ციხის წერილი
სკანდალური წერილი “ქრონიკა +”-მა მას შემდეგ მიიღო,რაც ყოფილი სპეცრაზმელის გიორგი ყუფარაძის დაკავების დეტალებზე მასალა გამოაქვეყნა.
ოფიციალური ბრალდებით, გიორგი ყუფარაძე დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, პროკურატურის მტკიცებით, ყუფარაძემ დედა-შვილი ჯერ მოკლა, შემდეგ კი საკუთარი სახლის ეზოში,კოჯორში კასრით დააბეტონა.საბერძნეთიდან ექსტრადირებული ყუფარაძე ნაფიც მსაჯულთა შერჩევას ელოდება და ამ წერილზე არანაკლებ სკანდალურ სასამართლო პროცესს აანონსებს.
მოგესალმებით და მადლობას გიხდით ინტერესის გამოჩენისთვის. თქვენ ჩვენს ე. წ. პროფესიონალებზე გაიმარჯვეთ და გამოიჩინეთ ნამდვილი პროფესიონალიზმი, როდესაც თქვენს ოჯახს უდიერად შეეხნენ. ასე რომ, ნამდვილად იცით ჩვენი სისტემის ფასი.
მე რაც შემეხება, 2013 წლის 12 ივნისს გავთავისუფლდი. მესამე დღეს მომადგა სახლში ვერაზე ვასილ გოშაძე და კონტრტერორისტული დეპარტამენტის ოფიცერი ვალერი იამანიძე. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო: ან უნდა დამეტოვებინა საქართველო, ან ისევ უნდა მემუშავა კონტრტერორისტულ დეპარტამენტზე, რადიოაქტიური იზოტოპების აღმოჩენის მიმართულებით. მუშაობა დავიწყე . ვინაიდან საბჭოთა სამხედრო და სამრეწველო კომპლექსი ფართოდ იყენებდა რადიოაქტივებს, როგორიცაა ცეზიუმ 137, სტრონციუმი და ა. შ. მე პრობლემა არ მქონდა, შიგადაშიგ აღმომეჩინა ხსენებული იზოტოპები ყოფილ სსრკ-ს სამხედრო ბაზებსა და კავშირგაბმულობის ობიექტებზე, როგორიც, მაგალითად, არის მცხეთაში, სამებასა და გუბერნატორის რეზიდენციას შორის საცხოვრებელ ეზოში, ყოფილ საკავშირო კავშირგაბმულობის ობიექტზე აღმოჩენილი ცეზიუმის შემცველი რადიონათურები. ამ საქმეზე საქმის კურსშია დედაჩემი დალი კაკაურიძე. იყო რამდენიმე საქმე, რომლის დაბოლოების საშუალება შეგნებულად მომისპეს. როდესაც ჩემი პირველი დაპატიმრების მიზეზების კვალზე გავედი, სადღაც აქ, საქართველოში, ჩემთვის ცნობილ პირებს დიდი ოდენობით, ცეზიუმ 137 აქვთ შენახული და იქამდე მისვლის საშუალება მომისპეს. გამიქციეს ჩემ მიერ გადმობირებული ამ ცეზიუმის გამყიდველთაგან ერთ-ერთი, ცეზიუმ-137 კი, მოგეხსენებათ, ბინძური, რადიოაქტიური ბომბის იდეალური მასალაა. გრამი 10 000 $ და მეტადაც ფასობს შავ ბაზარზე.
