ტაშტი, ბაბო!
ვინ წარმოიდგენდა, რომ აი, ის კდემა, ემიგრანტების ჩამომავალი სალომე ზურაბიშვილი, სალომე ქართველის ნიკს ამოფარებული რომ გულმხურვალედ და აღტკინებით, მეტიც: ახუნტრუცებით რომ მიესალმებოდა კანონიერი, ხალხის მიერ ერთსულოვნად არჩეული ხელისუფლების იარაღის ძალით და რუსეთის შემწეობით დამხობას, რომ ახლა, აგერ ტაშტმომარჯვებული და ამ ყურძნიანი ტაშტის სიმძიმით წელში მშვილდივით მოხრილი, აღაღანებულ „იუბკაში“ გამოწყობილი თუ გვახარებდა ალუჩა-ტყემლის კი არა, ყურძნის შემოსვლას.
ვინმე მამაძაღლი პაპარაცი კი არ უღებს, არა, საქართველოს მთავარსარდალი თავად ავრცელებს რთველის ფოტოს, უყურებ და ერთადერთი, რაც პირზე გადგება, შეძახილია: „ტაშტი, ბაბო!!!“
ამ ქალს აუხსნას ვინმემ, რომ ვაზისა და ღვინის ქვეყანაში, ამ ვაზის ნაყოფს _ ყურძენს, თავისი ჭურჭელი აქვს, თქვენ წარმოიდგინეთ, დაწურვამდე, ვიდრე ჯერ მაჭრად, შემდეგ ღვინოდ იქცევა.
მაღლარი ყურძნისა და საერთოდ ხილის საკრეფად საქართველოში იყენებდნენ და დღესაც იყენებენ გიდელს _ წნელისა და ტკეჩისგან მოწნულ უყურო, მოგრძო, პირგანიერ და ძირწაწვეტებულ ჭურჭელს.
ყურძნის საკრეფად იყენებდნენ და დღესაც იყენებენ _ მოწნულ კალათს, რომლითაც კრეფენ და შემდეგ ყრიან გოდორში _ წნელით ან ტკეჩით მოწნულ მაღალ, მრგვალ ან ოთხკუთხედ ჭურჭელში. ახლა მას უკვე „იაშიკი“ _ ხის ფიცრებისგან შეკრული ყუთები ენაცვლება, ხანაც _ პლასტმასის ყუთები.
გიდელი, კალათი, გოდორი დღეს უკვე იშვიათად გვხვდება და, როგორც წესი, ყველაზე ხშირად ყურძნის საკრეფად იყენებენ თუნუქის ან პლასტმასის სათლებს („ვედრო“), მაგრამ ყურძენს არავინ კრეფს ტაშტით! ყველა საგანს თავისი დანიშნულება აქვს, მათ შორის, ტაშტს! ტაშტში იბანენ ფეხებს, ტაშტში რეცხავენ ნიფხვებს, საცვლებს, ტანისამოსს. თუ ღამის ქოთანი არ აქვთ, ტაშტს იყენებენ ღამის ქოთნად… მაგრამ ტაშტით ყურძენს არავინ კრეფს! ახლა, შენ თუ გაჟრჟოლებს და ტანში გზარავს, შეგიძლია თოხი გაიდო და რუსთაველზე ისვეცკაო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსთაველზე თოხით ტლაკუნი ნორმაა ან თოხი იმისთვისაა, რომ გოლოვინის პროსპექტზე ატარო. ამის გარდა, ყოველდღიურობაში, ცხადია, მოსულა, რაც ხელთ მოგხვდება, ის გამოიყენო, მაგალითად, ჩაიდანი ქვაბად იხმარო და მაკარონი მოხარშო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საამაყოდ ფოტოები გადაუღო და გამოდო, მით უფრო, თუ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ.
ვიღაც გამოვა და იტყვის, რომ ქალი საფრანგეთში ნაცხოვრება და შეეშალა. რაღაც არა მგონია, რომ ან საფრანგეთში ვინმე კრეფდეს ყურძენს ფეხსაბანად, ნიფხავსარეცხად ან ჩასაფსმელად განკუთვნილ პლასტმასის ტაშტში.
მიდი და ახლა გამოიდე თავი, რომ ვაზისა და ღვინის სამშობლო ხარ, ამტკიცე ეს მდიდარი არქეოლოგიური მასალით და წყაროებით, შეხედავს უცხოელი და მოურიდებლად გეტყვის, რომ არც კულტურის ნატამალი გაქვს და არც ტვინის ნატამალი.
