„ფარცხალაძე უნდა იჯდეს ციხეში, მოქალაქეობის ჩამორთმევა არასაკმარისია“
ირინა მაკარიძე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარლამენტის მიერ საქართველოს ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების ფაქტს აისბერგის წვერს თუ შევადარებთ, შევძლებთ მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ ვიმსჯელოთ.
რა იკვეთება ამ ფაქტის შედეგად და რა გამოჩნდა იმ პროცესებით, რაც საქართველოში განვითარდა სანქცირებული ფარცხალაძის გადასარჩენად? პრეზიდენტის უარი მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტასა და პოლიტიკოსებზე განხორციელებული ძალადობა და დაჭერები, _ ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე:
_ პირველი და მთავარი საკითხი აქ არის ის, რომ საქართველოში დაიწყო რუსული აგენტურული ქსელის გამოაშკარავება, ლუსტრაცია. ფარცხალაძე არის ამის ერთ-ერთი და არა ერთადერთი წარმომადგენელი. ის ამიტომ დანიშნეს გენერალურ პროკურორად. ყველაზე დიდი აგენტი ივანიშვილია. როგორც ჩანს, მას ბოლომდე არ ენდობოდნენ და დავალება მისცეს, გენერალურ პროკურორად ფარცხალაძის დანიშვნის შესახებ. ასე იქცევა რუსეთი, ასე მოქმედებს ის.
მთავარი საკითხია ახლა ფარცხალაძის დაკავება. დადასტურებულია, რომ ის იმყოფება საქართველოში და მას რომ არ აკავებენ, ეს იმის ნათელი გამოხატულებაა, რომ მთელი „ქართული ოცნება“ გახდა აგენტი და ჯაშუში ფარცხალაძის მცველი პარლამენტსა და პარლამენტს გარეთ. თავიდან ბოლომდე რაც ხდება, ეს არის ლუსტრაცია. შესაბამისად, მხოლოდ მოქალაქეობის შეწყვეტა საკმარისი არ არის, ის უნდა დააკავონ, როგორც ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი. დარწმუნებული ვარ, მტკიცებულებები აშშ-ის მხრიდან აქვთ, თუ მოინდომებენ, კიდევ მეტს მიიღებენ.
_ ეს იქნება რუსეთის პირველი ჯაშუში, რომელსაც ამ ხელისუფლების პირობებში დააკავებენ. გადადგამენ ამ ნაბიჯს?
_ თუ წნეხი იქნება ჩვენგან, შეიძლება აქაც უკან დაიხიონ, მაგრამ მას მისცეს ქონებების გადაფორმების უფლება და არ გამოვრიცხავ, რომ გააპარონ საქართველოდან, თუ უკვე არ გააპარეს.
_ რაც შეეეხება იმ ქმედებებს, რაც განახორციელეს სახელმწიფო უწყებებმა ფარცხალაძის ინტერესების დასაცავად, რა საფრთხეებს შეიცავს ეს და მოსალოდნელია თუ არა, რომ სანქციები გავრცელდეს ამ უწყებებზეც?
_ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ის იცავს ჯაშუშებს ქვეყანაში, ფარცხალაძით დაწყებული, სხვებით გაგრძელებული, რითაც საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ეკონომიკას. სანქციები თუ დაუწესდა ქვეყანას საერთაშორისო ტრანზაქციების კუთხით, ჩათვალეთ, რომ აბსოლუტურად ყველა გავკოტრდებით. პენსიონერს პენსია გაეყინება. გვახსოვს ეს პერიოდი შევარდნაძის დროს. დასაქმებულს ხელფასი არ ექნება და ა. შ. ამიტომ ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ დაგვაყენეს. მკაფიო განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომ ვინც მოემსახურება სანქცირებულ პირს, თავად იქნება სანქცირებული. ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ფულის გატანა მოახერხა ფარცხალაძემ ამ რამდენიმე დღეში, ამიტომ დაგვიანებით წარადგინა იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტთან ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი. ცხადია, მას მოქალაქეობა მანამდეც უნდა შეწყვეტოდა, ამის საკონსტიტუციო საფუძველი იყო. ამის ნაცვლად იუსტიციის სამინისტრომ ქონებები გადააფორმებინა და მთლიანად „გაასუფთავა“ ფარცხალაძე. იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე, პირადად ჩადგა ჯაშუში ფარცხალაძის გასუფთავების საქმეში.
_ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღარ იქნება ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქე და, შესაბამიასად, პრობლემაც აღარ იარსებებს, რამდენად ეთანხმებით ამ აზრს?
_ არა, ჯაშუში ფარცხალაძე უნდა იჯდეს ციხეში, მოქალაქეობის შეწყვეტა საკმარისი არ არის. ჯაშუშისთვის მიღებული ბრძანება უნდა გაუქმდეს ეროვნულ ბანკში. ყველა, ვინც ხელი მოაწერა ამ გადაწყვეტილებებს, იუსტიციის მინისტრიდან დაწყებული, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტით გაგრძელებული, პასუხისმგებელია ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე, მათ შორის, პარლამენტის წევრები, რომლებიც ასე გადაეფარნენ და გააფთრებით იცავდნენ ფარცხალაძეს.
_ როგორ აფასებთ პრეზიდენტის პოზიციას, რომ იგი აღარ აპირებს, ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტოს იმ არგუმენტით, რომ მან პასუხი უნდა აგოს საქართველოში?
_ ძალიან ცუდად! სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის რაღაც გაუგებარ სვლებს აკეთებს ხოლმე. ჩემთვის ცალსახა იყო თავიდანვე, რომ ის ბიძინა ივანიშვილის კონტროლქვეშ იყო და არ არის გამოსული აქედან. ეროვნული ბანკის წევრებადაც რა კანდიდატურები წარადგინა ან ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად? უამრავი საკითხია, სადაც ძალიან მკაფიოდ ჩანს მისი, საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო პოზიცია. ისე გამოდის ახლა, რომ ეს იმპიჩმენტიც, მგონი, გათამაშებული საკითხია, რომ საბოლოო ზიანი მიეყენებინათ ქვეყნის კანდიდატის სტატუსისთვის და ქვეყნის შიგნითაც მაგაზე გველაპარაკა. მე უფრო ეს შთაბეჭდილება მიჩნდება. ის არგუმენტი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, რომ როგორც საქართველოს მოქალაქემ პასუხი აგოს, სისულელეა. საქართველოს მოქალაქეობა მას მეტ პლუსს მისცემს, არათუ მინუსს. სისხლის სამართლის კოდექსი ჯაშუშობის მუხლით როცა ასამართლებს ადამიანს, იქ მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის მოქალაქეა. ამ შემთხვევაში, რეალობა გვაქვს ის, რომ პრეზიდენტმა ის, ფაქტობრივად, დატოვა საქართველოს მოქალაქედ. ამით სადაც უნდა წავიდეს, გაცილებით უკეთესი პირობები ექნება. რუსეთის პასპორტი, ფაქტობრივად, ნაგავში არის გადასაგდები, აღარაფერში აღარ ვარგა. არ ვიცი, ეს რაღაც საბავშო ბაღია! _ ჯერ გამოაცხადა, რომ შეუწყვეტს მოქალაქეობას, შემდეგ საპირისპირო განაცხადა. ძალიან ცუდი სუნი ასდის ამ ყველაფერს და ვფიქრობ, ყურადღებით უნდა ვიყოთ.
_ გასულ კვირაში განვითარებული ძალადობრივი მოვლენები პარლამენტსა და საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სახლში მივარდნითა და ცემით, შემდეგ კი პოლიტიკოსების დაკავებებით გაგრძელდა, რას იტყვით ამის შესახებ?
