„უსკოს“ მონაცემებით აჭარის უმაღლესს საბჭოში „გაერთიანებულ ოპოზიციას“ 7, „ქართულ ოცნებას“ კი 11 მანდატი შეხვდა

„უსკოს“ ინფორმაციით გაერთიანებულმა ოპოზიციამ სულ აიღო 61 242 ხმა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33,96%-ს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 82 700 ხმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 45,86%-ია.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭო ორპარტიული იქნება და გაერთიანებულ ოპოზიციას შვიდი მანდატი შეხვდება.
გაერთიანებული ოპოზიციის მანდატების მფლობელები, რომლებიც შედიან აჭარის უმაღლესს საბჭოში, გახლავან:

  1. ელგუჯა ბაგრატიონი _ აჭარის უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის წევრი;
  2. გიორგი კირთაძე _ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე;
  3. გია აბულაძე _ წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი;
  4. მედეა ვასაძე _ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი;
  5. ლევან ანთაძე _ ექიმი, აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი;
  6. ირაკლი ჩავლეიშვილი _ რესპუბლიკური პარტიის წევრი, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი;
  7. მამული სურმანიძე _ ქობულეთის საკრებულოს წევრი. დაბა ოჩხამურის მაჟორიტარი დეპუტატი;

„ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს უმაღლესს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით და გთავაზობთ მათ კომენტარებს:

ლევან ანთაძე: „არ ვაპირებთ შესვლას არც ერთი. ყველა, ვინც სიაში ვართ, მიუხედავად იმისა, მოვხვდით თუ არა უმაღლესს საბჭოში, ყველას დაწერილი გვაქვს განცხადება უარის თაობაზე“.

გიორგი კირთაძე: „ის, რომ ბიძინამ მოწყალება გაიღო და გვითხრა, დეპუტატები ხართო, ალბათ, ამ სიტყვაზე ვიღაცები შევარდებოდნენ უმაღლესს საბჭოში, მაგრამ უარს ვამბობთ შესვლაზე. ჩვენ დასაწყისშივე ვთქვით, რომ დეპუტატობისთვის არ ვიბრძოლებთ, არამედ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ეშველოს. თუ გვინდა, რომ ამ ქვეყანას ეშველოს, ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს სახლში. უსკოსა და თუნდაც ცესკოს მონაცემების მიხედვით ვინც არჩევნებზე მივიდა, ბიძინასა და მის რუსულ ხელისუფლებას უთხრა უარი და ხმათა უმრავლესობა სწორედ ოპოზიციამ მოიპოვა, მაგრამ ეს ციფრები მათ გააყალბეს და ისე შეცვალეს, როგორც მათ სჭირდებოდათ. ამ მონაცემების მიხედვით, რომელიც ცესკომ და თუნდაც უსკომაც დადო, ბიძინამ თქვა, რომ ჩვენ მოვიპოვეთ მანდატების უმრავლესობა, რომელიც გვყოფნის იმისთვის, რომ მთავრობა დავაკომპლექტოთ, მაგრამ ეს ტყუილია. ქვეყანას სჭირდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, რომელიც სწორედ მიმართული იქნება ხალხის ნებასა და მის სურვილზე, რომ ქვეყანაში მოხდეს ცვლილება და არსებული ხელისუფლება სხვამ ჩაანაცვლოს, რომ ქვეყანას მიეცეს განვითარებისა და წისვლის გზა“.

შეგახსენებთ: ოპოზიცია უარს აცხადებს უმაღლესს საბჭოში შესვლაზე. გრძელდება საპროტესტო აქცია, რომელიც უკავშირდება სწორედ გაყალბებულ არჩევებს, მოტყუებულ ხმებსა და ბიძინა ივანიშვილის წასვლას.

ოპოზიციური პარტიების მანდატების შემდეგ თვალი გადავავლოთ, თუ ვინ შედის უმაღლესს საბჭოში „უსკოს“ მონაცემებით „ქართული ოცნების“ პარტიული სიიდან და გთავაზობთ მათ ჩამონათვალს.
21-წევრიან აჭარის უმაღლესს საბჭოში „ქართული ოცნების“ 11 წევრი შევა, ამას დაემატება ერთი ქობულეთის მაჟორიტარი ცოტნე ანანიძე, რომელმაც ბარიერი გადალახა, ორ მაჟორიტარულ ოლქში კი მეორე ტური გაიმართება.
„ოცნების“ პროპორციული სიის მიხედვით უმაღლესს საბჭოში შედიან:

  1. თორნიკე რიჟვაძე, რომელიც სიაში პირველი ნომერია და, ამავდროულად, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა;
  2. დავით გაბაიძე, _ წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო;
  3. ჯაბა ფუტკარაძე _ მოქმედი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი.
    უმაღლესს საბჭოში შედიან ასევე:
    გიორგი მანველიძე – წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი;
    ნადიმ ვარშანიძე – ხელვაჩაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე;
    ფატი ხალვაში – წინა მოწვევის პარლამენტის წევრი.
    უმაღლესს საბჭოში შედიან ასევე წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრები: დავით თედორაძე, ლადო მგალობლიშვილი და დავით ბაციკაძე.

ხვიჩა მამულაძე