ამ ყველაფრის გარდა, ეს ფოტო ახდენს მის ლუსტრირებას. ლუსტრირებას ვამბობ გემოვნება-უგემოვნობის კონტექსტში, თორემ პოლიტიკურად ეგ კნეინა დიდი ხნის ლუსტრირებულია, აი, იმ დროიდან, დასავლეთში ლაჯაშვებულ, ცილისმწამებლურ კამპანიას რომ ახორციელებდა ზვიად გამსახურდიასა და ქართული სახელწმიფოს წინააღმდეგ. ეს ქალი ელემენტარულად უგემოვნოა. უფრო სწორად, გემოვნებიანია, ოღონდ მისი გემოვნება მძაღე და მდარეა. ოდნავ უფრო გემოვნებიანი და ოდნავ უფრო ნიჭიერი ადამიანი მოითხოვდა და მიატანინებდა გიდელს ან გოდორს, ჩაყრიდა ყურძენს და მასთან გადაიღებდა ფოტოს, აღარც სიმძიმისგან მოიკუნტებოდა და ქართულ კოლორიტსაც შესძენდა ფოტოს და ქართულ ეთნოკულტურას გაუწევდა რეკლამას.
ამ ფოტოდან რა უნდა დაასკვნა, რა ინტერესი ამოძრავებს მას? რამ მიიყვანა ამ კონცეპტუალურ გადაწყვეტამდე? თუ ისე, ჰარი-ჰარალეზე, ეზოში რომელ ტაშტსაც წაავლო ხელი, იქ ჩაყარა ყურძენი და პოზირება დაიწყო კამერის წინ? იკითხა მაინც, ვინმემ ხომ არ მოისაქმა მაგ ტაშტში, ხელი რომ წაავლო? ან თუ გარეცხა მაინც?
ამ ფოტოდან რა უნდა დაასკვნა, რა ინტერესი ამოძრავებს? რას უწევს რეკლამას _ ყურძენს თუ პლასტმასის იაფფასიან ჭურჭელს? ტაშტების ბიზნესი აქვს სალომე ბაბოს?
თუ მთავარი გამოგვრჩა? ტაშტის ფერი? ტაშტი ლურჯია, ვითარცა „ქართული ოცნების“ დროშა. არადა, რა საჭირო იყო ეს ქარაგმები და ნართაული მინიშნებანი, როდესაც ისედაც გადასარევად ვიცით, ვინაა ამ ქვეყანაში მისი დამსმელ-ამყვავებელი. ახლა დამსმელი, თორემ მის პარიჟებიდან ჩამოყვანაში ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ ბიძინა ივანიშვილს. სალომე ზურაბიშვილი ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს პირადად მიხეილ სააკაშვილმა უფეშქაშა. მართალია, წლების შემდეგ, როდესაც სალომე იპოდრომზე გაიჭრა და მის ჩამომყვან სააკაშვილს დაუპირისპირდა, აწი, იმას, ახლა რომ აღარც ახსოვს ვინაა, სააკაშვილის ბევრმა „გამპრავებელმა“ სცადა, სალომე ზურაბიშვილის ჩამოყვანა ზურაბ ჟვანიასთვის გადაებრალებინათ. თითქოსდა მისი ჩამოყვანა ზურაბ ჟვანიას ინიციატივა იყო და მისივე დაჟინებით მოხდა. როგორც მიხეილი იტყოდა, სააკაშვილი, ნურას უკაცრავად. აქ არც ლურჯი ტაშტია ვინმე, არც სალომეს ნაკრეფი შავი ყურძენი, ყველას ყველაფერი კარგად გვახსოვს. ინიციატივა და იდეა, რომც ზურაბ ჟვანიასი ყოფილიყო, ჩამომყვანი სააკაშვილია. სწორედ სააკაშვილი გამოვიდა მაშინ და გვითხრა, რომ იდეაც მისი იყო და შირაკთან მოლაპარაკებებიც, მეტიც: გვაყვედრა და გვაყვედრა სწორედ ეს სალომე ზურაბიშვილი, ქებით ძირი გააგდებინა და გვითხრა, რომ შირაკს დაათმობინა, რომ სალომე მისი მონაპოვარი იყო და ა. შ.
ფაქტია, მან პირად წარმატებად მიითვალა მაშინ სალომე ზურაბიშვილის ჩამოყვანა და, შესაბამისად, მაშინვე მოაწერა ხელი პასუხისმგებლობის პაქტზე _ აიღო პასუხისმგებლობა. სხვათა შორის, პირადად სააკაშვილი არც გაჰქცევია ამ პასუხისმგებლობას და არაერთხელ აღიარა, რომ სალომე ზურაბიშვილის საქართველოში ჩამოყვანა და გამინისტრება მისი შეცდომა იყო. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ზოგმა „გამპრავებელმა“ ზურაბიშვილის გამინისტრება ჟვანიას ვერ გადააბრალა და მიუხედავად იმისა, რომ თავად სააკაშვილმა აღიარა შეცდომა, ზოგი „გამპრავებელი“ დღემდე კატასავით ზურგზე მაინც არ ეცემა და ახლა უკვე იმას ამტკიცებს, რომ მიშა ვანგა არ იყო, რომ წინასწარ განეჭვრიტა, ვინ რა გამოდგებოდა და ვინ უღალატებდა. ამგვარ „გამპრავებელთან“ ფარ-ხმალს დაყრიდა თვით ციცერონი!
დავიწყოთ იქიდან, რომ ამ შემთხვევაშიც და საზოგადოდაც ღალატს პოლიტიკაში იმავე არშინით ზომავენ, რა არშინითაც ღალატი იზომება პირად ურთიერთობებში _ ცოლ-ქმარს შორის, საყვარლებს შორის, უბრალოდ სექსპარტნიორებს შორის, ასევე მეგობრებს შორის და ა. შ.
