შოთა მალაშხია: „ქართული ოცნება“ იმდენს იზამს, რომ ყველას დაასანქცირებენ“

შორენა მარსაგიშვილი

საქართველოს ხელისუფლებამ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს დაჭერები დაუანონსა. დაჭერების პირველი ტალღა გასულ კვირას აგორდა. იყო ტერორიც და იყო შავი სიების შექმნით დაშინებცა. საზოგადოების განწყობაზე ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია. როგორც პარლამენტის ყოფილი წევრი, შოთა მალაშხია „ქრონიკა+“-თან აცხადებს, ამ ხალხს არაფრის ეშინია.

რატომ არის „ქართული ოცნების“ დამარცხება გარდაუვალი? სად შეცდა დასავლეთი? რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს მოსახლეობას ხელისუფლების მუქარებზე? რატომ ესაუბრება ასეთი რიტორიკით ივანიშვილის ხელისუფლება დასავლეთს და რატომ არ შეიფარებს მათ რუსეთი? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს შოთა მალაშხია ესაუბრება:

_ ბატონო შოთა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა შავი სიების შექმნა დააანონსა. ამას წინ უსწრებდა სუსის განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ ოპოზიცია არეულობას გეგმავს. ოპოზიცია რომ არეულობას გეგმავს, ეს „ქართული ოცნებისგან“ 2013 წლიდან გვესმის.

_ რეალურად არაფერი იცვლება 2012 წლიდან. 2012 წლამდე რუსეთს საქართველოს 20% ჰქონდა ოკუპირებული. 2012 წელს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, დარჩენილი 80%-ის ოკუპირება დაიწყო რუსეთმა. ესენი არიან რეალურად რუსები. დღეს საქართველოში იგივე პროცესები მიდის, რაც გასაბჭოების დროს ხდებოდა. გასაბჭოების პერიოდში ქართველი ბოლშევიკები იყვნენ ბოროტები და ავადმყოფური იდეები ჰქონდათ. სხვანაირად რომ ვთქვათ, იდეურად ავადმყოფები იყვნენ, ასეთები იყვნენ მაგალითად: სერგო ორჯონიკიძე. ფილიპე მახარაძე და სხვები. „ქართული ოცნების“ წევრები იდეურად ავადმყოფები არ არიან. ესენი არიან ჩვეულებრივი მანქურთები. მანქურთი ბევრად უფრო საზიზღარია, ვიდრე ავადმყოფური იდეით შეპყრობილი ადამიანი. ესენი ქართველ ბოლშევიკებზე უარესები არიან.

მანქურთებს, მოგეხსენებათ, სამშობლო არ გააჩნიათ. არ იციან, ვინაა მათი მშობელი დედა, სად დაიბადნენ, რა ჰქვიათ. ფაქტობრივად, არაფერი იციან. მანქურთს არაფრის შეგრძნება არ აქვს და ის ასრულებს ნებისმიერ ბრძანებას, რასაც მიიღებს. ამ მანქურთებს აქვთ ერთადერთი შეგრძნება, ეს არის ფული-ქონება. მეტი შეგრძნება მათ არ გააჩნიათ. რისი ენა, რისი მამული და რისი სარწმუნოება? მათი მხრიდან ამ თემაზე ლაპარაკი პირდაპირ სასაცილოა. როცა მათ ქონებასა და კეთილდღეობას ექმნება საფრთხე, ისინი ყველაფრისთვის მზად არიან და ყველაფერზე წავლენ. ყველა უკანონობას ჩაიდენენ თავისი ფულის გადასარჩენად.

ამათგან მე არაფერი მიკვირს. არც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები და ქმედებები მაკვირვებს, არც სუსისა და პოლიციის საქციელია გასაკვირი. ყველა სტრუქტურა იმას ემსახურება, რომ ამათ რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ და შემდეგ ეს ნაშოვნი ქონება ნებისმიერი გზით შეინარჩუნონ. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ სუსში, პროკურატურაში, სასამართლოსა და პოლიციაში ყველა ამათნაირია. ეს თავადაც კარგად იციან და ამის ძალიან ეშინიათ. რაკი ეშინიათ, ამიტომ დაიწყეს მარწუხების მოჭერა. ფიქრობენ, რომ თუ მარწუხებს არ მოუჭერენ, ყველა სადავე ხელიდან გაუსხლტებათ.