მოკლული გურამ კვეზერელიც ჩემს თვალსაწიერში თავისი განცხადების წყალობით მოხვდა. mymarket.ge-ზე ჰქონდა გაცხადებული, _ ვიყიდი ცეზიუმს. მოვიძიე მისასვლელი პირი, გავესაუბრე და დავრწმუნდი, რომ კვეზერელს შავად იყენებდნენ გარკვეული პირები, თვითონ წარმოდგენა არ ჰქონდა, რაზე აწერდა ხელს. თანამშრომლობაზე იმ პირობით დამთანხმდა, რომ თუ წარმატებულ ინფორმაციას მომაწოდებდა, მუშაობას დავაწყებინებდი. ზემდგომებთან შეთანხმების შემდეგ დავპირდი, რომ მუშაობას დაიწყებდა იუსტიციაში ან სასჯელაღსრულებაში. გავიდა პერიოდი, არანაირი ღირებული ინფორმაცია მისგან არ ყოფილა. უცბად, 2014 წლის 8 თუ 9 დეკემბერს, ფეისბუქის მესენჯერში გამომიგზავნა „წითელი ვერცხლისწყლის“ ტექპასპორტის ფოტოასლები სიტყვებით: აი, რა მომაწოდა იმ სომეხმა. უნდა განგიმარტოთ, რომ წითელი ვერცხლისწყალი Красная ртуть, он же Red Mercuri შექმნილია რუსული სპეცსამსახურის წიაღში, ეს არის ოსტატური დეზა, ბირთვულ აფეთქებას სჭირდება პლუტონიუმის, იგივე ურან-238-ის კრიტიკული მასა, მინიმუმ, 10 კგ. უხეშად რომ ვთქვა, პლუტონიუმის ორი სფერო ეჯახება ერთმანეთს, ამ მასის 10-45% შედის ჯაჭვურ რეაქციაში, დანარჩენი იფანტება. ეს არის ხიროსიმა-ნაგასაკის ბომბის პრინციპი, თუმცა ძველი ტექნოლოგია, მაგრამ ირანისთვის და რიგი არაბული ქვეყნებისთვის დღესაც მიუწვდომელია ეს ტექნოლოგია და რაც მთავარია, პლუტონიუმის ეს რაოდენობა. ამიტომ რუსებმა ლეგენდა შექმნეს, რომ წითელი ვერცხლისწყალი არის უნივერსალური ტრანსურანული დეტონატორი და მისი მეშვეობით 0,5 ურანიც კი აფეთქდება. რეალობაში არსებობს მცირეგაბარიტიანი ბირთვული მუხტები 1 კგ. პლუტონიუმის მასით, მაგ.: Ранцевый ядерный заряд ან Ядерный фугас, ანუ ტექნოლოგია არსებობს. საბჭოთა კავშირის დროს სამსახურისას მქონდა გაცნობა-ინსტრუქტაჟი ზემოხსენებულ Ранцевый 3-თან, 5 კილოტონა სიმძლავრით და 12 კგ. მასით. გარეგნულად საარმიო ზურგჩანთა რადიოსადგურს იყო მიმსგავსებული, მაგრამ ეს ტექნოლოგიები არზამას 16-სა და სხვა სპეციალურ ცენტრებში არის საიდუმლოდ და საიმედოდ შენახული. ის არ იყიდება, სამაგიეროდ, შეიქმნა მაღალრადიოაქტიური შინდისფერი ამალგამა, სადაც გამოყენებულია ცეზიუმ 137, რადიოაქტიური ფონის შესაქმნელად ჩადებულია სერიოზულ კონტეინერში თავისი ტექპასპორტით და ა. შ. სრული მაღალტექნოლოგიული აფერა. 2000-იანებში მოსკოვში ვიღაც არზამასიდან გაქცეული მეცნიერი (რასაკვირველია, ვითომ გაქცეული) ყიდდა წითელ ვერცხლისწყალს, მოიძებნენ დაინტერესებული არაბები და ყიდვა შედგა 4 000 000 $-ად. მეცნიერის წასვლის შემდეგ ფსბ-ს სპეცრაზმი ნომერში შეიჭრა, არაბებს რადიოაქტიური იზოტოპის უკანონო შეძენა-შენახვა წაუყენეს ბრალად. არაბებმა კიდევ მილიონ-ნახევარი დატოვეს და რუსეთიდან გადაიკარგნენ. ეს ერთი ვარიანტი. გარდა იმისა, რომ თანხაში გაპარსეს, აგენტურულად დაადგინეს, ვინ არიან და ვის წარმოადგენენ სრული პაკეტით. კაცმა არ იცის, რამდენია გაყიდული ე. წ. წითელი ვერცხლისწყალი ერთ-ორ კილო გაღარიბებულ ურანთან ერთად და რამდენ მუსლიმან ლიდერს ჰგონია, რომ მას აქვს მცირე გაბარიტიანი ატომური ბომბი, სინამდვილეში კი ფსბ-მ წერტილოვანი სიზუსტით იცის, ვინ არიან ამით დაინტერესებულები და სად