_ სრულად ლუსტრირებულია „ქართული ოცნება“. ისინი წარმოჩნდნენ, როგორც აგენტი ფარცხალაძის მცველები, იცავენ ფარცხალაძეს, იმიტომ რომ ბევრი ჰყავთ ასეთი თავიანთ რიგებში. ვვარაუდობ, მათ შორის ყველაზე მსხვილი და მსუყე არის ივანიშვილი. იციან, რომ საბოლოოდ ყველას მოუწევს პასუხისგება, შესაბამისად, ახლა ამ დაჭერებით თუ ძალადობით, ფიქრობენ, რომ ვიღაცას შეაშინებენ, მაგრამ ჩვენ არათუ უკან არ ვიხევთ, არამედ შეტევაზე ვართ ყოველდღე, პარლამენტში იქნება, თუ _ პარლამენტს გარეთ. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ამ რუსულ რეჟიმს ჩვენ საკმაოდ ახლო მომავალში მოვიშორებთ. რუსეთი საქართველოში არ იქნება!
მას მცდელობა აქვს, რომ ფარცხალაძე, მისი კლანი, რუსული ჯაშუშური ქსელი, იყოს მოძლიერებული, რითაც გადაკეტავენ, თავისი ჭკუით, დემოკრატიული არსებობის არტერიებს, მაგრამ საქართველო არც ბელარუსია და არც ბევრი სხვა ქვეყანა. პარლამენტში ჩვენ ვიხილეთ სრულიად დეგრადირებული, უგუნური ადამიანები, რომლებიც ჯაშუშებიც კი არ არიან, არამედ ჯაშუშების დამცველები. ყველა აგებს პასუხს თავის ქმედებაზე და დარწმუნებული ვარ, ეს ასე ვერ ჩაივლის.
სამართალდამცავი უწყებებიც გადააქციეს ამ ჯაშუშების მცველებად, თუმცა ზუსტად ვიცი, პოლიციაში რა განწყობაა, აღარ უნდათ ამ კრიმინალური რეჟიმის მსახურება.
_ ნიკა მელიას დაკავების დროს, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, პოლიციელის სიტყვები, რომ „თავისი გაჭირვება ჰყოფნის“, რამდენად სიმპტომატურად შეიძლება მივიჩნიოთ ამ სისტემისთვის?
_ ასეა, ინსტიტუციების რღვევის პირველი სიმპტომი დავინახეთ ეროვნული ბანკის მაგალითზე. იმედი მაქვს, ეს გაგრძელდება. ყველას, ვინც ახლა დიდი წნეხის ქვეშ არის, ვეუბნებით, რომ მშვიდად იყავით, მე თქვენ გვერდით ვიქნები, გადმოდით აქეთ მხარეს, ხალხის მხარეს და დაგიცავთ ყველას. სამათხოვროდ ორ კაპიკს რომ გიგდებენ, თვითონ რომ მილიარდებში არიან და თქვენი ხელით უნდათ გააკეთონ საქმე, გაემიჯნეთ ცოტა ხანი, ცოტაღა დაგვრჩა, რომ ეს ხელისუფლება გავისტუმროთ. ვფიქრობ, რაღაც მომენტში სამართალდამცავ უწყებებშიც რღვევა დაიწყება, ვიღაცები განცხადებებს გააკეთებენ. რუსეთი აქ არავის არ უნდა. ვისაც პატრულის ფორმა აცვია, იმან ძალიან კარგად იცის, რომ რუსი „გაიშნიკი“ ნამდვილად არ უნდა, რომ იყოს. ფარცხალაძე და ეს ადამიანები ეუბნებიან, რომ არა, შენ უნდა იყო რუსი „გაიშნიკი“. ამ რეალობაში ჩვენ უნდა ავუხსნათ ხალხს, რომ ჩვენთან მოსასვლელი გზა არსებობს. იგივე ვითარებაა ბიზნესში, რომელსაც ატერორებენ და აყაჩაღებენ. მათაც ვეუბნებით, რომ დაიწყეთ ჩვენთან საუბარი, მოგვიტანეთ ფაქტები ფარცხალაძის დანაშაულებების შესახებ, კიდევ რამდენი ეყოლება დაშინებული ამ დაჯგუფებას, ყველას გვერდით დავუდგებით და დავიცავთ.
_ რამდენიმე დღის წინ სუს-მა გააკეთა განცხადება მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ, იქ იყო ნახსენები კარავში შესაძლო აფეთქება და სროლა. რას იტყვით ამაზე?
_ ეს განცხადება ჯაშუში ფარცხალაძის თემის გადაფარვას ემსახურებოდა. იმ სუს-საც რა ვუთხარი, რომლისთვისაც რუსი ჯაშუში ფარცხალაძე არის თურმე ქვეყნის პატრიოტი და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები, მათ შორის, გია ლორთქიფანიძე და მამუკა მამულაშვილი არიან დესტაბილიზაციის შემქმნელები.
_ ვხედავთ, ერთმანეთზე უფრო მძიმე ფაქტები ხდება. ამასობაში მოახლოვდა ევროკომისიის მიერ კანდიდატის საკითხზე საქართველოს შეფასების ვადები. რა მოლოდინი გაქვთ?
_ ჩემი ინფორმაციით, ნოემბრისკენ გადაიწია ევროკომისიის დასკვნამ. პროგრესი არ არის, ყოველდღე ერთმანეთზე უარესი ფაქტები ხდება. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ევროკომისიამ თქვას, რა კარგები ხართ, რომ რუს აგენტებს აბოგინებთ ქვეყანაშიო? მთავარი ისაა, რომ გარანტია მიღებული გვაქვს, _ საქართველოსთვის უარი არ იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ფანჯარას ვერ დახურავს „ქართული ოცნება“, რაც უნდა შეეცადოს. ჩვენ როდესაც ვიქნებით მზად, მაშინ გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ფარცხალაძისა და რუსეთის ამოცანა რა არის? ჯაშუშური ქსელი რისთვის მოქმედებს? რომ დაიკეტოს ეს კარი და გვითხრან, _ მორჩა, ხალხო, ევროკავშირი აღარ იქნება! ამის შესაძლებლობას კი ევროკავშირი არ მისცემს.
_ ამის პარალელურად, ყოველგვარი წინასწარი განხილვისა და ინფორმირების გარეშე, გამოგვიცხადეს ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის დამყარებისა და ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ. ამაზე რას იტყვით, რა რეალობას გვიქმნის ეს?
_ „ქართული ოცნება“ ემზადება იმისთვის, რომ ევროკავშირზე თქვას _ არა. ამის საპირწონედ უნდა, რომ ხალხს რაღაც სხვა შეასაღოს და შეატყუოს. იცის, რომ რუსეთს ვერ შეატყუებს და უნდა, რომ ჩინეთი იყოს ქართული საზოგადოებისთვის მოსაწონი. ხვეწნა-მუდარით ჩავიდა ღარიბაშვილი ჩინეთში და შეეხვეწა, სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხელი მოეწერა. ის, რომ ჩინელები ანაკლიას ააშენებენ, ესეც დიდი ბლეფია. ანაკლიის პროექტი დახურული და გაყინული აქვს რუსეთს, შესაბამისად, ეს პროექტი არ განხორციელდება, ვიდრე ეს ხელისუფლება იქნება. ეს ისეთივე სატყუარაა, როგორც წყალტუბოს აღმშენებლობა იყო. შეხედეთ, სამტრედიის ხიდი ვერ აუშენებიათ, რა ანაკლიის პორტის ამშენებლები არიან?!. ამიტომ უნდა გავერთიანდეთ და ეს ჯაშუშები მოვიშოროთ ხელისუფლებიდან.