შალვა ნათელაშვილი: „ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ზღაპარი დამთავრებულია“
მიხეილ ხაჩიძე
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, წლებია, „ოცნების“ რეჟიმის დასანქცირებას ითხოვს. ის ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომელიც რეჟიმთან ბრძოლის ამ მექანიზმზე ამერიკასა და დასავლელ პარტნიორებთან წლებია, აპელირებს. როგორც თავად ამბობს, ქართული ოპოზიციური სპექტრი მის ამ მოთხოვნას არ უერთდება. შესაბამისად, სწორედ შალვა ნათელაშვილს ხვდა წილად კონგრესში შტატების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე დასწრება. იგი ასევე ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომელიც შტატების კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე იმყოფებოდა. ამავდროულად, შალვა ნათელაშვილს ვაშინგტონში ოფიციალური პარტიული ვიზიტი ჰქონდა, გამართა შეხვედრები.
შტატების ისტორიული გადწყვეტილება, სანქციების ამოქმედება, მომდევნო პროცესები, მისი შედეგები და ქვეყნის პოლიტიკური ატმოსფერო და სამომავლო გეგმები ვაშინგტონიდან დაბრუნებულ ნათელაშვილთან ერთად შევაჯამეთ.
როგორც პირველი ლეიბორისტი ამბობს, შტატების გადაწყვეტილება არის ისტორიული შემობრუნება, რომელიც მოიტანა ორმა რამემ: 1. ჩვენმა საზოგადოებამ და განსაკუთრებით ახალგაზრდობამ; 2. ლეიბორისტული პარტის წლების მანძილზე მუშაობამ და მოთხოვნამ ივანიშვილის რეჟიმის დასანქცირების შესახებ.
ამავდროულად, ნათელაშვილი აცხადებს, რომ ეს სავიზო სანქციები არის დასაწყისი და ქონებრივ სანქციებზეც გადავლენ. „ოცნების“ ჩინოვნიკები, რომლებსაც ამერიკაში აქვთ ნაყიდი უამრავი ქონება, უძრავი-მოძრავი, კომპანია, აქციები, ოფშორები და ა. შ. _ ყველაფერს დაკარგავენ. და რაც მთავარია, დასანქცირებული ქონება არ ექვემდებარება დაბრუნებას.
_ ბატონო შალვა, სულ ცოტა ხნის წინათ პარტიული ვიზიტით იმყოფებოდით შტატებში. პირველ რიგში, შევაფასოთ, შევაჯამოთ, რა შეხვედრები გქონდათ იქ?
_ ეს იყო ჩვენი 12-წლიანი ბრძოლის დაგვირგვინება ამერიკის შეერთებულ შტატებში ივანიშვილისა და მისი რეჟიმის დასანქცირებისთვის. აღნიშნული თარიღი, 4 ივნისი, საქართველოსთვის გამოდგა მართლაც ისტორიული, რადგანაც კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომამ, ფაქტობრივად, საქართველოს ბედი გადაწყვიტა განვითარებისაკენ, პროგრესისაკენ და ამერიკა გადაეფარა საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და სუვერენიტეტს. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა, რომ არა ლეიბორისტული პარტიის, ვიმეორებ, ათწლეულის მანძილზე მუშაობა ვაშინგტონში, სადაც ყველა დონეზე დავამტკიცეთ, რომ სანქცირების გარეშე პუტინის სადესანტო რაზმის უფროსი ივანიშვილი არ დაგვანებებდა თავს და რუსეთიც, მუდმივად, როგორც მეოთხე სტადიის სიმსივნე, ისე მოედებოდა ქართულ სახელმწიფოებრივ სხეულს. ამაში დარწმუნდნენ, თუმცა ცოტა გვიან