არის მათი ყველაზე საიდუმლო საცავები, ტყუილად აღებულ ფულზე რომ აღარ ვილაპარაკოთ. ჩვენს შემთხვევაში მაღალპროფესიული დოკუმენტაცია იყო წითელი ვერცხლისწყლისა და თვითონ კონტეინერი აუცილებლად იქნებოდა. ჩემი შეტყობინების მერე კონტრტერორისტულს დაუყოვნებლივ რეაგირება უნდა დაეწყო, მინიმუმ კონტეინერი რადიოაქტიურია _ ან ცეზიუმს, ან სტრონციუმს შეიცავს, მაგრამ ასეთი აფერა მხოლოდ მაღალჩინოსნების მეშვეობით ხდება, ანუ მყიდველი იძებნებოდა გადასაგდებად. ეს რომ მონათესავე სპეცსამსახურის ქმედება ყოფილიყო, ჩვენ, უბრალოდ, ჩავეხსნებოდით, მაგრამ არც სამმართველოს უფროსი, არც მთავარი სამმართველოს უფროსი, არაფერს ამბობდა, საცოდავი კვეზერელი კი მეუბნებოდა, რომ კარგი ინფორმაცია მოვიტანე და სამსახურს ხომ დამაწყებინებთო? აი, ასეთ დღეში ვიყავი 2014 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში. იმ დროს კონტრტერორისტულში იწყება სამსახურიდან მასობრივი განთავისუფლებები, რომელიც ეხება მხოლოდ ჩემს საახლობლოს, ანუ იმ ხალხს, ვისაც ვენდობი და ვისი იმედითაც დავიწყე მუშაობა (ჩემს ადვოკატს კვეზერელის გამოგზავნილი მასალის ასლები აქვს და დედაჩემს ჩემს ფეისბუქთან წვდომა გააჩნია, მასალა ისეთია, რომ დაუყოვნებელი რეაგირება უნდა ყოფილიყო).
მოკლედ, ამ მასალის მიღებიდან, მაქსიმუმ, ორ კვირაში ჩემი ხალხი სამსახურიდან მოხსნილია, მე კი მირეკავს და მხვდება ერთ-ერთი თანამშრომელი და მეუბნება, რომ დაუყოვნებლივ უნდა დავტოვო საქართველო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მინიმუმი რაც იქნება, დამიჭერენ. მე კი მივხვდი, რომ იგივე პერსონას, ვისი გულისთვისაც ვიყავი პირველად გასამართლებული, რაღაც საშიშროება შევუქმენი, მაგრამ წითელ ვერცხლისწყალთან არ დამიკავშირებია, არც კვეზერელის დარდი მქონდა, არც დამირეკავს, თავი მქონდა საშველი. დავტოვე საქართველო და თურქეთში გადავედი. 2015 წლის დეკემბერში გერმანიაში ვარ, თითქმის ლეგალურად, ანუ სლოვაკეთის მოქალაქის მაღალი ხარისხის საბუთებით, ვეწევი მცირე მეწარმეობას და თითქმის ბოლომდე ვარ ადაპტირებული. ამ დროს იგივე ვასილ გოშაძის გამოყენებით მიტყუებენ საბერძნეთში (შეცოდებაზე ითამაშეს, გოშაძე შემეცოდა), ალექსანდროპოლისში ველოდები გოშაძის თურქეთიდან არალეგალურ გადმოსვლას. ქალაქ ალექსანდროპოლისში შევდიოდი მხოლოდ ორ კაფეში, ე. წ. კაფეინიოში ყავის დასალევად. ვცხოვრობდი ათი კილომეტრის დაცილებით სოფელში აქვე გაცნობილი პონტოელი ბერძნის, ანუ სსრკ-დან წამოსული ბერძნის სახლში. 2016 წლის 2 აპრილს რომელიღაც კაფეინიოში დავლიე ყავა, მანქანით წამოვედი საცხოვრებელში, სადაც, უცნობი დროის მერე, სამსახურიდან სახლში დაბრუნებულმა ბერძენმა მკვდარი მიპოვა, რეალურად მკვდარი. რამდენი ხანი ვიყავი, კაცმა არ იცის. სანამ ის დაბრუნდა, სანამ ალექსანდროპოლისიდან სასწრაფო მოვიდა და ამავე ქალაქის უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ჰოსპიტალში მიმიყვანეს, დრო უცნობია. ჩემი სიმპტომატიკით გამოყენებულ იქნა შხამი რიცინი, გაადამეკეტა სუნთქვა, დაბნელდა და შემდეგ უცბად აღმოვჩნდი სხვა ქვეყანაში. საკმაოდ დიდხანს ვიმყოფებოდი იქ და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სიკვდილი არ არსებობს.
