საქართველო და შეთქმულების თეორია

შეთქმულების სხვადასხვა თეორია სხვადასხვა საკითხზე მთელ მსოფლიოში პოპულარულია _ მარტივ მოვლენებში რთული და ჩახლართული ჩანაფიქრის მაძიებლები ყველა ქვეყანაში მრავლად არიან. თანაც რაც უფრო ღარიბი და რელიგიურია საზოგადოება, მით მეტად არის ის დაავადებული ამ სენით.

თუმცა შეთქმულების თეორია არსად ხარობს ისე, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ძნელია ზუსტად და გადაჭრით დასკვნის გაკეთება, _ რატომ, მაინცდამაინც, ყოფილ სსრკ-ში? ალბათ, იმიტომ, რომ საბჭოთა მოქალაქეებს ოფიციალური პროპაგანდა ასწავლიდა, რომ რიგითი ადამიანის აზრი არაფერს ნიშნავს და ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ვიღაც ბნელი ძალების მიერ ბნელ დერეფნებში მზადდება.
მსოფლიო ჩემპიონი შეთქმულების თეორიებში ჩვენი „ერთმორწმუნე“ რუსეთია. იქ, გარდა იმისა, რომ თავად რუსებს რთული გონებრივი კონსტრუქციებისადმი მიდრეკილება აქვთ, ამაზე მიზანმიმართულად მუშაობს ოფიციალური მასმედია. რუს ადამიანს სწამს, რომ დედამიწაზე ყველაფერი იმართება იდუმალი, ყოვლისშემძლე ძალების მიერ და ისინი ყველაფრის უკან დგანან _ ეს იქნება „ტიტანიკის“ ჩაძირვა თუ ნავთობზე ფასების ვარდნა.
რუსეთის შემდეგ ეჭვგარეშე, მყარ მეორე ადგილს იკავებს საქართველო. ღარიბი, რელიგიური, საკუთარი პრობლემების სხვაზე გადაბრალების მოყვარული, ჭორაობისა და უსაქმურობისკენ მიდრეკილი ერი _ შეთქმულების თეორიების ფართოდ გავრცელებისთვის უკეთესს ვერც ინატრებ.
საქართველოში, ისევე როგორც „მოძმე“ რუსეთში, მარტივი და გასაგები ახსნები არ უყვართ. ქართველი, ისევე როგორ რუსი, დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი მოვლენის უკან ვიღაცის მზაკვრული ჩანაფიქრი დგას.
თუ ამას ემატება პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიები, შესაძლოა, საქმე სრულ ბოდვამდეც მივიდეს.
ალბათ ყველას გვახსოვს 2012 წელს ლაფანყურის მოვლენები და მაშინდელი ოპოზიციონერი „ქოცების“ საქციელი.
რა აღარ მოიფიქრეს მათ ამ ტრაგიკული მოვლენის ასახსნელად, თანაც ისე, რომ ყველა ვერსია, საბოლოოდ, ხელისუფლებას ადანაშაულებდა.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მაშინდელი ხელისუფლების ბრიყვული დუმილიც აღრმავებდა, თუმცა, მთლიანობაში, ეს არაფერს ცვლიდა _ ადამიანებს სწამთ შეთქმულების თეორიების არა იმიტომ, რომ რეალური ვერსიები არ იციან, არამედ იმიტომ, რომ მათი ტვინები ასეა მოწყობილი.
„ეს ყველაფერი ხელისუფლებამ იმისთვის გააკეთა, რომ არჩევნები ჩაეშალა“; „ნაცები ოსურ სოფლებში პროვოკაციებს ამზადებდნენ, ჩანაფიქრი ჩაეშალათ, და ყველა მოიშორეს“; „სააკაშვილი და პუტინი ერთად ცდილობენ საბაბის მოძებნას რუსული ჯარის საქართველოში შემოსაყვანად“, _ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ავადმყოფური ფანტაზიებისა, რომლებიც იმ დღეებში გაჟღერდა სოციალური ქსელებში.
საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს დღემდე რომ სჯერა თითქოს „მიშამ ზურა ჟვანია საფერფლით ჩაქოლა“, _ ესეც ხომ იგივე მოვლენის ნაწილია. „ქართულმა ოცნებამ“ რა აღარ სცადა იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრის არარსებული მკვლელობის საქმე შეეკერა _ მთავარი ექსპერტი და ჟვანიას დაცვის 2 წევრი რამდენიმე თვის მანძილზე, ფაქტობრივად, მძევლებად ჰყავდათ აყვანილი, მაგრამ არაფერი გამოვიდა… რაც არ იყო, ვერ დაამტკიცეს.
