ფეხბურთის პოლიტიკა ანუ მადლობა ხორვატიას!
დასხედით და იძახეთ, რომ ფეხბურთი პოლიტიკა არ არის. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რომ არც საშინაო და არც საგარეო. მე და მილიონობით, იქნებ მილიარდობით ადამიანი დაგცინებთ, რადგან უტიფრობას, რომლითაც თქვენს არგუმენტებს გადმოალაგებთ ხოლმე, თუ ამას არგუმენტები ჰქვია, არც ლოგიკა ახლავს, არც ფაქტები და მით უფრო, არც პრაგმატიზმი. ერთადერთი, ამ ნარატივის ავტორებს, თანაც იმ შემთხვევაში, თუ სტადიონზე არიან ნამყოფები, გულშემატკივართა შეძახილი: „სუდია პიდარასტ“ აბრაზებთ და ემხამუშებათ.
ვიღას ახსოვს, რომ ფეხბურთი პოლიტიკა საბჭოთა ეპოქაშიც იყო. როდესაც მხოლოდ ორჯერ და ისიც მაშინ, ათი თავით მაღლა როცა იდგა სხვა გუნდებზე _ სსრკ-ს ჩემპიონი გახდა თბილისის „დინამო“. სხვა დროს რა? კი გვეკუთვნოდა სხვა წლებშიც, მაგრამ „სუდია“, აბა, რისი „სუდია“ გახლდათ? ისე, საოცრებაა ეს „სუდიაც“, სხვა შესატყვისი ვერაფერი მოუძებნეს რუსებმა და ეგრევე მოსამართლედ დაადგინეს. საბჭოთა ფეხბურთის მოსამართლეების უმეტესობა კი მურუსიძის მოსამართლეებივით იყვნენ. თავი დავანებოთ იმაზე საუბარს, ამ არაპოლიტიკურ სახეობაში სანაკრებო დონეზე როგორ იჩაგრებოდნენ ქართველი ფეხბურთელები და ესეც პოლიტიკა გახლდათ.
ახლა იმათ, ვისაც ფეხბურთი პოლიტიკა არ ჰგონია და რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი კიდევ მხოლოდ ფეხბურთის ზეიმია, რაღაც უნდა ვკითხო, _ იცით, რა მოხდა ბოლო დღეებში იმ რუსეთში, რომლის მოსახლეობა ასე შენატროდა და შესციცინებდა საკუთარ გუნდს? ზეიმით გაბრუებულებს ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა იმ დღეს, ჯგუფიდან რომ გავიდა რუსეთი, საპენსიო ასაკი გაუზარდა, ხოლო შემდგომი გამარჯვებისას კი გადასახადები 4%-ით მოუმატა. ერი კი იყო და არის ნირვანაში.
მოკლედ, ამ ყველაფრის კარგ და ცუდ მხარეს, თან პოლიტიკურ პრიზმაში ძნელად გააგებინებ იმათ, ვისაც არ უნდა გაიგოს და თუ უფრო დავაკონკრეტებთ, იმათ, ვისაც ხორვატია-რუსეთის მატჩის დასრულებისას ტუჩებიდან სისხლი გადმოსდინდა, ვერც ფეისბუქზე დაპოსტეს სინანული დამარცხების გამო და ვერც ხორვატიის გამარჯვებით აჟიტირებული საკუთარი მეგობრების სიხარული გაიზიარეს.
და ამ ყველაფრის მიუხედავად ერთი საოცარი რამ მოხდა საქართველოში ხორვატია-რუსეთის მატჩის დროს _ ყველა, ვისაც უყვარს ქვეყანა, საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ტელევიზორის ეკრანებთან იჯდა და ხორვატებს გულშემატკივრობდა. ათასობით ქართველი წერდა მატჩის მსვლელობისას ფეისბუქში: პირველად ვუყურებ ფეხბურთს… გასკდა გული… ხორვატია, შენთან ვართ… ხორვატია, არ გაიყიდო… და ა. შ. ისე, რაოდენ პარადოქსულია _ ერი, რომლის მოსახლეობის არცთუ უმნიშვნელო რაოდენობა დღესაც რუსეთის მეხოტბეა და რუსეთზე გაყიდულია, სხვა ერს სთხოვს, რომ არ გაიყიდოს და საკუთარ მოღალატე „მამიდებსა და ბიძებს“ ვერ უვლის.
