ქართველი გამომგონებელი საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძვის
„ქრონიკა+“ აკადემიკოს ლერი ჩაჩიბაიას ესაუბრა:
_ ბ-ნო ლერი ,რა შემთხვევაში დაირღვა თქვენი უფლებები, კონკრეტული ფაქტების შესახებ რომ გვესაუბროთ?
_ მე, როგორც გამომგონებელს, მთავრობამ საცხოვრებელი და სამუშაო ფართი მომცა იმისთვის, რომ ჩემი გამოგონებები დამენერგა. გამოგონებები უშუალოდ შეეხება სამკურნალო საშუალებებს, საკვები პროდუქტების წარმოებას, დამზადებასა და გადამუშავების საკითხებს, მათ შორის, ლაბორატორიული კვლევების ჩართვით. სააკაშვილის პერიოდში ხელშეკრულება არ გამიფორმეს, რომ ეს ნაგებობა გამომესყიდა და მუშაობა გამეგრძელებინა. მიუხედავად იმისა, რომ ამის გამოსყიდვა არ მეკუთვნოდა, ამ საკითხს მაინც განვიხილავდი სახელმწიფოს წინაშე, რომ პრივატიზება მოეხდინათ. 1987 წლის 5 თებერვლის მთავრობის 157-ე დადგენილებით, გამომგონებელი, რომელიც თავისი ხელით ამზადებს საცდელ ნიმუშს, მას უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სამუშაო და საცხოვრებელი ფართი. ე. ი. ჩემ მიმართ სააკაშვილის პერიოდში დისკრედიტაციული ქმედება განხორციელდა. 2008 წლის შემდეგ დავდივარ და საკითხის გარკვევას ვითხოვ. ვერ წარმოიდგენთ, რა პირობებში ვამზადებ წამლებს და ვწერ ნაშრომს, რომელსაც მსოფლიო მნიშვნელობა აქვს როგორც კვების, მკურნალობის, გლობალიზაციის, მუშახელის დასაქმების, ენერგორესურსების შემცირებისა და ისეთი პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად, რომელზედაც კაცობრიობა მზარდ მოთხოვნას აყენებს. ეს არავის აინტერესებს. ვწერ პროკურატურას, ეკონომიკის სამინისტროს, მთავრობას, ისინი კი ერთიმეორეს უგზავნიან და რა თქმა უნდა, არანაირი შედეგი არ არის.
_ რა გზებით ცდილობთ სამართლიანობის აღდგენას?
_ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებებთა დაცვის კომიტეტს მივმართე. მან პროკურატურას წერილით მიმართა, განხილვის შედეგებზე კომიტეტისთვის ეცნობებინათ. ჩემ მიერ გაგზავნილი იურიდიული კომიტეტის წერილი ტექნიკურად ჩამოწერა ფინანსთა სამინისტროს საგამომძიებლო სამსახურმა 03.05.18 წელს, რომ თითქოს საკითხი მათ კომპეტენციას ან განეკუთვნებოდა და ის სხვა უწყებებს გადაეგზავნა, საიდანაც პასუხი დღემდე არც ერთ საკითხზე არ მიმიღია. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წერილზე გლდანი-ნაძალადევის პროკურატურამ 12.12.18 წელს წერილით ანალოგიურად ჩამოწერა საკითხი. მთავრობის წერილზე მთავარ პროკურატურას დღემდე პასუხი არ გაუცია, ის კონსერვაციას გადის და ა. შ. ფინანსთა, იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თბილისის მერია, შს სამინისტროს გენინსპექცია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა განეკუთვნება მთავარი პროკურატურის კომპეტენციას. დასავლეთ საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ პროდუქცია გამოდის და რეალიზდება კომერციული მიზნით, რაც განეკუთვნება სსკ 189-ე მუხლს _ დანაშაულებრივ ქმედებებს. ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის ე პუნქტის დარღვევას და ა. შ.
_ რა საკითხებზე მიმართეთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ კომიტეტს?
_ 9 საკითხია განხილული, რომელიც ეხება: ქურდობას, ყაჩაღობას, საავტორო ჰონორარის მითვისებას, სამუშაო და საცხოვრებელი ფართის წართმევას და ა. შ. სახელმწიფოს ყველა სტრუქტურაში 1997 წლიდან მიწერ-მოწერით, სურვილით იგზავნება და იხილება, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ: აღნიშნულ საკითხებზე არანაირი რეაგირება არ არის.
_ კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას მოიცავს ეს საკითხები?
