სკანდალური ევროვიზია 2024
მიხეილ ხაჩიძე
11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმოში ევროვიზია 2024-ის საერთაშორისო სიმღერის კონკურსის ფინალი გაიმართა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ბროლის მიკროფონი შვეიცარიელ შემსრულებელ ნემოს ერგო. მეორე ადგილზე გავიდა ხორვატია, მესამეზე კი _ უკრაინა, მეოთხეზე _ საფრანგეთი, მეხუთე ადგილი ისრაელს ხვდა წილად. საქართველო კი 34 ქულით 21-ე ადგილზე გავიდა 25 ფინალისტს შორის. ყველაზე ნაკლები ქულა ნორვეგიამ დააგროვა, ის 25-ე ადგილზეა.
წელს ევროვიზიის გრანდიოზულ ფინალში 26 ქვეყანა მონაწილეობდა. ფინალის წინ კონკურსის ორგანიზატორებმა სკანდალის გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭეს ნიდერლანდების წარმომადგენელს და კონკურსიდან ჩახსნეს.
ევროვიზიის ფინალი მონაწილე ქვეყნების დროშების ტრადიციული აღლუმით დაიწყო. მონაწილეები სცენაზე წარდგენენ იმ თანმიმდევრობით, რომლითაც შემდეგ სიმღერა შეასრულეს.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებულმა ნემომ 21-ე ნომრით შეასრულა სიმღერა The Code“. სხვათა შორის, ის ძალიან დაუმეგობრდა უკრაინის წარმომადგენლებს _ alyona alyona -სთან და Jerry Heil -თან
ნემომ ტრეკის ქავერიც კი ჩაწერა.
ევროვიზიის გამარჯვებული სიმღერა თჰე ჩოდე არის პოპის, რეპისა და მოცარტის ჯადოსნური ფლეიტის ნაზავი, რომელიც დეტალურად ასახავს ნემოს მოგზაურობას მისი არაბინარული იდენტობის გაცნობისკენ.
თავისუფლებისა და თვითიდენტურობის ამ გზავნილის საილუსტრაციოდ ნემომ დაგეგმა თავისი ევროვიზიის გამოსვლა, როგორც ფილმის სცენარი. ის და მისი გუნდი საოცარი დემონსტრირებით მღეროდნენ და სცენაზე ტრიალებდნენ გიგანტური ვერცხლის პლატფორმაზე. ნემომ ასევე შთაბეჭდილება მოახდინა ევროვიზიაზე ნათელი და, ამავდროულად, დელიკატური იმიჯით, რომელიც შედგებოდა ქვედაკაბისა და ბოლეროსგან. ნემო დაიბადა 1999 წელს შვეიცარიის პატარა ორენოვან ქალაქ ბიელში, სადაც ბავშვობიდან უკრავდნენ ვიოლინოზე, ფორტეპიანოსა და დასარტყამებზე. 17 წლის ასაკში ნემოს სიმღერა ვირუსულად გავრცელდა სოციალურ მედიაში და შევიდა შვეიცარიის სინგლების ოფიციალურ ჩარტში. თავის მუსიკაში ნემო ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა გენდერული იდენტობა, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ამ სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნა.
გამარჯვების შემდეგ სცენაზე გამოსვლისას შვეიცარიელს მცირე ინციდენტი შეემთხვა, მას მთავარი პრიზი _ თასი _ სცენაზე დაუვარდა და გატყდა. ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულმა, შვეიცარიელმა მომღერალმა ნემომ, ამის შესახებ საკუთარ ინსტაგრამზეც კი დაწერა. ამასთან, შემსრულებელმა გაავრცელა ვიდეო, სადაც მას სცენაზე უჭირავს კონკურსის თასი და მადლობას უხდის მაყურებელს ხმის მიცემისთვის და სიმღერის საშუალებით ამბის მოსმენისთვის. „ძალიან ბედნიერი ვარ, გავიმარჯვე ევროვიზიაზე. გმადლობთ, რომ მოისმინეთ ჩემი და ბევრი სხვა ადამიანის ისტორია, თასი გავტეხე“, _ განაცხადა ნემომ.
სხვათა შორის, ნემო არ არის პირველი შემსრულებელი, რომელმაც ჯილდო გატეხა. 2018 წელს კონკურსის გამარჯვებული, ისრაელელი მომღერალი ნეტა ბარზილაი, კიბეზე დაეცა და თასი გატეხა.
შვეიცარიამ ევროვიზია ორჯერ მოიგო: ჯერ 1956 წელს, როდესაც ქვეყანამ პირველ კონკურსს უმასპინძლა, შემდეგ კი 1988 წელს, როდესაც ქვეყანას სელინ დიონი წარმოადგენდა. თუმცა ყველაზე ხშირად შვეიცარია ბოლო ადგილს იკავებდა.
