საქართველოს მიერ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის გადაცემული უცნობი ტერიტორიები

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი, ხათუნა პაიჭაძე, რომელიც დღეს ნიუ-იორკში რადიო „საუნჯის“ წამყვანია, „ქრონიკა+“-ს სკანდალურ ინტერვიუს აძლევს საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის საზღვრებზე ვითარების შესახებ. ხათუნა პაიჭაძე 2014 წელს ხელისუფლებაში ახლად მოსული „ქართული ოცნების“ პროკურატურის პრეს-სამსახურის უფროსი გახლდათ. მის ხელთ არსებული ინფორმაცია მართლაც უნიკალურია.

_ კარტოგრაფების საქმეზე საკმაოდ საინტერესო დეტალები გაგვიმხილეთ საზღვრების უკანონო გასხვისების შესახებ…
_ მინდა იცოდეთ, რომ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრები სისტემატურად იცვლებოდნენ, წელიწადში რამდენჯერმე. მათ შორის, ამ კომისიის თავმჯდომარეც. ეს სპეციალურად ხდებოდა, რათა არც ერთ მათგანს არ აეღო პასუხისმგებლობა ანდა საქმეში დეტალურად გარკვეულიყო. მახსოვს, 2011 წელს დამირეკეს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებმა და მითხრეს, რომ სადახლოში მათი იჯარით აღებული მიწები სომხეთს გადასცეს.
_ საქართველოს საზღვრებში არსებულ მიწაზეა საუბარი?
_ დიახ. ჩავედი ადგილზე და გავარკვიეთ, რომ მანამდე რამდენიმე ჰექტარი იჯარით ჰქონდათ აღებული საქართველოს მოქალაქე პირებს, ეროვნებით აზერბაიჯანელებს. ერთ მშვენიერ დღეს მიადგნენ და უთხრეს, ეს სომხური მიწებია და ახლა აქედან გაქრითო. გამოყარეს იქიდან, ჩადგა ჩვენი მხრიდან ქართული სასაზღვრო პოლიცია და იმათი მხრიდან _ სომხური სასაზღვრო პოლიცია. საცხოვრებელი სახლების პატრონებმა, რომელიც სასაზღვრო ხაზში მოექცა, ცალკე ხმაური ატეხეს და იყო ერთი ამბავი. დავიწყე კვლევა, თუ რანაირად გადაეცა ეს მიწა სომხებს, ვინაიდან ოფიციალურად არც დელიმიტაცია და არც დემარკაცია არ მომხდარა. ამას მთელი პროცედურების გავლა სჭირდება, რომლის დროსაც საკითხი პარლამენტში მოსმენაზე გადის, ის პრეზიდენტმა უნდა განიხილოს, ხელი მოაწეროს და ა. შ.
სად არ მივედი, ვის არ მივადექი, სად არ დავრეკე პარლამენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩათვლით, ყველგან ვიღებდი პასუხს, რომ ჩვენ არ ვიცითო. ჩავედი ისევ და მესაზღვრეებს ვეკითხები, _ რის საფუძველზე გადმოიწია სასაზღვრო ზოლმა-მეთქი? მეუბნებიან, რომ არც ჩვენ ვიცით, მაგრამ რაღაც ახალი აზომვები გაკეთდა, აეროგადაღებები ჩაატარეს და ეს მიწა, თურმე, სომხების ყოფილაო. ისეთ სისულელესა და აბსურდს მეუბნება ქართველი მესაზღვრე, რომ სადახლოს გამგებელთან მივედი. მოვითხოვეთ საზღვრის რუკა, ამასობაში მივაგენი 1960 წელს გამოცემულ რუკას, რომელზედაც მითხრეს, რომ გამგეობაში ინახებაო. დავა ჰქონდა მოსახლეობას მეზობელ სოფლებთან და ეს რუკა მაშინ მოიძიეს. მივედი გამგეობაში, გავშალეთ რუკა და ვიღებთ, თან გამგებელი მიხსნის, თუ სად გადიოდა მანამდე საზღვარი. ამ რუკას რომ ვსწავლობდით, გიჟივით ამოვარდა ქვემო ქართლის იმდროინდელი გუბერნატორი დავით კირკიტაძე. გაგვლანძღა, _ თქვენ აქ მოდიხართ და პროვოკაციებს აწყობთო, ეს ხალხი აქ გმირები არიანო. გამოგვგლიჯა ხელიდან ეს რუკები და წაიღო. საწყალ გამგებელს ცივმა ოფლმა დაასხა, რადგან ეგონა, რომ კარგ საქმეს აკეთებდა, თავის საზღვარს იცავდა და გუბერნატორი მოუვარდა. ჩამოვედი ამ მასალებით და ვეძებ თბილისში, ვის მოვკითხო, თუ რატომ გადაიწია საზღვარი. საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ხმას არ მცემს და მაშინ მივხვდი, რომ ვერ გვაქვს ქვეყანაში საზღვრების დაცვასთან დაკავშირებული სიტუაცია გამართულად, იმიტომ რომ პასუხის გამცემი არ აღმოჩნდა არავინ. ვერ ვნახე, რა დოკუმენტის საფუძველზე გამოყარეს ქართველმა მესაზღვრეებმა არენდირებული მიწებიდან საქართველოს მოქალაქეები და იქ ჩადგა სხვა ქვეყნის სასაზღვრო შენაერთი. მეორედ რომ ჩავედი, სომხებს იქ სასაზღვრო ბაზის მშენებლობა ჰქონდათ უკვე დაწყებული. მაშინ გავიცანი ჯანო კეკელია _ ცნობილი კარტოგრაფი, რომელმაც ზეპირად იცოდა საქართველოს საზღვრები, დავითგარეჯის სპციალისტი და რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის.
_ სამწუხაროდ, ვინაიდან ის ერთადერთი ადამიანი გახლდათ, ვინც დავითგარეჯის საქმეს ფარდას ახდიდა.
_ ანალოგიური ვითარება მოხდა სოფელ ერისიმედში. სოფელი მდებარეობს კახეთში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე. მიუხედავად იმისა, რომ ის ოფიციალურად საქართველოს შემადგენლობაშია, სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოს გავლისა და მესაზღვრის ჟურნალში რეგისტრაციის გარეშე ვერავინ გადიოდა. ყველაზე საგანგაშო კი იცით, რა იყო? ეს საგუშაგო ზედ აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე კი არ იყო, არამედ სოფლამდე ერთ კილომეტრში.
_ სოფლის შესასვლელში?
_ ფაქტობრივად, რომლის იქით ქართული სოფელია განთავსებული, სადაც ცხოვრობენ ეკომიგრანტები აჭარიდან და ქისტები. ადგილობრივ მოსახლეობას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა სულ ჯიბეში აქვს _ ისე საკუთარ სოფელში ვერც შევლენ და ვერც გამოვლენ.
_ აზერბაიჯანელების საგუშაგო სად არის?
_ ქართველებისგან განსხვავებით, ჩვენ მსგავსად სოფლიდან ერთ კილომეტრში კი არა, ათ მეტრში ეწყებათ მავთულხლართები. როგორც ადგილზე გავიგე, ასეთი მდგომარეობა 2010 წლიდან დაიწყო, როცა აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ ქართული სოფლის მკვიდრი, 16 წლის ახმედ გაურგაშვილი მოკლა.
_ თითქმის ბავშვი?
_ დიახ. მოზარდი ტყეში იყო შეშაზე და ღობის მიღმა გადასული საქონელი გადმორეკა. ბიჭს შიგ თავში ესროლეს ტყვია გაუფრთხილებლად და მთელი სოფელი რომ მივიდა, გარდაცვლილს არ ატანდნენ ოჯახს. არადა, ბავშვის ცხედარი საქართველოს ტერიტორიაზე ეგდო, მაგრამ მოსახლეობას არ აკარებდნენ _ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ავტომატები ჰქონდათ მიშვერილი. ეს ამბავი, მე თუ მკითხავთ, დღემდე გამოძიებას მოითხოვს, იმიტომ რომ როგორც ერისიმედის მკვიდრებმა იქ ჩასულს მითხრეს, სოფლის ნახევარი აზერბაიჯანმა წაიღო.
_ რას ნიშნავს, წაიღო?
