ჩეხურ-ქართული „სანტა-ბარბარა“
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის განჩინებით, რუსეთის მოქალაქე ოლივია ანტონს არასრულწლოვანი შვილის საქართველოდან გაყვანა აეკრძალა.
ბუნებრივად დგება საკითხი, რომ ბავშვის მამა ქართველია, უფრო სწორად, სამართლებრივი ენით რომ ვთქვათ _ საქართველოს მოქალაქე. მსგავსი არაფერი გეგონოთ _ დედა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გახლავთ, მამა კი ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.
ამ ეტაპზე საქართველოს სასამართლო განიხილავს დაკავებული არასრულწლოვნის კვიპროსში დაბრუნების საკითხს. ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს 2 ივნისის მინიბრიფინგი, როდესაც ორმა სახელმწიფო დაწესებულებამ საჯარო განცხადება გააკეთა. კერძოდ, „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტომ“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილება). ოპერაცია ერთობლივად ჩაატარა, რამაც გამოიწვია ბავშვის ერთი კანონიერი მშობლიდან მეორე კანონიერ მშობელზე (დაცვის მხარის განცხადებით, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ) გადაცემა და წართმევა.
მკითხველი თავიდანვე საქმის კურსში რომ ჩავაყენოთ, მდგომარეობა ასეთია:
ბავშვი დაბადებიდან იზრდება მამასთან და მამის ოჯახთან. როგორ? რატომ? რა ვითარებაში? და ა. შ. დეტალებს არ ჩავეძიებით, მაგრამ ქართულმა პოლიციამ არასრულწლოვნის დედის მიმართ 3-ჯერ მიიღო შემაკავებელი ორდერის გამოყენების გადაწყვეტილება. ორ შემთხვევაში _ მეუღლესთან კონფლიქტის გამო, ერთ შემთხვევაში კი ბავშვთან ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძველზე. აქვე დავძენთ, რომ მამის ოჯახი 2018 წლამდე კვიპროსში ცხოვრობდა (სადაც ბავშვის დედაც იმყოფებოდა), ხოლო მას შემდეგ, რაც მამის ოჯახი 2018 წლის დეკემბრიდან საქართველოში საცხოვრებლად კვიპროსის რესპუბლიკიდან გადმოვიდა, შეწყდა ბავშვის დედის მატერიალური უზრუნველყოფა. კვიპროსში დარჩენილმა დედამ სარჩელი წარადგინა შვილის გაუჩინარების შესახებ და სამართლებრივი მეთოდებით დაიწყო საქართველოში მყოფი მეუღლის ოჯახისთვის შვილის მოთხოვნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განკარგულების საფუძველზე, დედას _ ოლივია ანოტონს _ მიენიჭა უფლება, ბავშვი წაიყვანოს ღამისთევით. ოლივია ანტონმა შეძლო სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მენეჯმენტის სამი წარმომადგენლის _ ნინო იობაშვილის, გიორგი კუპრეიშვილისა და ეთერ ცხაკაიას (რომელიც, ამჟამად განთავისუფლებულია, მათ შორის, დასახელებული საქმის გამო) დახმარება, ასევე სამართალდამცველი ორგანოების მიმართ საჩივრების წარდგენა, სადაც აღნიშნულია, რომ არასრულწლოვნის მამა არღვევს კანონს და არ აღასრულებს სასამართლოს დროებით განკარგულებას _ დედისთვის შვილის ჩვენებას.
ძალიან საინტერესოა მამის დაცვის მხარის _ „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადება, რომელთა განმარტებით, მამა იმდენად ზრუნავს თავის შვილზე, რომ გააძლიერა არასრუწლოვნის უსაფრთხოების დაცვა. არასრულწლოვნის გადაადგილებას იცავდა დაქირავებული პირადი დაცვა, ვინაიდან სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დედა _ ოლივია ანტონი _ გეგმავს ბავშვის გაყვანას ქვეყნიდან საქართველოს არაკონტროლირებადი რეგიონის, ცხინვალის გავლით, რუსეთის ფედერაციაში. ვინაიდან და რადგანაც ოლივია ანტონი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მისთვის არალეგალურად ადმინისტრაციული მნიშვნელობის საზღვრის კვეთა არ წარმოადგენს პრობლემას. ბავშვის რუსეთის ფედერაციაში აღმოჩენის შემთხვევაში კი საქართველოს სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ კიდევ უფრო შორს მიდიან და ამტკიცებენ, რომ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ მხრიდან 2020 წლის 2 ივნისს დაიგეგმა ჩვეულებრივი სპეცოპერაცია. ამავე დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებამ განსაკუთრებული დავალების საფუძველზე მოითხოვა არასრულწლოვნის გამოკითხვა. უარყოფილ იქნა მამის შეთავაზება ალტერნატიული თარჯიმნისა და ფსიქოლოგის დასწრებაზე.