_ შავი სიები იმიტომ დააანონსეს, რომ ის ხალხი არ გაექცეთ, ვისაც ბოლომდე არ ენდობიან?

_ არა მარტო ამიტომ. შიშის დათესვა უნდათ. წარმოიდგინეთ, სად ვართ, სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებს ურეკავს, ემუქრება და აგინებს.  ეს მარაზმის უმაღლესი ფორმაა. სამაგიეროდ, რეაქცია რა იყო? ვინმე გაბრაზდა ამ ზარების გამო? მე არ მინახავს ასეთი ადამიანი.

_ გაბრაზებით მხოლოდ ისინი გაბრაზდნენ, ვისაც არ დაურეკეს. საჯაროდ წერდნენ სოციალურ ქსელებში, ჩემთან რატომ არ დარეკესო.

_ ამიტომ ვამბობ, რომ მარაზმის მწვერვალია ის, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს. მას ეს პროცესი წაგებული აქვს. მარტივ მეთოდიკას იყენებენ, რომელიც აღარ ჭრის და მარცხდება. გავიხსენოთ, როგორ იქცეოდა „ქართული ოცნება“, კანდიდატის სტატუსის მოცემის საკითხი რომ წყდებოდა. „ქართული ოცნება“ ლანძღავდა ევროპარლამენტარებს. ეგონათ, რომ ევროპა ამ ლანძღვაზე გაბრაზდებოდა და სტატუსს არ მოგვცემდა. ევროპელები კი გაბრაზდნენ ამ უსაფუძვლო ლანძღვაზე, მაგრამ პოლიტიკური პროცესი განსაზღვრეს. თქვეს, მთავრობა რეალურად იმიტომ გვლანძღავს, რომ საქართველოს არ მივცეთ კანდიდატის სტატუსი. მაგრამ ქართველ ხალხსა და საქართველოს სჭირდება სტატუსი. გამიჯნეს „ქართული ოცნება“ ხალხისგან და საქართველოს მისცეს კანდიდატის სტატუსი. ეს სტატუსი მისცეს საქართველოს ტერიტორიასა და მოსახლეობას.

ამ უსაფუძვლო ლანძღვის გამო ბევრი წუხდა, რომ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემდნენ. სულ ვამბობდი, ევროპელები კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ-მეთქი. ახლა საქმე ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობას ჰყავს მყარი მხარდამჭერი ევროპარლამენტში, აშშ-ის სენატში, აშშ-ის კონგრესში, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში, უკრაინაში, მოლდოვაში. აქ რეალურად სულ სხვა სერიოზული თამაში მიდის.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ტერორი, რაც დღეს არი,ს ვერაფერს შეცვლის?

_ ვერაფერს ვეღარ შეცვლის. ამათი საქმე წასულია. „ქართული ოცნება“ იმდენს იზამს, რომ ყველას დაასანქცირებენ.

_ ამ სანქციებს დიდი ხანია ელოდება საზოგადოება, მაგრამ არ ჩანს. აქამდეც ბევრჯერ ითქვა, რომ სანქციები გარდაუვალი იყო.

_ ახლა ნამდვილად იქნება სანქციები. რასაც ლაპარაკობენ, ყველაფერი მათ საწინააღმდეგოდ შეტრიალდება. დაკავების მომენტში დაკავებულებს ეუბნებიან ხოლმე: თქვენ გაქვთ დუმილის უფლება, თქვენი ყოველი სიტყვა შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენსავე წინააღმდეგ. იგივე მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“: _ თქვენი ყველი განცხადება თუ ქმედება გამოყეენებული იქნება თქვენ წინააღმდეგ. ეს ეხება კანონს გამჭვირვალობის შესახებაც, დღეს საქართველოს მართლა სჭირდება კანონი გამჭვირვალობის შესახებ.

_ აბა, რატომ ხართ მისი წინააღმდეგი? „ოცნება“ ხომ ამბობს, რომ ეს კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას ისახავს მიზანდ?

_ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს კანონი გამჭვირვალობასთან არაფერ შუაში არ არის. საზოგადოებას ნამდვილად გვჭირდება გამჭვირვალობის კანონი. გამჭვირვალე უნდა იყოს ამ ხელისუფლების მუშაობა, რომელიც ხალხისა და ქვეყნის ფულს იპარავს. გადით ქუჩაში და ჰკითხეთ, ყველა იტყვის, რომ ხელისუფლება გამჭვირვალედ უნდა მუშაობდეს. ეს მანქურთი საქართველოს მოსახლეობას გვიხსნის, ევროკავშირმა რომ თანხა გამოყო, რომელიც ისედაც გამჭვირვალეა, იმის გამჭვირვალობა აინტერესებს მოსახლეობასო. მე რომ ვიპარავ ბიუჯეტის ფულს, ეს არ აინტერესებს მოსახლეობასო. ამათ ჰგონიათ, რომ ასეთ ტყუილს საქართველოში ვინმე დაიჯერებს. გამორიცხულია ამის დაჯერება.

_ ვიღაცებს მაინც სჯერა ამისი.

_ ეგ ამათი მხარდამჭერები ამბობენ, რომ სჯერათ, სინამდვილეში არც მათ სჯერათ. „ოცნების“ ყველა სიტყვა და ქმედება არის ყალბი. ეს ხელისუფლება რომ შეიცვლება და ის აუცილებლად შეიცვლება, მოგვიწევს გამჭვირვალობის კანონის მიღება. სადაც უახლოესი 10 წლის განმავლობაში პრემიერის, მინისტრების, მინისტრთა მოადგილეების, პარლამენტის წევრების ქონება გადაიხედება. უნდა გავარკვიოთ, გამდიდრდნენ თუ არა ისინი უკანონო შემოსავლებით? ეს იქნება ნამდვილი გამჭვირვალობის კანონი. მე რომ ახლა პარლამენტის წევრი ვიყო, გამჭვირვალობის ამ კანონს დავაინიცირებდი. მოსახლეობა ამ კანონს ნამდვილად დაუჭერდა მხარს. დავიწყებდი ამ კანონის საერთო-სახალხო განხილვას. ხომ უნდათ გამჭვირვალობა? მაშინ დავიწყოთ ხელისუფლებაში მყოფი ხალხის გამჭვირვალობით. გავიგოთ, სად და როგორ ხარჯავენ ისინი ბიუჯეტის ფულს.

რაც არ უნდა ტერორი დათესონ, რაც არ უნდა შავი სიები შეადგინონ, აღარაფერი გამოუვათ. გადაწყვეტილი ამბავია, რომ დასავლეთი პუტინის რუსეთს დაამარცხებს. საქართველოში პუტინის მანქურთის დამარცხება საერთოდ არანაირი პრობლემა არ იქნება. ეს ხელისუფლება დამარცხებისთვის არის განწირული.

_ ერთი შეხედვით, პრობლემა მართლა არ უნდა ოყოს, მაგრამ, ამავე დროს, ფაქტი ისაა, რომ ჯერ ვერაფერი მოუხერხეს „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერსა თუ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს. ოპოზიციამ ბევრჯერ თქვა, რომ მოუგებდა მას, მაგრამ…

_ როდესაც იცი, ვის და რა ძალას ებრძვი, სწორი მოქმედებებია სჭირო. ეს ბრძოლა მშვიდად არის ბოლომდე მისაყვანი. იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ქუჩში დგანან, უნდა განემარტოს, რომ ისინი არ წყვეტენ მხოლოდ ამ რუსული კანონისა და მანქურთების საკითხს. ეს ახალგაზრდები წყვეტენ საქართველოს მომავალს, დიდ მომავალს. საქართველო რეგიონში ყველაზე წამყვანი ქვეყანა იქნება. დიდი სქემის ნაწილი ხდება ეს საპროტესტო მოძრაობა.