_ კარგად მახსოვს, ერისიმედში ჩვენი ვიზიტის შემდეგ რა თქვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ, რომ სოფელი ერისიმედის ტერიტორია დელიმიტაციის პროცესშია და სადავო ობიექტს წარმოადგენსო. ჰოდა, ეს სოფელი დელიმიტაციის სამუშაო ჯგუფის ფორმატში განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ეს ჯგუფი მიიღებსო.
_ კი მაგრამ, ეს ხომ სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებაა?
_ კი ბატონო! იცით, რა მითხრეს ერისიმედელებმა? _ აზერბაიჯანს იმიტომ გაუჩნდა ჩვენ მიმართ ინეტერესი, რომ ხედავენ, საქართველოს ხელისუფლებას ფეხებზე ვკიდივართო. ხომ გეუბნებით, მესაზღვრეების მიერ მოკლული 16 წლის მოზარდის საქმე დღემდე გამოუძიებელია. ის მესაზღვრე არც დასჯილა, იმიტომ რომ ქართულ მხარეს არ მოუთხოვია.
_ რაღა დაგიმალო, და ძალიან ჰგავს ეს ამბავი გარეჯის თემას…
_ დავითგარეჯის ბერთუბნის მონაკვეთი ხომ იცით, მას აზერბაიჯანი არ თმობს. იმ დროს ასეთი რამ გავიგე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანს სწორედ ერისიმედი შესთავაზა ამ ტერიტორიის სანაცვლოდ. ვითომდა, თავს იმით იმართლებდნენ, რომ სოფელი მიუვალ ადგილას არის, არაა სასმელი წყალი, გზა, საცხოვრებელი პირობები. მოსახლეობაც ცოტაა, სადღაც 75 ოჯახამდე და იმას გადაიყვანდნენ.
_ ყურებს არ ვუჯერებ _ ტერიტორიებით ვაჭრობა _ ეს საერთაშორისო ტრიბუნალია. ქვეყნის ღალატზე აღარ ვლაპარაკობ…
_ ერისიმედიდან თბილისში ჩამოსულმა მივმართე კახა ხანდოლიშვილს, იმდროინდელ სასაზღვრო უსაფრთხოებისა და მიგრაციის კვლევის ცენტრის უფროსს, რომელმაც მითხრა, რომ ერისიმედის ტერიტორია 1993 წლიდან სადავოა საქართველო-აზერბაიჯანს შორისო. რომ დემარკაციაზე საუბარი 17 წელია, უკვე მიმდინარეობს აზერბაიჯანულ მხარესთან და დღემდე არ არის მიღწეული კონსენსუსი. სხვადასხვა დოკუმენტში საზღვარი სხვადასხვა ადგილას არის აღნიშნულიო.
_ ხომ შეიძლება, დავითგარეჯაზეც იგივე მოხდა?
_ არა. გარეჯაზე ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ ერისიმედის შემთხვევაში ალაზანი მუდმივად იცვლიდა კალაპოტს და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეუძლებელი გახდა საზღვრის განმსაზღვრელი ხაზის გავლება. გარეჯის ტერიტორიაზე მდინარე კალაპოტს არ იცვლის.
_ როგორც ვიცი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაცია-დელიმიტაციის სახელმწიფო კომისია შეიქმნა და მხოლოდ ხუთამდე საკითხია, რაზედაც ვერ თანხმდებიან…
_ მართლა?! ბევრად მეტი ჰქონდა რუსეთთან სადავო ტერიტორიები და ერთ საათში მოუგვარა რუსეთმა, მედვედევის პრეზიდენტობის დროს. თუ სადავო ტერიტორიაა, რატომ არ პატრულირებენ ერთობლივად ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები? ერთობლივი პატრულირება რომ ყოფილიყო, იმ პატარა ბიჭს არ მოკლავდნენ. იცით, რა მახსოვს კიდევ _ ერისიმედის სკოლაში ვიყავი, რომელიც მავთულხლართებიდან რამდენიმე მეტრშია. ბავშვები საპირფარეშოში ვერ მიდიოდნენ შიშისგან! ეს ვითარება დღესაც გრძელდება.

თამარ როსტიაშვილი