არც დღევანდელი ხელისუფლების მოწინააღმდეგეები გამოირჩევიან განსაკუთრებული რაციონალიზმით და ნათელი გონებით.
მაგალითად, ბოლო დროის ყველაზე აქტუალური მოვლენა _ კორონავირუსი. საბედნიეროდ, ეს მოვლენა მსოფლიო მასშტაბისაა და ამიტომ მის გაჩენას ბიძინას ვერაფრით დააბრალებ, თუმცა ხშირად გაიგონებთ, რომ „ივანიშვილი კორონაკრიზისს ხალხის დასამონებლად იყენებს“; „საზღვრებს არ ხსნის იმიტომ, რომ ქვეყნის საბოლოოდ დაქცევა და პუტინისთვის მისი ჩაბარება უნდა“ და ა. შ.
არავინ იფიქროს, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებების საკითხია _ ადამიანებს, ვინც ამას ამბობს, გულწრფელად სწამს თავისი ნათქვამის, რაოდენ აბსურდულადაც არ უნდა ჟღერდეს ის.
შემდეგ ამ ჩახლართული იდეების მასებში ტრანსლირება ხდება და მათ უკვე რიგითი, პოლიტიკურად არაანგაჟირებული ადამიანებიც იმეორებენ.
თანაც არის საკითხები, რომელიც არაა დამოკიდებული საქართველოზე, მაგალითად, დღეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, დარწმუნდებით: მოსახლეობის დიდ ნაწილს ეჭვიც არ ეპარება, რომ კორონავირუსი სპეციალურად „შემოგდებულია“ ვიღაცის მიერ.
ვერავინ აგიხსნით, ვის რაში დასჭირდა ასეთი გლობალური დივერსია და ვინ მოიგო ამით რამე, თუმცა შეთქმულების თეორიის უპირატესობაც ხომ ესაა _ ის მტკიცებულებებს არ მოითხოვს. ეს არა ლოგიკის, არამედ რწმენის საკითხია.
დღევანდელ დღეს რომ დავუბრუნდეთ, მართლაც საინტერესო იქნებოდა გამოკითხვის ჩატარება და დადგენა _ მოსახლეობის რა პროცენტს სჯერა, რომ ზუგდიდის ინციდენტი ან ნაცების პროვოკაცია ან ბიძინას მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია იყო? ალბათ _ არც თუ ისე მცირეს.
„ნაცების ვერსია“ მარტივია და სირთულით არ გამოირჩევა, აი ბიძინას კვალის დადგენა კი ღრმა ფანტაზიასა და შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს.
რაში უნდა აწყობდეს ხელისუფლებას არჩევნებამდე 10 დღით ადრე ასეთი საშიში და არაპროგნოზირებადი აქცია, რომელიც, ყველაფერთან ერთად, მათ სისუსტესა და უუნარობას კიდევ ერთხელ აშიშვლებს?
ალბათ მაზოხისტები არიან ან არჩევნებში მოგება არ სურთ.
ზუგდიდის მოვლენების „ქოცური“ ვერსიები ძალიან ჩახლართული და მრავალწახნაგოვანია. „ივანიშვილმა ეს გააკეთა იმისთვის, რომ „ნაცები“ დაედანაშაულებია, თუმცა ჩანაფიქრი ჩაუვარდა“, _ ყველაზე მარტივი ვარიანტია.
არის გაცილებით უფრო რთული ვერსია, რომლის მოფიქრებას დიდი ფანტაზია და მონდომება სჭირდება.
მაგალითად, „კრიმინალებმა ბიძინას არჩევნებში დახმარებისთვის ფული მოსთხოვეს, მას საკუთარი ჯიბიდან გადახდა არ უნდა და ამ გზით მათ 500 000 მისცა“.
კიდევ უფრო ჩახლართული: „ბიძინასა და პუტინს საქართველოს დესტაბილიზაცია სურთ და ამ ინციდენტით ძალოვანი სტრუქტურების შესუსტებას ცდილობენ“.
და ეს მაშინ, როდესაც ზუგდიდის ინციდენტის რეალური მიზეზი სულ სხვაა და გაცილებით მძიმე _ ხელისუფლების სრული გაკოტრება, უუნარობა და საარჩევნოდ კრიმინალურ სამყაროსთან გარიგების საფასური.
რომელიც ჩახლართული სქემა შეიძლება იყოს ამაზე უარესი?
ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი სასაცილოა, თუმცა შეთქმულებების თეორიებისკენ სწრაფვა საშიში მოვლენაა და ის საზოგადოების ინფანტილურობისა და გონებრივი ჩამორჩენილობის ნათელი მაჩვენებელია.
ეს კი ჩვენი ყოველდღიურობის მთავარი პრობლემაა.

თენგიზ აბლოთია