ხშირად ამბობენ ხოლმე ასეთ რაღაცას, რომ ჩვენ 30 წელია, ერთსა და იმავე წრეზე ვმოძრაობთ. ჩვენ წრეზე არ ვმოძრაობთ, ჩვენ ვმოძრაობთ ხრახნილზე. ხრახნის ყოველი შემოვლის დროს ერთი ბიჯით ავდივართ მაღლა. ახლა, ამ ხრახნილზე მოძრაობის დროს, ეს ბიჯი იმხელაზე გაიზარდა, რომ უკვე ნათლად ჩანს, თუ რა კარგი თაობა გაიზარდა.

_ მართლა ძალიან კარგი თაობაა. ყველა აღფრთოვანებულია ამ ახალგაზრდებით.

_ ძალიან კარგი თაობაა. ჩვენ ხრახნილზე ვმოძრაობთ და ბიჯი სულ იწევს და იწევს. კიდევ უფრო აიწევს. ეს არის თავისუფლებისა და ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა. ეს ახალგაზრდები ამისთვის იბრძვიან. არის ძალიან მარტივი ფორმულა  _ ჩვენ ჩვენი ზნეობით და კულტურით მივდივართ დასავლეთისკენ. შემთხვევითი ამბავი არ არის, რომ ასეთ რეგიონში გადარჩა ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა. ამ მოწოდებებით და განწყობებით ჩვენ ნამდვილად ვიქნებით ევროპის თავში.

_ მანამდე ჯერ ევროპის ნაწილი უნდა გავხდეთ.

_ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის მაწილი. მანქურთებს უნდათ, რომ საქართველო იყოს რუსეთის მონა, მაგრამ ეს არ გამოვა. ვერავის დააჯერებ, რომ რუსეთი დასავლეთზე უკეთესია. მანქურთებშიც კი ცოტაა ის ხალხი, ვისაც ურჩევნია რუსეთის უკანა ეზოში იყოს, ვიდრე ევროპის თავში. ტყუილია, რუსეთს ამათი მხარდამჭერებიც კი არ აირჩევენ.

_ თქვენ კი ხართ ოპტიმისტურად განწყობილი, მაგრამ წინ საკმაოდ რთული დაბრკოლებებია, მათ შორის, რუსული კანონი. ხელისუფლება ამბობს, რომ ამ კანონს ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს. ფაქტია, რომ ყველაფერზე წამსვლელია ამ კანონის მისაღებად.

_ ბრძოლა რთული იქნება. მარტო ამ კანონის ჩაგდება არ არის მნიშვნელოვანი და საკმარისი. ყველაფერი უნდა შეიცვალოს. როდესაც ამ განწყობას აბსოლუტური უმრავლესობა გაიაზრებს, ყველა სტრუქტურა გასკდება: სასამართლოც გასკდება, პროკურატურაც, პოლიციაც გასკდება, ყველაფერი გაუსკდებათ. ასე მოჭერ-მოჭერებით ვერაფერს გახდებიან. რაც დრო გავა, უფრო მეტ წინააღმდეგობას მიიღებს დღევანდელი ხელისუფლება. ბელარუსი რომ ბელარუსია, ასეთ რაღაცებს ლუკაშენკოს რეჟიმიც კი არ აკეთებს. ესენი სასწაულებს კადრულობენ, მაგრამ აღარ გაჭრის. საქართველოში ჩრდილოეთ კორეას ვერ გააკეთებენ, ეს გამორიცხულია. აქ ჩრდილოეთ კორეა არ იქნება. ამიტომ ეს პროცესი მივიდა თავის დასასრულამდე. ამათთვის ყველაზე ცუდი ის არის, რომ გასაქცევიც არსაით აქვთ. თავს ვერცერთ ქვეყანას ვერ შეაფარებენ. ევროპა ამათ აუცილებლად დაასანქცირებს. ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც არ ასცდებათ სანქციები.

_ რატომ არსად აქვთ გასაქცევი, რუსეთიც არ მიიღებს, თუ გასაქცევად გაუხდებათ საქმე?

