სმარტი იპოვეს… ფულიც
სანაკრებო პაუზის დღეებში ნეაპოლური მედია ძირითადად მატეო პოლიტანოს მანქანის მოპარვის ამბით იყო დაკავებული. ბოლო ინფორმაცია კი ასეთია: სამართალდამცვლებმა ავტომობილი ღამის განმავლობაში იპოვეს.
„სმარტი“ პოჯორეალე-პონტიჩელის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. ის კასორიას რაიონში ნაციონალე დელე პულიეს ქუჩაზე, ერთ-ერთი მოლის ავტოსადგომზე იდგა. მანქანაში ხელუხლებლად იდო ფეხბურთელის ნივთები, საკრედიტო და სხვა ფინანსური ბარათები, ნაღდი ფულიც კი.
სამართალდამცველები დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ პოლიტანოს აგენტ მარიო ჯიუფრედის. ერთადერთი, რაც ჯერჯერობით დაკარგულია, გახლავთ საფულე, რომელზეც ფეხბურთელმა წინა დღეს თქვა, რომ გარდაცვლილი ახლობლის ნაჩუქარია და ყველა დაკარგულ ნივთზე ძვირფასია.