შორენას და რუსეთის გეგმა _ ახალი 2008 წელი

„ციანიდის საქმე“ თავისი შინაარსით არაორდინალური და განსაკუთრებულია. ამ საქმის არაორდინალურობა კი თვალნათელია _ საქმეში არ არსებობს უდანაშაულო მხარე. დამნაშავეა ხელისუფლება, რომელიც საპატრიარქომ ამ ბინძურ პროცესში ჩაითრია და მისი ხელით გლიჯა ნარები. ხელისუფლების დანაშაული აქ მხოლოდ იმით არ გამოიხატება, თუ რა სახის ბრალდება წაუყენა პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, არამედ იმითაც, თუ რა განაჩენი გამოიტანა სასამართლოს ორმა ინსტანციამ საქართველოს სახელით და როგორ დაჰყვა საპატრიარქოს ნებას და გაება ხაფანგში.

გაიხსენეთ ექსპრემიერ კვირიკაშვილის, ექსმთავარ პროკურორ შოთაძის, იუსტიციის მინისტრ წულუკიანის პირველი განცხადებები. რატომ დღემდე არ აკეთებს არც ერთი განმარტებას საკუთარი განცხადებების შინაარსთან დაკავშირებით და რატომ გვაყრის თვალში ნაცარს შორენა თეთრუაშვილის „მაღალ სასულიერო იერარქად“ წარმოჩენით ან თავად რატომ შედიან ისტორიაში ბრიყვი ინკვიზიტორების როლით?
დამნაშავეა პროკურატურა, რომელმაც ვერაფრით დაადასტურა დეკანოზის ბრალეულობა და მისი დასჯა მოითხოვა ჩაუდენელი დანაშაულისთვის. აქაც აბსურდია იმაზე საუბარი, რომ დეკანოზი რაღაც დანაშაულის ჩადენას აპირებდა და თუ იმას ვერ ვამტკიცებთ, „არ დავამტკიცოთ ესეც“, მაგრამ დავადანაშაულოთ. მინახავს ღვთისმსახურების არასწორად გასამართლებისთვის დასჯილი პროკურორები და მოწმეები. განა, ვინმე კონკრეტული პირის _ როგორც იტყვიან, განგების მიერ და ამთავითვე, ძალიან მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებმაც დეკანოზს საქმე შეუთითხნეს.
დამნაშავეა სასამართლო, რომელიც უსიტყვოდ დაჰყვა ხელისუფლებისა და საპატრიარქოს ნებას და პროკურატურას დეკანოზის არარსებული დანაშაული დაუდასტურა. აქ საქმე ის კი არ არის, რომ „თავისუფალმა“ სასამართლომ შინაგანი რწმენით და სინდისით, კანონზე დაყრდნობით და მტკიცებულებების „გათვალისწინებით“ უსინდისო განაჩენი გამოიტანა, არამედ უმთავრესი პრობლემაა, რომ ეს განაჩენი საქართველოს სახელით არის გამოტანილი. რეალურად, სასამართლო ის ორგანო აღმოჩნდა, რომელმაც ყველაზე დიდი სამართლებრივი ბოროტება ჩაიდინა დეკანოზის მიმართ.
დამნაშავეა საპატრიარქო, რომელსაც არ სჯერა წაყენებული ბრალის, აქვს საკუთარი ვერსია _ თუნდაც ის, რომ დეკანოზს პატრიარქის მოკვდინება სურდა ან თუნდაც ის, რომ დეკანოზი უდანაშაულოა, მაგრამ მაინც ეთანხმება სასამართლოს ვერდიქტს. ბუნებრივია, ეს მდგომარეობა ბადებს უამრავ კითხვას, რომელსაც საპატრიარქო პასუხს არ სცემს. მაგრამ ბადებს უამრავ არგუმენტირებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ საქმე სწორედ საპატრიარქოს მიერ არის ინსპირირებული, პროვოცირებული და ის დეკანოზ მამალაძის წინააღმდეგ მებრძოლი მთავარი ინსტიტუციაა, რომელმაც, ვიმეორებ: საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად ჩაითრია საკუთარი ზრახვების განხორციელებაში.
ამ საქმეში დამნაშავეა დეკანოზი მამალაძე და აქ სამართლებრივ დანაშაულზე არ ვსაუბრობ, რომელიც ცდილობს, გარკვეული შანტაჟი განახორციელოს და არ ამბობს სიმართლეს, რომელიც მან იცის. ანუ ღიად არ საუბრობს იმ თემებზე, რის გამოც აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. თემებში არ ვგულისხმობ მორალური და ზნეობრივი კატეგორიის ფაქტებს ან ჭორ-მართალს, რომლის შესახებაც ეკლესიის საკითხებში ჩახედულ არაერთ პერსონას აქვს საკმაოდ მოცულობითი ან ზედაპირული ინფორმაცია და არასოდეს მიუციათ საკუთარი თავისთვის უფლება, ამის შესახებ არათუ საჯაროდ, საკუთარ თავთანაც ემსჯელათ. ვგულისხმობ კონკრეტულ ქეისებს საპატრიარქოს მიერ ქონებისა და საგანძურის განკარგვასთან დაკავშირებით. სწორედ ამ საკითხების შესაძლო, საჯარო აფიშირება იყო არაერთი მიტროპოლიტის თავის ტკივილის საგანი და დეკანოზის მოშორების ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი. სხვა მიზეზებზე ბევრ პუბლიკაციაში მისაუბრია.
ასეთ ვითარებაში, როდესაც ყველა დამნაშავეა და საზოგადოება ცდილობს, დეკანოზ მამალაძის საქმეში სიმართლე იპოვოს, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ „ძიებით“ უფრო მეტად ზიანდება სახელმწიფოსა და მეტადრე ეკლესიის ინტერესები. ცალკე საკითხია, რომ ხდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დისკრედიტება, რასაც ხელს უწყობენ თავად საპატრიარქო, მასთან დაახლოებული საერო პირები და ცალკეული ღვთისმსახურები. ისინი საკუთარი გაუაზრებელი განცხადებებით, თუნდაც ასეთით: „რაღაცაში ხომ არის დამნაშავე“, აპრიორი აღიარებენ _ იმ საქმეში, რაზედაც მისჯილი აქვს დეკანოზს, ის უდანაშაულოა, პატრიარქი კი არ არის მოწყალე და სიტყვას არ ძრავს მის შეწყალებაზე, არ იცავს უდანაშაულო მღვდელს. ეს ვითარება ანგრევს საზოგადოებაში პატრიარქის მიმართ არსებულ კეთილგანწყობას და მასაც დანაშაულის თანამონაწილე პერსონად აქცევს.

***
„ციანიდის საქმემ“ თავისი შემდგომი განვითარებით ცხადად წარმოაჩინა ეკლესიაში არსებული კრიზისი, რომელიც ერთსახოვანი არ არის და ლამის ყველა მიმართულებას მოიცავს, დაწყებული რწმენით და ღირებულებითი არჩევანით, რომელიც აცდენილია სახელმწიფოს ინტერესებს და ეკლესიის წიაღში არსებული პრობლემებით _ სიხარბითა და სიყვარულის დეფიციტით, არასაკმარისი განათლებით დასრულებული. სხვა ასპექტებზე შეგნებულად არ ვაკეთებ აქცენტებს.
კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის ორი გზა არსებობს: 1. კრიზისის შეგნებულად გაღრმავებისა და ვითარების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანის, ანუ კრიზისში მყოფი ინსტიტუციის ბოლომდე ჩამოშლის; და 2. კრიზისის შინაგანი კათარზისით დაძლევის გზა.
ფაქტია, რომ ჯგუფმა, რომელიც მართავს საპატრიარქოს _ რეალურად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და რომელსაც სათავეში უდგას ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი, პირველი გზა აირჩია.
ამ გზის შედეგი, თუნდაც ლოკალურ პერიოდში გამარჯვებას მიაღწიონ კიდეც, საქართველოს ეკლესიის საბოლოოდ ჩამოშლა და მისი დისკრედიტაცია იქნება.
ლოგიკურად გაგიჩნდებათ კითხვა: რატომ შეიძლება, რომ ეს შორენა თეთრუაშვილის მიზანი იყოს, რომლის უკიდეგანო გავლენაზე საუბარს არ დავიწყებ და რა არის მისი ქმედებების მოტივაცია?
პირველი და უმთავრესი: შორენა თეთრუაშვილის კავშირები რუსეთის ეკლესიასთან და მის უკან მდგომ სტრუქტურებთან და ვალდებულებები მათ წინაშე. იქნებ, ვინმეს არ ახსოვს ან არ იცის, როგორ მოხვდა ეს ქალბატონი საპატრიარქოში? რა პიროვნული ტრაგედია უსწრებდა წინ მის მდივან-რეფერატობას? რა მოხდა 1977 წლის 8 ნოემბრის გვიან საღამოს, როგორ აღესრულა საავადმყოფოდან 9 ნოემბერს გამოსაწერი, უკვე გამოჯანმრთელებული პატრიარქი დავით V, სწორედ 9 ნოემბერს?.. შორენას ვალდებულებითი თუ სამსახურებრივი კავშირები რუსეთის ეკლესიასთან და რუსულ სპეცსამსახურებთან მხოლოდ ლოგიკას არ ეყრდნობა.
და მეორე მოტივაცია: შორენა თეთრუაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ პოსტპატრიარქისეულ ეპოქაში საქართველოს ეკლესიაში მისი ადგილი არ აღმოჩნდება. პოსტპატრიარქისეულ ეპოქაში, სულაც არ არის გამორიცხული, შემცირდეს რუსეთის გავლენებიც _ პირდაპირი მართვის (შორენას) მეშვეობით (არ ვგულისხმობ მეუფე შიოს არჩევის შემთხვევისას) და ეს რუსეთისთვის მნიშვნელოვან თავსატეხს წარმოადგენს. ცხადია, ახალი პატრიარქის პირობებში შორენას მოუწევს პასუხისმგებლობა ეკლესიაში შექმნილი ვითარების გამო. აქ ვსაუბრობ საპატრიარქოში არსებულ კორუფციულ სქემებზე და ნურავის დააბნევს ის განცხადებები, რომ საპატრიარქოს არ აქვს ქონებისა და ფულის განკარგვის წესები და მას როგორც სურს, ისე განკარგავს.
შორენამ იცის, რომ მას მოუწევს პასუხისგება საპატრიარქოს კარზე საეჭვო მორალური რეპუტაციისა და სახის მქონე პირების დაწინაურება-აღზევების გამოც. სწორედ ასეთ პირებს იყენებს იგი ეკლესიაში სასურველი გადაწყვეტილებების რეალიზებისთვის. მას მოუწევს პასუხისგება იმ უდიდესი ზიანისთვის, რომელიც მიაყენა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ (ორივე მოტივაციის სიღრმისეული განხილვა ძალიან დაამძიმებს ეკლესიაში არსებულ ისედაც კრიზისულ ვითარებას და ამიტომ ახლა თავს შევიკავებ).
სწორედ ზემოთ მოყვანილი მოტივაციების გამო შორენას ინტერესებშია, პატრიარქის სიცოცხლეში ეკლესიაში მართვადი ქაოსი იყოს. ამ ქაოსმა უნდა გამოიწვიოს ეკლესიისადმი ნდობის დაკარგვა და ამ პროცესს ყველანი თვალნათლივ ვაკვირდებით. სულაც რომ არ არსებობდეს რაიმე სახის გამოკითხვები, ეკლესიაში მრევლის სიხალვათე თავად ამბობს ყველაფერს. შორენასა და რუსეთის მიზანია პატრიარქის შემდგომ პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაშლა, რაც პირადად შორენასთვის პასუხისმგებლობიდან გაქცევის ყველაზე გარანტირებული საშუალებაა, ხოლო რუსეთისთვის ეს პროცესი ქვეყნის შიგნით დაპირისპირების ინსპირირებისა და მისთვის სასურველი პოლიტიკური პროცესების პროვიცირების მიზეზი გახდება. რისთვის სჭირდება ეს რუსეთს, არც ამის ახსნას დავიწყებ, გამგები ისედაც უნდა მიხვდეს.
სხვა შემთხვევაში არ გახდებოდა პრობლემა თუნდაც „უღირსი დეკანოზის“ შეწყალება და ეკლესიაში არსებული პრობლემების ეკლესიის წიაღშივე დაბრუნება განსახილველად, რათა სწორედ შინაგანი კათარზისის გზით მომხდარიყო ამ კრიზისული და ეკლესიისთვის დამაზიანებელი პროცესიდან გამოსვლა.

***
და რადგან პროცესები ჯერაც შორენასთვის-რუსეთისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობს, აუცილებლობას წარმოადგენს, მზაკვრულ გეგმაზე უფრო დეტალურად შევჩერდე.
ამ „წუთას“ სასურველი პროცესების პროვოცირებისთვის დეკანოზ მამალაძეს, უფრო სწორად, მის წერილს იყენებენ. საკითხს ასე შევხედოთ: გასაგებია, თუ რატომ არიან ამ წერილის ადრესატები მეუფე დიმიტრი და მეუფე პეტრე. ერთი მისი მეუფეა, მეორეს კი იმთავითვე არ სჯეროდა, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მოკვლას და შემდგომ კარიერულ წინსვლას აპირებდა ამის ნიადაგზე და პირველივე დღიდან მხარს უჭერდა საქმეში სიმართლის გამჟღავნებას, რაც საერთოდ სხვა რამეა ცალკეული პირების მიერ ინტერპრეტირებული მეუფის პოზიციიდან, თითქოს ის დეკანოზის მხარდამჭერია. იგივე პიზიცია ჰქონდა და აქვს მეუფე გრიგოლს და სხვა რამდენიმე მეუფესაც.
მაგრამ რატომ გახდა წერილის ადრესატი მეუფეები ანდრია გვაზავა და დავით ალავერდელი?
თუ მეუფე ანდრიასთან დაკავშირებით შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ მისი ადრესატობა განაპირობა მეუფის მიერ საპატრიარქოში ქონების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ, მიმართვა მეუფე ანდრიასადმი აბსოლუტურად ლოგიკურია იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც გვაქვს. ანუ დაბეჯითებით ვიცით, რომ დეკანოზი მამალაძე შეშფოთებული იყო საეკლესიო ქონების განკარგვის წესით და განიავების ფაქტებით. იგი ამ საკითხის სინოდის სხდომაზე განხილვასაც კი მოითხოვდა. არის ვერსია, რომ მის წინააღმდეგ საქმის შეკერვის, მისი მოძულებისა და დაკავების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გარემოება გახდა. თუმცა აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ ამ საკითხში მეუფე ანდრია თავად არანაირად არ იკვეთება დაინტერესებულ პირად. შესაბამისად, დეკანოზ მამალაძეს მისთვის მიმართვა თანამდებობრივი პოზიციის გამო დასჭირდა, რადგან მეუფისთვისაც უნდა იყოს ცნობილი „იმ“ ფაქტების შესახებ.
მაგრამ რა ხდება ალავერდელის შემთხვევაში? მიტროპოლიტი დავით აბბა ალავერდელი წლების განმავლობაში საპატრიარქოში ხელმძღვანელობდა ხუროთმოძღვრების, ხელოვნების და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრს, იყო საეკლესიო გალობის ცენტრის თავმჯდომარე. ეს ინფორმაცია საპატრიარქოს საიტზეა განთავსებული. თუმცა ამჟამად იგი არქიტექტურის საკითხებს უძღვება. შესაბამისად, ხომ არ არის იმ წერილში საუბარი ან განიავებულ, დაკარგულ საგანძურზე, ან არასწორად განკარგულ მიწებზე? ამიტომ წერილის ადრესატების შერჩევაც კი საკმაოდ საყურადღებო, მრავლისმეტყველი და დამაფიქრებელი გარემოებაა.
მაგრამ დავაკვირდეთ, რა ხდება რეალურად: საპატრიარქო კარგად ზომავს მოსახლეობაში განწყობებს და აქცენტებს ამ მიმართულებით კი არ სვამს, არამედ საერთოდ სხვა რაკურსით, რადგან ეს საზოგადოება მიჩვეულია კორუფციას. თუმცა საზოგადოება იმას ვერ ხვდება, რომ ის, რაც საპატრიარქომ გაანიავა, მისი საკუთრება კი არ არის, არამედ _ ეკლესიის.
