საქართველოში რამდენიმე ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს
გიგა გელხვიიძე
ბოლო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ძალიან გართულდა მდგომარეობა გრიპის ვირუსებთან დაკავშირებით. მედიკოსების ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობა შეიქმნა ახალი წლის პერიოდში კლინიკებსა და საავადმყოფოებში.
მედიკოსები ამბობენ, რომ მომართვიანობის მასშტაბურობიდან და ჰოსპიტალური საჭიროების მქონე პაციენტების მდგომარეობიდან გამომდინარე, წარმოიშვა საწოლფონდის პრობლემა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, საზოგადოებრივ სივრცეში დაბრუნდა „მედგიდიც“, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა კოვიდინფექციის დროს.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ „ქრონიკა+“ „მედგიდის“ დამფუძნებელ სოფო ჯაფარიძესა და მედიკოსებს ესაუბრა, რომლებმაც უფრო დეტალურად აგვიხსნეს, თუ რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს, რა გამოწვევების წინაშე დგას სამედიცინო სექტორი და რა უნდა მოიმოქმედოს ჯანდაცვის სფერომ.
სოფო ჯაფარიძე _ „მედგიდის“ დამფუძნებელი:
_ სოფო, რა გახდა „მედგიდის“ კვლავ დაბრუნების მიზეზი და რა დახმარებას გაუწევს ის მოქალაქეებს?
_ რეალურად, ისევ იგივე, ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ქვეყანაში, 15-მდე ტიპის ვირუსი ცირკულირებს კოვიდთან ერთად. საკმაოდ დიდი მიმართვიანობა არის კლინიკებში, განსაკუთრებით კი პედიატრიული განხრით. ადგილები, ფაქტობრივად, არ არის საავადმყოფოებში და ძალიან რთულად გადააქვთ ბავშვებს ვირუსი. გაჩნდა ძალიან დიდი საჭიროება „მედგიდის“ არსებობისა, გამომდინარე იქიდან, რომ ვხედავთ, თუ როგორი მოუმზადებელი შეხვდა ჯანდაცვის სისტემა ვირუსების სეზონს. კვლავ სრულიად გაუმართავი არის სამინისტრო. არაფერზე არ აქვთ პასუხი და ისევ ერთმანეთის იმედად დაგვტოვა ხელისუფლებამ. ახლა ის დროა, რომ გამოვიჩინოთ დიდი სოციალური პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შევეცადოთ დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც რეკომენდებულია ასეთ დროს, რათა დავიცვათ საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობა. „მედგიდის“ დანიშნულება და ფუნქციაც სწორედ ეს არის და გადაწყდა მისი აღდგენა. კვლავ დავბრუნდი „მედგიდით“ ჩემი ძალიან სერიოზული და კვალიფიციური ექიმების გუნდით და მზად ვართ, დახმარება გავუწიოთ ჩვენს მოქალაქეებს სრულიად უფასო კონსულტაციებით.
_ შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ ჯანდაცვის სექტორმა მოსახლეობას არ უთხრა რეალურად, თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩენილიყო ის?
_ ფაქტია, რომ ასეა, რადგან გაფრთხილება არ ყოფილა იმის შესახებ, რომ უნდა ვატაროთ ნიღბები, მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, მოვარიდოთ ბავშვები. სრულიად მოუმზადებელია ჯანდაცვის სექტორი, გადატვირთულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, მათი დეფიციტია, აგვიანებენ, მაგრამ ამაში არ არიან დამნაშავეები, ცხადია, აქ მთავარი პრობლემა არის მათ რაოდენობაში. პრობლემა არის ჯანდაცვის სისტემის სრული უპასუხისმგებლობა, რომელიც საერთოდ არ ზრუნავს ჩვენს მოქალაქეებზე.
ლალი ჯანაშია _ პედიატრი:
_ რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ყველაზე მეტად ამ დროისთვის ქვეყანაში?
_ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ეს იყო ახალი წლის წინა დღეებიდან დღემდე. მიუხედავად იმისა, რომ არდადეგების პერიოდია, ძალიან მომატებულია ბავშვების მომართვიანობა პედიატრიულ სამსახურებში. ძირითადად ცირკულირებს ა ტიპის ვირუსი, ყოველი მესამე გატესტილი პაციენტი არის ა ტიპის ვირუსით ავად. გავრცელებული შტამებია H1N1 და H1N2, რაც ღორის გრიპთან არის ასოცირებული. ამის პარალელურად ცირკულირებს „კოვიდი“, რომლის შტამიც, რა თქმა უნდა, არ არის ისეთი მძიმე, როგორიც იყო წინა ორ წელიწადში და პარალელურ რეჟიმში ცირკულირებს ბაქტერიული ინფექცია ქუნთრუშა. ხშირად არის თანხვედრა ქუნთრუშასი ა ტიპის ვირუსთან, ასევე ჩუტყვავილასი, რაც ამ ბავშვების მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.
მთავარი კლინიკური სურათი და ნიშნები: ძალიან მაღალი, შეუპოვარი ცხელება და შუალედები მაღალ ტემპერატურას შორის არის მცირე, რაც იწვევს მშობლებში პანიკას, ასევე არის ღებინება, ფაღარათი, თავისა და კუნთების ძლიერი ტკივილი. ამის გამო პანიკაა მშობლებში და მათ პირველივე დღესვე მოჰყავთ ბავშვი ჰოსპიტალური სექტორის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, რაც იწვევს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას. თხოვნა არის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ პირბადეები, მოვერიდოთ საჯარო სივრცეებს, სკოლა და ბაღი რომ დაიწყება, ამ დროს კიდევ უფრო განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. სეზონური ვაქცინაცია, რომელიც ნოემბრისთვის დასრულდა, მაინც ინარჩუნებს აქტუალობას გაზაფხულის ვირუსებისთვის. გარდა ამისა, აუცილებელია დისტანციის დაცვა.