მაგრამ გადავიდეთ ფაქტებზე: 2017 წელს, როდესაც საბერძნეთის ციხეში გაჩენილი მეგობრის წყალობით ჩემი საქმით დაინტერესდა ადვოკატი აგელოს ნესტორიდი (მშვენივრად ლაპარაკობს ინგლისურად და უამრავი დეტალი იცის ჩემს საქმეზე, ბერძნულ ტელევიზიაში ჩემზე გასულ სიუჟეტზეც. მისი ვაიბერის ნომერია +3069372291111). აღმოჩნდა, რომ 5 აპრილს, იმავე 2016 წელს, ალექსანდროპოლისის პოლიციაში მივიდა ვინმე ივანე მითათანიდი, მცხოვრები ათენში 900 კმ. დაშორებით ალექსანდროპოლისიდან და განაცხადა, რომ მე არ ვარ სლოვაკეთის მოქალაქე მიროსლავ პოხლოდკოვი და ვარ გიორგი ყუფარაძე. მითათანიდი წარუდგა, როგორც საქართველოს პოლიციის წარმომადგენელი. ამ დროს ჰოსპიტალში ჩემი გადარჩენის შანსები მინიმალურად განიხილება და 99% მორგში გადასაყვანი კანდიდატი ვარ. საქართველოში არც საქმეა ჩემზე აღძრული და არც ძებნაზე ვიმყოფები, ერთადერთი მიზეზი მითათანიდის პოლიციაში მისვლისა იყო ჩემი რეალური ვინაობის გამჟღავნება, რომ როგორც სლოვაკი, არ დავემარხე ბერძნებს და მას შესრულება დაწეროდა ჩემს ლიკვიდაციაში. აბა, საიდან იცოდა ათენელმა კაცმა, თუ სად ვარ მე და ვინ ვარ, თუ მისია შესრულებული არ იყო _ ჩემი ლიკვიდაცია. სადღაც 10 აპრილისთვის მე კომაში ვიმყოფებოდი, მაგრამ ექიმებმა დაასკვნეს, რომ კრიზისი დაძლეულია და მე გადავრჩები. დაინტერესებულმა პირებმა საქართველოში მოახდინეს სასწრაფო რეაგირება და 2016 წლის 18 აპრილს ჩემ წინააღმდეგ საქმე აღიძრა. ძებნაზე დამსვეს, რომ თეორიული შანსიც კი არ მქონოდა თავის დაღწევის. საქმე უცბად არის ნაკერი და სავსეა აშკარა სისულელით, ზეწოლა არის ჩემს სანათესაოზე, დაკითხულია ჩემი შვილი, ჩემი მეუღლე, დაიჭირეს ჩემი ბიძაშვილი, რომ ჩემ წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, რაც ამ უკანასკნელის სიმტკიცის გამო არ გამოუვიდათ. ამავდროულად, მედიაში მიდის უპრეცედენტო კამპანია ჩემ წინააღმდეგ, სადაც ჩემი ფოტოსურათებია გამოყენებული და პირდაპირი ტექსტით მაცხადებენ მკვლელად. მე ამ დროს კომაში ვარ ,თუმცა გადარჩენის პროცენტი უკვე დიდი მქონდა, მაგრამ ნაკლებსავარაუდო იყო, რომ ნორმალური გავიღვიძებდი, ძალიან დიდი ხანი იყო ტვინი გათიშული. ყველა საბუთი მაქვს მოძიებული ბერძენი ადვოკატის დახმარებით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის, მაქვს ამ რეგიონში სამხარაულის ექსპერტიზის ანალოგი სახელმწიფო ექსპერტის დასკვნა, რომ მოწამლული ვარ უცნობი ნივთიერებით მკვლელობის მიზნით. ბერძნული პროკურატურის საქმის აღძვრის ოქმები ჩემი მკვლელობის მცდელობაზე, მითათანიდის დაკითხვის ოქმი, სადაც მან განაცხადა, რომ ორ დღეში თბილისიდან აცნობეს, თუ სად ვიყავი მე, შემდგომ პროკურატურამ დიპლომატიური პასპორტი წარუდგინა და თავი დაიძვრინა ძიების გაგრძელებიდან იმუნიტეტის გამოყენებით, აშკარად ქართული სპეცსამსახურის წარმომადგენელ მითათინიდის დაკითხვა ჩვენს პროკურატურას არაფრით უნდა. იმ ფაქტს, რომ მე მკლავდნენ, საერთოდ აიგნორებენ, თითქოს ჩემით გავხდი ცუდად. მე რომ რაიმე უკანონოს მომხმარებელი ვყოფილიყავი, ბერძნები მაშინვე ამოაგდებდნენ, იდეალური ლაკმუსები აქვთ ნებისმიერ ნარკოტიკზე, ხოლო რიცინის ანალოგი არ გააჩნიათ, ამიტომაც დაუდგენელი ნივთიერებაა.
მითათინიდი რომ დაიკითხოს, ვინ იცის, რამდენ მკვლელობასა თუ მკვლელობის მცდელობას აეხდება ფარდა საზღვარგარეთ მყოფი არასაიმედო ქართველებისა.
მოკლედ, ჩემ მიერ წარმოდგენილი საბუთებიდან აშკარად ჩანს ჩემი წარუმატებელი მკვლელობის დაინამიკა და სამედიცინო საბუთების თარიღებთან, მითათინიდის ვიზიტის თარიღებთან და საქმის აღძვრის თარიღებთან შედარებით მაშინვე აშკარა ხდება ყველაფერი შეუიარაღებელი თვალით. თუ სასამართლომ არ მიიღო ჩემი საბუთები და არ გაიზიარა ჩემი მოწმეების დაკითხვა და ადვოკატ ელდარ გვალიას მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, უკვე ამათ შეთითხნილი საქმე უნდათ, მე უვადო მშრალ შიმშილობას გამოვაცხადებ. სხვა გზა აღარ დამრჩება. მე ისიც ვიცი, სად და როდის იყიდეს საქართველოს შსს-ს წარმომადგენლებმა რუსი ტოქსიკოლოგებისგან სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ტოქსინი, მათ შორის, რიცინი და ნოვიჩოკი. ნოვიჩოკით მოკლეს ქართველმა კრიმინალებმა ქართული წარმოშობის ბერძენი ბანკირი კიველიდი მოსკოვში. ასე რომ, მკვლელობა მოწამვლით არახალია ქართველი ძალოვნების პრაქტიკაში. ეს არის ძალა, რომელიც წითელი ვერცხლისწყლის გამოყენებით აპირებდა სერიოზული ფულის შოვნას. მე მინდა გითხრათ, გვარები ვიცი, ვინ რა როლს ასრულებს არა მარტო რადიოაქტიური იზოტოპების ტრანზიტში, მაგრამ ღია ტექსტით ვერ ვბედავ, გარეთ მყავს ცოლ-შვილი და დედა. ეს ხალხი კი არა მარტო ამ თემაში, დიდ ნარკოტრანზიტშიც წამყვანები არიან, შევარდნაძის დროიდან უწყვეტად. სულ რამდენიმეთვიანი შესვენება იყო მიშას დროს და სიძლიერის პიკში მყოფნი ახლა, ჩვენს რეალობაში, მე მგონი, ხვდებით, ვისზეც მაქვს ლაპარაკი. ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ დროებით დაგემშვიდობებით.
თქვენი პროფესიონალიზმის პატივისმცემელი _ გიორგი ყუფარაძე