ხან ისეთ ადამიანზე იტყვიან, სააკაშვილს უღალატაო, რომ ის მისდღემში სააკაშვილის არათუ ერთგული არ ყოფილა, კონსტრუქციულადაც არ იყო განწყობილი მისდამი. ასე, მაგალითად, ელენე ხოშტარია რომ ხატს გადასცეს, მიშას უღალატაო, როდის იყო ელენე ხოშტარია მიშას ერთგული? როდესაც უბოდიშოდ თათხავდა, კბენდა თუ აკრიტიკებდა? სადაა ხოშტარიას ღალატის ფესვი, სიაში ჩაწერაზე რომ დასთანხმდა გიგა ბოკერიას? რას უღალატა, რამე ფიცს თუ იმ ველო-გარბენს, საარჩევნო კამპანიის კონტექსტში რომ გააკეთა მიხეილ სააკაშვილის მეუღლესთან ერთად? რომელიც სხვა არაფერი იყო, გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მესიჯი სტყორცნა თავის ელექტორატს, _ ხმა მიეცით!..
ეს კიდევც სხვა თემაა. დავუბრუნდეთ კნეინა ზურაბიშვილს. ზურაბიშვილი ეწეოდა ქართული სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობას. ეგზალტირებული მიესალმა დამხობას და მადლობები უხადა ჯაბას, კიტოვანს, სიგუასა და მთელ მაშინდელ ოპოზიციას, რომელსაც ხელები ძმათა სისხლში ჰქონდათ გასვრილი. დავიწყოთ იმით, რომ აი, ამგვარმა ქალმა რომც გიერთგულოს, რა თავში სახლელად გინდა ასეთის ერთგულება? და გავაგრძელოთ იმით, რომ შენ რანაირად გიერთგულებს და არ გიღალატებს ის, ვინც წლების წინათ კრიტიკულ მომენტში მოქმედებდა კრემლის ინსტრუქციებით?
„გამპრავებლები“ ამბობენ, რომ არ იცოდა. არცოდნა ცოდვა არაა, ცოდვა _ არსწავლა, არგარკვევაა ან ეს ალაგ ვიცი, ალაგ _ არვიცი, რა ტაშტით ნაკრეფი ხურმაა? ის კარგად იცოდნენ მაგ სალომეს წინაპრებმა, რომ ნადეჟდა კრუპსკაიას ხანაში საქართველო დატოვეს და ემიგრაციაში წავიდნენ და ის არ იცოდა, რას აკეთებდა აგერ ორიოდე ათეული წლის წინათ იმათი შთამომავალი, რომელიც აქ მოჰყავდა ტახტრევანით?
კარგი, წარსულსაც თავი დავანებოთ, მას რომ შეხვდა, ვერაფერს მიხვდა? ყველასგან, მით უფრო, ემიგრაციაში გაზრდილისგან მზექალა შანიძეობას არავინ ითხოვს, მაგრამ მაგის ნართაულიდან ვერაფერს მიხვდა? თუ, მოდი, ვთქვათ, რომ გასაპიარებლად კარგი ქეისი იყო _ ემიგრაციაში გაზრდილი დიპლომატი ისტორიულ სამშობლოში ბრუნდება და საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელს იბარებს… სწორედ ქეისისა და პიარის ხიბლი და დაუოკებელი წყურვილი იყო, რამაც ჩაადენინა ეს შეცდომა და ჩვენ გვებოძა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ომის დაწყებაში საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს, რომელიც თავისი ენით საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს, აქეთ აზერბაიჯანთან ჩაძაბა სიტუაცია, იქით _ თურქებთან _ სტამბოლი კონსტანტინოპოლად მოიხსენია. გეგონება, კონსტანტინოპოლის აღებისას ოსმალების მიერ მოკლულ ბიზანტიის ბოლო იმპერატორის, კონსტანტინოს დაგას XI პალეოლოგოსის პირდაპირი ჩამომავალი მყავდა…
და ჩვენ გვებოძა სალომე, რომელიც სასახლეში ძვირადღირებულ ანტიკვარულ ხარახურას ეზიდება, რომელიც საქვეყნო მღელვარებისას, შუაღამისას სალობიეებში დაიარება და ქოთნით ლობიოს იპირქვავებს, ხან დახრუკულ პასკებს აცხობს სააღდგომოდ, რომელიც შობაში ერევა, ხან ატმის საკრეფად დადის, ხანაც ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა სიარულს ამჯობინებს აუზის პირას, მეტლახზე ფეხშიშველა ტანტალს, ხან ჩექმებიანი კატასავით ბოტებით დააბოტებს და ხანაც შილიფადჩაცმული გვევლინება _ „პოლუეროტიკულ“ კონტექსტში და რაც მთავარია, არასოდეს, არასოდეს აკეთებს იმას, რაც უნდა აკეთოს ქვეყნის პრეზიდენტმა…
რეზო შატაკიშვილი