_ რა პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს ჯანდაცვის სამინისტრომ და რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში უფრო მეტად არ დამძიმდეს?
_ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გაააქტიუროს საინფორმაციო ხაზი, რათა მოქალაქეებს შეეძლოთ მიმართვა ნებისმიერ დროს და მათ იცოდნენ, რა შემთხვევაშია საჭირო ჰოსპიტალური სექტორისთვის მიმართვა. ასევე აუცილებელია პირველადი მართვა ცხელების, უნდა მოქმედებდნენ „მედგიდის“ ტიპის ჯგუფები, რომელსაც სოციალური ქსელის მეშვეობით შეუძლია, ძალიან დიდი დახმარება გაუწიოს ადამიანებს, ამით ჰოსპიტალური სექტორი არ გადაიტვირთება. თუ მშობელი ვერ ახერხებს, რომ ცხელება დაიმორჩილოს სახლის პირობებში, ბავშვი არის ადინამიკური, მივარდნილია, არ იღებს საკვებს და ვერ იგდებს სიცხეს, იგი უნდა შეაფასოს პედიატრმა და კატეგორიულად არ უნდა დაიწყოს გადასხმები სახლის პირობებში, ანტიბიოტიკოთერაპია შესაბამისი კვლევებისა და ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
მარინა ჯანგავაძე _ თერაპევტი:
_ ქალბატონო მარინა, რა მდგომარეობაა ვირუსებს მხრივ ქვეყანაში და როგორი კლინიკური ნიშნებით ხასიათდება ის?
_ მომართვიანობა ძალიან დიდია კლინიკებზე, მათ შორის, ჩვენს კლინიკაზეც, შევსებული გვაქვს, ფაქტობრივად, თერაპიის განყოფილება, მაგრამ საფრთხის წინაშე რომ ვიდგეთ, რომ ვერ ვეხმარებოდეთ პაციენტებს და რაიმე ამდაგვარი, ჯერჯერობით, არ არის. ვირუსები მიმდინარეობს ყველანაირი სიმპტომით: რესპირატორული სინდრომითაც, საშარდე სისტემის ინფექციებითაც, პნევმონიით, მაგრამ ისე გამორჩეულად რომ იყოს რაიმე, როგორც ეს კოვიდის დროს ხდებოდა პნევმონიით, ასე არ არის. ახლა სხვადასხვა სიმპტომი და სხვადასხვა ტიპის დაზიანებაა. გააქტიურებულია ბაქტერიული პროცესები, ნაკლებად გვაქვს პნევმონია, ამ შემთხვევაში უფრო საშარდე სისტემის პრობლემებს ვაწყდებით ყველაზე მეტად.
_ ყველაზე სუსტი ჯგუფის წარმომადგენლები ვინ არიან ამ შემთხვევაში?
_ ყველაზე მეტად მაინც ასაკიანი ადამიანები, ესენი არიან 70 წელს გადაცილებული და 70 წლამდე ასაკის ადამიანები, განსაკუთრებით დიაბეტის მქონეები. ყოველთვის გვიშლის ხელს შაქრიანი დიაბეტი. იშვიათად არის ტოტალური პნევმონია. ვინც შემოვიდა რესპირატორული სინდრომით კლინიკებში, დატესტვის შემდგომ მათ კოვიდი არ დადასტურებიათ. უფრო მეტად არის რესპირატორული ვირუსები, ადენო ტიპის ვირუსები, სინციტიური ვირუსები, კოვიდის შემთხვევა ჯერ არ გვქონია.
_ შეიძლება თუ არა, რომ მკითხველს ვურჩიოთ რამე საშუალება, რომელიც პრევენციის მიზნით სასურველია, რომ მიიღოს?
_ ძალიან კარგია და ყველას ვურჩევ ინდივიდუალურად, რომ გამოიყენონ „ვირუპროტექტი“, რომელიც უნდა შეისხა პირში, არის ასევე ანტივირუსული „ლარიფანის“ მალამო, რომელიც პროფილაქტიკის მიზნით ძალიან კარგი არის ცხვირში ამოსასმელად. სიცხიანი ბავშვები უნდა იყვნენ სახლში, ასევე პედაგოგიც. უნდა ხდებოდეს სიცხის შემოწმება.
_ და ასევე საკმაოდ სენსიტიური საკითხი და ჯგუფი _ აივ დადებითი ადამიანები. როგორ მიდის პროცესები ამ დროს და არის თუ არა საჭირო განსხვავებული მკურნალობის მეთოდები?
_ აივ პაციენტებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ოდენობით არის ორგანიზმში დარჩენილი თ ლიმფოციტები, რომელსაც ზოგადად ანადგურებს აივი, მათი რაოდენობა უნდა იყოს განსაზღვრული. ისედაც ძალიან დიდი რისკის ქვეშ არიან იმუნური სისტემის, იმუნოკომპრომეტირებული ადამიანები, მაგრამ განსაკუთრებული მართვის მეთოდები არ არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ადამიანები აუცილებლად იყვნენ აცრილები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით.