„ქართული ოცნების“ შტაბად გადაქცეული ტექნიკური უნივერსიტეტი
მმართველი გუნდის ღონისძიებებში მონაწილეობა, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, პარტიულ აქტივობებში ჩართვა _ ეს იმ მოთხოვნების ჩამონათვალია, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს თვითმმართველობის ხელმძღვანელები სთხოვენ.
უფრო კონკრეტულად კი დავალებების გაცემაში აქტიურად არიან ჩართულები თვითმმართველობის ხელმძღვანელი რატი (რეზი) გურგენიძე და დეპარტამენტის თანამშრომელი ავთანდილ ადეიშვილი.
სტუ-ს სტუდენტ სესილი თოდუას თქმით, უკვე 2 წელია, რაც უნივერსიტეტი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ დაწესებულებად იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ სესილიმ არაერთი ფსიქოლოგიური წნეხი გამოიარა, მათ შორის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისა და ძალადობის საფრთხის წინაშეც იდგა, ის გაჩუმებას არ აპირებს.
უფრო კონკრეტულად, როგორ იქცა სტუ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბად და რას ითხოვენ სტუდენტები? _ „ქრონიკა+“ სტუ-ს სამართლის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტ სესილი თოდუას ესაუბრა:
_ 2 წელია, ჩვენს უნივერსიტეტში მარაზმი ხდება, ამაზე საშინელება არ ვიცი, რა უნდა იყოს. პარტიულობა შემოვიდა უნივერსიტეტში და ამას გვაძალებენ სტუდენტებს. თუ სტუდენტი ამ ყველაფერში არ ჩაერთვება, ვერ ექნება სრულფასოვანი სტუდენტური ცხოვრება. მარტივად რომ გითხრათ, თუ არ მოქმედებ მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ვერაფერს მიიღებ.
_ უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, ვინ და რის გაკეთებას გთხოვთ?
_ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად გაგვიშვეს, 15 წუთით ადრე მოგვცეს ბეიჯები, რომელზედაც რაღაც ორგანიზაცია ეწერა, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ იძებნება. ასევე გაგვაფრთხილეს, რომ ამომრჩევლების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჩვენი თვითმმართველობის პრეზიდენტისთვის უნდა მიგვეწერა. საარჩევნო უბანზე თუ რამე მოხდებოდა, ამის შესახებაც ინფორმაცია უნდა მიგვეწოდებინა.
_ ამის სანაცვლოდ იღებდით თუ არა ანაზღაურებას? თუ გაგჩენიათ კითხვა, რატომ გთხოვდნენ ამის გაკეთებას და უარის შემთხვევაში რა რეაქცია ჰქონდათ?
_ ანაზღაურების შესახებ არაფერი უთქვამთ. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ჩვენ ხშირად გაგვჩენია ეს კითხვა, მაგრამ გვეუბნებოდნენ, რომ თუ ამაში მონაწილეობას არ მივიღებდით, კარგი სტუდენტური ცხოვრება და გრაფიკი არ გვექნებოდა. სტუდენტებში ყოველთვის იყო შიში, რომ აკადემიური კუთხით შეუქმნიდნენ პრობლემებს ან რომელიმე ღონისძიებაში არ ჩართავდნენ. ხან ირონიულად გვეუბნებოდნენ, რომ ეს უნდა გაგვეკეთებინა, ხანაც _ ოფიციალურად, _ ამის გარეშე არაფერი გამოვაო. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თვითმმართევლობის პრეზიდენტმა რატი (რეზი) გურგენიძემ და ავთო ადეიშვილმა 50 000 ლარი მოიტანეს „ქართული ოცნების“ პარტიიდან, თვითმმართველობის დეპარტამენტის თავმჯდომარეებს მისცეს და უთხრეს, რომ ჩვენთვის ჩაერიცხათ, ჩვენ კი 40 ლარი ჩაგვერიცხა. ამის შემდეგ მეორე ტურზეც გაგვიშვეს. გავიყინეთ, გვშიოდა, მაგრამ ეს არავის აინტერესებდა, მთავარი იყო, აქტივობის შესახებ ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ზოგადად, ამ ადამიანებს არ აინტერესებდათ, რა გვაწუხებდა. რომ გვეტყოდნენ, აქციაზე წადითო, უარი არ მიიღებოდა. ერთხელ მახსოვს, ვუთხარი, _ ფული არ მაქვს და აქციაზე ვერ წავალ-მეთქი. გურგენიძემ ტაქსი გამომიძახა და ისე გამიშვა ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. ლოგიკურად გამიჩნდა კითხვა, _ ამდენი კამერაა და მერე მე რომ პრობლემა შემექმნას, ამაზე პასუხისმგებელი ვინ არის-მეთქი? რაზედაც ირონიულად მპასუხობდნენ: „ზემოთ ყველამ იცის და „გაპრავებულია“ ეს ყველაფერიო“. 20 ივნისს მე პირადად მქონდა პროტესტის გრძნობა და მინდოდა აქციაზე დგომა, რადგან ჩვენი ქვეყნის პარლამენტში რუსი დეპუტატი არ უნდა იჯდეს. იმ დღეს იმის ნაცვლად, რომ რუსთაველზე ვმდგარიყავით, რუსეთის საელჩოსთან წაგვიყვანეს გასაპროტესტებლად, სადაც დაცვის გარდა არავინ იყო. მე და სხვა სტუდენტებსაც გვინდოდა რუსთაველზე დგომა, ისინი კი გვეუბნებოდნენ, არ გაიპაროთო.