მიხვდნენ, როცა საქმე მაინც გაფუჭდა, ვაღიაროთ. და ეს იყო შეფასება და აღიარება ქართველი ხალხის ბრძოლისა. ქართულმა საზოგადოებამ, აი, ამ დიდი სანახაობების შემდეგ, ღირსეულდ აჩვენა მსოფლიო დონის ეროვნული ენერგია. ეს მოხდა წელს გაზაფხულზე. ამ ყველაფერმა დაარწმუნა აშშ, რომ უნდა დაეყრდნოს ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას და არა მმართველ ელიტას. მანამდე ვაშინგტონი, სამწუხაროდ, ეყრდნობოდა მმართველ ელიტებს საქართველოში, ჯერ შევარდნაძის, მერე სააკაშვილის, მერე ივანიშვილის და ელიტებზე დაყრდნობამ მძიმე შედეგამდე მიგვიყვანა. ახლა უკვე დაინახა ამერიკისა და დასავლეთის პოლიტელიტამ, რომ ქართული საზოგადოება მათი დონეა, მათი პარტნიორია და მას არ სჭირდება ყოჩი და მმარველი ელიტა. ჩვენმა საზოგადოებამ ისტორიული შემობრუნება გააკეთა. ახალგაზრდობამ _ განსაკუთრებით! ვიმეორებ იმ ორ ფაქტორს: ლეიბორისტული პარტიის ბრძოლა დასანქცირებისთვის და დარწმუნება ჩვენი დასავლეთელი კოლეგებისა, რომ ამის გარეშე არაფერი გამოვიდოდა და რა თქმა უნდა, ხალხის აქტიურობა _ ამ ორმა ფაქტორმა მოიტანა 4 ივნისი და მე კიდევ წილად მხვდა ბედნიერება, ვყოფილიყავი მონაწილე ამ მართლაც სასწაული საათების, წუთების, წამების. თქვენ ნახეთ, ალბათ, დარბაზში ვიყავი. ადამიანი შეიძლება დაიბადოს ათასჯერ თუ ორი ათასჯერ, თუ სულთა გადასახლების ბუდისტურ-ინდუისტურ თეორიას დავუჯერებთ და ეს მისია ვერ შეასრულოს თავისი ერის წინაშე, რა პატივიც მე მერგო. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი მისია შესრულებულია _ ამაზე მეტი რა შეიძლება გავუკეთო ჩემს ხალხს, მე არ ვიცი.
_ ამაზე კიდევ მინდა, დამატებით ჩაგეკითხოთ: თქვენ იყავით ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც კონგრესში პროცესს პირადად, ადგილზე დაესწრო და რომელსაც ეს პატივი წილად ხვდა.
_ კი, კი, ეს ასეა ნამდვილად და ერთადერთი პარტია ჩვენ ვიყავით, რომელიც ითხოვდა ივანიშვილის დასანქცირებას დასაბამიდან. აღნიშნულ მიმართვაზე ვერც ერთ პარტიას ვერ მოვაწერინეთ ხელი წლების განმავლობაში, ამასაც გეტყვით.
_ ბატონო შალვა, ანუ თქვენ სულ ითხოვდით და გქონდათ მცდელობა სხვა ოპოზიციური პარტიებისგან ხელმოწერების მიღებაზე, თუმცა მათ მზაობა არ გამოთქვეს? ეს რომ დავაკონკრეტოთ…
_ ვცადეთ კი არა, ეგერ ფანჩატური იყო აქ, ყოველ კვირას ვემუდარებოდი მათ, რომ ხალხო, ვაშინგტონში მეკითხებიან, თქვენ კი გინდათ დასანქცირება, მაგრამ სხვა ოპოზიციური პარტიები რა აზრის არიანო? როდესაც აქედან არ მიდიოდა მასობრივი მიმართვები და თხოვნები, იქ კითხვის ნიშნებს იწვევდა. ყველა დუმდა, რა თქმა უნდა, არ მეკამათებოდა, არ აწერდა ხელს და აი, აქამდე ამიტომ მივიდა საქმე. ერთეულად ადრევე ხელი რომ მოეწერათ და პარლამენტშიც არ შესულიყვნენ, ამ რეჟიმისგან მტვერიც აღარ დარჩებოდა დღეს.
_ შეიძლება ითქვას, რომ ლეიბორისტული პარტია მართლაც ერთადერთი იყავით, რომელიც დასანქცირებას ითხოვდა?
_ არა მარტო ვითხოვდით, დავისაჯეთ კიდევაც, _ აგერ, პარტიას, ფაქტობრივად, აუკრძალეს საქმიანობა, წაგვართვეს ყველაფერი, რაც პარტიას უნდა ჰქონდეს: საარჩევნო კომისიაში წევრები, დაფინანსება, უფასო სარეკლამო დრო… და გადასცეს ვის? _ უშიშროების აგენტია ერთი, დავითაია, ხან იქ მიაგზავნიან, ხან აქ და იმას გადასცეს ჩვენი კვოტები. მერე მოვიდნენ, თავხედობის დონე ნახეთ და შემოგვთავაზეს გაერთიანება, საერთო სიის შედგენა ჩვენი მოპარული კვოტებით. 30 წელია, პოლიტიკაში ვარ და ასეთი უმსგავსობა არ მინახავს, რომ მოვიდნენ სახლში, წაგართვან ქონება და მერე გითხრან, აი, წინ სკამზე თუ გინდა დაგსვა, შენი პირადი ინტერესები, პარტიული, მორალური, იდეური ფასეულობები უნდა დათმო და დაგსვამ ერთ-ერთ სკამზე, რომელიც მოგპარე. უხეშ შედარებას ვაკეთებ.
_ ისევ ამერიკაზე გკითხავთ და შემდეგ ქართულ შიდა პოლიტიკურ პროცესებს დავუბრუნდეთ: ეს სანქციები, უკვე რაც გაჟღერდა, რა ბიძგებია, რა სიძლიერის იქნება და როგორ აისახება „ოცნების“ რეჟიმზე?
_ ეს გახლავთ ივანიშვილის ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმის რეალური დასასრულის დასაწყისი. რამდენიმე თვე უწერიათ ამათ პოლიტიკაში არსებობა, თუ არ გაასწრეს უკვე, მერე გასწრებასაც ვეღარ მოასწრებენ. სავიზო სანქციები უკვე დაწესებულია, პარლამენტში, თავპირი ჩამოსტირით ე. წ. მაგათ ლიდერ ბელადებს დამჟავებული გამომეტყველებით. ალბათ მიხვდებით თქვენც, რომ მათი საქმე უკვე წასულია, სავიზო სანქციებს ვგულისხმობ. მაგრამ ეს დასაწყისია, ეს მოენატრებათ იმიტომ, რომ ქონებრივ სანქციებზე გადავლენ. ამერიკაში აქვთ ამათ ნაყიდი უამრავი ქონება: უძრავი, მოძრავი, კომპანია, აქციები, ოფშორები, პანამა, ვირჯინია, მარშალის კუნძულები, სეიშელი, ჰონ-კონგი, სინგაპური _ ყველაფერი მოხვდება დასანქცირების, ჩამორთმევის რეჟიმში და რაც მთავარია, ის არ უბრუნდებათ არასოდეს, ანუ ახლა რომ დასანქცირდებიან, ის ქონება არ ექვემდებარება დაბრუნებას, სამუდამოდ კარგავენ და ამ საფრთხის რეალურ ზღვარზე არიან, არა მარტო ივანიშვილი თავისი უახლოესი გარემოცვით, არამედ საპარლამენტო უმრავლესობა მთლიანად, ყველა მინისტრი, პოლიციის უფროსები, პროკურორები, უშიშროების უფროსები რაიონებში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და მეტსაც გეტყვით, სოფლის გამგებლები და „ოცნების“ კოორდინატორები უბნებსა და სოფლებში.
_ მართლა, ბატონო შალვა? ასე სერიოზულად და ყოვლისმომცველად არის ამერიკული სანქციების პროცესი?
_ დიახ, რა თქმა უნდა. თან 5-წლიანი მონიტორინგია ამ კანონში, კონგრესმა რომ მიიღო. ანუ 5 წელი არ ვიცი, ეგენი სად უნდა გაფრინდნენ, ვერც ევროპასა და ამერიკაში წავლენ, ნათევსავებსა და ოჯახის წევრებსაც გამოუყრიან იქიდან. ეტყობა, ვერ აანალიზებენ, რა დღე დაადგათ, კიდევ კარგი, თორემ გაუსკდებოდათ გულები და გადაივსებოდა საავადმყოფოები. მძიმე პროცესები ვითარდება „ოცნების“ მიმართ და საქართველოს გამარჯვების ჟამი დგება, ახალი გამარჯვების ჟამი.
