ცოტნე აბესაძე: „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების ნდობა ამოწურა“

გასულ კვირას ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა პოლიტიკური დღის წესრიგი. 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა, ყველასთვის მოულოდნელად, თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განაცხადა, ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით მასსა და მის გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო.

შექმნილი პოლიტიკური მოცემულობით და დასავლეთიდან ხელისუფლების მისამართით გაკეთებული კრიტიკული გზავნილების ფონზე, სულ უფრო რეალური ხდება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.
ამ ბრძოლაში კი ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი აქვს სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე ახალგაზრდებს, რომლებიც ყოველთვის გამოირჩევიან პოლიტიკური ბრძოლის დროს გამბედაობითა და ჯანსაღი პროტესტით.
ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ცოტნე აბესაძე, თომას ჯეფერსონის სიტყვებს ციტირებს: „როდესაც უსამართლობა ხდება, კანონისადმი დაუმორჩილებლობა მოვალეობაა“ და ამბობს, რომ ახალგაზრდები და ახალგაზრდული ჯგუფები უნდა იყოს წინააღმდეგობის მოძრაობის მუხტი.

როგორია ოპოზიციური პარტიების სამოქმედო არეალი? რა როლი აქვს რიგგარეშე არჩევნების მისაღწევად ახალგაზრდებს? უნდა ველოდოთ თუ არა ქუჩის პროტესტს?
ამ და სხვა მიმდინარე პოლიტიკური თემების შესახებ „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ სამოქალაქო აქტივისტ ცოტნე აბესაძეს ესაუბრა:

_ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, გახარიას გადადგომა რამდენად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი იყო?
_ ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს ქვეყანა სერიოზული პოლიტიკური პრობლემების წინაშე დგას, რაც ძირითადად მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მწვავე დაპირისპირებით არის გამოწვეული, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, გახარიას გადადგომა არ შეფასდეს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯად, რადგან ვფიქრობ, მისი ეს ქმედება კიდევ უფრო მკვეთრად უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. მმართველი გუნდის წარმომადგენლები, როგორც არ უნდა ეცადონ, გახარიას ეს ნაბიჯი ჩვეულებრივ ქმედებად წარმოაჩინონ, მაინც ვერ დამალავენ იმ ნიშნებს, რომელიც მიგვანიშნებს „ქართულ ოცნებაში“ არსებულ უთანხმოებასა და დაპირისპირებაზე. 20 ივნისის შემდეგ რთულია, გახარიას მიმართ არ გქონდეს ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება, თუმცა მისმა ამ რადიკალურმა ნაბიჯმა აშკარად აგვარიდა კიდევ ერთი საშინელი დაპირისპირება და სისხლისღვრა, რომელიც გამოწვეული იქნებოდა ნიკა მელიას მიმართ ყოვლად სამარცხვინო პოლიტიკური დევნის გამო. მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, მგონია, მმართველ გუნდში არჩევნებამდე კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდება.
_ ღარიბაშვილის დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ყველასთვის ცნობილია, ის მთავარ ოპოზიციურ ძალას მუდმივად დასრულებით ემუქრება. რას უნდა ველოდოთ მისი გაპრემიერებით?
_ ღარიბაშვილის დაბრუნებით ნამდვილად არ უნდა ველოდოთ პოლიტიკური პროცესების უკეთესობისკენ შეცვლას, პირიქით _ ის ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი აგრესიულობითა და სიძულვილის ენით. ღარიბაშვილი, ერთი მხრივ, არის ადამიანი, რომელიც ივანიშვილს ყოველთვის უმტკიცებდა ერთგულებას და, მეორე მხრივ, ის არის ადამიანი, რომელიც შორს დგას დასავლურ-ლიბერალური ფასეულობებისგან. ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ოპოზიციის მიმართ გაგრძელდება „მკაცრი ხელის“ პოლიტიკა. თუმცა, ვფიქრობ, ყურადსაღებია აშშ-ის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის მოსაზრებაც ამ საკითხზე, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება „ქართული ოცნების“ სისუსტეებზე და პარტიაში არსებულ სერიოზულ კრიზისებზე მიუთითებს.
_ 11 იანვარს, როცა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, მაშინვე დაისვა კითხვა, _ რეალურად წავიდა თუ არა იგი? რა აჩვენა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, _ კულისებიდან მართავს ივანიშვილი ქვეყანას?
_ ივანიშვილის უდიდესი გავლენა მმართველ პარტიაზე და ზოგადად ქართულ სახელმწიფოზე არაერთხელ გახდა ოპოზიციისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკის მიზეზი. ამიტომ კითხვის ნიშნების არსებობა მის წასვლასთან დაკავშირებით სრულიად საფუძვლიანი და რეალურია. ბიძინა ივანიშვილმა ადრეც გააკეთა მსგავსი განცხადება წასვლის შესახებ, თუმცა შემდეგ ისევ ვიხილეთ პოლიტიკური ველის ეპიცენტრში, ამიტომ მისი ახლანდელი განცხადება, რომ თითქოს სრულად ჩამოსცილდა პოლიტიკურ პროცესებს, რა თქმა უნდა, არასანდოობასა და სკეპტიციზმს იწვევს. ოლიგარქმა, უბრალოდ, კულუარული მმართველობა გადაწყვიტა და, რა თქმა უნდა, ბოლო დღეებში „ქართულ ოცნებაში“ განხორციელებული მოვლენები ამის კარგი დამადასტურებელი ნიშანია.
_ მელიას ფაქტორმა ოპოზიციაში რა როლი ითამაშა და დღევანდელი მოცემულობით, რა სამოქმედო არეალი აქვს ოპოზიციურ სპექტრს?
_ პირველ რიგში, ნიკა მელიას მიერ გადადგმული ეს გაბედული და საბრძოლო ხასიათის ნაბიჯი ნამდვილად დასაფასებელია. ეს იყო სრულიად გააზრებული, პირად რისკებთან დაკავშირებული პოლიტიკური აქტი. ალბათ, ვთანხმდებით, რომ არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციაში ძალადობრივი რეჟიმის დასამარცხებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობის შენარჩუნება და ვფიქრობ, მელიას მიმართ წამოწყებულმა აბსურდულმა პოლიტიკურმა დევნამ და მელიას სრულიად სამართლიანმა პროტესტმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა ოპოზიციური პარტიების ერთიანობა ფუნდამენტურ საკითხებში. გარდა ამისა, ოპოზიციის რიგებში კვლავ გააჩინა საბრძოლო მუხტი, რაც, სამწუხაროდ, მინელებული იყო სხვადასხვა არსებითი მიზეზის გამო. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს ოპოზიციის სამოქმედო არეალის შესახებ, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმება მოვლენების განვითარების საუკეთესო სცენარი მგონია, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე ცვლილებები, სამწუხაროდ, სრულიად სხვა მოსალოდნელ ნაბიჯებზე მიგვითითებს. „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების ნდობა ამოწურა, ამიტომ ახლა ოპოზიციამ მომრიგებლურ-შემრიგებლური ნაბიჯების ნაცვლად ხისტი და რადიკალური მოთხოვნები უნდა წამოაყენოს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში აუცილებელი გახდება ხელისუფლებისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა და მისი იძულება, წამოვიდეს შესაბამისს დათმობებზე.