_ არ ჰკითხეთ, რატომ გიკრძალავდნენ რუსთაველზე გამართულ აქციაზე მისვლას?
_ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვეუბნებოდნენ, რომ იქ არ უნდა მივსულიყავით, რადგან „ნაციონალების“ აქცია იყო. მე არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ მაინტერესებდა არასდროს. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა იმ აქციაზე, რომელი პარტია იქნებოდა, მხოლოდ ჩემი პროტესტი მსურდა გამომეხატა. მე და რამდენიმე სტუდენტი მაინც მივედით რუსთაველზე გამართულ აქციაზე. 20 ივნისის შემდეგ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ რუსთაველზე უნდა მივსულიყავით, სადაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები დაგვხვდნენ, მათ შორის იყვვნენ რატი გურგენიძე და ავთო ადეიშვილი. მათ ყველამ ერთად მოილაპარაკეს, რომ ჩვენგან ერთ-ერთი უნდა ასულიყო ტრიბუნასთან და ეთქვა: „ნაცები ცუდები არიან“. ამის გარდა, „ტაქსების“ თეთრად გადაღებვის მოთხოვნის გამო ტაქსის მძღოლები აქციას მართავდნენ, რომ მათ ამის საშუალება არ გააჩნდათ, პარალელურად, სტუდენტები მერიასთან მიგვიყვანეს, რობოტებივით დაგვაყენეს, ზოგი ნაწილი ამბობდა, რომ ტაქსი აუცილებლად თეთრი უნდა ყოფილიყო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მმართველი პარტიის კლიპებში სტუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტი, თავმჯდომარეები, მოადგილეები _ ყველანი კლიპში არიან, უკვე თამამად გამოდიან. რაც მთავარია, ჩვენი სტუდენტების გადახდილი ფულით შეძენილ ავტობუსებს ესენი იყენებენ აქციებზე სასიარულოდ. პრეზიდენტ ზურაბიშვილის წარდგენაზე, სპორტის სასახლეში სტუდენტების მისაყვანად, თითო სტუდენტში 5 ლარი აიღეს, საღამოს კი რესტორანში იქეიფეს. ასევე ამ საპარლამენტო არჩევნებზე ყველა ფაკულტეტზე მოსთხოვეს, მინიმუმ, 200-კაციანი სიები, სადაც უნდა ყოფილიყო იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ უჭერდნენ მხარს.
ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტს სასწავლო-საგანმანათლებლო დანიშნულება აქვს და სტუდენტებს პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იყენებდნენ.
_ თუ გქონდათ პროტესტი იმაზე, რომ თვითმმართველობის პრეზიდენტი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა სტუდენტებს, აქამდე რატომ არ გამოხატავდით საჯაროდ?
