკარად შესამჩნევია სამედიცინო და აღმზრდელი პერსონალის რაოდენობის სიმცირე. „ქრონიკა+“ უკვე წერდა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ბენეფიციარი რთული ქცევით გამოირჩეოდა და ხშირად ავლენდა ძალადობას სხვა ბენეფიციარების მიმართ, აყენებდა მათ სხვადასხვა სახის დაზიანებას, თვითონაც იღებდა ჭრილობებს, რის შემდეგ სასწრაფო დახმარებას იძახებდნენ, რათა სტაციონარში გადაეყვანათ.
გონებრივი ჩამორჩენილობისა და ფსიქიკური აშლილობის გამო შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე პირები ხანგრძლივი პერიოდით და ხშირად სიცოცხლის ბოლომდე არიან სეგრეგირებულები. სოციუმიდან გარიყულები კარგავენ ინიციატივას და ეჩვევიან რუტინულ ცხოვრებას. სწორედ ეს წარმოქმნის ბენეფიციართა მიმართ არათანაბარი მოპყრობის მაღალ რისკს. დღემდე ბენეფიციარები არ არიან ინფორმირებულები განხორციელებული სამართლებრივი პროცედურებისა და მათი მეურვის ვინაობის თაობაზე. ისინი პირადად ვერ იღებენ სოციალურ პაკეტს (პენსია) და თანხა ყოველთვიურად უგროვდებათ საბანკო დეპოზიტზე. უმეტესი მათგანი ამის თაობაზე არ იყო სათანადოდ ინფორმირებული. ფიქრობდნენ, რომ პენსია უმიზეზოდ მოეხსნათ და მის აღდგენაში დახმარებას სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისგან ითხოვდნენ. ბენეფიციარების განმარტებით, თანხების უქონლობა მათ მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნიდა – ვერ ახერხებდნენ საჭირო ნივთების შეძენას და პირადი სივრცის მოწყობას, სხვა ინსტიტუციაში შვილის სანახავად წასვლას, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მარაგის შევსებას და ა. შ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ძალადობისგან დაცვა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა. შშმ პირთა უფლებების კონვენციის ( UNCRPD ) მე-16 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამისს საკანონმდებლო ზომას, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა ძალადობისა და შეურაცხყოფისგან, მათ შორის, სქესობრივი დისკრიმინაციის ჩათვლით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით, შშმ ბავშვები და ზრდასრულები სექსუალური ძალადობის განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. აღნიშნულის გამომწვევი სოციალური დაცვის ღონისძიებების ნაკლებობაა. ასეთ დაწესებულებებში ადამიანებს განსაკუთრებით უჭირთ ძალადობრივი ქმედებების გამჟღავნება და მათზე რეაგირება.
თამარ როსტიაშვილი