ამ ფონზე საპატრიარქო მოითხოვს (იხილეთ მამა ანდრია ჯღამაიძის არაერთი კომენტარი) დეკანოზის წერილის გამოქვეყნებას. ეს ხდება იმ ვითარებაში, როდესაც წერილები ვინმე საერო პირს კი არ აქვს, არამედ მისი ადრესატები მიტროპოლიტები არიან, რომლებიც, მინდა ვიფიქრო, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით თავს იკავებენ წერილის გასაჯაროებისგან. ამის მიუხედავად, გაგახსენებთ იმ ფაქტს, რომ სწორედ საპატრიარქოსთან დაახლოებულმა პირებმა (პირადად ჩემთან საუბრისას ნანა კაკაბაძემ), ჯერ კიდევ, გასულ წელს განაცხადეს, რომ მზადდებოდა პატრიარქის დისკრედიტირება, ამაზე გაკეთდა ოფიციალური განცხადებებიც.
ახლა ეს წერილი ზემოთ მოყვანილი მოტივების კონტექსტში ჩავსვათ, განსაკუთრებით, ის ნაწილი, რომ მასში საუბარია მორალურ და ზნეობრივ ფაქტორებზე. დეკანოზის წერილის გამოქვეყნების მოთხოვნით, საპატრიარქოს შავბნელი ძალები(!) შორენას ხელმძღვანელობით, ქვეყანაში არეულობას, ხალხის ქუჩაში გამოყვანას პროვოცირებენ. აქ კითხვაც მარტივია, _ ვის წინააღმდეგ? ვინ უნდა გაკიცხოს და დაგმოს ქუჩაში გამოსულმა ხალხმა იმის გარდა, რომ თქვან, _ წერილში მოყვანილი ფაქტები ტყუილია! და ამით შეეცადონ იქ მოთხრობილი სხვა, თუნდაც, კორუფციული ფაქტების გადაფარვა. რა თქმა უნდა, ქუჩაში გამოსული ხალხი ბოლოს ხელისუფლებას დაუპირისპირდებიან კონკრეტული მოთხოვნებით და ეს პროცესი პოლიტიკაში გადაიზრდება. მათი გეგმის მიხედვით, აქციების სპიკერები აღელვებულ და ქუჩაში გამოსულ ხალხს, მოსახლეობას, მრევლს ეტყვიან, რომ ეს წერილები ხელისუფლების პროვოცირებულია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად შეეცადა ეკლესიის, როგორც ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტის, დისკრედიტებას. ასევე „გაიხსენებენ“ ბიძინა ივანიშვილის „ცუდ“ დამოკიდებულებას პატრიარქთან და როგორც ინფორმირებული წყაროები ამბობენ, „მტკიცებულებად“ აუდიოფაილები აქვთ დამონტაჟებული. ფეიკებს და მონტაჟს როგორ იჯერებს მოსახლეობა, ეს თუნდაც ბედუკაძის „სერიალიდან“ ვიცით.
მომზადებულია მესიჯები: „ნაცებისა“ და „ოცნების“ ხელისუფლებები რყვნიან საზოგადოებას: ხელისუფლება იცავს ლგბტ პირებს და ახალისებს გარყვნილებას; მამალაძეს პატრიარქის მოკვლა სურდა და ხელისუფლებამ ეს ფაქტი დამალა; მამალაძეს მართავს „ნაციონალური მოძრაობა“ და თვით სააკაშვილი (ეს მესიჯი უკვე მოვისმინეთ და ამჟამადაც მიმდინარეობს მოსახლეობის ზომბირება ამ „რწმენაში განსამტკიცებლად“) და ა. შ. ვინმე იტყვის, რომ ეს არ იმუშავებს? პარალელურად გამზადებულია ეკლესიიდან მოსაკვეთი მიტროპოლიტებისა და დაბალი იერარქების სიები, რომელთა რაოდენობა სხვადასხვა მონაცემით ას სასულიერო პირს აღემატება. ცხადია, რომ ეს პირები გულხელდაკრეფილები არ გაჩერდებიან და განხეთქილებაც შედგება.