_ გასაქცევად ნამდვილად ექნებათ საქმე, უბრალოდ, გასაქცევი არსად ექნებათ. რუსეთი ამათ კი მიიღებდა, მაგრამ თავად რუსეთში იქნება პრობლემები. იქ ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და ის შეცვლილი ხელისუფლება ამათ თავად ჩაგვაბარებს, იქ თუ გაიქცევიან. ასე რომ, გასაქცევი არსად აქვთ. ამათი დასანქცირება ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს. ამათ ჩვენ გაგვქურდეს. ხშირად გვესმის, რომ ბიძინა ივანიშვილი უკრაინის გამო შეიძლება დაასანქცირონო. უკრაინის კი არა, საქართველოში ჩადენილი დანაშაულების გამო უნდა დაასანქცირონ. და ეს აუცილებლად მოხდება. ივანიშვილს უნდა გავუხსენოთ ყველა დაპირება. ის ცნობადი სახეები, მსახიობები და რეჟისორები გამოვიყვანოთ, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით დადიოდნენ და ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ბიძინა სოფლის მეურნეობაში ერთ მილიარდს ჩადებს და ყველა სოფელს ექნება 5 მილიონი ლარიო. უნდა განმარტონ, რატომ არ შესრულდა ეს დაპირება.

ბიძინა ივანიშვილს აქვს 7 მილიარდი. ხომ თქვა, რომ მილიარდს ჩავდებ ყოველწლიურადო, ჩადოს ყოველ წელს თითო მილიარდი. 7 წელი ეყოფა ეს საქართველოს სოფლის მეურნეობას. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ვიღაცის დაჭერა მინდა. არა და არა. საქმე ის არის, რომ ეკონომიკურად ქვეყანა უკან წაწიეს, ისევე როგორც პოლიტიკურად. ამის კომპენსაცია გადაიხადოს ივანიშვილმა. იგივე უნდა გააკეთოს ამ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. ამას ბევრი დრო არ დასჭირდება. ყველაფერი ისეთი სწრაფი ტემპებით მიდის.

სასწაულ რაღაცებს აკეთებენ დასავლეთთან მიმართებით. დასავლეთშიც გაოგნებულები არიან ამათი ქმედებებით. როდესაც ამერიკელი სენატორები ასეთ მკაცრ განცხადებას აკეთებენ, რატომ არ ფიქრობენ, რა შედეგი მოჰყვება ამას? რატომ არ ფიქრობენ, რომ ევროპარლამენტარები ამდენ რამეს აღარ გაუტარებენ? ასეთი რიტორიკით და ტონით  ამერიკასთან და ევროპასთან საუბარს თავად პუტინიც კი ვერ ბედავს.

_ ესენი ამ მხრივაც ძალიან გაბედულები გამოდგნენ. თქვენი აზრით, რატომ ბედავენ ამდენს?

_ არ ვიცი, რატომ ბედავენ, ფაქტია, რომ ბედავენ. პუტინი ამდენს მართლა ვერ ბედავს. არადა, პუტინს ატომური იარაღი აქვს. ამათ რა აქვთ? _ არაფერი. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, ამ მანქურთებს გაცილებით უფრო მაღალი რიტორიკა ჰქონდეთ დასავლეთის მიმართ, ვიდრე პუტინს აქვს. ეს გამბედაობის გამოვლინება არ არის, ეს რიტორიკა მათი უსუსურობის მაჩვენებელია.

_ უსუსურები არიან?

_ უსუსურები არიან, მათი რიტორიკა მხოლოდ ამაზე მეტყველებს და მეტზე არაფერზე. შეუძლებელია, რომ უფრო მეტს ბედავდნენ, ვიდრე ამას ბედავს პუტინი. ამას მე მათი უსუსურობით ვხსნი.

_ უსუსურები თუ არიან, მაშინ მათი დამარცხება არ უნდა იყოს ძნელი.

_ ადვილი არ არის, მაგრამ არც ძნელია ამ მანქურთების  დამარცხება და დამარცხდებიან კიდევაც.

_ აქამდე მათი დამარცხება ვერ მოხერხდა.

_ მართლა დიდხანს გაძლეს. ეს იმის ბრალიც არის, რომ დასავლეთმა თავის დროზე სათანადო ყურადღება არ მიაქცია საქართველოს რუსულ ხელისუფლებას, რომელიც წლებთან ერთად სრულად მანქურთი გახდა. თემა, რომ ესენი არიან რუსული ხელისუფლება, უკვე მოძველდა. ეს აქტუალური იყო 2012 წელს და, გნებავთ, 2019 წელსაც, მაგრამ ახლა ეს აღარ არის რუსული ხელისუფლება. ეს არის მანქურთების ხელისუფლება.