მატჩი რომ დასრულდა, პირველი რაც გავაკეთე, დედაქალაქის სატელევიზიო ანძას გავხედე. ძალიან მინდოდა, წითელ და თეთრ ფერებში მორთული მენახა. ვერავინ დაგვძრახავდა ამის გამო, ჩვენ მივხვდებოდით, ეს რა ფერებიც იყო და თუ კარასინი აბაშიძეს უსაყვედურებდა, აქ პასუხი ხომ მარტივი გახლდათ, _ რა ხორვატია, გრიგორი, საქართველოს დროშის ფერები დაგავიწყდა?
და ამის მიუხედავად, თბილისის ქუჩებში ზეიმობდნენ ახალგაზრდები. რესტრონებსა და სახლებში სვამდნენ ხორვატიის სადღეგრძელოს. რა საოცარი რამეა ცხოვრება? არადა, რატომ უნდა გიხაროდეს ასე ვინმეს დამარცხება, თუ ეს ვინმე „ის“ არ არის, ვინც გაგამწარა, წაგგლიჯა, მოგკლა, დაგასახიჩრა? ეს ხომ არ იყო ბარსა-რეალის გულშემატკივართა ქილიკი და აღტაცება მესისა და რონალდუს დუელში გამარჯვება-დამარცხების შემდეგ? აქ ზიზღით გამოწვეულ ემოციას ამარცხებდა უცხო ტომის მიერ შენი მტრის დამარცხებით გამოწვეული განცდა.
არა, აქ ინსპირაცია დიახაც რომ პოლიტიკა გახლდათ _ მტერი, ოკუპანტი და მისი ძლევა.
დავუშვათ, მე ვცდები და ვაჭარბებ ქართულ პრიზმაში, მაშინ რა ხდებოდა მსოფლიოში? რატომ გაიღვიძა მეორე დღეს მთელმა მსოფლიომ უფრო მშვიდად?
ამ შემთხვევაში საკუთარ არგუმენტებს ვერ ვენდობი და ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს მოვიხმობ: „პუტინის პროექტი, რომ საფეხბურთო ჩემპიონატი რუსული იმპერიის „მუხლებიდან წამოდგომის“ ახალი ეტაპის სიმბოლოდ ქცეულიყო, ჩაიშალა და ეს პატარა ხორვატიამ გააკეთა. სულ ვფიქრობ, დადგება თუ არა მომენტი, როდესაც რუსები მიხვდებიან, თუ რატომ გაახარა ამ თითქოს „სულ რაღაც სპორტულმა“ ამბავმა მილიონობით ადამიანი? დიდი იმედი ვერ გექნება კაცს. მათ ვერც ის გაიაზრეს, თუ რატომ გაურბის ყველა, ვისაც კი ამის შანსი აქვს, რომ გულაგისა და მილიონობით ადამიანის ცხოვრებისა და სულის დამახინჯების შემდეგ საქართველოში, უკრაინაში, ჩეჩნეთსა და დნესტრისპირეთში ჩადენილის, პუტინის პირადი მტრების ბანდიტური მოწამვლის შემდეგ რუსეთის სიყვარული და მასთან ყოფნის სურვილი სრულიადაც არ არის თავისთავადი რამ. თუ ოდესმე გაიაზრებს, გადარჩება, როგორც ხალხი. ჯერჯერობით კი საკუთარი წარსულისა და აწმყოს გამო სირცხვილს სულ ორი-სამი ასეული ადამიანი თუ გრძნობს. სხვები მთელი დანარჩენი სამყაროს წინააღმდეგ შეთქმულა და ნეტარებით გათანგულა თავის უმსგავს საქმეებში. თითქოს საგანგებოდ ამზადებენ ნიადაგს თავისი ისტორიული კრახისთვის.
ვერც ამას მიხვდებიან, ალბათ, ისინი, ვისთვისაც ფეხბურთი პოლიტიკა არ არის. მაგრამ მოდით, ახლა ის მოცემულობა დავუშვათ, რომ ამ აპოლიტიკურ გულშემატკივრებს ნამდვილად აქვთ პატრიოტული მოტივები, ისევე როგორც საქართველოს „პრაგმატულ“ ხელისუფლებას. მაშინ იმას რა დავარქვათ, როცა აგვისტოს ომიდან ათი წლისთავზე საქართველოს ქალაქების ქუჩებში ასე ყელყელაობენ რუსული დროშებით რუსი დამსვენებლები და მთხლე, კოლეგა ქართველი გულშემატკივრები მათ გვერდით მიაბიჯებენ ან უსხედან?