პარალელურად, ტრიბუნაზე ხელსაყრელ მომენტში ავა ერის სიწმინდის გადამრჩენი ლევან ვასაძე და ქვეყანას ეკლესიის მიერ კურთხეული ახალი მესიაც გაუჩნდება. მოვლენებში ჩაერთვებიან პრორუსული პოლიტიკური ძალები და ურაპატრიოტები.
არსებული ინფორმაციით, პროცესების გასახანგრძლივებლად საპატრიარქოში საკმარისი ფულის მარაგია, მით უფრო ახლა, როდესაც ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინის დამატებითი „ძღვენი _ საჩუქარი“ სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოიტანა ოლიგარქმა ვადიმ ვლადისლავოვიჩ ნოვინსკიმ და როგორც თავად საპატრიარქოში არსებული წყაროები ამბობენ, პირადად გადასცა მეუფე გერასიმეს (იქნებ, სხვას, მაგრამ ამის შესახებ, თუ ვის გადასცეს „ძღვენი _ საჩუქარი“ კონკრეტული მტკიცებულება არ მაქვს და იძულებული ვარ, საპატრიარქოს წყაროს დავეყრდნო).

***
ნება მიბოძეთ, შორენასა და რუსეთის მზაკვრული გეგმის შესახებ უფრო დეტალურად არ ვისაუბრო, საფრთხის დამნახავი ისედაც უნდა მიხვდეს, რაზე ვსაუბრობ. მაგრამ აუცილებლად მიმაჩნია ვთქვა შემდეგი: ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ამ მღვრიე წყალში თევზს დაიჭერს, რადგან პროვოკატორებმა ზუსტად იციან, რა სურთ და რა მიზანი აქვთ. იმათ კი, ვინც ფიქრობს, რომ ამ კაკაფონიაში საკუთარ მიზნებს განახორციელებს, არანაირი გეგმა არ გააჩნიათ _ შანსით სარგებლობის სურვილის გარდა.
აქ ყველაზე ნაკლებად ვსაუბრობ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ან „ევროპულ საქართველოზე“. სურვილი მათაც ექნებათ, მაგრამ არც ერთს ამ ძალიდან, ისევე როგორც ხელისუფლებას, შესაბამისი ენერგია არ აქვს, რომ გაუმკლავდეს ან მართოს პროცესები.
მეტიც _ ქუჩაში გამოსული ხალხის სამიზნე, ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციის ეს ფრთაც იქნება. ამ პროცესის მართვა რეალურად ძალიან გაუჭირდება ხელისუფლებას, აქ გამორჩენით ვერაფერს გამორჩება დასავლური ოპოზიცია იმის გარდა, რომ მას დააზიანებენ. ამიტომ ასე საჯაროდ ვსვამ კითხვას, _ ვის ინტერესებში შედის წერილის გამოქვეყნება გლობალური ხედვით?
ამიტომ არის კონკრეტული _ სახელმწიფოებრივი საკითხები, სადაც „ოცნება“ იმას კი არ უნდა ამტკიცებდეს, როგორი ცუდები არიან „ნაცები“ და „ევსაქები“, რომლებმაც მილიარდები ჩაასხეს საპატრიარქოში ან ესენი იმაზე კი არ უნდა აპელირებდნენ მუდამ, როგორი უნიათოა ხელისუფლება, არამედ კონკრეტულ კონსენსუსს მიაღწიონ საპატრიარქოსთან ურთიერთობის საკითხებში, რადგან საქმე სახელმწიფოებრივი ასპექტისაა და თუ დამიჯერებთ, 2008 წლის აგვისტოს ტოლფასი.
აქ მნიშვნელოვანია მედიის ფაქტორი, რომელმაც არ უნდა დაუშვას დეკანოზის დისკრედიტება, მით უფრო წერილის გასაჯაროვება, რომელიც შესაძლოა მას მიაწოდონ, რაც ახლა საპატრიარქოს ინტერესებშია მხოლოდ. დისკრედიტებული დეკანოზის წერილი იქნება „დაუჯრებელი“, მაპროვოცირებელი ფაქტორი. და იმ მღელვარებას, რაზედაც ზემოთ ვისაუბრე, ხურდაში, შესაძლოა, ქართული მედიაც მოყვეს, რომელიც ღიად და გულწრფელად საუბრობს საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე.

გოჩა მირცხულავა