სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებული მგზავრები, გაფლანგული თანხები, შრომის კოდექსის უხეში დარღვევა _ აუდიტის სკანდალური დასკვნა!
შრომის კოდექსისა და უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევა, სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებული მგზავრები და დახარჯული ფული, რომლის კანონიერება ეჭვქვეშაა _ აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საქმიანობა შეისწავლა და სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა.
როგორც გაირკვა, ტენდერებში, რომელიც მეტროს ვაგონების მოდერნიზებისთვის ჩატარდა, მუდმივად იმარჯვებს კომპანია, რომლის აქციების 50%-ს თავად თბილისის სატრანსპორტო კომპანია ფლობს. ბიუჯეტიდან 47 მილიონი ლარი გამოიყო და დაიხარჯა, თუმცა მთავარ მაკონტროლებელ ორგანოს ფასის ეს საჭიროება ვერ დაუსაბუთეს.
აუდიტის დასკვნა დედაქალაქის მერს უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს, ოპოზიცია პასუხისმგებლობას სწორედ კახა კალაძეს აკისრებს.
უფრო კონკრეტულად კი:
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის 2018-19 წლების შემოსავლები და ხარჯები შეისწავლა. აუდიტის ანგარიშით, შემოსავლები ჯამურად 548 138 ლარს შეადგენს, ხოლო ხარჯები _ 386 858-ს.
თბილისში, მეტროთი მგზავრობის ღირებულების გადახდის მონაცემების შესწავლით, უჩვეულო გადახდები გამოვლინდა, _ ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის 2017-2018 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, საკრებულოს სამართლებრივი აქტი არ აკონკრეტებს, რამდენჯერ არის შესაძლებელი უფასო მგზავრობა 90 წუთის განმავლობაში სამგზავრო ბარათით, რამაც პრობლემები წარმოშვა.
„შეზღუდვას არ აწესებს შესაბამისი მომსახურე მხარის მიერ დანერგილი მართვის სისტემაც. გარდა ამისა, პირველი გადახდის შემდეგ ბარათის სხვადასხვა აპარატზე გატარებით ბარათის მფლობელს შეუძლია, მრავალჯერადად მოიპოვოს შეღავათიანი მგზავრობის უფლება.
გადახდის მექანიზმის ამ ნაკლოვანებით აქტიურად სარგებლობენ როგორც საშეღავათო, ისე სამგზავრო ბარათების მფლობელები. კერძოდ, დაინტერესებული პირი სარგებლის მისაღებად იყენებს გადახდის სხვადასხვა ვალიდატორს – მეტროს სადგურების მიმდებარედ ბარათს ატარებს კომპანიის ნებისმიერი ავტობუსის გადახდის აპარატზე და მოიპოვებს მომდევნო უფასო მგზავრობის უფლებას მეტროში.
პროცესი შეიძლება განმეორდეს მთელი დღის განმავლობაში. მაგალითად, სამგზავრო ბარათის ერთ-ერთმა მფლობელმა 2017 წლის 6 იანვარს ბარათი გამოიყენა 50-ჯერ. აქედან, მეტროს სადგურ „სამგორში“ – 28-ჯერ და სხვადასხვა ავტობუსში (გადახდის შუალედებში) – 22-ჯერ. პირმა მგზავრობის ღირებულების სახით 25 ლარის ნაცვლად გადაიხადა სულ 3 ლარი, ხოლო მერიამ დადგენილი წესის შეუსაბამოდ გავრცელებული შეღავათისთვის კომპანიას აუნაზღაურა 22 ლარი. ანალოგიურად, ერთ-ერთი საშეღავათო ბარათი მეტროს სადგურებსა და ავტობუსებში გამოყენებულია 60-ჯერ. ბარათიდან ანაზღაურებულია 0.6 ლარი, ხოლო მერიამ ზედმეტად გადაიხადა 29.4 ლარი“, _ წერია აუდიტის დასკვნაში.
აუდიტის დასკვნაში მოყვანილია სამგზავრო ბარათების ბევრჯერ გამოყენების სხვა მაგალითებიც:
„მგზავრობის ღირებულების გადახდის მონაცემების შესწავლით გამოვლინდა უჩვეულო გადახდები. კერძოდ, მეტროს ტურნიკეტის გავლისას გამოყენებულია სამგზავრო ბარათები; გადახდების რაოდენობა დღის განმავლობაში აღემატება 50 ერთეულს და ანაზღაურებულია, ძირითადად, მეტროს ერთსა და იმავე სადგურებში; გადახდები განხორციელებულია მოკლე შუალედებით, თითოეულ გატარებაზე გადახდილია 50 თეთრი და, როგორც წესი, ბარათზე არსებული თანხა ათვისებულია სრულად.