ვითარების უფრო ხატოვნად აღსაწერად, სადაც გამგები პათოსსაც გაიგებს და ამ მოვლენის სიმძიმესაც, გოგი გვახარიას სიტყვებს მოვიტან: „იმდენად თავხედები არიან, რომ ომის მეათე წლისთავზე ჩამოდიან თბილისში და თავიანთ ნეხვ გუნდს საჯაროდ გულშემატკივრობენ ბარებსა და რესტორნებში, არავითარი უხერხულობის განცდა, მორიდება. ან როგორ არ ეშინიათ?! საღოლ, რა მართლა“. ეჰ, ჩემო გოგი, ესეც სიმპტომატურია, რომ არ ეშინიათ და აქ უპირველესი ხელისუფლების ბრალეულობაა. პრინციპში, რომ ერიდებოდეთ, უკეთესი იქნება.
და ისევ თბილისის ქუჩებს დავუბრუნდები. მატჩის შემდგომ რამდენიმე ადგილზე რუს ტურისტებს გადავეყარე ჯგუფ-ჯგუფად. პირველი ჯგუფი შემებრალა _ მინიმალური რეპლიკებით მიაბიჯებდნენ. მეორე ჯგუფს რომ მივუახლოვდი, რეპლიკა მომესმა: „რაკიტიჩ სუკა, ნე პრომაზალ“. ანუ მაგას რომ ვერ გაეტანა, მერე შანსი გვქონდა და ვიგებდითო და აქ ნერვებმა მიმტყუნა და მივახალე: „ა ვი ხოტელი, ჩტობი ვაში სუკი ჩემპიონამი სტალი?“ ზედ ხარხარიც მივაყოლე და თავქუდმოწყვეტილად გამეცალნენ. სხვა ჯგუფებსაც სათანადოდ დავცინე და ვიყავი ასე გაბადრული და ემოციით სავსე“.
დაბოლოს, ფეხბურთი რომ პოლიტიკაა, ამის დასტურად კიდევ ერთი, ვითომ უწყინარი კომენტარი უნდა წაგაკითხოთ. აღმოსავლეთმცოდნე ლელა ჯეჯელავამ მისთვის ჩვეული სტილით ბრძანა: „ფეხბურთს არ ვუყურებ. წუხელ გამონაკლისი იყო. ხორვატიის პრეზიდენტი და მეკარე შემიყვარდა ნამეტნავად!“
და ეს სიტყვები ორი სუბიექტისადმი პატივისცემა კი არ იყო, არამედ ორი სიმბოლოს მიმართ _ ხორვატიის პრეზიდენტის, რომელიც თავისი ქვეყნის დროშის ნაციონალურ ფერებში გამოწყობილ სამოსში იჯდა ფიფას პრეზიდენტისა და რუსეთის პრემიერის გვერდიგვერდ და არც ერთხელ არ შეუკავებია ემოცია მისი პატარა ქვეყნის დიდ ქვეყანაზე გამარჯვების მომტანი გოლების ჟამს. ხოლო ხორვატიელთა მეკარის გამოყოფა ამ შემთხვევაშიც ქალბატონი ლელას ინსპირაციაა _ ღირსეული დამცველისა და საყრდენი ჯარისკაცის მიმართ.
პუტინის ოცნება საფეხბურთო ბლიც კრიკის შესახებ ჩაიშალა. აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე ნუგეშად, ალბათ, მხოლოდ ეს გვექნება. და ამის მიუხედავად კვირას თბილისმა და საქართველომ მშვიდად გაიღვიძა. სიმშვიდეს, მშვიდობასა და ერთიანობას ვუსურვებ ჩემს ქვეყანას.
დაბოლოს, მაინც პოლიტიკურ და ემოციურ კონტექსტში აღვნიშნავ: ჩვენ რომ მსგავსი ერთობა საკუთარი ინტერესების დასაცავად შეგვეძლოს, ახლა ასეთ დღეში არ ვიქნებოდით.
მადლობა ხორვატიას!
კოკა წერეთელი