ეს, ცოტა არ იყოს, უცნაურად ჟღერს, _ ჯერ ერთი, რას ნიშნავს ალტერნატიული თარჯიმანი? ანუ შსს-ს თარჯიმანს არ ვენდობი და თუ პირიქით, _ მისი დამხრება მინდა?
თარჯიმნის ამბავი აქ არ მთავრდება. ბავშვის გამოკითხვა 2020 წლის 29 მაისს იყო ჩანიშნული. საგამოძიებო ორგანოს მიერ მითითებული თარჯიმანი ადგილზე გამოცხადდა ოლივია ანტონისა და მისი ადვოკატის სატრანსპორტო საშუალებით. აღნიშნულ ფაქტს მამის აღშფოთება მოყვა (პრინციპში, სამართლიანიც). მამა ასე „დაამშვიდეს“: თუ საგამოძიებო პროცესს ხელს შეუშლით, დაგაკავებთო. კიდევ უფრო აღშფოთებულმა მამამ ბავშვი უკან წაიყვანა. ამაზე გამომძიებელმა მაშინვე შეადგინა ოქმი, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, მამამ ვერ შეძლო შვილის ადგილზე გამოცხადების უზრუნველყოფა.
ბავშვის მამამ დაცვის მხარესთან ერთად დაუყოვნებლივ მიმართა საქართველოს პროკურატურას, „სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს“, სახალხო დამცველის აპარატსა და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებას, საქმეზე პასუხისმგებელ გამომძიებელს. 2020 წლის პირველ ივნისს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსმა განხორციელდა ზარი, რომლის დროსაც გამოითქვა სურვილი, რომ მოზარდი საცხოვრებელ მისამართზე გადაემოწმებინათ სატელეფონო ზარიდან ერთ საათში. მამამ პოლიციას უპასუხა, რომ რეგიონში იმყოფებოდა და არ იცოდა, ბავშვი იყო თუ არა სახლში, ვინაიდან იმ დღეს ბავშვის დაბადების დღე გახლდათ და შესაძლოა, არასრულწლოვანი სახლში არ დახვედროდათ. მიუხედავად ამისა, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები მაინც მივიდნენ მისამართზე და დააფიქსირეს, რომ მოზარდი მისამართზე არ იყო.
2 ივნისს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ისევ გამოცხადდნენ სახლის მისამართზე. ბავშვთან შეხვედრას უნდა დასწრებოდნენ მამის მხრიდან წარდგენილი თარჯიმანი და ბავშვის ბებია. გამომძიებელმა, როგორც კი გამოკითხვა დაიწყო, არასრულწლოვანი ოთახიდან გავიდა და უკან შებრუნება არ უნდოდა. ბებიას უთხრა, რომ უწყების წარმომადგენლებს სურდათ მამასთან მისი დაშორება, რასაც თარჯიმნის დამაზუსტებელი შეკითხვები მოყვა, თუმცა როგორც ბებია, ასევე თარჯიმანი, უწყების წარმომადგენლებმა ოთახიდან დაითხოვეს.
ჯერ სად ხართ! მოკლედ, სანამ მოზარდის საკუთარ სახლში გამოკითხვა მიმდინარეობდა, მოშორებით პერიმეტრში პოლიციის კორდონი პატრულირებდა. გამოკითხვის დასრულებისთანავე საცხოვრებელ მისამართზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ოთხი ეკიპაჟი და არასრულწლოვნის მამას შემაკავებელი ორდერი გადასცა. „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს“ მიმართვის საფუძველზე, მამას 30 დღის განმავლობაში აეკრძალა შვილთან ურთიერთობა. საფუძვლად დასახელდა ძალადობის ფორმა _ „უგულებელყოფა“, რაც გულისხმობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული დროებითი განკარგულების შეუსრულებლობას. ამის შემდეგ პოლიციამ ბავშვი გადასცა სააგენტოს თანამშრომელ ნინო იობაშვილს, რომელმაც არასრუწლოვანი მიიყვანა დედასთან.
მოზარდის ვერბალური ენა ჩეხურია, რომელიც დედამ არ იცის. თავის მხრივ, ბავშვმა არ იცის რუსული და ინგლისური ენები.