ევროვიზია 2024 _ სკანდალი სკანდალზე
არაპოლიტიკური ევროვიზია 2024 სულაც არ იყო მშვიდი. პირიქით _ იგი ლოზუნგებითა და პროტესტით წარიმართა. იტალიელმა კონკურსანტმა ანჯელინა მანგომ BBჩ-ის განუცხადა,
თუ როგორ იყო „დიდი დაძაბულობა“ კულისებში. ფინალის დღეს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ფავორიტი, ჰოლანდიელი იოსტ კლაინი, დისკვალიფიცირებული იყო. ეს მოხდა ერთი ინციდენტის შემდეგ: ადგილობრივ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლაინს სატელევიზიო ჯგუფიდან ვიღაცასთან კამათი ჰქონდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია მისი დაძაბული ურთიერთობის შესახებ ისრაელელ მომღერალთან.
საინტერესოა, რომ ლუქსემბურგი სიმღერით Fიგჰტერ 31 წლის განმავლობაში პირველად 2024 წელს დაუბრუნდა სიმღერის კონკურსს. წელს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კონკურსანტი ესპანეთი იყო, რომელიც 56 წლის მომღერალმა ნებულოსამ წარმოადგინა სიმღერით „ზორო“. მან სიმღერის კარიერა 50 წლის ასაკში დაიწყო. ქმარიც მუსიკალური ინსტრუმენტით სცენაზე უკრავდა, ბალეტი კი ნახევრად შიშველი მოცეკვავეებისგან შედგებოდა.
ერთ-ერთი ფავორიტი იყო ფრანგი შლიმანე სიმღერით Hurricane. მომღერალმა თავისი გამჭოლი შესრულებითა და ძლიერი ვოკალით მოხიბლა მაყურებელი და მე-4 ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება ისრაელს, ევროვიზიის კომიტეტმა ისრაელის წარმომადგენელს უფლება მისცა, სცენაზე გამოსულიყო მისი სიმღერის ტექსტში ცვლილებების შეტანის შემდეგ. კომპოზიციას ოქტომბრის წვიმა ერქვა. ევროვიზიის ორგანიზატორებმა სიმღერა პოლიტიკურად შეაფასეს 2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე ჰამასის თავდასხმაზე მითითების გამო. სიმღერას დაარქვეს Hურრიცანე და ტექსტში ცვლილებები შევიდა.
ამასთან, ისრაელის კონკურსანტს ევროვიზიაზე ყოფნა ანტისემიტური მასშტაბური აქციების, ქაოსისა და სტრესის ფონზე მოუწია. ათასობით ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში გამოდიოდა მალმოს ქუჩებში პალესტინის დროშებით და ჰამასის მხარდამჭერი, ანსტიისრაელური ლოზუნგებით. ისინი აპროტესტებდნენ ისრაელის მონაწილეობას ევროვიზიის სიმღერის კონკურსში. მიუხედავად ამისა, ისრაელმა საუკეთესო შედეგები აჩვენა. მართალია, ჟიურისგან დაბალი ქულა მიიღო, თუმცა ევროპელმა ხალხმა მას ყველაზე მაღალი ქულა მიანიჭა ხორვატიის შემდეგ.
რაც შეეხება საქართველოს, ნუცა ბუზალაძემ 34 ქულით 21-ე ადგილი დაიკავა. მისი გამოსვლა საქართველოშიც კრიტიკულად შეფასდა, საზოგადოების დიდი ნაწილი მისგან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გამოხმაურებასა და საზოგადოებისადმი მხარდამჭერ განცხადებას ელოდებოდა. თუმცა ბუზალაძემ გულშემატკივრებს აქაც გაუცრუა იმედი და მოლოდინები. მას ამ დრომდე ერთი კომენტარიც კი არ გაუკეთებია „რუსულ კანონზე“, ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე, პოლიციის მიერ მოქალაქეების დარბევებსა და ა. შ., სოცქსელშიც კი ერთი პოსტიც არ დაუწერია. შესაბამისად, მოსახლეობა მისი გამოსვლის მიმართ ინდიფერენტული იყო. წერდნენ კიდეც, რომ ის არა საქართველოს, არამედ რუსეთის წარმომადგენელია ევროვიზიაზე.
დაბოლოს, მას შემდეგ, რაც ევროვიზიის კონკურსანტებმა დაასრულეს თავიანთი გამოსვლები, 2000-იანი წლების დასაწყისის შვედური ჯგუფი Alcazar-ი ავიდა სცენაზე და შეასრულა Blame It on the Disco. კონკურსის ორგანიზატორებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სცენაზე ლეგენდარული ჯგუფი ABBA შეკრიბეს. საღამოს საკონცერტო ნაწილი ევროვიზიის შარშანდელმა გამარჯვებულმა ლორინმა დახურა.