მაგალითად, ერთ-ერთმა მგზავრმა 2018 წლის 23 ნოემბერს 9:47 საათიდან 12:32 საათამდე სადგურ „ვარკეთილში“ სამგზავრო ბარათი გამოიყენა 86-ჯერ და დახარჯა 42.5 ლარი. 16 შემთხვევაში მომდევნო და წინა გადახდის დროს შორის სხვაობა 15 წამზე ნაკლებია. მგზავრი აღნიშნულ პერიოდში არ გადაადგილებულა სხვა სადგურში და არ უსარგებლია ავტობუსით. ბარათის გამოყენება შეწყდა ანგარიშის ამოწურვის შემდეგ. მგზავრთა გადაყვანის 2018 წლის 23 ნოემბრის მონაცემების შესწავლით დგინდება, რომ არსებობდა სხვა ცხრა სამგზავრო ბარათი, რომლებიც ანალოგიური პრინციპით გამოყენებულია, სულ მცირე, 50-ჯერ. სულ ათივე ბარათი მეტროს სადგურებში გატარებულია 773-ჯერ და გადახდილია 372 ლარი. აქედან შვიდი ბარათის ანგარიში განულებულია“, _ წერია ანგარიშში.
აუდიტის დასკვნით, კომპანიამ არ დააწესა საკმარისი კონტროლი და სათანადოდ არ გამოიყენა მინიჭებული უფლებამოსილება დარღვევით გამოყენებული მგზავრობის შეღავათიანი გადახდების აღსაკვეთად მეტროთი გადაადგილებისას, სადაც არსებობს შეუსაბამობის მეტი ალბათობა. ამასთანავე, მერიის მიერ დაწესებული სატარიფო სისტემა და კომპანიის მომსახურე საწარმოს მართვის მექანიზმი შეიცავს ხარვეზებს და ვერ უზრუნველყოფს მგზავრობის ფასდაკლების სისტემის გამართულ მუშაობას.
„აღნიშნული ნაკლოვანებების გამო, ქ. თბილისის მერიამ 2017-2018 წლებში, სავარაუდოდ, 414 ათასი ლარით აანაზღაურა არსებული წესის შეუსაბამოდ გამოყენებული შეღავათიანი მგზავრობის ღირებულება“, _ წერია აუდიტის დასკვნაში.
იმავე დასკვნის მიხედვით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ #2 ავტობაზის მშენებლობის ყველა ეტაპი არსებითი დარღვევა-ნაკლოვანებებით განახორციელა. კერძოდ, აუდიტის მიხედვით, ობიექტი, რომელზედაც ფულადი რესურსები ზედმეტად დაიხარჯა, ექსპლოატაციისთვის პრობლემურია.
„კომპანიამ ჩაიბარა უხარისხო საპროექტო დოკუმენტაცია; ობიექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება ექსპერტულად არ დადასტურებულა; სატენდერო კომისიამ არ შეწყვიტა ტენდერი ობიექტის საბაზრო ფასის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად; მდგრადობის თვალსაზრისით საჭიროა სამშენებლო სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილის ხელახლა განხორციელება; არ არის გავრცელებული არსებითი მოცულობის საჯარიმო სანქციები“, _ წერია დასკვნაში.
აუდიტის დასკვნით, მეტროს სადგურების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისას კომპანიამ არაეფექტიანი ხარჯები გასწია, რადგან ვერ შეძლო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით განსაზღვრული შედეგის სრულად და დროულად მიღწევა.
ამასთან, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში შრომის კოდექსის ძირითადი მოთხოვნა არ არის დაცული, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 48 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
„ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს მძღოლების უმეტესობა, რაც, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით, რისკის შემცველი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, ზეგანაკვეთური სამუშაოს დაფინანსება კომპანიისთვის ფინანსურადაც წამგებიანია, გაზრდილი სატარიფო განაკვეთის გამო“, _ წერია დასკვნაში.
აუდიტის მიხედვით, კომპანიის ადმინისტრაციულ შენობაში დასაქმებულების მაგალითზე ფიქსირდება გაცდენილი დღეების, დაგვიანებებისა და ადრე წასვლის მრავალი შემთხვევა.
„კომპანიაში დანერგილი სისტემა სამუშაო დროის აღრიცხვის შესახებ შეიცავს ხარვეზებს, რითაც არ არის გამორიცხული, შრომითი ანაზღაურება სრულად გაიცეს დასაქმებულზე, რომელსაც დაკისრებული მოვალეობა არ შეუსრულებია ან ნაწილობრივ შეასრულა“, _ წერს აუდიტი.
დასკვნის მიხედვით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სწორად ვერ განსაზღვრა შესასყიდი ბუნებრივი აირის საჭირო მოცულობა და არარაციონალური ხარჯი გასწია. კერძოდ, აუდიტის ანგარიშით, საწვავი შესყიდულია წინსწრებით, რითაც კომპანიამ ვერ მიიღო მნიშვნელოვანი მოცულობის სარგებელი, რომელიც მომსახურე ბანკში არსებულ ნაშთზე სარგებლის სახით დაერიცხებოდა.
„მმართველობით პროცესში მიღებული საკადრო გადაწყვეტილების შედეგად, კომპანიამ 2017-2018 წლებში გასწია მნიშვნელოვანი დამატებითი ხარჯი. კერძოდ, კომპანიამ დასაქმებულები კანონშეუსაბამოდ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე აანაზღაურა მათი განაცდური ისე, რომ სრულად არ გამოიყენა მინიჭებული უფლება საკუთარი ინტერესების დასაცავად“, _ წერს აუდიტის სამსახური.
აუდიტის კიდევ ერთი სკანდალური დასკვნა, რომელიც თბილისის მერიაში 2017-18 წლების საქმიანობის კორუფციაზე მიუთითებს, პროკურატურას უკვე გადაეცა.
ნენე ინჯგია