_ ეს პროტესტი ყოველთვის გვქონდა და ვამბობდით, რომ არ გვინდოდა მსგავსს აქტივობებში მონაწილეობა, მაგრამ აქ ჩნდებოდა ფრაზა: „საერთო საქმეს სჭირდება“, _ სიმართლე გითხრათ, დღემდე ვერ ვხვდები, რა არის ეს საერთო საქმე. მე ბევრი შიშის გადალახვა მომიწია მანამ, სანამ საჯაროდ გამოვხატავდი ჩემს პროტესტს. საბოლოოდ გადავლახე ყველა შიში და 2020 წლის 14 ოქტომბერს დავწერე პოსტი, სადაც ვსაუბრობდი ამ თემაზე. ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოყვა, ზოგმა მხარი დამიჭირა, მაგრამ უმრავლესობა მწერდა, _ ხომ იცი, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, გაჩუმდი, საკუთარ თავს უჩალიჩებო. ასევე მომწერა სტუ-ს ლექტორმა გიორგი ბოცვაძემ, რომელმაც უნივერსიტეტის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრა შემომთავაზა, რაზედაც ვუპასუხე: საჯაროდ იმიტომ ვთქვი, რომ შიგნით ეს პრობლემა არავის აწუხებს-მეთქი. ამ ნაწილში აღსანიშნავია, რომ ბოცვაძეს აშკარად დაავალეს, ჩემთვის ფეისბუქზე მოეწერა: „სოფიო, როგორ ხარ?“ რეალურად, არც კი დაუხედავს, რა მერქვა, აშკარად დავალებული ჰქონდა ჩემთან კომუნიკაცია. ფაქტია, რომ ეს პოსტი ყველამ ნახა. თუმცა სტუდენტების პრობლემები არავის აინტერესებს, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ უნივერსიტეტს სახელი არ გაუფუჭდეს. იმაზე უარესი რა უნდა დაემართოს, რაც ახლა სჭირს _ მთელი სტუ პარტიული გახდა. ჩემი პოსტის დადებიდან 3 დღეში სტუდენტებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ატვირთვას აპირებდნენ. იმის მიუხედავად, რომ ეს ემოციურად ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, არ შემშინებია და ამ ყველაფერზე საჯაროდ დავიწყე საუბარი, რომ ადამიანები არაკანონიერი გზით ცდილობენ ჩემ გაჩუმებას. საერთო ჩათიდან მაქვს მიმოწერები, სადაც იმაზე საუბრობენ, რომ ჩემ მიმართ ცენზურა გახსნილია, ასევე ზოგი მათგანი წერს, რომ ბიტებით მოვლენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემს ცემას აპირებდნენ. ტყუილად ცდილობენ, რადგან ეს ადამიანები ვერც დაშინებით და ვერც სხვა გზით ვერ გამაჩერებენ. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ყველა აუდიტორიაში აყენია კამერა, რომელიც იწერს როგორც გამოსახულებას, ასევე ხმას, რაც არის უკანანო. თავად ამ საქციელს იმით ამართლებენ, რომ თითქოს ლექციებს იწერენ, მაგრამ 6 წელია ამ უნივერსიტეტში ვარ და ერთი ლექცია არ მაქვს იქიდან ნანახი. რატომ გვისმენენ და რატომ გვიზღუდავენ თავისუფლად საუბრის საშუალებას?! დაგვცინიან სტუდენტებს, პირველ კორპუსში კედლებიც კი ლურჯად შეიღება, ჩვენი უნივერსიტეტის შინდისფერი გერბიც ამ კედელზე, რატომღაც, ლურჯი ფერია. სირცხვილია ეს ყველაფერი.
_ რა არის თქვენი მოთხოვნები?
_ ჩვენი მოთხოვნაა, რომ რეზი (ოფიციალურად რატი) გურგენიძე არ უნდა იყოს თვითმმართველობის პრეზიდენტი, აუცილებლად უნდა დაიშალოს არსებული თვითმმართველობა ყველა ფაკულტეტზე და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, როგორც წესი და რიგია და არა ისე, როგორც აქამდე ატარებდნენ. ამავდროულად, ვითხოვთ კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ავთო ადეიშვილის განთავისუფლებას. სწორედ იგი ატარებს პარტიულ იდეოლოგიას სტუდენტებში.
_ რამდენი სტუდენტი იზიარებს თქვენს მოთხოვნებს?
_ ახლა მთავარი პრობლემა კორონა ვირუსია, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ასეთი რთული ვითარება რომ არ იყოს, უფრო ბევრი სტუდენტი ვიქნებოდით. ნებისმიერ დროსა და ადგილას დავჯდები მათთან დებატებში. რაზედაც ვისაუბრე, ყველაფრის ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები მაქვს.
ერთი რამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: უნივერსიტეტში სწავლა მართლა მაღალ დონეზეა, ეს პრობლემები მხოლოდ თვითმმართველობას ეხება.
„ქრონიკა+“-ის ზარებს არ პასუხობენ სტუ-ს თვთმმართველობის პრეზიდენტი რატი გურგენიძე და დეპარტამენტის თანამშრომელი ავთო ადეიშვილი.
ნენე ინჯგია