_ და ამაში თქვენი წვლილი არის აღსანიშნი, რადგან სანქციებზე წლების განმავლობაში, როგორც თქვით, მხოლოდ თქვენ იბრძოდით და შრომობდით.
_ ფაქტობრივად, მთელი ცხოვრებაც… და პარტიაც გავწირეთ. სულ ხელფასს მაყვედრიდნენ, გახსოვთ და უხელფასოდაც დავრჩით 3 წელია, მოწყალების იმედზე ვართ. მთელი პარტია, ცენტრალური აპარატი, დარჩა უმუშევარი, პარტიაც გავწირეთ, პირადი ცხოვრებაც, ოჯახებიც და ა. შ. სხვანაირად არ გამოვიდოდა, რადგან შედეგის მიღწევასა და მტერთან ბრძოლას სჭირდება პირადის გაწირვა _ შენ თუ გინდა, რომ პარლამენტშიც იჯდე და იქ ათი ათასიანი ხელფასი აიღო, მანქანაც მოგემსახუროს, კაბინეტიც გქონდეს, 9 თანაშემწეც გყავდეს, უცხოეთებში იარო _ არგენტინაში სემინარებზე დემოკრატია ასწავლო არგენტინელებს, თანაც ოპოზიციონერი იყო და რეჟიმის შეცვლა გინდოდეს, ეს არ გამოდის! არ არსებობს ნახევრად ფეხმძიმე ქალი: იგი ან ფეხმძიმეა ან არ არის.
_ არის რისკი, რომ ევროპული ქვეყნების სანქციებიც წამოეწევა „ოცნებას“ ამერიკის შემდეგ?
_ ეს რეალობაა. როგორც წესი, ევროკავშირი სანქციების საქმეში მიჰყვება ვაშინგტონს, შემდეგ უკვე ბრიტანეთი აკეთებს იმავეს. მარტის დასაწყისში ვიზიტი მქონდა ლონდონში, როდესაც ლორდთა პალატაში შევხვდი სამივე პარტიის ფრაქციის ლიდერს: ლეიბორისტების, ლიბერალების, კონსერვატორების. ეს სანქცირება იქნება, ამის მერე ბრიტანეთი იქნება.
_ „ოცნების“ რეჟიმის დასანქცირებაზე ლონდონშიც ისაუბრეთ?
_ ლონდონში მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ვიყავი ჩასული. რა თქმა უნდა, ემიგრანტებსაც შევხვდი, იყო ცალკეულ სახელმწიფო თანამშრომლებთან შეხვედრა, მაგრამ ძირითადად წამყვანი გახლდათ ლორდთა პალატის ფრაქციის ლიდერებთან სანქციებზე საუბარი და, ფაქტობრივად, შევთანხმდით, რომ ეს იყო გარდაუვალი და აუცილებელი. მოგეხსენებათ, ლონდონი დიდად ქმნის ატლანტიკაზე პოლიტიკურ ამინდს. მაინც როგორც ბებერ ლომს ასე უყურებს ამერიკაც და ევროპაც, ამიტომ მნიშვნელოვანია ლონდონის პოზიცია, ასევე მნიშვნელოვანი იყო ვაშინგტონის გადაწყვეტილებებში.
_ დავუბრუნდეთ საქართველოს და პარტიულ ამბებს, _ როგორია ახლა ლეიბორისტული პარტიის პოზიციონირება და რა გამოწვევების წინაშე ხართ?
_ სერიოზული რეიტინგის ზრდა არის, განსაკუთრებით ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ. ხალხი ბრძენია და ხედავს, ვინ იბრძვის რეალურად და ვინ _ ნახევრად და ვინ _ არა. რეიტინგის მნიშვნელოვანი ზრდა არის, მაგრამ ამ ზრდას სჭირდება გარკვეული ფაქტორები _ შეიძლება ცემენტი გქონდეს, მაგრამ ლამი თუ ვერ უშოვე, ვერ ურევ. და, აი, ეს ლამი, ჩამოგვართვეს იმ გაგებით, რომ რაც გითხარით, კომისიაში წევრები წაგვართვეს, უფასო სარეკლამო დროის უფლება დავითაიას გადასცეს.
_ ეს ზუსტად როგორ მოხდა, რომ განვავრცოთ?
_ როდესაც შარლ მიშელი ჩამოვიდა და ოპოზიციამ ხელი მოაწერა პარლამენტში შესვლის იმ „ისტორიულ ქარტიას“, ჩვენ უარი განვაცხადეთ, რომ მასზე ხელი მოგვეწერა და პალამენტში შევსულიყავით. მე დავწერე განცხადება პროტესტის ნიშნად, რომ ქვეყანა მოიგდეს ფეხქვეშ და შეეწყვიტათ ჩემთვის უფლებამოსილება _ უარი მითხრა პარლამენტმა.
დავწერე მეორე განცხადება საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტაზე _ ისევ უარი მითხრა. მთელი ოპოზიცია („ნაციონალები“ გვიან შევიდნენ) შეყარეს შიგნით. მერე ივანიშვილის პირადი განკარგულებით (ამას გეუბნებით ყოველგვარი პოლიტიკური გადაჭარბების გარეშე, ავადმყოფი მანიაკის, თან ხომ ბედი გინდა, ორჯონიკიძე, მოღალატე, დიქტატორი და თან მანიაკი, ფსიქიკური გადახრებით, აკვიატებით, ჩვენ აკვიატებული ვყავართ განსაკუთრებით) ამ კონსტიტუციონალისტმა მეორე მანიაკმა კობახიძემ გააკეთა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში _ პოლიტიკური პარტიების კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლის თანახმადაც, თუ მე გავირიცხებოდი პარლამენტიდან, როგორც პარტიიდან შესული დეპუტატი, პარტია კარგავდა ამ უფლებებს.
_ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები რომ შევაჯამოთ, რა ხდება დღეს საქართველოში? _ მთავარი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ზღაპარი და ეპოქა დამთავრებულია. ეს განაჩენი გამოიტანა ქართველმა ხალხმა და დემოკრატიულმა მსოფლიომ _ უმაღლეს დონეზე _ ამერიკის კონგრესში მიღებული საკანონმდებლო აქტის გათვალისწინებით. ასეთი არ მომხდარა თვით კადაფის, ჰუსეინისა და ცნობილი დიქტატორების წინააღმდეგ, თვით ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის წინააღმდეგ არ მიუღიათ ეს გადაწყვეტილება. ეს წარმოუდგენელია. დამთავრებულები არიან, თუ ახლა მათ გაბედეს და დაიწერეს რაღაც უმრავლესობა არჩევნების შედეგად, წალეკავს მათ მსოფლიო და ქართველი ხალხის ტალღა, მშვიდობიანად, იმედია. ამიტომ ისინი დამთვარებულები არიან. შეიძლება ეს მიიღოთ ვიწრო ეგოისტურ მოწოდებად, მაგრამ მე მივმართავ ხალხს, რომ უმრავლეოსობა მოგვცენ ჩვენ, ლეიბორისტულ პარტიას, რომ დავამყაროთ დემოკრატიული სოციალიზმი, რომ ეს პენსია, ხელფასი, არსებობა, განათლება, ჯანდაცვა არ იყოს სახვეწარი, არ იყოს საარჩევნო დაპირებების და მერე გადაგდების საგანი, რომ ეს ყველაფერი დავაკანონოთ დემოკრატიული, სკანდინავიური სოციალიზმით, საკანონმდებლო დონეზე და გვყავდეს კანონის მიმღები უმრავლესობა. საქართველოს მომავალი ევროპაშია, აქ სხვა არჩევანი არ არსებობს. შვილების ნებაა ჩვენთვის მთავარი, ჩვენს შვილებს უნდათ ატლანტიკა, დასავლეთი, თავისუფლება, დემოკრატია და უფროსი თაობა ვალდებულია, მიჰყვეს შვილებს აქ, ამ საკითხში.