„ქრონიკა+“ არ აპირებდა ისეთი დეტალების გაჟღერებას, როგორია ბავშვის დედის, ოლივია ანტონის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფოტოები. მაგრამ ვინაიდან ის პირველად დაცვის მხრიდან გაჟღერდა, ჩვენც აღარ მოვერიდებით. მოკლედ, დედამ ქართულ სასამართლოს წარუდგინა ფოტოები, სადაც მამა შვილს ჰიგიენური წესით აბანავებს და მას ბრალი დასდო პორნოგრაფიაში. 2019 წლის 21 ნოემბერს ქართულმა სასამართლომ ეს ფოტოები იმდენად არაფრის მთქმელად მიიჩნია და ბრალდება ძალით მოთრეულად, რომ ეს დოკუმენტი საქმიდან ამოიღო და ოლივია ანტონის ამორალურ ზრახვებზე მიუთითა. სასამართლოს პოზიციის მიუხედავად, დედამ იგივე დოკუმენტები პოლიციაში წარადგინა.
ასეთი ექსტრემალური გამოხტომის შემდეგ მამის ოჯახი იმდენად აღშფოთდა, რომ სასამართლოს წარუდგინა ცნობა ოლივია ანტონის მხირდან დოკუმენტის გაყალბების შესახებ.
დღესდღეობით აჭარის პროკურატურა პარალელურად განიხილავს მამისა და შვილის 2019 წლის აგვისტოში მარტვილიდან გატაცების საქმეს (ამ ამბავს აღარ მოვყვებით, რადგან გაზეთის ფურცლები არ გვეყოფა). ვიტყვით მხოლოდ, რომ ამ საქმეში კითხვები არასრულწლოვანი დედის მიმართაც ისმის. ასევე დაცვის მხარეს აქვს დოკუმენტი: ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ პრაღის კანონიერ ძალაში შესული 2019 წლის გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ წერია, რომ დედა გაფრინდა ბავშვის მამის სურვილის საწინააღმდეგოდ და მამის ხარჯებით ოთხდღიანი ვიზიტით ამსტერდამში, სადაც სურდა გამოეცადა ახალი ტიპის მარიხუანა. ევროპული ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ოლივია ანტონის, როგორც დედის მოვალეობები, უკიდურესად უარყოფითადაა შეფასებული.
რატომ? იმიტომ, რომ მამის ნების საწინააღმდეგოდ გაფრინდა? თუ იმიტომ, რომ მისი ფულით? ანდა ახალი ტიპის მარიხუანა რომ გამოეცადა?
სასამართლოს წინაშეა მშობლებს შორის 2016 წლის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ოლივია ანტონი უარს ამბობს ამიერიდან ბავშვის თანდასწრებით ნარკოტიკების მოხმარებასა და არასრულწლოვნის თანდასწრებით ალკოჰოლური სასმელის მიღებაზე. აქ, პირადად ჩემთვის, ერთი რამ არის გაუგებარი _ დედა უარს აცხადებს ბავშვის თანდასწრებით ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღებაზე! მაგრამ ბავშვის დაუსწრებლად შეუძლია მიიღოს ნარკოტიკები და ა. შ.?!
მაშასადამე, დედა გვყავს, მამა გვყავს და საქმეში შემოდის უკვე ბებია.
მამის ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა სოციალური სამსახური კანონის უხეშ დარღვევაში დაადანშაულა. კერძოდ, მისი განცხადებით, აღნიშნული უწყება ფარულ გარიგებაშია დედასთან და 74 წლის ბებიას განზრახ არ აძლევს უფლებას შვილიშვილთან ურთიერთობაზე. არადა, სასამართლომ 2020 წლის 8 ივნისის განჩინებით, ბავშვის ერთ-ერთ კანონიერ წარმომადგენელს, რუსეთის მოქალაქე ოლივია ანტონს, არასრულწლოვანი შვილის საქართველოდან გაყვანა (გადაადგილება) აუკრძალა. ოლივია ანტონის ასეთ ქმედებებს ამართლებს სააგენტოს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო იობაშვილი და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფროსი გიორგი ეპიტაშვილი.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ მამა ბავშვს დაბადებიდან ზრდის და შვილს მამის მიმართ მიჯაჭვულობა აქვს, ხოლო დედა _ ოლივია ანტონი, კანონიერ ძალაში შესული ქ. პრაღის სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარმოადგენს ნარკოტიკების მომხმარებელსა და არ გააჩნია შვილის აღზრდის უნარ-ჩვევები. აღნიშნულზე დანაშაულებრივად დუმან სოციალური სამსახურის დასახელებული პირები, რაც ორმაგი სტანდარტია.
ზემოთ მოყვანილი დავის სახით ქართული სასამართლო მეშვიდე დავას განიხილავს. გაძლება მისცეთ!
თამარ როსტიაშვილი