_ არჩევნების მეორე დღიდანვე ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ითხოვდა ხელახალ არჩევნებს, თუმცა ეს მოთხოვნა დღემდე მოთხოვნად რჩება. შექმნილი მოცემულობა რამდენად ზრდის რიგგარეშე არჩევნების შანსს? ხელისუფლება გახდება თუ არა იძულებული, დასთანხმდეს ოპოზიციის ამ მთავარ მოთხოვნას?
_ მიუხედავად „ოცნებაში“ მიმდინარე არც ისე დამაიმედებელი ცვლილებებისა, მაინც ვერ ვხედავ მოვლენების განვითარების ისეთ სცენარს, რომლითაც ვადამდელ არჩევნებს გვერდს ავუვლით. ვფიქრობ, „ოცნებისგან“ განსხვავებით, ოპოზიციას ახლა აქვს ის მთავარი ბერკეტი, რასაც ხალხის ძალაუფლება ჰქვია და ვალდებულია, საზოგადოების დაკვეთის შესასრულებელ ბრძოლაში აქტიურად ჩაებას. მხოლოდ ოპოზიცია კი არა, საზოგადოების უმრავლესობა ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს და ხელისუფლება, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გახდება იძულებული, დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოვერიდებით შევუქმნათ ნებისმიერი სახის დისკომფორტი, რისი ძალაც ნამდვილად გვაქვს. ეს მათ ნახეს 20 ივნისს, როდესაც ოკუპანტ რუსეთს ნება მისცეს, ბრჭყალი გაეკრა ქართული სახელმწიფოსთვის. გარდა ამისა, აღსანიშნავია ჩვენი დასავლური პარტნიორების კრიტიკული და ზოგჯერ მწვავე შეფასებები, რაც ასევე არ მგონია, სასიამოვნო იყოს მმართველი გუნდისთვის.
_ ამ პირობებში რა როლი აქვს პროტესტს და რამდენად არის მზაობა საზოგადოებაში ქუჩაში გამოსასვლელად? ჩვენ ვნახეთ, რომ მრავალათასიანი აქციები ვერ შედგა არჩევნების შემდეგ, მით უმეტეს, ახლა გაუჭირდება თუ არა ოპოზიციას ქუჩის პროტესტის უზრუნველყოფა?
_ დავიწყებ იმით, რომ არ აქვს მნიშვნელობა პირობებს, _ პროტესტსა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ეს ნათლად გამოჩნდა, როცა გახარიამ დატოვა თანამდებობა, ასევე მინისტრთა კაბინეტშიც დიდი ცვლილებებია. რაც შეეხება ქუჩის პროტესტს, არჩევნების შემდეგ ფართო სივრცე გაჩნდა მოლაპარაკებებისთვის და არსებობდა შეთანხმების იმედი. ყველა მოთმინებით ვადევნებდით თვალყურს მიმდინარე პოლიტიკურ რაუნდებს და ვგულშემატკივრობდით საღი აზრის გამარჯვებას. თუმცა „ოცნების“ არაპროგნოზირებადმა ნაბიჯებმა დაგვანახა, რომ რადიკალური პოზიციებია საჭირო. გარდა ამისა, საზოგადოების ყოფა დაამძიმა პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა სრულიად არაადეკვატურმა რეგულაციებმა, რომლებსაც პოლიტიკური სარჩული უფრო ჰქონდა, ვიდრე _ კრიზისთან პროფესიონალური ბრძოლის მცდელობა. სერიოზული პოლიტიკური პროცესების გარდა ქვეყანაში გვაქვს უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობა და საზოგადოება აღარ გადაყლაპავს მორიგ სატყუარებს. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნათლად ჩანს, როგორ მიაქანებს ივანიშვილის ხელისუფლება ჩვენ ქვეყანას რუსეთისკენ. ქართველი ხალხი კიდევ რუსულ ჩექმას რომ არ შეეგუება, 20-მა ივნისმა და კიდევ უფრო ადრეულმა ისტორიულმა ფაქტებმა ბევრჯერ გვანახა. თუ პროცესები პოზიტიურად არ შეიცვლება და გაგრძელდება ქვეყნის გაპარტახება, დარწმუნებული ვარ, ხალხი გამოიყვანს ქუჩაში ოპოზიციას და არა _ პირიქით.
_ რა ფორმით ხედავთ საკუთარ თავს და ახალგაზრდებს მიმდინარე პროცესებში?
_ როდესაც ხელისუფლება თავს კარგავს, გადადის საკუთარი უფლებამოსილების ზღვარს, არღვევს კანონისა და კონსტიტუციის პრინციპებს, აყალბებს არჩევნებს, მიიტაცებს ხელისუფლებას და ცდილობს დაამყაროს ტოტალიტარული მმართველობა, როდესაც უსამართლობა ხდება კანონი, დაუმორჩილებლობა მოვალეობაა, _ როგორც წერდა ყველაზე ძლიერი დემოკრატიის, ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამა, თომას ჯეფერსონი.
ახალგაზრდები და ახალგაზრდული ჯგუფები უნდა იყოს წინააღმდეგობის მოძრაობის მუხტი. სწორედ ჩვენს თავისუფლებას, არჩევანის უფლებასა და მომავალ ეხება საქმე.
როდესაც ვიბრძვით დიქტატურის წინააღმდეგ და ქვეყანა იწყებს განთავისუფლებას უკანონო რეჟიმის მმართველობისგან, ახალგაზრდული ძალა უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია. ამ ბრძოლაში ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან კონსტრუქციულები, რა თქმა უნდა, კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში მოქცეული, მაგრამ მტკიცე, ძლიერი და ურყევი.

ნენე ინჯგია