_ რუსულ კანონთან დაკავშირებით რა მოლოდინები გაქვთ? სავარაუდოდ, მიიღებენ მას?

_ მიღებით მიიღებენ, უმრავლესობა ჰყავთ პარლამენტში და მიიღებენ. ასე შეუძლიათ, არც არჩევნები ჩაატარონ საქართველოში.

_ როგორც აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც თქვეს, რომ არჩევნები უნდა გაუქმდეს, რადგან მისი ჩატარება ძვირი ჯდებაო.

_ შეუძლიათ. იტყვიან და საკონსტიტუციო ცვლილებას შეიტანენ. ყველაფრის გაკეთება შუძლიათ, მაგრამ სხვა ვითარებაა ახლა. მთელი მსოფლიო აყენებს პუტინის ლეგიტიმაციის საკითხს არადა, იმას მართლა ირჩევს რუსეთის მოსახლეობა.

_ სამწუხაროა, მაგრამ მართლა ირჩევენ რუსები პუტინს.

_ იგივენაირად ირჩევენ ბელარუსები „კოლხოზის“ თავმჯდომარე ლუკაშენკოს, „კოლხოზი“ სპეციალურად ვთქვი. ბატკასაც ირჩევენ და პუტინსაც. აქ რეალურად ამ ხელისუფლებას ამომრჩეველი არ ჰყავს. ან როგორ უნდა ჰყავდეს, ისინი რეალურად თავიანთ შვილებს უპირისპირდებიან. შვილებს რცხვენიათ თავიანთი სამარცხვინო მშობლების.

_ რცხვენიათ ვითომ?

_ რცხვენიათ და ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ. რამდენმა დაწერა საჯაროდ, რომ „რუსული კანონის“ წინააღმდეგი არიან და ევროპაში ხედავენ ამ ქვეყნის მომავალს. ასეთ ვითარებაში როგორ გინდა, რომ ბოლომდე გაიტანო ეს რუსული კანონი. მე არ ვიცი. წესით, ვერ უნდა გაიტანონ.

_ რეპრესიებითაც ვერ გაიტანენ?

_ რეპრესიულ მანქანას ვერ აამოქმედებენ ბოლომდე. ხალხის დაჭერას და ციმბირში გადასახლებას ნამდვილად ვერ დაიწყებენ. 37 წელი ხომ არ არის? ამას რეალურად ვერ გააკეთებენ. კაი, შეადგინეს ეს შავი სიები, მერე რას იზამენ? ვერაფერსაც ვერ იზამენ.

_ დააბულინგებენ ამ ადამიანებს.

_ არ გაჭრის. პირიქით, ერთობიან. არც დაშინება არ გაჭრის. საქართველოში ხომ პირიქითაა ყველაფერი. დაშინებით ხომ უარეს გაბრაზებას იწვევენ. შიშის შეგრძნება ამ ხალხს არ გააჩნია. შიშის შეგრძნება რომ ჰქონოდა საქართველოს, დღემდე ეს ქვეყანა ვერ მოვიდოდა.

_ ჩვენი მინუსი ხომ ეგაა, რომ საფრთხეს სერიოზულად არასდროს ვიღებთ და შესაძლოა, ეს მინუსია ჩვენი ყველაზე დიდი პლუსი.

_ შიშის გრძნობა არ აქვს ამ ქვეყანას. აქამდე არ ეგონათ, რომ ესენი რუსები იყვნენ. ამ ხელისუფლების წარმომადგენლბი ქართულად საუბრობენ, სუფრაზე საქართველოს სადღეგრძელოც დაულევიათ და წესით, ეს ხალხი არ შეიძლება, რომ რუსები ყოფილიყვნენ. მაფრამ ახლა მოსახლეობის 80% ფიქრობს, რომ ესენი რუსები არიან. ახლა ვეღარავის დაუმტკიცებ, რომ ესენი რუსები არ არიან. რამდენ ხანს გაუძლებენ ასე ყოფნას? დიდხანს ვეღარ გაძლებენ.