_ როდესაც მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს ახალი ტექნოლოგიით, გრეხვის გარეშე ჩაის ბუნებრივი შრობით პროდუქციის გამოშვებაზე, შესაბამისად, ის უთითებს პროკურატურას, რომ შეისწავლოს კანონდარღვევის ფაქტები. რატომ არ ინტერესდება პროკურატურა ამ საქმით? პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე წერილში აღნიშნავს, რომ ავტორს საავტორო ჰონორარი ეკუთვნის გამოშვებული პროდუქციიდან, ის გამოდის უკანონოდ, სერტიფიკატის გარეშე, რის შედეგადაც პროკურატურას არ მოუხდენია: სერტიფიკატის გარეშე პროდუქციის გამოშვების აკრძალვა, მაშინ როდესაც ანტიმონოპოლიური სამსახურის წერილის შესაბამისად „საქსტანდარტმა“ აკრძალა მისი გამოშვება მეწარმე სუბიექტის სტანდარტისა და საკუთრების უფლებების უქონლობის გამო; აღნიშნული სიახლე დაცულია საავტორო მოწმობით-სერტიფიკატით და მეწარმე-სუბიექტის სტანდარტით; „საქპატენტში“ გამოქვეყნებულია სამეცნიერო შრომები, ავტორის მონოგრაფია და ა. შ. მაქვს ლოგიკური კითხვა, _ აღნიშნული საკითხები რატომ არ შეისწავლა პარლამენტის კომისიამ სირთულის რაოდენობის აქტუალობის გათვალისწინებით? ადამიანის შრომით შექმნილი პროდუქცია, რა ფორმითაც და სახითაც არ უნდა იყოს წარმოდგენილი იგი, ანაზღაურებას მაინც ექვემდებარება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, _ ვინ განკარგავს ჩემს 8.6 მილიონ ლარს _ საავტორო ჰონორარს _ 1997 წლიდან და რა თანხა არ შედის ბიუჯეტში თვითღირებულების სხვაობით? რატომ არ მოხდა თვით პროკურატურის განხილვის შესაბამისად მოკლევისა და ექსპერტიზის მასალების გადაგზავნა?! როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი საეჭვო გარემოება იკვეთება. ერთი რამ ცხადია: პროკურატურას რეაგირება არ აქვს.
_ პროკურატურის უმოქმედობის გამო რა კუთხით ზარალდება საქართველო?
_ პროკურატურის ტენდენციურ დამოკიდებულებაზე მიუთითეს პოლიტიკურმა პარტიებმა, საზღვარგარეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა. სანამ მიყენებული ზარალი არ ანაზღაურდება, აპრობირებული სიახლეები, 27 გამოგონება და 3 აღმოჩენა, დასანერგად არ გადაეცემა არც ერთ სახელმწიფოს, მანამდე საქართველო ყოველწლიურად 144 მილიონ ლარს იზარალებს, ხოლო მსოფლიოს ქვეყნები _ ასეულ მილიარდს, რაც ინტელექტუალური კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციების უხეში დარღვევაა.
_ როგორც ჩანს, არა მხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც ზარალდებიან. რას გეგმავთ?
_ როგორც ავტორს, თუ არ გამაჩნია უძრავი ქონება, გირაოს სახით რომ ავიღო სესხი და ეს თანხა სიახლეების დასანერგად გაამოვიყენო, ამ მიზეზით აპრობირებული სიახლეები არ უნდა დაინერგოს?
მსურს, ჩემი ერთ-ერთი გამოგონების შესახებ გიამბოთ:
საკუთარი ხელით დავამზადე პირუტყვის გადასაყვანი 11-მეტრიანი ნახევრად მისაბმელიანი ფურგონი, რომლის გამოყენებაზეც 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყნიდან გამომიგზავნეს მოთხოვნა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ ამ გამოგონებას აქტუალობა არ დაუკარგავს.
_ რით არის ეს გამოგონება გამორჩეული?
_ ამ ფურგონის მეშვეობით სამ სართულად გადაგვყავს წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, მაშინ, როცა პარალელურად გადაგვყავს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ანუ ამ გამოგონების მთავარი არსია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ აუთვისებელი ადგილები. შესაბამისად, დატვირთვა-გადმოტვირთვას, დამხმარე ნაწილებს, საწვავს, მუშახელს, ხარჯებს 60%-ით ვამცირებთ. ასევე 60%-ით ვზრდით ტვირთბრუნვის ეფექტიანობას. ეს რამდენიმე მილიონს უკავშირდება, მსოფლიო მასშტაბით კი _ მილიარდებს. ამავე დროს, დამზადებული მაქვს ვაგონკონტეინერი, რომლითაც შესაძლებელია თვითმფრინავით, გემით, მატარებლით, ავტომობილით გადავიყვანოთ ყველა სახის პირუტყვი როგორც ჩვენთან, ასევე მთელ მსოფლიოში.
_ რა ბედი ეწია თქვენ მიერ დამზადებულ ფურგონს?
_ ეს ფურგონი რუსთავში ჩემი ხელით და სახსრებით დავამზადე. იმ პერიოდში სესხი არ მომცეს. ფურგონი წლების განმავლობაში პოლიციის დაცვის სამსახურის გვერდით 18 მეტრის დაშორებით ეყენა, ამიტომ საბურავები და ნაწილები მომპარეს. მთლიანად ფურგონი კი 2010 წელს მოიპარეს. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა უშედეგოდ.
_ ახლა რა ეტაპზეა საქმე, რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა?
_ „ქრონიკა+“-ში სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა წერილი გამომიგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსთავის პროკურატურამ ჩემი საკითხი განიხილა. მიმაჩნია, რომ პროკურატურა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები საქმეს გულისხმიერად მოეკიდებიან და სიახლეების დანერგვასთან დაკავშირებით საავტორო ჰონორარის მიღებამდე 200 000 ლარს გამოყოფენ, რომ არ გავჩერდე და იმ საკითხებზე მუშაობა განვაგრძო, რაც აუცილებელია მედიცინისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად.
ნენე ინჯგია